სოფო ბედიამ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში სკოლის დამთავრების პერიოდი, ბოლო ზარი და ბანკეტი გაიხსენა. მომღერალმა აღნიშნა, რომ იმ დროს გადაღებულ სურათებს არ ინახავს, რადგან მაშინ ზედმეტი წონა აწუხებდა:
"87 კილოგრამს ვიწონიდი, სკოლა რომ დავამთავრე, ძალიან ფუმფულა ვიყავი. ყველა მაშინდელი სურათი გავანადგურე. მგონი, ერთი ფოტო დედაჩემმა გადამალა, რომ არ ვნახო და არ გავანადგურო. მეუბნებიან, მაინც ლამაზი იყავიო, მაგრამ არ მომწონს. ყველა ფოტო ამიტომ გავანადგურე. კომპლექსიანი არასოდეს ვყოფილვარ. უშნო და მსუქანი მართლა არ გახლდით. უბრალოდ, იმაზე მეტი წონის ვიყავი, ვიდრე შეიძლებოდა, სკოლის მოსწავლე ყოფილიყო.
ყოველთვის იმას ვიცვამდი, რაც მიხდებოდა, მაგრამ მაინც, ახლა რომ ვუკვირდები, წონაში საკმაოდ "კარგად" ვიყავი და რაღაც პროტესტის განცდები მაქვს, რა თქმა უნდა, თუმცა მაშინ არ მიმაჩნდა, რომ ჩემი ზედმეტი წონა რაღაც "ისეთი" ამბავი იყო... წონას დღემდე ვებრძვი, რომ არ მოვიმატო და სულ ფორმაში ვიყო. ჩემი თავი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ის პატარა, პუტკუნა სოფო არ მომწონს, რადგან ჩვეულებრივზე მეტი წონის იყო, თორემ დანარჩენი ყველაფერი კარგად მქონდა" - ამბობს სოფო ბედია ინტერვიუში.
სოფო ბედია განსაკუთრებულ დიეტებსა და ვარჯიშებს არ მიმართავს, მისთვის სასურველი ფორმის შენარჩუნებას კი კვების რეჟიმის შემუშავებით ახერხებს:
„მე ჩემი დიეტა მაქვს. ძირითადად, მოხარშული საკვებით, ბოსტნეულით, ცილითა და ხილით ვიკვებები. ამოვიღე ცომეული, ტკბილი და თუ თავბრუ დამეხვა, ერთი ფილა შოკოლადით ვინებივრებ თავს. ზოგადად, ტკბილზე არ ვგიჟდები და არ ვიღებ შაქარს. თუ კარგ სუფრასთან მოვხვდი, დიეტას აუცილებლად დავარღვევ, თუმცა მეორე დღეს აუცილებლად გავაგრძელებ. ზაფხულს წონა არ უხდება, ამიტომ ვცდილობ, კვებით დავარეგულირო კილოგრამები ვარჯიში ჩემი სტიქია არ არის. თუ იწყებ ვარჯიშს, სულ უნდა ივარჯიშო, რომ ტონუსში იყო. მე ამის არც დრო მაქვს, თანაც, ზარმაციც ვარ და მძინარე მზეთუნახავიც. ისედაც, ყოველდღიურად, ვარჯიშის გარეშეც ბევრ ენერგიას ვხარჯავ…“ - ამბობდა სოფო.