ბოშა - თავი 14 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 14 - მეორე ნაწილი

2023-06-07 10:30:54+04:00

წინა თავი

მეორე დღეს ცოტა ხნით დავიგვიანე სასამართლოში. ეს შეგნებულად გავაკეთე, მაინტერესებდა, ლიზიკო რას მოიმოქმედებდა. ჩემდა გასაოცრად, ისე მშვიდად შემხვდა, არ ველოდი. ყოველგვარი ფორმალობის გარეშე ჩაიარა განქორწინების პროცესმა, ზედმეტი «დაკითხვების» გარეშე, რაც ლაშას დამსახურება იყო. როცა ყველაფერს მოვრჩით, ლაშასთან შევიარე, არ მინდოდა ლიზასთან ერთად გამოვსულიყავი იქიდან. მეგობართან რამდენიმე წუთს დავყავი და მერე ნიკუშასთან გავეშურე. შუადღემდე ვეხმარებოდი. მშვენივრად გამოიყურებოდა რესტორნის ინტერიერი. კიდევ ერთი კვირა და ავამოქმედებთ, რეკლამის დატრიალებაღა დაგვრჩა. პრეზენტაციაზე მოსაწვევი სტუმრების სია შევადგინეთ, პროდუქტებიც ჩამოვწერეთ, სუფრის ორგანიზებაც დავგეგმეთ და საღამოს დაღლილ-დაქანცულმა, რომ იტყვიან, ძლივს მივაღწიე საწოლამდე.

ღამით დინა გიორგის ოთახში წევს, ბავშვთან ერთად, არ გვინდა ჩვენი ურთიერთობის მის თვალწინ აფიშირება. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, შეიძლება დედაჩემთან წამოსცდეს. ნუნუკა კი როგორ შეხვდება ამ ამბავს, არავინ უწყის. მოგვიანებით, პატარას რომ ჩაეძინება, დინა ჩემთან გადმოდის და მერე «ვახერხებთ» ერთმანეთით «დანაყრებას». თუმცა ამ საღამოს გეგმები შეიცვალა. დინა მიხვდა, როგორი დაღლილიც ვიყავი და არ «შემაწუხა», მავახშმა, ლოგინი გამიმზადა, მაკოცა და თავის კუთვნილ ოთახში გაუჩინარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი ღამე იყო ჩემი ველური საყვარლის გარეშე, ისე ტკბილად მეძინა, გათენება არ მიგრძნია. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა, ღრმა ძილში მყოფს გიორგი რომ დამახტა თავზე. კარგა ხანს ვეთამაშე შვილს, ვიჭიდავეთ და ვიკოტრიალეთ საწოლში. ქოშინი რომ აგვიტყდა, მხოლოდ მაშინ დავწყნარდით, ზურგზე დავწექით და «კაცური» საუბარი გავაბით.

- მა, დინა დეიდა სულ ჩვენთან იქნება? - გასუსულმა მკითხა.

- შენ როგორ გინდა, პატარავ? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.

- მე მინდა.

- რა გინდა? - ვითომ ვერ გავიგე მისი პასუხი.

- სულ ჩვენთან რომ იყოს.

- ჰოდა, თუ გინდა, იქნება კიდეც. ამ სახლში უფროსი შენ ხარ, როგორც იტყვი, ისე იქნება. რას იტყვი?

ხმამაღლა გაიცინა, «უფროსის» პოზიცია აშკარად მოეწონა.

- მოგწონს დინა დეიდა? - გადავხედე. ზუსტად ჩემნაირად იწვა, მასაც თავქვეშ ამოედო ხელები და ჭერს მისჩერებოდა.

- კი.

- ეგ რა პასუხია, ვაჟკაცურად მიპასუხე.

- მომწონს, აბა?! ყველაფერს მიჯერებს.

- გიჯერებს? - გავოცდი, - შენ თუ უჯერებ?

- მეც ვუჯერებ, არ ვაბრაზებ, მა. მასთან კარგია, - კმაყოფილებით აღნიშნა.

- ქართული რომ კარგად არ იცის?

- მერე რა, ისწავლის, წუხელ მეც ვამეცადინე.

- შენ ამეცადინე? - სიცილი ვერ შევიკავე, - როგორ ამეცადინე?

- როგორ და… რა ვიცი, მე რომ გაკვეთილს ვსწავლობდი, ის იმეორებდა იმ სიტყვებს.

ხარხარი ამიტყდა.

- ესე იგი, შენი მოსწავლეც გახდა, არა?

- ჰო. მეც მასწავლა რუსული. იცი, რა კარგად გამომდის? ბევრი სიტყვა ვისწავლე.

- ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ. რუსული აუცილებლად უნდა იცოდე, საჭიროა. გაიზრდები და გამოგადგება.

- რაში გამომადგება? - იდაყვზე წამოიწია და შემომხედა.

- რაში და… რუსი ქალების შებმაში, - თვალი ჩავუკარი.

- ე-ე-ე! - დაიმორცხვა.

- აბა რა, რუსის გოგო რომ შეგიყვარდეს, ხომ უნდა შეძლო სიყვარულის ახსნა?

- რუსის გოგო არ შემიყვარდება, - შორს დაიჭირა.

- რატომ ვითომ?

- იმიტომ, რომ ქართველი ვარ, - დიდი კაცივით თქვა.

- მერე რა, რომ ქართველი ხარ? აბა, დინა დეიდა რომ ქართველი არ არის, არ უნდა გვიყვარდეს?

დაბნეული მზერა გაუხდა. მიხვდა, რომ რაღაც სწორად ვერ განსაზღვრა, მაგრამ უკან არ დაიხია.

- დინა დეიდა სხვაა.

- რას ჰქვია სხვაა?

- ის სხვანაირია.

- მერე? მისნაირი «სხვანაირი» ხომ შეიძლება კიდევ არსებობდეს ადამიანი?

- მალჩიკი, ვსტავაიტე, ზავტრაკ ჟდიოტ! - ამ დროს დინას ხმა გაისმა და კარიც გაიღო.

- აი, ძინა დეიდაც მოსულააა! - მხიარულად შევძახე და საწოლზე წამოვჯექი, - რა გვაქვს საუზმედ, ქალბატონო დინა?

- ჩაი, ყავა, კვერცხი ი ალადიკი.

- კვერცხი - მოხარშული თუ შემწვარი?

- შემ-ცვა-რი, - დამარცვლით თქვა და ღიმილით დამიქნია თავი.

- ია ხაჩუ კუშატ, ოჩინ დაჟე, - ეს გიორგის ხმა იყო. გაოცებულმა შევხედე, ერთი ამას უყურეთ, როგორ უცებ აუთვისებია «დეიდას» ფრაზები.

- დინა კარგი მასცავლებელი, - ნიშნის მოგებით თქვა დინამ და ენა გამომიყო…

…დილამ ჩინებულად ჩაიარა.

7 7 7

სახლიდან გვიან გამოვედი. მოღრუბლული იყო, წვიმას აპირებდა. გადავწყვიტე, დღის განმავლობაში, რადაც უნდა დამჯდომოდა, მერი მენახა. არ მინდოდა ეფიქრა, რომ დამავიწყდა. საათს დავხედე, ათი ხდებოდა. გოგას ნათქვამი გამახსენდა, სახლიდან გვიან გადისო. ამიტომ ვიფიქრე, შინ მივუსწრებ-მეთქი და სიჩქარეს მოვუმატე… ხალისით ავირბინე კიბეზე და ზარი დავრეკე. მართლა შინ დამხვდა. ჩემ დანახვაზე სიწითლემ გადაჰკრა სახეზე.

- უდროო დროს ხომ არ მოვედი? - უხერხულად ვიგრძენი თავი, - თუ რამეა, არ შემოვალ.

- არა, რა უნდა იყოს?

- რა ვიცი, იქნებ…

- არა, არავინ არ მყავს, ნუ გეშინია. საყვარლები სახლში არ დამიდიან, - ცივად თქვა.

- ეგ არ მიფიქრია.

- შენს ფიქრებს თხუთმეტი წლის წინათაც კი ვკითხულობდი, თავს ტყუილად იმართლებ, შემოდი, - განზე გადგა და გზა დამითმო.

- დღეს არ მუშაობ? - შევედი და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.

- შენ უკეთ არ იცი ჩემი განრიგი, რაღას მეკითხები? - ტონი არ შეუცვლია მერის.

- მე საიდან უნდა ვიცოდე? - მისმა შეხვედრამ ხასიათი გამიფუჭა.

- აბა, რა მოგარბენინებდა? ასე მგონია, წარამარა მაკონტროლებ.

- ნუ «მეშპილკავები», შენი დევნა ერთი წამითაც არ მიფიქრია.

- აბა, რა იცოდი, ასეთ დროს სახლში რომ დაგხვდებოდი? - თვალებით გამხვრიტა.

- რა ვიცი, რამდენჯერაც შეგხვდი სამსახურში მიმავალს, თორმეტ საათზე ადრე არც ერთხელ არ ყოფილა. ამიტომაც ვიფიქრე, ჯერ შინ იქნება-მეთქი. სიმართლე გითხრა, დიდი იმედი არ მქონდა, რომ დამხვდებოდი, მაგრამ მაინც… - გოგა არ ჩავუშვი და «ჩემეული» ვარაუდი მოვიშველიე.

- რამ შეგაწუხათ, ბატონო მერაბ, რით შეგვიძლია გემსახუროთ? - მერიმ მეორე სკამი გამოსწია და თვითონაც ჩამოჯდა.

- შენი ნახვა მინდოდა.

- ჰო-ო? რაშია საქმე, ახლა არ მითხრა, რომ შეგიყვარდი, - სარკასტულად გაიღიმა.

- დამშვიდდი, სიყვარულის ასახსნელად არ მოვსულვარ, არც მეხერხება. ეგ პერიოდი დიდი ხანია, გავიარე. სულ გადამავიწყდა, როგორ ხდება. უბრალოდ, ხომ შეგპირდი, მოვალ და გნახავ-მეთქი, მეც…

- შემპირდი? რაღაც არ მახსენდება? - სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა.

- მერი, რაღაც უცნაურ თამაშს მეთამაშები. ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ. არ გინდა ჩემი გაბურთავება. ეგ ჯერ არავის გამოსვლია და არც შენ გამოგივა. მე საჩხუბრად და საქმეების გასარჩევად არ მოვსულვარ. გთხოვ, ადამიანურად დამელაპარაკო.

- სალაპარაკოდ არ მცალია, სამსახურში მაგვიანდება.

- ხომ არ გეუბნები, ახლავე-მეთქი. მითხარი, როდის გცალია და იმ დროს შევხვდეთ. აქ არ მინდა მოსვლა, მეზობლების საჭორაოდ არ გაგიხდი საქმ…

- მეზობლები კარგად მიცნობენ, ასე რომ, ძალიანაც რომ მოინდომო, არ გამოგივა.

- ბოლოს და ბოლოს, მაცლი თუ არა წინადადების დამთავრებას? - ხმას ავუწიე, მოთმინების ფიალა მევსებოდა.

- კარგი, გაცლი. მითხარი, რა გინდა.

- როდის შევხვდეთ?

- რაზე უნდა მელაპარაკო?

- ჩვენზე.

- «ჩვენ» არ არსებობს, დაივიწყე ეგ სიტყვა.

- მაშინ გოგაზე, ეგ სიტყვა მაინც ხომ არსებობს?

ამოიოხრა და თავი ჩაჰკიდა.

- ხომ გთხოვე, გოგას თავი დაანებე-მეთქი, - კილო შეარბილა.

- შენც ხომ იცი, რომ ასე არ მოხდება? გოგაზე უარის თქმას არ ვაპირებ. მოვა დრო და იგი აუცილებლად გაიგებს, რომ მე მისი მამა ვარ.

- დიდხანს მოგიწევს მისთვის ამის მტკიცება.

- ტყუილად ფიქრობ ასე. ერთ სიტყვას ვეტყვი და ყველაფერი ნათელი გახდება.

- საინტერესოა, რა არის ის ჯადოსნური სიტყვა?

- ეგ ჩემი საქმეა. ჯიბრში ნუ ჩავუდგებით ერთმანეთს. მე შენს პირად ცხოვრებას არ შევეხები, თუ ასე ძალიან გინდა, მაგრამ მამობას ნუ დამიშლი. ამის უფლებას არ მოგცემ, აქედანვე იცოდე.

- შენ რა, ნახულობ ხოლმე გოგას? - ახლაღა ასწია თავი და დაჟინებით დამაცქერდა.

- არა, მას შემდეგ არ მინახავს, რაც მობილური მივეცი. მეგონა, დამირეკავდა, მაგრამ არ დარეკა. შეიძლება შენ აუკრძალე, არ ვიცი. მეც აღარ გამოვიდე თავი, მინდოდა პირველი ნაბიჯი მას გადმოედგა. აქამდე ვიცადე, მაგრამ აწი აღარ ვაპირებ ლოდინს. გაკვეთილები რომ დაუმთავრდება, შევეხმიანები და შევხვდები, სადმე წავალთ და ვილაპარაკებთ.

- რაზე უნდა ელაპარაკო?

- სალაპარაკო თემების მეტი რაა, სპორტი, ქალები, კლასელები, უბანი…

- მამობა, - დააყოლა მერიმ.

- არა, ამაზე ყურადღების გამახვილებას ჯერ არ ვაპირებ. სანამ შენგან თანხმობას არ მივიღებ, კრინტს არ დავძრავ ამ თემაზე. ამიტომაც მინდა შენი ცალკე ნახვა. მიხვდი, ალბათ არა?

წამით ჩაფიქრდა, აწონ-დაწონა ჩემი წინადადება.

- კარგი, თანახმა ვარ. შაბათს შეგხვდები, სამსახურის შემდეგ, სადღაც შვიდი საათისთვის. კმაყოფილი ხარ?

- მერე როგორ! სად გნახო?

- მე თვითონ დაგირეკავ. ოღონდ რესტორანში წაყოლა არ მთხოვო, მაგის ხასიათზე არ ვარ.

- რატომ, გიტყდება ჩემთან ერთად სუფრასთან დაჯდომა? თუ გეშინია, შენმა ბოიფრენდმა ან მისმა ნაცნობმა არ დაგინახოს?

- არც ერთი და არც მეორე. უბრალოდ, არ მიყვარს პრობლემურ თემაზე სუფრასთან ლაპარაკი.

- ჩემთან რომ იყავი, იმას სუფრა არ ერქვა?

- იქ სხვა სიტუაცია იყო.

- აჰა, გინდა თქვა, რომ არასერიოზულ გარემოს ერიდები? «ტანცი-მანცი» და მუსიკა ხელს შეგვიშლის, ხომ?

- დაახლოებით. როგორც იქნა, მიხვდი. ეს პროგრესია, - ირონიულად ჩაიცინა.

- ჰო, შენნაირ ქალთან ურთიერთობაში ნელ-ნელა ვიხვეწები, - არც მე დავაკელი ირონია.

- რა იგულისხმება ჩემნაირ ქალში, იქნებ გამიშიფრო?

- აი, წამში რომ კითხულობ ჩემს აზრებს, ის იგულისხმება, სხვა არაფერი.

- კიდევ კარგი, «სტერვობა» არ დამწამე.

- ეგ არ მჩვევია. შენგან განსხვავებით, ადამიანებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მით უმეტეს - დაუმსახურებელს.

- მე მოგაყენე შეურაცხყოფა?

- აბა, რას ნიშნავს შენი დახვედრა? იქნებ ამიხსნა, რაში მადანაშაულებ? ის, რაც წლების წინ პარკში მოხდა, ჩემი ბრალი არ ყოფილა. შენი სურვილიც იყო, სხვათა შორის, მე არაფერი დამიძალებია.

- გეყოფა, - ჩურჩულით თქვა მერიმ და თვალები დახუჭა.

- აბა, სხვა რა დანაშაული მიმიძღვის შენ წინაშე? მითხარი, იქნებ ვერ ვხვდები?

- არაფერი, მერაბ, არანაირი დანაშაული, უბრალოდ… მე ახლა სხვა ცხოვრება მაქვს, შენ კი ძალით ცდილობ შემოიჭრა მასში და «დირექტივები» შეიტანო.

- მოდი, შევწყვიტოთ ეს უაზრო კამათი, ასე არაფერი გამოვა. შაბათს შევხვდეთ და მშვიდად გავაანალიზოთ ყველაფერი. შენ შენი არგუმენტები მოიშველიე, მე ჩემსას ვეცდები. ვნახოთ, რა გამოგვივა. კარგი?

- კარგი.

ჩვენი საუბარი ამით დამთავრდა…

 

ბ19

 

პარასკევ საღამოს შევეხმიანე მერის, შაბათს შევხვდეთ-მეთქი. ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დამთანხმდა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, პაემანი რომ არ გამიჯანჯლა. ყურმილი დავკიდე თუ არა, უცნაურმა გრძნობამ შემიპყრო. ჩემი თავი გამოვიჭირე იმაში, რომ ვღელავდი. ვერ გეტყვით, რა იყო ეს, რა მემართებოდა, მაგრამ აშკარად არ ვიყავი გულგრილი მერის მიმართ. სამზარეულოში გავედი. დინა საუზმეს ამზადებდა. შემწვარი კარტოფილის სუნი ტრიალებდა ჰაერში. შეუმჩნევლად მივუახლოვდი, უკნიდან ხელები წელზე მოვხვიე და მკერდზე მივიკარი. გაიტრუნა. შემეცოდა, თან სინდისი მქენჯნიდა - ორმაგ თამაშს ვთამაშობდი საკმაოდ სახიფათო დაფაზე. იმასაც ვგრძნობდი, თუ მერი მოინდომებდა, სასწორის თეფში მის მხარეს გადაიხრებოდა.

- რას საქმიანობს ჩემი კალდუნია? - მივეფერე და ყელზე ვაკოცე.

- კარტოშკუ ჟარიუ.

- რას აკეთებ? ვერ გავიგე, ქართულად მითხარი.

- კარტოფილი იცვება, - სიცილით წარმოთქვა.

- ჰო-ო-ო! ეს მომწონს. ნამდვილი პროგრესია, - მეც გამეცინა, - მალე იქნება?

- ოჩენ მალე.

- როგორ მალე? - ჩავეკითხე.

- ძალიან მალე.

- აი, ასე, ახლა უფრო მომწონხარ და საჩუქარსაც იმსახურებ. რას ინატრებდით, ქალბატონო «აბიტურიენტო»?

- მე არაფერი მინდა. უ მენია ვსიო ესტ, - თქვა და მოტრიალდა.

- სულ, სულ ყველაფერი? - მისი სახე ხელებში მოვიქციე და ცხვირი ცხვირზე მივადე.

- ხო.

- და რა არის ეს სულ ყველაფერი?

- შენ და გიორგი. დინას მეტი არ უნდა.

თქვენ რა განიცადეთ ამწუთას? ორჯერ უარესი მე დამემართა. როგორ გინდა ასეთი ადამიანი მოატყუო, გაწბილებული დატოვო? საკუთარი თავის შემრცხვა.

- ადნუ ხაჩუ, - თქვა უცებ.

- აბა, მითხარი, გისმენ, - ყურები ვცქვიტე.

- მოჟნა ვ ბატუმი პაზვანიუ?

- ვანდასთან გინდა დარეკვა?

- ხო.

- დარეკე, რა პრობლემაა. 07-ს დაურეკე, ნომერი უკარნახე და დაგაკავშირებს.

ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა.

- ვიღაც მოვიდა, - ვთქვი და ხელი შევუშვი, - ვინ უნდა იყოს?

- ნე ზნაიუ, - დინამ ტანსაცმელი გაისწორა და კვლავ თავის საქმეს მიუბრუნდა.

კარი გავაღე. პარმაღზე დედაჩემი იდგა.

- ვა, ნიკალაევნა, რა ქარმა გადმოგაგდო? - თან გამიხარდა, თან გამიკვირდა.

- მოვედი, დაგხედოთ ერთი, როგორ ხართ. თან შაბათია, ბავშვს ჩემთან წავიყვან, სულ თქვენ რომ გყავთ, მე რა დავაშავე? მომენატრა, ბატონო, - თქვა ნუნუკამ და შემოსვლისთანავე გეზი გიორგის ოთახისკენ აიღო, - სძინავს ალბათ, არა?

- ჰო, ჯერ არ ამდგარა.

- როგორ იქცევა, ხომ არ აბრაზებს იმ გოგოს?

- არა, ისე მიეჩვია, მგონი, ჩემზე მეტად უყვარს.

საძინებლისკენ მიმავალი უცებ შეჩერდა და მოტრიალდა.

- ეგეთი რამ მეორედ არ თქვა, იცოდე! - მკაცრად მითხრა, - დინა საით არის?

- სამზარეულოშია.

- კარტოფილს წვავს?

- ჰო.

გიორგის მარცხენა ხელი ლოყაზე შემოედო და გემრიელად ეძინა.

- შემოგევლოს ბებო, ჩემო ტკბილო, - მიეფერა ნუნუკა შვილიშვილს და მკლავზე აკოცა. ბავშვი შეიშმუშნა, მეორე გვერდზე გადმოტრიალდა და ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე - მეორე. ბებია დაინახა, გაუღიმა და თვალები მოიფშვნიტა.

- როგორა ხარ, ბებო? - ალერსიანად ჰკითხა ქალმა გიორგის და ისევ აკოცა.

ოთახიდან გამოვედი და კვლავ დინას მივაშურე.

- ვინ არის? - მკითხა «დიასახლისმა».

- დედაჩემი მოვიდა, ახლა რევიზიას ჩაგიტარებს და შენ იცი, როგორ ისახელებ თავს, - თვალი ჩავუკარი.

დინა გაწითლდა.

- ნუ გეშინია, შენიშვნას არ მოგცემს.

- არ მეშინია.

- აბა, რატომ გაწითლდი?

- და ტაკ, - მხრები აიწურა.

ნუნუკაც გამოჩნდა, გვერდით გიორგი მოსდევდა.

- გამარჯობა, დინა, - თბილად მიესალმა დედა.

- გამარდჟობა, - დამტვრეული ქართულით დაუბრუნა სალამი დინამ.

- მიეჩვიე? ხომ არ გიძნელდება? - თვალებმოჭუტულმა გახედა ნუნუკამ.

- ნეტ, არა, კარგია, - დინა სიტყვებს ეძებდა, რომ «რევიზორის» წინაშე არ ჩაჭრილიყო.

- წამოხვალ, ბებო, ჩემთან? - დედა გიორგის მიუბრუნდა.

- სად? - ჩურჩულით იკითხა ბავშვმა.

- ჩვენს სახლში, შაბათ-კვირას ჩემთან დარჩი. კარგი?

უარის ნიშნად გიორგიმ თავი გადააქნია.

- არ წამოხვალ?

- არა, - თითქოს გაიბუტა გიორგი.

- რატომ, ბებო, არ მოგენატრე?

- აქ მინდა, - გიორგი ნუნუკას გაეცალა და დინას დაუდგა გვერდით.

ამის შემხედვარე დედაჩემი ცალკე დაიზაფრა, მე - ცალკე. დინაც თავზარდაცემული იდგა.

- კარგი, როგორც გინდა, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნუნუკამ და სამზარეულოდან გავიდა. უკან მივყევი.

- მერაბ, რა ხდება ამ სახლში? - უკმეხად იკითხა.

ცუდად მენიშნა მისი ტონი.

- რა უნდა ხდებოდეს? - გავიბრიყვე თავი.

- ვინ არის ეს ქალი?

- ხომ გითხარი, ვინც არის, რაღას მეკითხები?

- რამე ისეთი ხდება, რაც მე არ ვიცი? - გამჭოლი მზერა მესროლა.

- კარგი, რა, დედაჩემო, ნუ იცი ხოლმე რაღაც უაზრობის აჩემება. რა უნდა ხდებოდეს?

- მეტი რა გინდა ხდებოდეს, ორ დღის შემოსულია ოჯახში და ბავშვი უკვე გაგვიუცხოვდა, ვერ ხედავ?

- გეჩვენება, დედა, ნუ აზვიადებ.

- მეჩვენება? ღმერთმა ქნას, მეჩვენებოდეს, მაგრამ რაღაც არ მომწონს ეს სიტუაცია, ან შენ მიმალავ რაღაცას. ხომ იცი, მე ისე არაფერს ვიტყვი. ამოშაქრე ახლა, თუ რამე გაქვს სათქმელი.

- ო-ო-ო! დაგეწყო მოლანდებები, თუ როგორაა შენი საქმე? - მივხვდი, სიტუაცია იძაბებოდა.

- მომისმინე, მერაბ, შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე: დინა, როგორც ქალი,  ცუდი სულაც არ არის, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, ჩვენი ოჯახის მუდმივი წევრი გახდეს.

- რატომ? - კითხვა თავისდა უნებურად გამექცა.

- იმიტომ, რომ ჩვენი წრის არ არის და მგონი, არც ჩვენი ჯურისაა.

- დედა! - ნუნუკას გაჩუმება ვცადე.

- ჯერ დამამთავრებინე. ისე არ მოხდეს, რომ ხვალ-ზეგ მაგის სახლში შემოყვანა სანანებელი გაგიხდეს. მე ჩემი მითქვამს, დანარჩენი შენ იცი.

- შენი აზრით, რას დააშავებს, რო?

- ბავშვი არ გაგისხლტეს ხელიდან, ფრთხილად იყავი, - თითი დამიქნია დედამ.

- ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. საპანიკოს მე აქ ვერაფერს ვხედავ, - ცივად ვთქვი და ნუნუკას ზურგი ვაქციე.

…დედაჩემმა საუზმეს პირი არ დააკარა. დაიცადა, სანამ გიორგი ჭამას მოამთავრებდა, მერე გვერდით დაუჯდა, კარგა ხანს ეჩიჩინა ბავშვს და, როგორც იქნა, თან წაყვანაზე დაიყოლია.

გაჩერებამდე მივაცილე ორივე. უკან რომ მოვბრუნდი, დინა კართან დამხვდა ატუზული.

- ჩტო ანა სკაზალა? - გაფითრებული მეკითხებოდა.

- არაფერი ისეთი, უბრალოდ, ეჭვიანობს.

- ა ზაჩემ? რა გავაკეთე?

- გიორგიზე დაიბოღმა, რატომ არ მომყვებაო.

- ა ია პრი ჩიომ?

- ჰგონია, რომ ბავშვს შენ უფრო მეტად უყვარხარ.

- მოიცა, რა.

- ჰო, ჰო, ეგრეა. შენ რა, ვერ ამჩნევ, როგორ დაგდევს კუდში?

- ტი ტოჟე რევნუეშ, და? - თვალები მოწკურა «კალდუნიამ».

- მეტი საქმე არა მაქვს. რატომ არ უნდა უყვარდე? მართალია, ბავშვია, მაგრამ რაღაცას გრძნობს ალბათ. გენები თავისას შვრება.

- უიდუ ია, - ჩუმად თქვა დინამ.

- ახლა შენ დამიწყე სისულეები, რა გეტაკათ ამ ქალებს, რა გჭირთ? რომელი ერთი დაგაწყნაროთ? - ავბობოქრდი სრულიად სამართლიანად, - მაგ გაბუტვას გირჩევნია, პერანგი დამიუთოო, საღამოს შეხვედრა მაქვს, - ვთქვი და ახლა მე გავწითლდი.

- შკაფშია შენი საროჩკები, - კუშტად ჩაილაპარაკა და გამეცალა.

ეს მინდოდა? ნუნუკას რა ვუთხარი, მაინცდამაინც დღეს რამ მოიყვანა? რა მოვიფიქრო, რომ დინა შემოვირიგო? იქნებ ვაცალო და თავისით დაწყნარდეს? ასე ვამჯობინე. საფიქრალი ისედაც ბევრი მქონდა. მერისთან შეხვედრა თავიდან არ მშორდებოდა. დილიდან იმას ვფიქრობდი, რა ჩამეცვა, რომ მის თვალში სოლიდურად გამოვჩენილიყავი, მაგრამ რატომ ვცდილობდი ამას, ახსნას ვერ ვუძებნიდი. კი ბატონო, როგორც ქალი, მიზიდავს, მომწონს, მაგრამ არა ისე, რომ გავგიჟდე მისი მშვენიერებით. დინაზე უკეთესი არაფრითაა, თუ არ ჩავთვლით მის მანერებს, არა უბრალოს, არამედ დახვეწილს, ქართულს, ქალურს, როგორც ჭეშმარიტ, ოჯახში, და არა დინასავით ქუჩაში, გაზრდილ ქალს შეეფერება. თუმცა… გამორიცხულია მასთან უფრო მეტად დაახლოება, ამის უფლებას არ მომცემს. ჩემი გულისთვის «მეგობარ მამაკაცს» ხომ არ დაკარგავს? რატომ ვამბობ ასეთი დანანებით? ხომ არ ვეჭვიანობ? მისკენ უფრო ხომ არ მიმიწევს გული? ვნახოთ, ვნახოთ, საღამოს შეხვედრით ყველაფერი გამოჩნდება…

გაგრძელება იქნება