ბოშა - თავი 13 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 13 - მეორე ნაწილი

2023-06-06 10:17:18+04:00

წინა თავი

დილის ხუთი საათი იქნებოდა, რომ გამეღვიძა. სხეული მიხურდა, თავი კი ტკივილისგან მისკდებოდა. ესეც შენი «პახმელია». ძლივს წამოვწიე სხეული, ისე ვიყავი დამძიმებული. მაცივარი გამოვაღე და «ნაბეღლავის» ბოთლს დავწვდი. მოვიყუდე და სულმოუთქმელად დავიწყე სმა. ცივი მესიამოვნა, ცოტა აზრზე მომიყვანა, მაგრამ თავის ტკივილს რა გააჩერებდა? მაგიდის უჯრებში ტკივილგამაყუჩებლების ძებნა დავიწყე. ბოლოს «ბარალგინს» მივაგენი. ერთი აბი გადავყლაპე და «ნაბეღლავი» მივაყოლე. ისევ დავწექი, მაგრამ არაფრით არ დამეძინა. თან მეშინოდა, ღრმად არ ჩამძინებოდა და გოგასთან არ დამგვიანებოდა. პირველივე დათქმულ შეხვედრაზე ხომ არ დავაღალატებდი შვილს.

დრო ნელა გადიოდა. ვიწექი ჩემთვის და წუხანდელ ღამეზე ვფიქრობდი. ვაანალიზებდი მომხდარს. რა სიურპრიზებს მიწყობს ცხოვრება. ნუთუ არჩევანის წინაშე უნდა დავდგე? რა არჩევანი გავაკეთო? ისე ვატყობ, მერისთან არ გამიჭირდება ურთიერთობის აწყობა, უკვე ყოყმანობს და თუ მოვისურვებ, ადვილად დავიყოლიებ. შეიძლება შევუყვარდე კიდეც, მაგრამ დინა? დინას რა მოვუხერხო? რაღა ორივე ერთდროულად გამოჩნდა? დინა დამყოლია, გულუბრყვილო, თბილი, მისი გარდაქმნა ადვილია. მიყვარს, როცა ქალი იქცევა ქალურად და იმავდროულად - ბავშვურად. მერი? მერი სულ სხვაა, სალ კლდესავით ურყევია, ჯიუტი, თავისი პრინციპების გატარებას ცდილობს. მისი მოდრეკა ალბათ უფრო გამიჭირდება. ქედმაღალიცაა. როგორ მოვიქცე? რა გზას დავადგე, რომლისკენ გადავიხარო? არ ვიცი, არ ვიცი. გიჟური სიყვარულით არც ერთი არ მიყვარს. ამ ეტაპზე კი გული უფრო დინასკენ მიმიწევს. ალბათ იმიტომ, რომ მასთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, კარგად ვიცნობ მის ქალურ ბუნებას. მერის კი… მერის სულ სამჯერ თუ ოთხჯერ შევხვდი ცხოვრებაში…

ამ ფიქრებში ვიყავი, შხუილის ხმა რომ შემომესმა. წყალი მოსულიყო. საათს დავხედე. შვიდი ხდებოდა. როგორც იქნა, თავის ტკივილიც დამიამდა, თუმცა უსიამოვნო შეგრძნება არ მშორდებოდა. ღვინის ბრალია ყველაფერი, მთელი დღე ასე დანგრეული ვიქნები. არა უშავს, გოგას ვნახავ, მერე მოვბრუნდები, ლუდს დავლევ და ჩემს გემოზე გამოვიძინებ. იქნებ მეშველოს რამე. საღამოს კი დინას ვნახავ და ქართულის მასწავლებელთან მივიყვან.

 

ბ18

ცხრის ნახევარზე უკვე სკოლასთან ვიყავი, თან გაფაციცებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, გოგას გამოჩენა არ გამომეპაროს-მეთქი. რამდენიმე წუთიც და… ისიც გამოჩნდა. იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც გუშინ… ჩქარი ნაბიჯებით მოდიოდა, თან უკან იხედებოდა, თითქოს ვიღაც მოსდევსო. დავუსიგნალე. ერთი კი შეკრთა, მაგრამ მაშინვე შემამჩნია და ჩემკენ გამოემართა. კარი გამოვაღე, ჩაჯდა.

- გამარჯობა, - მორიდებით მომესალმა.

- გაგიმარჯოს, ვაჟკაც, როგორ ხარ? - გავუღიმე.

- არა მიშავს, თქვენ?

- მეც არა მიშავს. ხომ დროზე მოვედი?

- დიახ, - უხერხულად შეიშმუშნა.

- რაო დედაშენმა?

- ისეთი არაფერი. თავიდან კი გაბრაზდა, მაგრამ მერე გადაუარა.

- ვიცი, უკვე ველაპარაკე.

- მართლა? - გაოცებულმა შემომხედა.

- ჰო, მაგარი ნაწყენი იყო, ბავშვს ნუ მინებივრებო, - თამამად ვუთხარი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ოდესმე ხომ უნდა ვუთხრა, რომ მისი მამა ვარ, ამიტომ უმჯობესი იქნება, აქედანვე შევამზადო ნიადაგი.

- აჰა, შენ - დაპირებული ტელეფონი. დიდი ვერაფერია ხილია, მაგრამ პირველ ხანებში გამოგადგება. სხვა დროს უკეთესს გაჩუქებ, - ღიმილით გავამხნევე და ტელეფონი გავუწოდე.

- დიდი მადლობა, მალე დაგიბრუნებთ, - გოგამ ტელეფონი გამომართვა და ინტერესით შეათვალიერა, თვალები გაუბრწყინდა სიხარულისგან.

- დამიბრუნებ? რას დამიბრუნებ, კაცო, არა გრცხვენია? გჩუქნი-მეთქი, გუშინაც ხომ გითხარი!

- რა ვიცი, შეიძლება დედა მართალია, ცოტა უხერხულია…

- არაფერიც. შენ ნუ უსმენ დედაშენს. არა, დედას კი უნდა უსმინო, მაგრამ ამ შემთხვევაში არ დაუჯერო. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ.

- თქვენ… დიდი ხანია დედას იცნობთ? - უცებ მკითხა.

შეკითხვა ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ცოტა დამაბნია.

- ო-ო-ო! ძალიან დიდი ხანია, დაახლოებით თხუთმეტი-თექვსმეტი წელი, - მაინც მოვიფიქრე სათქმელი.

- მართლა? სად გაიცანით?

- ერთ საერთო მეგობართან, - ვიცრუე, აბა, რა მეთქვა, ბნელ ბაღში მასთან ერთად ღამე გავატარე-მეთქი?

გოგას თითქოს კიდევ უნდოდა რაღაცის კითხვა, მაგრამ თავი შეიკავა, უფრო სწორად, ვერ გაბედა. ალბათ აინტერესებდა, რა ურთიერთობა მქონდა დედამისთან. სახეზე წამოჭარხლდა, არ შევიმჩნიე და გავაგრძელე.

- დაბადების დღეზე, მაგარი დრო ვატარეთ. იცი, რა ახალგაზრდები ვიყავით მაშინ? ე-ე-ჰ, კარგი დრო კი იყო, - დანანებით დავაყოლე, - წადი ახლა, არ დაგაგვიანდეს. ბარათი ჩადებულია, აი, შენ, ყუთი, ნომერიც აგერ აწერია. აბა, მშვიდობაში და გოგოების შებმაში, - სიცილით ვთქვი და თავზე გადავუსვი ხელი.

- კიდევ ერთხელ გმადლობთ, - დარცხვენილად მითხრა და მანქანიდან გადავიდა.

- მერე დაგირეკავ, კარგი? - თვალებით მივეფერე უფროს ვაჟს.

- კარგი, ნახვამდის, - დამემშვიდობა და სკოლის ეზოში მიიმალა.

ესეც ასე, მეორე ნაბიჯიც გადადგმულია. ჩემი საქციელით კმაყოფილი ვარ. წარმომიდგენია, გოგა როგორ იქნება გახარებული, როგორ «იმარიაჟებს» თანაკლასელებთან. რა საინტერესოა, რას ეტყვის თავის მეგობრებს, ვინ მაჩუქაო? ამან დამაინტრიგა…

7 7 7

ფრთებშესხმული მივქროდი სანაპიროზე. ხომ ხედავთ, ჩემს «ქველმოქმედებას» საზღვარი არა აქვს. ერთი კეთილი საქმე «ჩავიდინე», ახლა მეორის გასაკეთებლად მივიჩქარი. დინა მელოდება. ჯერ აგარაკზე წავიყვან, ცოტას გავახალისებ, თორემ გუშინ ძალზე უხასიათოდ დავტოვე, მერე კი, რომ მოსაღამოვდება, ქალბატონ თინას ვეწვევით და ქართულში დავიწყებთ მომზადებას.

ელიავას ბაზრობას რომ მივუახლოვდი, სვლა შევანელე. ყურადღებით ვიყურებოდი აქეთ-იქით, მაგრამ დინა ვერსად შევამჩნიე. ეს არ მომეწონა. ნუთუ ასე გავანაწყენე? რატომ მემალება? ვაითუ საერთოდ არ გამოჩნდეს. შავ-ბნელი ფიქრები ამეკვიატა. რამე ხომ არ დაემართა? ცუდად ხომ არ გახდა? იქნებ სამაგიეროს მიხდის? მანქანა გზის პირას მივაყენე, თავი საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე. თუ მოვა, აუცილებლად შემამჩნევს. კარგა ხანს ვიცდიდი ასე. ბოლოს ლოდინი მომბეზრდა და მანქანიდან გადმოვედი, გადავწყვიტე, ბაზრობაზე შევსულიყავი და ცოტა გამევლო. ის იყო, კარი ჩავკეტე და ტროტუარზე გადავედი, რომ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ვიღაც ქალი თვალს არ მაშორებდა. დავაკვირდი და… ჩემ წინ, სულ რამდენიმე მეტრში, ის იდგა - დინა, საოცრად შეცვლილი და ადრინდელი დინასგან სრულიად განსხვავებული. სწორი, გრძელი თმა მხრებზე ჩამოეშალა, ჩემი ნაყიდი ზურმუხტისფერი, ტანზე მოტმასნილი კაბა მკვეთრად აჩენდა მისი თეძოების კოხტა კონტურებს. ფეხზეც ჩემი ნაყიდი თეთრი ფეხსაცმელი ეცვა. გაოცებისგან პირი დავაღე. ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვაშორებდი. რომ არა მისი ჩვეული ღიმილი, ვერ ვიცნობდი.

- ნრავიტსია? - კეკლუცად მკითხა, რომ მივუახლოვდი.

- რა «ინტერესნი» ხარ, რომ იცოდე. ძლივს გიცანი, - აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი.

- ა მნე კაკ ტა ნეუდობნა, - ტანზე დაიხედა და დაიჭყანა.

- რა ნეუდობნა, შანტეკლერის დედოფალივით გამოიყურები, გოგო. შეიძლება კაცის ასე გადარევა? მე მეტი კი არ შემიძლია.

ხელი მოვხვიე და გულზე მივიხუტე.

- ხედავ, კარგი ჩაცმა როგორ ცვლის ადამიანს? ახლა სულ არ ჰგავხარ ბოშას. დღეიდან მორჩა შენი «ციგანკობა», გასაგებია?

- პანიალა, - თავი მორჩილად დამიქნია, ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.

- მე კი მეგონა, გუშინდელზე გამიბრაზდი და აღარ მოხვიდოდი, - ხელი ჩავავლე და მანქანისკენ წავიყვანე.

- და ტი ჩტო, ატკუდა ტაკიე ვივოდი?

- რა ვიცი, რომ დაგცილდი, ისეთი სახე გქონდა, თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდი.

- ისპუგალსია, და? - გადაიკისკისა.

- ოჩენ დაჟე, - მეც გავიცინე.

- ნე ბოისია, ნიკუდა ია ნე პაიდუ. ს ტაბოი მნე ხარაშო, ოჩენ ხარაშო. ი ზნაეშ ჩტო?

- ჩტო?

- სჩასტლივა ია, - თქვა და სახე აელანძა.

ვერ წარმოიდგენთ, იმწუთას რა დამემართა. ერთდროულად სიხარულიც ვიგრძენი და ტკივილიც. განა რას ვაძლევ ამ ქალს ისეთს, ამას რომ მეუბნება? რა ცოტა ჰყოფნის თურმე ბედნიერებისთვის. ამგვარი რამ მისგან ადრე არასდროს მომისმენია. რა იქნება შემდეგ? რას მიქადის ხვალინდელი დღე? როგორ განვითარდება სიტუაცია? ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა, მე კი ჩემს მომავალს ძალზე ბუნდოვნად ვხედავდი. თავადაც არ ვიცოდი, რა მელოდა წინ, რა არჩევანის წინაშე დამაყენებდა ცხოვრება. მერი თუ დინა? იქნებ არც ერთი? ეს აზრი ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაწვალებდა. ყველაფერი ისე რომ ვერ აეწყოს, როგორც დინასთვის იქნება უკეთესი, მაშინ?.. ერთი სულელი გოგოა, გაუნათლებელი, მისი მიტოვება რომ მომიწიოს, ხომ შეიძლება გაბოროტდეს? შეიძლება, მაგრამ სისულელე ხომ ყოველთვის არ აბოროტებს ადამიანს. ვნახოთ, ყველაფერს ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ჯერ ჩემი ცხოვრების კარი ღიაა, ვინც დაიმსახურებს, ის შემოვა, ხოლო როცა კარი დაიხურება, მხოლოდ მაშინ შეიძლება გააღო ფანჯარა, მომავლისკენ მიმავალი. თუკი არჩევანი მერიზე შეჩერდება, დაველოდები დინას რეაქციას, იქნებ არც შეიმჩნიოს დამარცხება? იქნებ გამიგოს და მაპატიოს? თუმცა… პატიება ხომ ყველაფრის დასასრულს ნიშნავს. იქნება კი იგი მზად ამ დასასრულისთვის?

ამ ეტაპზე მერიზე ნაკლებად ვფიქრობ, მაგრამ არც დინას სიყვარულით ვგიჟდები, თუმცა მასთან გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოდესმე სხვა ქალთან მიგრძნია. როცა ჩემ გვერდით არ არის, მენატრება; როცა არის, მსიამოვნებს მისი სიახლოვე. ჩვენ მშვენივრად ვავსებთ ერთმანეთს. ნუთუ ეს საკმარისი არ არის? განა ამას არ ჰქვია სიყვარული? მაგრამ მერი? მისმა სხეულმაც ხომ ამაღელვა? მერე და მერე მასთანაც ხომ მომიწევს უფრო დაახლოება… რომ შემიყვარდეს? ის სიყვარული რომ მეწვიოს, რასაც ნამდვილი სიყვარული ჰქვია, ხომ მომიწევს დინაზე უარის თქმა? მაშინ როგორ მოვიქცე? აქ კი უკვე ჩიხში ვემწყვდევი… ამ შემთხვევაში დინა სულ მარტო რჩება, გარიყული, ყველასგან მიტოვებული… ვნახოთ, ვნახოთ… თავი გადავაქნიე, რომ აბეზარი ფიქრები თავიდან მომეშორებინა და მანქანა დავძარი.

7 7 7

…ხარბად ვკოცნიდი დინას შიშველ სხეულს და ღვთაებრივ სიამოვნებას განვიცდიდი. მოწყურებული ვეწაფებოდი მის ტუჩებს, თან უსიამოვნო ფიქრები არ მშორდებოდა თავიდან. ნუთუ ეს მხოლოდ ხორციელი ლტოლვაა და მეტი არაფერი? ნუთუ კიდევ სხვა რამეა საჭირო სიყვარულისთვის? რას ვერ მაძლევს დინა? რა შეუძლია ამაზე მეტი მომცეს მერიმ ან თუნდაც სხვა ქალმა? განა ეს საკმარისი არ არის? დინას ვუყვარვარ, თავდავიწყებით ვუყვარვარ, ამას ვგრძნობ, რომც არ მითხრას, ვგრძნობ. მერი შეძლებს კი ჩემს ასე შეყვარებას? წარმოუდგენელია. მას ჰყავს საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც ნებივრობს, როცა გაუხარდება და სადაც გაუხარდება. მე რაში ვჭირდები? მისთვის ხომ ერთი შავი ლაქა ვარ ცხოვრებაში, რომელმაც მხოლოდ წუთიერი სიამოვნება მიანიჭა და რომელმაც ხელახლა გამოჩენისთანავე ტკივილი მოუტანა. ხომ მითხრა, ცხოვრებას მინგრევო, რა მინდა მისგან? არ ჯობია, შევეშვა? ბავშვს მივხედავ, როგორც წესი და რიგია, მერისთან ურთიერთობას კი მაქსიმალურად მოვერიდები. რაც შეეხება დინას, მისგან ქალს შევქმნი, ნამდვილ ქალს, ისეთს, როგორიც მე მინდა რომ იყოს…

7 7 7

აგარაკზე კარგა ხანს დავყავით. დინა უსაზღვროდ ბედნიერი ჩანდა, სულ იცინოდა, ხუმრობდა. ასე ვთქვათ, კარგად მართობდა. ერთი სიამოვნება იყო მასთან ყოფნა, მაგრამ… წამოსასვლელად რომ გავემზადეთ, ისევ მოიწყინა, თვალებში ნაპერწკალი ჩაუქრა, სევდიანი გაუხდა მზერა.

- დინა, რატომ განიცდი ასე მტკივნეულად ჩვენი ყოველი შეხვედრის დამთავრებას? - ალერსიანად ვკითხე და ხელი მოვხვიე.

- ბაიუს ია, - ჩურჩულით მითხრა.

- რისი გეშინია, სულელო, რაში ხედავ საშიშროებას? - გამეცინა.

- ვსეგდა ბაიუს, ჩტო ეტა ბუდიტ ნაშა პასლედნაია ვსტრეჩა, - ტუჩები გაბუშტა.

- მერე, შენი კარტი არ გეუბნება, რომ სულ ტყუილად გეშინია? არ გითხრა, რომ მე შენ არ მიგატოვებ? ხომ გითხარი, აწი სულ ერთად ვიქნებით-მეთქი, სხვანაირად როგორ აგიხსნა? რით დავიმსახურე შენი ასეთი უნდობლობა? - თან ვეუბნებოდი ამ სიტყვებს, თან საკუთარი თავის იმედი არ მქონდა.

- კარტი გავარიატ, ჩტო ვ ტვაეი ჟიზნი პაიავიტსია დრუგაია ჟენშჩინა, ვოტ ჩევო ია ბაიუს.

- მერე, მერე? დრუგაია ჟენშჩინა რომ პაიავიტსია, რა მოხდებაო? - ხუმრობაში გავატარე მისი ნათქვამი, თან გული დამეთუთქა.

- მერაბ უიდიოტ ატ მენია… მოჟეტ ბიტ, ია უიდუ, პაკა…

- რა პაკა?

- პაკა ეტა სლუჩიტსია.

- შენ სადღა აპირებ წასვლას?

- დალეკო, დალეკო.

- ცხრა მთას იქით, არა? მომისმინე, კალდუნია, კარგად მომისმინე. შენ ჯერ აქ ხარ, ჩემთან ხარ. დრუგაია ჟენშჩინაც, ხომ ხედავ, ჯერ ჰორიზონტზე არ გამოჩენილა, ალბათ ისიც სადღაც დალეკო, დალეკო არის. სანამ ის აქამდე მოაღწევს, ჩვენ ყველაფერს მოვასწრებთ.

- რას კველაპერს?

- რაც ჩაფიქრებული გვაქვს შენ და მე.

- აბ ეტომ ია ნიჩევო ნე ზნაიუ.

- სამაგიეროდ, ია ზნაიუ და მაცალე ცოტა ხანს, მომეცი ამოსუნთქვის და გააზრების საშუალება. თუ გინდა, რომ ერთად ვიყოთ, ყველაფერი უნდა გააკეთო ამისთვის. გესმის? რასაც გეტყვი, უნდა შეასრულო.

წამით ჩაფიქრდა, მერე გამერიდა, კამოდიდან სარჭი აიღო, თმა აიწია, დაიმაგრა და მტკიცედ წარმოთქვა.

- ია საგლასნა ი გატოვა. ნაჩნიომ.

გაკვირვების ნიშნად წარბები ავწიე. ასე მეგონა, სხვა ქალს ველაპარაკებოდი, ისე შეიცვალა იმ წუთში.

- ახლავე? - ნახევრად ხუმრობით ვკითხე.

- ახლავე, ს ეტავა მომენტა.

- კარგი. მაშინ ყურადღებით მომისმინე. ახლა ჩვენ წავალთ და პირდაპირ ქართულის მასწავლებელს მივადგებით. ამ საღამოდან ვიწყებთ მეცადინეობას. ეს ერთი. მეორე - როგორც კი გაკვეთილს მორჩები, მივდივართ დედაჩემთან და გიორგისთან. ორივე უნდა გაგაცნო, ეს მეო…

სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი, მომვარდა და პირზე ამაფარა ხელი.

- ტოლკა ნი ეტა, პრაშუ, - სასოწარკვეთილმა იყვირა.

უკან არ დავიხიე.

- მაშინ არაფერი გამოვა. მაშინ შეიძლება შენი კარტების წინასწარმეტყველება ახდეს და დრუგაია ჟენშჩინამ დაიკავოს შენი ადგილი. პონიალა? - მწარედ ჩავურტყი.

კარგა ხანს მიყურა გამჭოლი მზერით, რაღაცას ათანხმებდა საკუთარ თავთან. მაინც ვერ მიიღო გადაწყვეტილება.

- ჰა, რას უცდი, ვერ მოიფიქრე? დრო ცოტა გაქვს, იცოდე!

- ხარაშო, ია საგლასნა. და ბუდიტ ვსიო ტაკ, კაკ ტი სკაჟეშ, - თქვა ბოლოს დიდი «გაჭირვებით».

- ბუდიტ და ბუდიტ. წავედით, დრო არ იცდის, - გაბადრული წამოვხტი და ჩემი «ველური» საყვარელი ხელში ავიტატე…

7 7 7

ქალბატონმა თინამ დიდი მოწიწებით მიგვიღო. როგორი არისტოკრატული თვისებები აქვს ამ ქალს, მაოცებს მისი მდიდრული მანერები. ისე შინაურულად შეხვდა დინას, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი ყოფილიყო.

- დღესვე დავიწყოთ მეცადინეობა? - ორივეს გვკითხა.

- სასურველია, თუ დრო გაქვთ, - თავი დავუქნიე.

- კი ბატონო, მე მზად ვარ. თქვენ ჯერ წიგნები არ გექნებათ, არა? - რეპეტიტორმა ამ კითხვით მე მომმართა.

- არა, სამწუხაროდ, არ ვიცოდი, რა დაგჭირდებოდათ.

- არა უშავს, დღეს ჩემი კონსპექტებით დავიწყებთ, მერე გაგატანთ თან და გადააქსეროქსეთ. თუ გნებავთ, ჩამოგიწერთ, რა დაგვჭირდება და იყიდეთ. ეს თქვენზეა დამოკიდებული.

- როგორც თქვენ იტყვით, ქალბატონო თინა, ჩვენთვის სულერთია, - გავუღიმე ქალს.

პასუხად მანაც გამიღიმა, ყველაფერს მოვაგვარებო, დააყოლა და დინა თავის კაბინეტში გაიყვანა. მე მისაღებში დავრჩი და დაველოდე, როდის დამთავრდებოდა პირველი გაკვეთილი.

ლოდინმა კარგა ხანს გასტანა, ერთი საათი მაინც. ბოლოს კარი გაიღო და დინა გამოჩნდა რვეულებით ხელში. ისეთი დაღლილი და შეშფოთებული სახე ჰქონდა, შემეცოდა. მისთვის ეს დიდი დატვირთვა იყო.

- მშვენიერი აღქმის უნარი აქვს თქვენს ახლობელს, - მითხრა ქალბატონმა თინამ, - უცებ აუღო ალღო ყველაფერს. ვფიქრობ, გაგვიადვილდება ერთად მუშაობა. დღეს საკმარისია, მაინც პირველი დღეა და არ მინდა ზედმეტად გადაიქანცოს. დავალებები მივეცი, ცოტას თქვენც თუ წაეხმარებით, ერთ თვეში საუკეთესო შედეგს მივაღწევთ.

- ერთ თვეში? - გამიკვირდა.

- სწორედ რომ ერთ თვეში. უნიჭიერესი მოსწავლეა, მინდა გითხრათ, ასეთები იშვიათად მხვდებიან, - ხაზგასმით წარმოთქვა ქალმა და დინას გადახედა.

არ ვიცი, ქალმა სიმართლე თქვა თუ მხოლოდ დინა გაამხნევა, მაგრამ მე კმაყოფილი დავრჩი. რატომღაც მჯეროდა ამ სათნო ადამიანის. თბილად დავემშვიდობე მასპინძელს და დინასთან ერთად კიბეზე დავეშვი.

- ძნელი იყო? - ვკითხე დინას, მანქანაში რომ ჩავსხედით.

- და ტაკ, პროსტა უსტალა, - ამოიოხრა.

- მე მომწონს, კარგი პიროვნება ჩანს. შენ რას იტყვი?

- ველიკალეპნაია ჟენშჩინა, - დამეთანხმა.

- როდის დაგიბარა?

- ვ სუბბოტუ ვეჩერომ.

- ძალიან კარგი. ახლა ჩვენებთან წავიდეთ, - გადავხედე, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოექცია, - ხომ არ ნერვიულობ?

- და, - მოკლედ მომიჭრა.

- არ გინდა, სანერვიულო არაფერი გაქვს. მათ ხომ არ იციან, შენ ვინა ხარ.

- ი კტო ია ბუდუ? - დაინტერესდა.

- ვინ და გიორგის აღმზრდელი იქნები. იცხოვრებ ჩემთან და ბავშვს გაზრდი. ამაზე ხომ შევთანხმდით?

თავი ხელებში ჩარგო.

- რა იყო, დინა, ახლავე მითხარი, თუ რამე არ მოგწონს, - სვლა შევანელე.

- პრივიკნუს ია კ ნემუ ა პატომ ტრუდნა ბუდიტ, - ამოიკვნესა.

- მერე რა, კიდევ უკეთესი, თუ შეეჩვევი. შენი შვილი არ არის, რა გაწუხებს? არ გირჩევნია საკუთარი შვილი შენ გაზარდო? ასეთი შანსი მოგეცა, შეიძლება ამაზე უარის თქმა? მე მგონი, შენ სულ სხვა რაღაც გაწუხებს. ერთ ადგილზე ცხოვრებას არა ხარ მიჩვეული, მით უმეტეს - შინ ჯდომას. ეს უფრო გაშინებს, ხომ? სწორად მიგიხვდი?

- და ნი ვ ეტომ დელა, პრი ჩიომ ეტა.

- აბა, რა, დედობა არის შენთვის უჩვეულო? სხვა, შენნაირ ბოშას რომ გაჰყოლოდი ცოლად, იმავეს გაკეთება არ მოგიწევდა? რა არის აქ შენთვის მიუღებელი?

ვერც კი შევამჩნიე, ხმას როგორ ავუწიე. ქვითინის ხმა მომესმა. შევხედე. დინა ტიროდა. მხარზე შევახე მარჯვენა.

- კარგი, გთხოვ, სატირალი რა გაქვს? დამიჯერე, ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ მომყევი და ყველაფერს გავაკეთებ შენი გულისთვის. ისედაც უხურხეულია, დედაჩემი ნამტირალევს რომ დაგინახავს, რას იფიქრებს?

დინა გაჩუმდა, ცრემლები მოიწმინდა და გაირინდა. ისე გავიარეთ დარჩენილი მანძილი, არც ერთს ხმა არ ამოგვიღია.

7 7 7

კარი დედამ გაგვიღო. დინას დანახვაზე გაკვირვება გამოეხატა სახეზე - უცხო ქალს არ ელოდა. სათვალე შუბლზე აიწია და დაკვირვებით შეათვალიერა «უცხო ფრინველი».

- დედი, გაიცანი, ეს არის დინა, ეს კი ქალბატონი ნუნუკაა, დედაჩემი, - წარვუდგინე ორი ქალი ერთმანეთს.

- ოჩენ პრიიატნა, - მორცხვად თქვა დინამ.

ნუნუ დაიბნა, უცხო სტუმრის რუსულად ალაპარაკებას არ ელოდა.

- ჩემთვისაც, შვილო, მობრძანდით, - შემოიპატიჟა გაკვირვებულმა.

- გიორგი სადაა? - მივიხედ-მოვიხედე.

- სამზარეულოშია, ვახშმობს, - თქვა დედამ და მაგიდიდან ჟურნალ-გაზეთები აიღო, როგორც ჩანს, კითხულობდა.

დინა სკამზე ჩამოჯდა და თითები ერთმანეთში გადახლართა, ნერვიულობდა.

- ვინ არის ეს ლამაზი ქალბატონი, მერაბ? - ღიმილით მკითხა დედამ.

- ეს ლამაზი ქალბატონი, დედაჩემო, გიორგის მომავალი ძიძაა, ძალიან კარგი ადამიანი. მოვიყვანე, რომ ორივეს გაგაცნოთ და «შეაფასოთ», - ვთქვი პირველი ტყუილი.

- ძალიან კარგი, ძალიან კარგი, მაგრამ ჩემი შეფასება რაში გჭირდება, არ მესმის, რადგან მოიყვანე, შენ უკეთ გეცოდინება, რასაც აკეთებ, - მრავალმნიშვნელოვანი მზერა მესროლა დედამ.

- ჰოდა, მე რომ ვიცი, მინდა შენც იცოდე.

- რუსი ხარ, შვილო? - ახლა დინას მიუბრუნდა.

- არა, ნეტ. ცი…

- რუსი არ არის, მოლდაველია, მაგრამ ქართულიც იცის, - დავასწარი დინას, - ცოტა აქცენტით საუბრობს, ამიტომ ერიდება ხოლმე უცხოსთან ქართულად ლაპარაკს. მგონი გიორგისთვისაც კარგი იქნება, რუსულსაც ისწავლის სხვა ყველაფერთან ერთად. რას იტყვი?

- მე რა მეთქმის, არ არის ურიგო საქმე. შენ ისე ჰაიჰარად არ მიიღებდი ამ გადაწყვეტილებას.

- მთავარია, შენ მოგწონდეს, ნიკალაევნა, - ჯერ ნუნუკას გადავხედე, მერე დინას.

- მშვენიერი ქალია, რატომ არ უნდა მომწონდეს. თუ გულიც ისეთი აქვს, როგორიც ცხვირ-პირი და თვალები, გაგვმართლებია და ისაა, - დედამ ისევ აიწია სათვალე და ახლა უფრო დაკვირვებით შეათვალიერა «ძიძა».

- ოქროს გული აქვს, მერწმუნე. ნიკუშა ხომ იცი, ცუდს არ მირჩევდა, - მეორე ტყუილი ვთქვი.

- ო-ო-ო! ნიკუშას შერჩეული თუ არის, მით უმეტეს, ვენაცვალე, მაგნაირ ადამიანს თვალდახუჭული ენდობა კაცი.

- მიდი რა, გიორგის დაუძახე, დინა გავაცნოთ.

- ახლავე მოვიყვან, - დედა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა.

ცოტა შეაგვიანდა. დინას შევხედე, მხრები უთრთოდა. ხელზე შევახე ხელი.

- ნი ნერვნიჩაი, ვსიო ბუდიტ ხარაშო, - რუსულად მივმართე და თითები სიყვარულით მოვუჭირე.

- ბოლშე ნი მაგუ, - წამოიკნავლა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.

- ახლა არ გადამრიო და ცრემლი არ დამანახვო, თავი არ მომჭრა, იცოდე. ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად მიდის.

ბებია და შვილიშვილიც გამოჩნდნენ. გიორგის პირი სველი ჰქონდა. მივხვდი, რატომაც შეაგვიანდათ. დედამ ხელ-პირი  დაბანა პატარას.

გიორგი ღიმილით მომიახლოვდა და ჩემ წინ გაჩერდა. ხელში ავიყვანე და კალთაში ჩავისვი. დინა არ განძრეულა. თვალებდახრილი გაშეშებული იჯდა სკამზე.

- მამიკო, ეს ლამაზი დეიდა მალე ჩვენთან იცხოვრებს, შენთან და ჩემთან. მას დინა ჰქვია. გაიცანი, - ვუთხარი ბუთხუზას და ლოყაზე ვაკოცე.

ბავშვმა დინას შეხედა. კარგა ხანს უყურა. დინამაც ასწია თავი და მზერა შეავლო გიორგის. უხმო გაცნობა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა.

- მიდი, მიესალმე დინა დეიდას, - ჩამოვსვი ბავშვი და ხელით დინასკენ ვუბიძგე.

ახლა იწყება ყველაზე მთავარი. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ სასწაული მოხდა… არ ვიცი, რა მოხდა მასში, რა უგრძნო გულმა, მაგრამ… მიუახლოვდა მისთვის სრულიად უცხო ქალს, მაგრამ ღვიძლ დედას, ხელები წინ გაიწვდინა და კისერზე ჩამოეკიდა. ისე ჩაეხუტა, გაოგნებისგან ადგილს მიველურსმნე. დინამაც მოხვია აკანკალებული ხელები პატარას და ყელზე დაეკონა. ჩემი და ნუნუკას მზერა ერთმანეთს შეხვდა. «რა ხდება?» - მეკითხებოდნენ მშობლის თვალები. «ყველაფერი კარგადაა, დედი» - ვანიშნე ქალს და შეუმჩნევლად გავუღიმე, თუმცა საკუთარი გულის ბაგაბუგი მესმოდა. ოთახში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მივხვდი, დუმილი უნდა დამერღვია.

- უყურე შენ, ამას მგონი, დინა ჩემზე მეტად შეუყვარდება, - გახუმრება ვცადე, - ხედავ, როგორ უცებ დაგიახლოვდა? ესე იგი, მოეწონე. სულ მამას ჰგავს ეს მაიმუნი, გემოვნებას არ უჩივის, - გავაგრძელე ლაზღანდარობა, თუმცა სულაც არ ვიყავი ამის ხასიათზე.

დინამ გიორგი კალთაში ჩაისვა და თმა აუქოჩრა.

- სკოლკა ემუ ლეტ? - მკითხა, ვითომ არ იცოდა, თან ხმა უკანკალებდა. ტუჩები მოექცა, ცოტაც და… აღრიალდებოდა.

- ქართულად თქვი, თორემ დაფრთხება, იცოდე, - გავუცინე, რომ ცოტა განმემუხტა მისი დაძაბულობა.

- რამდენი ცლის… - ენა დაება დინას.

_ რამდენი წლის არის? _ «წავეხმარე».

- რამდენი ცლის არის? - გაიმეორა ქალმა.

- უთხარი დეიდას, რამდენი წლის ხარ.

- შვიდის, აი, ამდენის, - თითებით აჩვენა გიორგიმ.

დედაჩემი, რომელიც აქამდე ერთ ადგილას იდგა გაუნძრევლად, უცებ დაიძრა, ზურგიდან მიუახლოვდა დინას და მხრებზე დაადო ხელები. სუნთქვა შემეკრა.

- გაიხარე, შვილო, - ჩურჩულით თქვა და აცრემლებული თვალები წამით დახუჭა, - ერთადერთი ხარ, ვინც ამ ბავშვმა პირველსავე ნახვაზე არ იუცხოვა. ალბათ მართლა კარგი ადამიანი ხარ, რომ ასეთი თბილი აურა მოდის შენგან, - დაასრულა «მონოლოგი» ნუნუკამ და დინას თავზე აკოცა.

სიმართლე გითხრათ, მეც ამიჩუყდა გული. მსგავსი სცენის მომსწრე არასდროს გავმხდარვარ. ეს საოცრება იყო, საოცრება, რომელიც ალბათ იშვიათად ხდება ან… შეიძლება არც არასდროს მომხდარა აქამდე.

- დედა, იქნებ ყავა მოგვიდუღო?

- ახლავე, შვილო, მაგას როგორ დაგზარდებით, ყავასაც მოგართმევთ და ვახშამსაც მოვიტან, ამწუთში გავშლი სუფრას, - დაფაცურდა დედაჩემი.

- ნე ნადა, მერაბ, არ გინდა, პოზდნა უჟე, ცავიდეთ, - მუდარით სავსე თვალები მომანათა დინამ.

- ვახშამი არ გვინდა, ნიკალაევნა, მარტო ყავას დავლევთ, დინას სახლში აგვიანდება, - გავძახე დედაჩემს და დინას მივუბრუნდი, - უხერხულია, ყავა მაინც დავლიოთ, თორემ ეწყინება და ეგრევე წავიდეთ. ო კეი?

- ხარაშო, - მორჩილად მიპასუხა და გიორგი თავისკენ შემოატრიალა, კვლავ ჩახედა თვალებში.

- ლამაზი ტვალები გაქ შენ, - უთხრა უკვე თითქმის დამშვიდებულმა. დაძაბულობამ ნელ-ნელა გაუარა.

ბავშვმა დაიმორცხვა, ქალის მუხლებიდან ჩამოხტა და ბებიას გაეკიდა სამზარეულოში.

- ახლავე მოვალ, შენ არ მოიწყინო, - თვალი ჩავუკარი დინას და მეც სამზარეულოში გავედი.

გიორგიმ კითხვით სავსე თვალები შემომანათა, რაღაცის თქმა უნდოდა.

- რა იყო, მამი, მითხარი, რა გინდა? - გავამხნევე და ხელში ავიყვანე.

ყელზე მომხვია ხელი, პირი ყურთან ახლოს მომიტანა.

- ახალი დედიკოა? - ჩამჩურჩულა.

სიცილი ვერ შევიკავე. ბავშვს შერცხვა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.

- რა ეშმაკი ბიჭი ხარ, რომ იცოდე, - ხმამაღლა ვთქვი და მერე მეც ვუჩურჩულე, - შენ გინდა, რომ ახალი დედიკო იყოს?

უხმოდ დამიქნია თავი.

- მოგწონს? - კიდევ დავეკითხე.

კვლავ თავი დამიქნია.

- რაო, რას გეუბნება? - დაინტერესდა დედაჩემი.

- არაფერი, ეს ჩვენი, კაცების საიდუმლოა, - არ «გავეცი» პატარა, ვაკოცე და ძირს ჩამოვსვი, - რა ყავა გაქვს?

- «პელე გოლდი» მაქვს, დღეს ვიყიდე, შენ ხომ სხვას არ სვამ. სტუმარს ნალექიანი ხომ არ ურჩევნია?

- არა, ისიც «პელეს» სვამს… ჩემსავით, - ბოლო სიტყვა ხაზგასმით ვთქვი და ეშმაკურად შევხედე დედას…

* * *

 

ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში ჩადგა. ცოტა შვება ვიგრძენი. როგორც იქნა, მომეცა ამოსუნთქვის საშუალება. დინამ ინტენსიურად დაიწყო ქართულში მეცადინეობა. ენაც თანდათან გაიტეხა. შეცდომებს კი უშვებდა, მაგრამ პროგრესი აშკარად ეტყობოდა. საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიყვანე, სახლი ისე დააწკრიალა, იქაურობას ვერ ვცნობდი. თავიდან ოდნავ აფორიაქებული იყო, ვერ შეეგუა ოჯახურ ყოფას, მაგრამ მალევე აუღო ალღო ყველაფერს. ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგი «ჩაიბარა» აღსაზრდელად, ენერგია ორმაგად მოემატა. ყველაზე დიდი საოცრება ის იყო, რომ ბავშვი გვერდიდან არ შორდებოდა, სულ კუდში დასდევდა, თითქოს დაბადებიდან კაბის კალთაზე ჰყავდა ჩამოკიდებული.

ერთადერთი, რაც უჭირდა, სადილების მომზადება იყო, ამაში ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა. წვნიანების რა მოგახსენოთ, მაგრამ კარტოფილის და კვერცხის შეწვა მშვენივრად გამოსდიოდა. თუმცა ამაშიც მალე გაიწაფა ხელი, დაიდებდა რუსულ ჟურნალებს, გადაშლიდა რეცეპტების გვერდებს და სწავლობდა და სწავლობდა სალათებისა და სხვა კერძების მომზადების წესებს. ძირითადი «გათვლა» მაინც გიორგისკენ იყო მიმართული, ბავშვი რასაც მოისურვებდა, იმის მომზადებას ცდილობდა. სახლის საქმეებს რომ მორჩებოდა, სკოლიდან მოსულ გიორგის ასადილებდა, ამეცადინებდა, გაასეირნებდა და ბოლოს, მოთენთილ ბავშვს რომ დააძინებდა, ქართულში იწყებდა მეცადინეობას, რომ თინა მასწავლებელთან თავი არ «შეერცხვინა».

ნიკამაც მოაგვარა ჩვენი ბიზნესის საქმეები. კაზინოს ინვენტარი სარფიანად გავყიდეთ, რესტორნისთვის საჭირო ატრიბუტი ვიყიდეთ, ოფისი ხელახლა გავარემონტეთ, გადავაკეთეთ და განახლებული შენობა ახალი კლიენტებისთვის მოვამზადეთ. სეზონიც მშვენიერი დაგვემთხვა - შუაგული გაზაფხული იდგა და ახალ-ახალი პროდუქტით შეივსო ბაზარი. მომსახურე პერსონალის მოძიება ნიკუშამ თავის თავზე აიღო, მაგ საქმეს მე მოვაგვარებ, შენ შენს პრობლემებს მიხედეო.

ჩემი ერთადერთი სერიოზული პრობლემა ამ ეტაპზე ლიზიკო და მასთან განქორწინება იყო. სამშაბათ დღეს დაგვიბარეს სასამართლოში, თერთმეტ საათზე. მე კი დროზე მივედი, მაგრამ ჩემი ჯერ კიდევ ცოლი არ გამოცხადდა. ადვილი მისახვედრი იყო მისი «ოინები» - შეგნებულად აჯანჯლებდა გაყრის პროცესს. ეგონა, ამით მე გამომიყვანდა მოთმინებიდან. მიაღწია კიდეც - გაცოფებული დავბრუნდი შინ. საღამოს კი, არც აცია, არც აცხელა და სახლში გამომეცხადა. კიდევ კარგი, რომ დავხვდი, თორემ დინას ალბათ გააგიჟებდა.

ისე უდიერად შემოაბიჯა ოთახში, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. შეამჩნია, რომ ინტერიერი გადასხვაფერებული იყო, ამან ცოტა არ იყოს, გააოცა. არც ასეთ სისუფთავეს ელოდა, მგონი. მართალია, ძალიან ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ გადავწყვიტე, არ შემემჩნია და სიმშვიდე მაქსიმალურად შემენარჩუნებინა.

- არ მელოდი, არა? - ამრეზით მკითხა.

- აქ ნამდვილად არ გელოდი, მაგრამ სასამართლოში - კი. რატომ არ მოხვედი?

- ვერ მოვიცალე, უფრო სერიოზული საქმე მქონდა. რა იყო, გაბრაზდი?

- სულაც არა. სიმართლე გითხრა, ჩემთვის სულერთია, შენთან დაქორწინებული ვიქნები თუ განქორწინებული. მე ეს ხელს არაფერში მიშლის.

- რატომ, მეორე ცოლის მოყვანას არ აპირებ? - ჩანთა სკამის საზურგეზე ჩამოკიდა და დაჯდა.

- არა, ასეთი სისულელის ჩადენას მეორედ ნამდვილად არ ვაპირებ. ასე რომ, თუ გინდა, დავტოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. ოფიციალურად ვიყოთ ცოლ-ქმარი, რა მნიშვნელობა აქვს. შენთან სხვა ვალდებულება არ მაკავშირებს. მთავარია, ჯვარი არა გვაქვს დაწერილი, ეს ალბათ შემიქმნიდა პრობლემას. მხოლოდ ქაღალდზე დაფიქსირებული ხელმოწერა კიდევ დიდი არაფერია. ბევრი წყვილი ვიცი, მხოლოდ ფიქტიური ქორწინება რომ აკავშირებთ რაღაც საქმის გამო. ასე რომ…

გამომცდელი მზერა მესროლა.

- შენ თუ სხვა რამ არ გაქვს გამიზნული, - გავაგრძელე, - უმჯობესი იქნება, დროზე მოვამთავროთ ეს საქმე.

- რა უნდა მქონდეს გამიზნული? - კოპები შეკრა.

- რა ვიცი, შენნაირი ქალის თავში ისეთი შავბნელი აზრები ტრიალებს, რას გაიგებ… იქნებ დაბრუნება გინდა, იქნებ გადაიფიქრე განქორწინება, ან იქნებ იმას ფიქრობ, რომ ასეთი ქცევით მე გამომიყვან წყობილებიდან. ასეა? გინდა, რომ მაწრუწუნო?

- რაებს ლაპარაკობ, საიდან მოიტანე ასეთი აბდაუბდა? რას ნიშნავს, გაწრუწუნო?

- შენ უკეთ იცი, რასაც ნიშნავს. არა ერთხელ და ორჯერ გაგიკეთებია მსგავსი რამ. თუ არასწორად ვმსჯელობ, მაშინ რა გიშლის ხელს, რატომ არ მოხვედი, როცა დაგიბარეს? შენ არ მეუბნებოდი, ერთი სული მაქვს, ხელს როდის გავაწერთო?

- რით ვერ გაიგე, რომ სერიოზული საქმე მქონდა. ერთი დღე რას წყვეტდა? ხვალვე დამთავრდება ყველაფერი, ნუ გეშინია.

- მე არაფრის მეშინია. ისე მშვიდად ვარ, როგორც არასდროს. რისი უნდა მეშინოდეს, ქონებას მომედავები თუ შვილს წამართმევ? არც ერთია შენი და არც მეორე. ბინა ჩემზეა პრივატიზებული, ვისაც მინდა, იმას მივცემ და იმას ვაცხოვრებ, ხოლო გიორგი არც არასდროს ყოფილა შენი. სხვა რა უნდა მოითხოვო ჩემგან, რომ შენი შემეშინდეს? რისი მოცემაც შემეძლო, თავის დროზე ყველაფერი მოგეცი - მანქანა, სალონი, ფული, ჩასაცმელი და რა ვიცი… შენნაირი განებივრებული ბარე ორი კაცის ცოლი არ დადიოდა თბილისში.

- აბა, აბა! ზუსტად! შენს ხელში ისე ვიყავი დაჩაგრული, ქალის სახე დავკარგე. ბოლოს კი იმ ნაბიჭვ… იმ ბავშვის მოყვანით სცადე ჩემი გამწარება, მაგრამ არ გამოგივიდა, დროზე ვუშველე თავს.

- ლიზა, დაიმახსოვრე, კიდევ ერთხელ წამოგცდება გიორგის მისამართით ეს სიტყვა და აქედან ვერ გამასწრებ, იცოდე! მწარედ განანებ ყველაფერს, - ავბობოქრდი, სისხლი მომაწვა საფეთქლებში.

- ეს ვინღაა?! - ლიზიკომ ჩემს ზურგს უკან გაიხედა.

თავი მოვაბრუნე. მეორე სართულზე ამავალი კიბის საფეხურზე დინა იდგა და გაფითრებული მოგვჩერებოდა.

- ქალები უკვე სახლში დაგიდიან, არა? - ცინიკურად იკითხა და თვალებმოწკურულმა შემომხედა.

- სახლი ჩემია, ვისაც მინდა იმას მოვიყვან და როცა მინდა, მაშინ.

- რაც უფრო ბერდები, მით უფრო მდარე ხდება შენი გემოვნება, - ირონიულად შენიშნა და კვლავ დინას გახედა.

- შენდა სამწუხაროდ, სხვა ქალები არ ფიქრობენ ასე.

- შენი სხვა ქალები ამ სიმახინჯით ამოიწურება? - თავით გადააქნია დინასკენ.

- ადი მაღლა, საქმეს მიხედე, - გავძახე დინას და ლიზას მივუბრუნდი, - ეს «სიმახინჯე» ჩემი შვილის ძიძაა და ბავშვს ისე უვლის, როგორც მე გამიხარდება. შენთან კამათს არ ვაპირებ. არ არის შენი საქმე, ჩემს სახლში ლამაზი ქალი გაივლის თუ მახინჯი. მე სანანებელი არაფერი მაქვს. არაჩვეულებრივი შვილი მყავს, შვილი კი არა, შვილები. თუმცა შენ ეს ჯერ არ იცი.

- რა-ა? - სკამიდან წამოიწია, - ამას ჩემს გასაგიჟებლად იგონებ, არა? არაფერი გამოგივა.

- არა, რატომ? თხუთმეტი წლის ვაჟი მყავს, შენ წარმოიდგინე, და იმასაც გიორგი ჰქვია.

სახე გაუთეთრდა. გაოგნებულს ქვედა ტუჩი აშკარად მოებრიცა.

- საიდან, თუ საიდუმლო არ არის? - ძლივს წარმოთქვა.

- წარსულიდან, უკვე დიდი ხნის დავიწყებული წარსულიდან. შედეგი იმ ერთადერთი შეცდომისა, რომელსაც არ ვნანობ.

- გამოდის, რომ ადრეც დადიოდი ქალებთან? - გაწიწმატდა.

- რატომ, ცუდი ბიჭი ვიყავი? შენ რა, არ მოგწონდი? არ გინდოდა ჩემი ცოლობა თუ კაბის კალთები დაგახიე?

- აი, თურმე რით იყავი დაკავებული ჩემს უჩუმრად.

- ეს შენამდე იყო, ჩემო კარგო, შენამდე. მე მგონი, გარკვევით ვთქვი, რომ თხუთმეტი წლისაა.

- და ახლა აღმოაჩინე, არა? რაში გჭირდება ასეთი ტყუილები?

- არ ვიტყუები. სამწუხაროდ, მართლა ახლა აღმოვაჩინე, თანაც სრულიად შემთხვევით, თორემ თავის დროზე რომ გამეგო, ჩემი ცოლი ვერ გახდებოდი და ალბათ უკეთესიც იქნებოდა. აი, ამ შეცდომას კი ვერასდროს ვაპატიებ ჩემს თავს… ასე რომ, თუ ჩემი ქონების გაყოფა გიდევს გულში, იცოდე, არაფერი გამოგივა. მე ორი მემკვიდრე მყავს, ამიტომ მათ გადაუნაწილდებათ ყველაფერი. შენთვის აღარაფერი რჩება. ეს შეიგნე და, საერთოდ, მოვრჩეთ ახლა ლაპარაკს. საქმე მაქვს, შენთვის არა მცალია. ხვალ მოხვალ და ჩვენს ურთიერთობას ერთხელ და სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს, - ვთქვი და წამოვდექი. ამით ვაგრძნობინე, რომ «აუდიენცია» დამთავრებული იყო.

- შენ თუ მართლა არ გაწრუწუნო, ქალი არ ვიყო, - დამექადნა ცოლყოფილი და გასასვლელისკენ გატრიალდა.

- აბა, შენ იცი, რას მოიფიქრებ. ერთი რამ გაითვალისწინე, კიდევ: თუ შენს ჭინჭებს დროზე არ წაიღებ აქედან, იცოდე, ყველაფერს გარეთ გავყრი და ცეცხლს წავუკიდებ. მერე პრეტენზიები ნუ გექნება.

- რა თქვი? - კართან მისული მოტრიალდა და თვალებდაქაჩული წინ ამესვეტა, - აბა, ერთი ვნახოთ, როგორ დაწვავ! ერთი გაბედე და მერე ვნახოთ, ვინ დარჩება მოგებული.

- ნუ ხმაურობ, თუ ქალი ხარ, - ისე მშვიდად ვლაპარაკობდი, საკუთარი თავის მიკვირდა, რატომ ან როგორ ვითმენდი ამდენს, - შენი მუქარის და ყვირილის არავის ეშინია, - აგდებულად შევნიშნე და კარი გამოვაღე, - ხვალ შეხვედრამდე.

სახეზე წამოენთო, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ გავიდა და კარი ძლიერად გაიჯახუნა.

ხმაურზე დინამ გამოყო ოთახიდან თავი.

- ვ ჩიომ დელა? - შეშინებულმა იკითხა.

- არაფერია, წავიდა უკვე, - ხელი ჩავიქნიე.

- კტო ეტა ბილა?

- მაია ბივშაია ჟენა.

- და რა უნდოდა? - უცებ ქართულად ამეტყველდა დინა და მსუბუქი ნაბიჯებით კიბეს ჩამოუყვა.

- შენი ნახვა, - გავიხუმრე.

- ბოჟე, რა უჟასი რამე იყო, კაკ ტი ს ნიმ ჟილ ვსე ეტი გოდი? - «თანაგრძნობა» გამომიცხადა ჩემმა ბოშამ და ყელზე მომხვია ხელები.

- ხედავ, რა დღეში ვიყავი? შენ კი სულ არ გეცოდები, - ისევ გავიხუმრე და მკლავებში მოვიმწყვდიე, - ბავშვი სად არის?

- ტელევიზორ სმოტრიტ.

- კიდევ კარგი, არაფერი გაიგო.

- მულტიკებია და პატამუ. ი ჩტო ბუდიტ დალშე?

- ხვალ ოფიციალურად გავიყრებით.

- ეტა ჩტო ზნაჩიტ?

- ეტა ზნაჩიტ რაზვოდ, დარაგაია, რაზვოდ.

- სლავა ბოგუ, - შვებით ამოისუნთქა დინამ და თავი მხარზე დამადო.

- დღეს მიდიხარ თინასთან?

- სევოდნია ნეტ, ზავტრა.

- ქართულად მითხარი.

- დღეს არა, ხვალ, - თქვა და გაიცინა.

მეც ვერ შევიკავე სიცილი. სიყვარულით შევხედე. ვგრძნობდი, ეს ნახევრად ველური ქალი როგორ ავსებდა ჩემს სიცარიელეს. ვაღიარებ, იგი ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო… ჯერჯერობით…

გაგრძელება იქნება