გამოჩენილი დირიჟორი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ ”შვიდკაცას” შემქმნელი - ჯანსუღ კახიძე ქართული მუსიკალური კულტურის დიდებული წარმომადგენელია.
1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი. მთავარი დირიჟორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში; აღსანიშნავია, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში პირველად დაიდგა საზღვარგარეთ ქართული ოპერა ზ.ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”.
ჯ. კახიძის ინიციატივით და ძალისხმევით თბილისში გაიხსნა სიმფონიური მუსიკის ახალი დარბაზი (1989 წ), რომელსაც დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრი ეწოდება. იგი ამ ცენტრის პრეზიდენტი გახლდათ გარდაცვალების დღემდე (2002).
გამოჩენილ დირიჟორს ერთ-ერთ ინტერვიუში ქალიშვილი, თეონა იხსენებდა:
"მე მუსიკალურ გარემოცვაში გავიზარდე. ჩვენი ბაბუა, ივანე კახიძე, ცნობილი მეღვინე გახლდათ, რომელიც ძალიან კარგად მღეროდა, უყვარდა სუფრა.
მის მიერ გამართულ წვეულებებზე თავს იყრიდნენ ბაბუას მეგობრები – ოპერის მომღერლები თუ ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლები. ამიტომაც მამამ, ჯანსუღ კახიძემ, პირველი ნაბიჯები მუსიკაში სწორედ ხალხური სიმღერის სფეროში გადადგა. მის მიერ 1957 წელს შექმნილი ანსამბლი “შვიდკაცა” ერთ წელიწადში მოსკოვის ახალგაზრდულ მსოფლიო ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო შემდეგ ასეთივე ჯილდო მოიპოვა ბრიუსელშიც. ფაქტობრივად ეს იყო პირველი ანსამბლი, რომელმაც აკადემიურ სცენაზე გამოიტანა ხალხური სიმღერა.
დედაჩემი, ვანდა კაკაბაძე, კონსერვატორიაში გაიცნო. ერთ კურსზე სწავლობდნენ. მამა დირიჟორი გახდა, დედა – პიანისტი. როცა ჩემი პროფესიის არჩევის დრო დადგა, ჩემი ძმა, ვატო, რომელიც ჩემზე 10 წლით უფროსია, უკვე მოსკოვის კონსერვატორიადამთავრებული და შემდგარი კომპოზიტორი იყო.
მამას გავუმხილე, რომ მსახიობობა მინდოდა, მაგრამ მან არგუმენტირებულად ამიხსნა, რომ ეს ძალიან რთული პროფესიაა, რომელიც ყოველთვის რეჟისორზე დამოკიდებულს გხდის და გარკვეულ სირთულეებს გიქმნის ოჯახურ ცხოვრებაში. ამიტომ გადავწყვიტე, კონსერვატორიაში ჩამებარებინა მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტზე, რაც ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო.
გარდატეხის ასაკში ვატოსაც ჰქონდა მომენტი, როდესაც აღარ უნდოდა მუსიკის სწავლა. მამა საზღვარგარეთ იყო მიწვეული სამუშაოდ, ვატომ წერილი გაუგზავნა და სთხოვა, დედას უთხარი, მუსიკაზე აღარ მატაროს, არ მინდაო. მამამ მოიწერა, კარგი, დაანებეთ თავი, ჩამოვალ და დაველაპარაკებიო. მაშინ მოასმენინა მამამ ვატოს ჯაზი და ისიც ძალიან დაინტერესდა ამ მიმდინარეობით. ეზიარა იმპროვიზირების ხელოვნებას და დაინახა, რომ შეეძლო საკუთარი მუსიკის შექმნა. ამან განაპირობა მისი კომპოზიტორად ჩამოყალიბება.
მისი შემოქმედება ჟანრულად ძალიან მრავალფეროვანია და კოლორიტული, მის ყველა ნაწარმოებში კარგად ჩანს ქართული საწყისი, რაც, რა თქმა უნდა, განპირობებულია ხალხური მუსიკის გენეტიკურად გადმოცემული სიყვარულითა და ცოდნით.
– მამა ძალიან მეგობრული იყო, რჩევასაც ისე მომცემდა – რბილად. დატუქსვა და ხმამაღალი შენიშვნა არ უყვარდა. ჩვენ ყველაფერზე უპრობლემოდ ვსაუბრობდით. ჩემს გათხოვებასაც სიხარულით შეხვდა. თუმცა ჩემს მეუღლეს არ დასცალდა მასთან ურთიერთობა, რადგან იგი ჩვენი დაგეგმილი ნიშნობის დღეს გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, მამა ბედნიერი იქნებოდა, რომ ჩემ გვერდითაა მზრუნველი, ერთგული, მოსიყვარულე, პრინციპული, სამართლიანი, ვაჟკაცური ადამიანი, ისეთივე, როგორიც თვითონ იყო.“
ჯანსუღ კახიძის სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.