საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გენერალი გიორგი კვინიტაძე ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, სადაც მემუარები დაწერა, რომელიც 1917-1921 წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენებს აღწერდა.

პირველი მსოფლიო ომის დროს კვინიტაძე მე-4 კავკასიური მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად დაინიშნა, 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ კი ამიერკავკასიის ფედერალურ მთავრობაში ომის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, სანამ 1918 წელს ახალი დამოუკიდებელი საქართველოს არმიის მთავარსარდალი გახდებოდა.

ტფილისში დააარსა იუნკერთა სამხედრო სკოლა. 1920 წელს, როდესაც ბოლშევიკებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს და სკოლას თავს დაესხნენ, კვინიტაძე თავის იუნკრებთან ერთად წარმატებით იცავდა შენობას. 1921 წლის მარტში წითელი არმიის წინააღმდეგ საქართველოს დამარცხების შემდეგ, კვინიტაძე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ჯერ მუშაობდა Pathé Records-ში კლერკად, შემდეგ კი მაწვნის მწარმოებელი მცირე ბიზნესი ჰქონდა.

გიორგი კვინიტაძის შვილიშვილი მარიამ დ'აბო წარმატებული მსახიობია. საზოგადოება მას განსაკუთრებით ჯეიმს ბონდის ფილმიდან იცნობს, სადაც ის „ბონდის გოგონას“ როლს თამაშობდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ბაბუის შესახებ საუბრობდა:

„ჩვენი ოჯახის ძიძა ბაბალე ამზადებდა უგემრიელეს ქართულ იოგურტს (მაწონი), რომელიც დიდი შუშის ქოთნებში იყო და სარდაფში ინახებოდა. ეს ჩემი საყვარელი კერძი იყო. მაწვნის ბიზნესი ბაბუამ წამოიწყო. ფრანგებისთვის ეს საჭმელი ძალიან უცხო იყო.

კარგად მახსოვს, ძალიან თბილი ბაბუა იყო - „მალინკა დუშკას“ მეძახდა. შაბათ-კვირას სახლი ყოველთვის ხალხით იყო სავსე. არ ვიცოდი, რომ ის საქართველოს ეროვნული გმირი იყო. ხშირად საყვარელ სავარძელში იჯდა და გაზეთებს კითხულობდა, ტელევიზორის ყურება უყვარდა. მახსოვს მისი გაოცება, როდესაც პირველი ადამიანი (ნილ არმსტრონგი) დაეშვა მთვარეზე! აღფრთოვანებული იყო კაცობრიობის განვითარებით.“