ერთი საათი მაინც ვიტრიალე სარკის წინ. ლამის იყო, ჰალსტუხიც კი გავიკეთე, მაგრამ დროზე გადავიფიქრე. ზედმეტი იქნებოდა. დინას ჩემი «ფორიაქი» არ გამოჰპარვია.
- ეტა ჩტო, ნაჩნოე სვიდანიე? - ხელები გადაეჯვარედინებინა და კედელზე მიყუდებული ადევნებდა თვალს ჩემს საგანგებო «მზადებას».
- სვიდანიე არა, კიდევ… - ავირიდე მისი «შემოტევა», - საქმეზე მივდივარ.
- ჩტო ზა საქმე? - არ მომეშვა.
- მერე გეტყვი, ჯერ ჩავამთავრო.
- ეტა საქმე ქალია, და? - რუსულ-ქართული ერთმანეთში აურია, ალბათ ძალიან აღელდა.
- აუჰ! ქალი არა, ტოროლა! რესტორანს რომ ვხსნით, დაგავიწყდა?
- არა.
- აბა, რატომ გეეჭვება, რომ სიმართლეს არ გეუბნები? პრეზენტაცია უნდა გავმართოთ და მე და ნიკუშა ერთ ვიღაცას უნდა შევხვდეთ. დიდი «შიშკა» კაცია, ამიტომ კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ.
- და ლადნა, სდელაი კაკ ხოჩეშ, - ხელი ჩაიქნია და კარი გაიხურა.
საკუთარ თავს შევუბღვირე სარკეში, ცუდად იქცევი-მეთქი და კაცური «გაპრანჭვის» ბოლო აკორდი თმის გადავარცხნით დავამთავრე.
შინიდან რომ გავედი, შემთხვევით მოვიხედე უკან. თვალსევდიანი დინა ისე მიყურებდა, თითქოს უკანასკნელად მხედავდა. გავუღიმე, მაგრამ ვიგრძენი, როგორ ყალბად გამომივიდა. ქუჩაში გასულმა რატომღაც შვებით ამოვისუნთქე, თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი. რისგან? ამას მაშინ მივხვდი, მანქანა რომ დავქოქე, მხოლოდ მაშინღა გავაცნობიერე, რომ დინას მოტყუება მბოჭავდა. იგი ნამდვილად არ იმსახურებდა ამას. ამის გაფიქრებაზე საკუთარი თავი შემჯავრდა…
7 7 7
მერიც, ჩემი არ იყოს, საგანგებოდ გამოპრანჭულიყო. ეს კარგად მენიშნა. ვიწრო, ტანზე მოტმასნილი სალათისფერი კაბა ეცვა, მუხლს ზემოთ ჩახსნილი და დეკოლტირებული. მკერდის ღარი გამომწვევად მოუჩანდა. მაკიაჟიც გაეკეთებინა. პირველად ვნახე თვალებდახატული. უხდებოდა. ამისთანა ქალის გვერდით გამოჩენის სურვილი ნებისმიერ მამაკაცს გაუჩნდებოდა.
- საით წავიდეთ? - ვკითხე, მანქანაში რომ ჩაჯდა.
- სადმე ქალაქგარეთ.
თვალები დავაჭყიტე.
- მაინც სად?
- რა ვიცი, მყუდრო ადგილები შენ უკეთ გეცოდინება, - მხრები აიჩეჩა და ორაზროვნად შემომხედა.
- მეხუმრები?
- სულაც არა.
- გინდა ბეთანიაში ავიდეთ?
- დაგვიღამდება.
- მე არსად მეჩქარება.
- სამაგიეროდ, მე მეჩქარება.
- მაშინ შენ თქვი, ჩემთვის სულერთია, სადაც მეტყვი, იქ წაგიყვან, თუმცა… - «გენიალურმა» აზრმა გამიელვა თავში.
- რა თუმცა?
- გინდა, ჩემთან ავიდეთ აგარაკზე? - ვთქვი და გავისუსე.
- აგარაკზე? შენ რა, აგარაკიც გაქვს?
- რატომ არ უნდა მქონდეს? მე ღარიბი სულაც არა ვარ.
- ახლოს არის?
- ნახევარი საათის გზა იქნება, არც მეტი, არც ნაკლები.
დაფიქრდა.
- კარგი, წავიდეთ, მხოლოდ ერთი პირობით.
- არ გინდა, ნურაფერს მეტყვი. პატარა ბიჭი არა ვარ, გაფრთხილებებს არ ვსაჭიროებ. არც ქალის უნახავი ვარ, რომ იცოდე, - გავბრაზდი.
- მაგის თქმას სულაც არ ვაპირებდი. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ დიდხანს ვერ დავრჩები, ბავშვი მელოდება. არ მითქვამს, სად მივდივარ.
- არც მიკვირს, ან კი როგორ ეტყოდი მაგას, მე ხომ მისთვის ვიღაცა ვარ, - «ვუკბინე».
- ამას ადგილზე რომ მივალთ, იქ გავარკვევთ, - თითქოს დამექადნა და ირონიულად გადმომხედა.
მანქანა მთელი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილიდან.
- ასე ძალიანაც არ მეჩქარება, - მშვიდად ჩაილაპარაკა მერიმ და რაღაცით კმაყოფილმა გაიცინა.
«ვნახოთ, ცოტა ხანში ვინ დადგება სიცილის ხასიათზე», - გავიფიქრე ჩემთვის და სიჩქარე შევანელე.
- გადავიფიქრე, უმჯობესი იქნება, მთაწმინდაზე ავიდეთ, - გულგრილად ჩავილაპარაკე, - უფრო ახლოსაც არის და დროზეც დავბრუნდებით იქიდან.
«შენ არ იმსახურებ იმ სახლში სტუმრობას, სადაც დინა დამყავს», - დავაყოლე გულში.
- როგორც გინდა, - გაკვირვებულმა მერიმ მხრები აიჩეჩა მხოლოდ. როგორც ჩანს, ჩემგან ასეთ მოულოდნელ ცვლილებას არ ელოდა…
მანქანა შესასვლელთან მივაყენე. ორივენი გადმოვედით.
- იმედია, უარს არ იტყვი, ფინჯან ყავაზე რომ დაგპატიჟო, - ტონი არ შემიცვლია.
- არა, გმადლობთ, სჯობს სადმე ჩამოვსხდეთ, როგორც ვატყობ, ჩვენ ბევრი სალაპარაკო არ გვექნება, - ჩემი საქციელით გაგულისებუმა მერიმ ოფიციალური «დაიჭირა».
- ვნახოთ, - არ დავუთმე და კიბეს ავუყევი.
კარგა ხანს ვიარეთ. პარკი თითქმის ცარიელი იყო, კანტიკუნტად თუ გაივლიდა ვინმე. ქალაქში ჯერ კიდევ ციოდა, მთაწმინდაზე სასეირნო ამინდი სწორედ რომ არ იყო. ბოლოს ერთი განმარტოებით მდგარი ცისფრად შეღებილი მერხი შევარჩიე და იქითკენ გავეშურე.
- მგონი, საჩვენო ადგილია, - ვთქვი და ფრთხილად ჩამოვჯექი.
მერი შედგა, მერე ჩანთა გახსნა, ერთჯერადი ცხვირსახოცის დასტა ამოიღო, მერხი გადაწმინდა და გვერდით მომიჯდა.
- ასე დაისვრები, - მზრუნველი ცოლივით მითხრა.
- არა უშავს, გამირეცხავენ, - ირონიულ რეპლიკებს საფანტივით ვისროდი.
- ვიცი, რომ არ გაგიჭირდება. «მრეცხავებს» რა გამოულევს შენნაირ კაცს, - «ხურდა» დამიბრუნა.
- არ გინდა, აქ საკინკლაოდ არ ამოვსულვარ.
- არც მე. ამიტომაც გისმენ, რით დავიწყოთ?
ყველაფერი ამერ-დამერია თავში. მართლა არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. წუხელ მთელი ღამე ვალაგებდი ფიქრებში, როგორ წამემართა საუბარი, ახლა კი ყველა ფრაზა გამიფრინდა გონებიდან.
- მერაბ, დიდხანს უნდა ვიჯდეთ ასე? თქვი, რის სათქმელადაც აქ ამომიყვანე და მოვრჩეთ, - შემომხედა.
- ის, რის სათქმელადაც აქ ამოგიყვანე, ორი წუთის საქმე არ არის, ამიტომ კეთილი ინებე და მოთმინება იქონიე, - უკვე წონასწორობას ვკარგავდი, მისი კილო მაღიზიანებდა.
- ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა.
- რაც გაგიცანი, ჩემი წყენინების მეტი არაფერი გაგიკეთებია და ახლა მიხდი ბოდიშს? - სიმწრით ჩავიცინე.
- უკან მიმაქვს ჩემი ბოდიში. დაკმაყოფილდი?
- მერი, არც შენ ხარ პატარა გოგო და არც მე - პატარა ბიჭი. კარგად იცი, ჩვენი საუბრის თემა რაც იქნება. ეს მეორე შემთხვევაა, როცა ჩვენ პარკში ვხვდებით ერთმანეთს. ჩვენი პირველი შეხვედრა რით დამთავრდა, ჩემზე უკეთ იცი…
- და მეორე რით გინდა დამთავრდეს? ქორწილის დაგვირგვინებით? - დამგესლა.
- იმით, რომ გოგამ ჩემი არსებობის ამბავი უნდა გაიგოს.
- ამაზე…
- არავითარი ამაზე! შენ თუ არ იზამ ამას, მაშინ მე ვიზამ და წინ ვერავინ და ვერაფერი გადამეღობება! - ლამის ვიყვირე.
- ძალიან კატეგორიული ხარ, რა ხდება?
ყურადღება არ მივაქციე მის შენიშვნას და შედარებით მშვიდი ხმით გავაგრძელე.
- ბიჭი იზრდება, გარდატეხის ასაკი აქვს, ახლა სჭირდება მამა. შენ ვერასდროს მისცემ მას იმას, რისი მიცემაც მე შემიძლია.
- და რისი მიცემა შეგიძლია შენ?
- ყველაფრის, რაც კაცობასთან არის დაკავშირებული.
- კაცობა, - ზიზღით წარმოთქვა ეს სიტყვა, - დღევანდელმა კაცებმა იცით კი, რა იგულისხმება «კაცობაში»?
- რაღაც ძალიან ხარ აღრენილი მამაკაცებზე.
- თქვენ ეს დაიმსახურეთ.
- იმანაც? - ჩავუკარი.
- იმანაც და სხვა ყველამაც, შენი ჩათვლით.
- იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ამისხნა, რაში მადანაშაულებ? - ისევ მომერია ბრაზი.
- ყველაფერში. რომ არა შენ, ვიქნებოდი ჩემთვის მშვიდად, წყნარად, ცხოვრება არ დამენგრეოდა.
- მე დაგინგრიე ცხოვრება?
- დაახლოებით.
- როგორ მოვახერხე, ვერ მიმახვედრებ?
- შენთვის არ იქნება ეს ძნელი მისახვედრი.
- კი მაგრამ, სრულიად უცხო მამაკაცი გამომიწვიე, შენი ნებით ჩამიგორდი მკლავებში, მერე დაორსულდი თურმე, ბავშვი ჩემ უკითხავად გააჩინე და კიდევ მე ვარ დამნაშავე? თუ არ გინდოდა, ვინ გაძალებდა?
- არც არავინ, მაგრამ რომ მივხვდი, უკვე გვიან იყო. აბორტს ვერ გავიკეთებდი.
- ამიტომ მე ვარ ყველაფერ ამაში დამნაშავე, არა?
- შენ რომ არ შეგხვედროდი მაშინ, არც ეს ამბავი მოხდებოდა.
- კარგი რა, მერი, მე თუ არა, სხვა ვინმე გამოჩნდებოდა, შენ ეს არ გაგიჭირდებოდა, მით უმეტეს - მაშინ. საკმაოდ ისეთი იყავი… - საჭირო სიტყვა ვერ მოვძებნე.
- როგორი ისეთი, გინდა მითხრა, რომ ვულგარული ვიყავი?
- რაღაც მაგდაგვარი, - არ დავინდე.
- ახლა გვიანა ამაზე ლაპარაკი.
- «ამაზე ლაპარაკი» შენ დაიწყე, თუ არ ვცდები.
- მერაბ, მე მშვიდი ცხოვრება მინდა.
- იცხოვრე მერე, ვინ გიშლის? კაცი ხომ გყავს?
- ვინ კაცი? - რაღაც ძალიან გაიკვირვა.
- მეგობარი მამაკაცი მყავსო, შენ არ მითხარი?
გაყუჩდა, პასუხის გაცემა დააგვიანა.
- რატომ არ მპასუხობ?
- არავითარი მამაკაცი არ არსებობს, მოგატყუე.
- რა-ა?
- რაც გაიგონე. მოგატყუე-მეთქი.
- რა საჭირო იყო ასეთი ტყუილი? ისე დამიხატე შენი ცხოვრება, მეგონა, მართლა რაღაც საშინელ ცოდვას ჩავდიოდი.
- ექვსი წელია, არავინ მყოლია.
- იქამდე?
- იქამდე იყო ერთი, მაშინ გოგა პატარა მყავდა და ვიღაცა მჭირდებოდა, თავი ხომ უნდა მერჩინა. მერე კი… - ამოიოხრა მერიმ და თავი ჩაქინდრა.
- მიგატოვა?
- ასე გამოვიდა. უცოლო იყო, ვხვდებოდით ერთმანეთს. ერთ მშვენიერ დღესაც გამომიცხადა, ცოლი მომყავს და ჩვენი ურთიერთობა აქ უნდა დამთავრდესო.
- მდა-ა-ა. ვერ გამოგსვლია კარგი საქმე, - თანაგრძნობა გამოვუცხადე, თან, გულის სიღრმეში, გამიხარდა კიდეც, რომ «მითი» მისი იდილიური ცხოვრების შესახებ ტყუილი გამოდგა, - ახლა რა ვქნათ?
- არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.
- არ გინდა, ერთად მივხედოთ გოგას?
- მე შენ არ მიყვარხარ, მერაბ.
- სიყვარული რა შუაშია? შენ გგონია, მე ვიტანჯები შენი სიყვარულით? ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას ხომ არ გთავაზობ? ბიჭს მივხედოთ-მეთქი, ცუდი რა ვთქვი?
- მიჭირს მისთვის ამის თქმა.
- რატომ, გიტყდება ახალგაზრდობის ცოდვების აღიარება?
- არა, ამაში არ არის საქმე.
- მაშინ მე ვეტყვი, თუ თანახმა იქნები.
- გააჩნია, როგორ ეტყვი.
- როგორ და ჭრელად. შენ რას დაეძებ, მაგის მოხერხება არ გამიჭირდება.
- არ ვიცი, არ ვიცი. ისე ვარ დაბნეული, ლამისაა, გავგიჟდე, - ხმა დაუწვრილდა მერის.
- რა გჭირს, ტირილს ხომ არ აპირებ? - ხელზე შევახე ხელი, ელექტროდენივით დამიარა ვნების ტალღამ.
- ცოტაღა მაკლია და ავღრიალდები კიდეც, - ჩურჩულით თქვა და თავი მხარზე ჩამომადო.
თითები ოდნავ მოვუჭირე. საპასუხო რეაქცია ვიგრძენი. სასიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
- ვფიქრობ, ჩვენ კარგად გავუგებთ ერთმანეთს, - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და თითებით მისი ხელის მოფერება გავაგრძელე. საოცარ სიამოვნებას ვგრძნობდი. ქალს ხეირიანად არც ვიცნობდი, მაგრამ უკვე კოსმოსური სიჩქარით მოიკვლევდა გზას ჩემი გულისკენ.
- არ ვიცი, რა გავაკეთო, სანამდე მიგვიყვანს ეს დასაწყისი, - ცრემლნარევი ხმით ამოთქვა.
- არ გინდა, მერი, წინასწარ პროგნოზებს ნუ გააკეთებ. ყველაფერს ხვალინდელი დღე გვიჩვენებს. ამ საქმეში სიჩქარე არ ივარგებს. ჯერ გოგას დაველაპარაკები, ვეცდები, საერთო ენა გამოვნახო მასთან, ავუხსნა, რა როგორ არის და მერე გამოჩნდება, რა როგორ, - დავამთავრე სათქმელი და ხელზე ვაკოცე.
- ცოტათი მაინც თუ მოგწონვარ? - ზედ, თითქმის ყურთან ვუჩურჩულე.
- ცოტათი კი, - ჩურჩულითვე მიპასუხა და გამიღიმა.
- ეგეც საქმეა, - გავიცინე.
- წავიდეთ, აცივდა უკვე. მთავარი სათქმელი მგონი ითქვა.
- დანარჩენი მერე იყოს, არა?
- ჰო, - თქვა, ხელი გამაშვებინა და წამოდგა.
უხმოდ გამოვედით პარკიდან.
- მერაბ, - მომიბრუნდა უცებ.
- გისმენ.
- მეშინია.
- ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე.
- იმედია…
* * *
მერი სახლამდე მივაცილე. სანამ მანქანიდან გადავიდოდა, ცოტა ხნით შეყოვნდა.
- დიდი მადლობა, - მორცხვად მითხრა.
- რისთვის?
- შინ მოცილებისთვის.
- სულ ეგ არის, რაც უნდა გეთქვა?
- ალბათ.
- იმედია, კიდევ შევხვდებით, - ხელზე შევახე ხელი, ისევ დამიარა სასიამოვნო ტალღამ. მიზიდავდა ეს ქალი, ვნება მომეძალა.
- აუცილებლად, - გამიღიმა და თითები მომიჭირა, მაგრამ მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა.
ვაკოცო? გამიელვა თავში. რომ დავაფრთხო? ვერ გავრისკე. მისი ხელი ტუჩებთან მივიტანე და ოდნავ შევეხე.
- თუ აუცილებლად და იყოს აუცილებლად. ამ დღეებში გნახავ, - ჩურჩულით ვუთხარი და ხელი შევუშვი.
დამემშვიდობა და კოხტა მოძრაობით გადავიდა მანქანიდან…
შინ მოვბრუნდი. ათი საათი ხდებოდა. დინა აფორიაქებული დამხვდა. ნამტირალევი ჩანდა, თვალები ჩასწითლებოდა.
- რა მოხდა, რა სახე გაქვს? - შევშფოთდი, ვიფიქრე, რამეს ხომ არ მიხვდა-მეთქი.
დედაჩემი გამოსულა თურმე საღამოს და გიორგი გამოუყვანია, არაფრით არ დარჩაო. ფრთხილად იყავი, ოჯახს ნუ ანგრევო, დინასთვის მკაცრად უთქვამს და ცივად გატრიალებულა. გულზე ლოდივით დამაწვა ეს ამბავი. ვცადე, დინა დამემშვიდებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. მე მალე წავალ აქედანო, ბოლოს ასე მითხრა.
ბავშვი მოვიკითხე, მას უკვე ეძინა.
- ი ეტა ნე ვსიო, - გააგრძელა დინამ, - პაზვანილა ია ვ ბატუმი, - ისეთი ხმით მითხრა, ლამის იყო, კვლავ ატირებულიყო.
- მერე, ცუდი ამბავი გაიგე?
- ანი იშჩუტ მენია, - სლუკუნი დაიწყო.
- ვინ ანი, რას ამბობ?
- არ ვიცი, ნე ზნაიუ ია იხ.
- გოგო, წესიერად გამაგებინე, ვინ გეძებს?
- ვანდა სკაზალა, ჩტო…
- რა სკაზალა, ამოშაქრე, დავიტანჯე კაცი, - გავუწყერი, ვერაფერი რომ ვერ ვათქმევინე.
- კაკოი ტა ბარონ.
- ვინ, ვი-ინ? - ყურებს არ დავუჯერე.
- სამ პაზვანი ი ვანდა ვსიო სკაჟეტ. ბოლშე ნე მაგუ ია.
მაშინვე ტელეფონს ვეცი. სულ გადამავიწყდა დედაჩემი და მისი პრობლემები. კოდით ავკრიფე ვანდას ტელეფონის ნომერი, რომელიც დინამ ხელში მომაჩეჩა და ზარს დაველოდე. ცოტა ხნის მერე ყურმილი ხმაჩახრინწულმა ქალმა აიღო.
- გამარჯობათ, ქალბატონო, მე თბილისიდან გაწუხებთ, - ზრდილობიანად მივმართე უცნობ ქალს.
- გაგიმარჯოს, ჩემო ბატონო, ვინ ბრძანდებით?
- მე… მე დინას გამო გირეკავთ. ის ჩემთან ცხოვრობს, ჩემს შვილს უვლის. მითხრა, რომ თქვენ ჩემთვის რაღაც სათქმელი გაქვთ. ამან ვერაფერი გამაგებინა, - ჩქარ-ჩქარა მივაყოლე სიტყვები ერთმანეთს.
- ა-ა-ა! ბატონო მერაბ, თქვენა ხართ? ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, ძალიან. მიხარია, რომ გაგიცანით. ხომ მშვიდობით ბრძანდებით?
ვანდას «რევერანსებმა» კინაღამ წყობილებიდან გამომიყვანა, მაგრამ თავი შევიკავე.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა, ქალბატონო, დინა სულ თქვენს ხსენებაშია. იმედია, ოდესმე გავიცნობთ ერთმანეთს, - მეც «ჩავშაქრდი», - თავად როგორ გიკითხოთ?
- გაიხარეთ, გენაცვალე. არა გვიშავს, ღვთის წყალობით, ვართ, რა. სიბერეს რა ვუთხარი, თვარა ისე რა გვიჭირს.
- ქალბატონო ვანდა, იქნებ გამაგებინოთ, რა ხდება, ვინ ბარონზეა საუბარი?
- ხო-ო-ო! გეტყოდათ ალბათ დინა, ვიღაც ბარონმა დარეკა უნგრეთიდან. მაგათი ნათესავი ყოფილა. ტობის ბიძა ვარო, ასე მითხრა.
- ტობი ვინღაა?
- დინას მამა, იმ ცხონებულს ერქვა ასე. არ იცოდით?
- არა, არ ვიცოდი. მერე, მერე? - ერთი სული მქონდა, როდის იტყოდა მთავარ სათქმელს ენად გაკრეფილი ქალი.
- ჩემი ნათესავიაო, მის მეტი გვარის გამგრძელებელი არ გვყავს და მისი ასავალ-დასავალი მაინტერესებსო. დინას მისამართი მთხოვა. მე კი არაფერი ვიცოდი. კიდევ კარგი, დინამ თვითონ დარეკა, გულმა თუ უგრძნო. ერთი თვეა, ვეძებ. არა, კი არ ვეძებ, სადღა უნდა მეძებნა, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ თვითონ მოისაზროს და დარეკოს-მეთქი. ისე აგიხდა ყველაფერი…
- და რა მინდაო იმ ბარონმა?
- ჩემთვის სხვა არაფერი უთქვამს, საყვარელო, მისამართი გამიგეო და რომ დარეკავს, მივცემ თქვენს ტელეფონს. დანარჩენს ალბათ თვითონ გეტყვით. მაგის რუსული მე ვერ გავიგე და უნგრული ჯერ არ მისწავლია. ამ სიბერეში რა დროს ჩემი უნგრულია, - ბოხი ხმით გაიცინა ქალმა.
- კარგი, ქალბატონო ვანდა, თუ დაგიკავშირდათ, ჩვენი ტელეფონი მიეცით, აქ დარეკოს და დაველაპარაკები. მეც ძალიან დამაინტერესა, რა ხდება. კარგად ბრძანდებოდეთ.
- კარგად იყავით, გენაცვალე, აუცილებლად გადავცემ, აბა, რას ვიზამ. სულ კარგად მეყოლეთ, თქვენ… - სიტყვის დამთავრება არ ვაცალე, ისე დავუკიდე ყურმილი, მისი მოსმენის თავი უკვე აღარ მქონდა.
დინა შეშინებული მიყურებდა.
- ჩტო ანა სკაზალა?
- გეშველა, მე მგონი, ვიღაც მდიდარი ნათესავი გამოგიჩნდა, - ირონიულად ავხედე.
- ი კტო ონ? ჩევო ხოჩეტ? კტო ზა ნატესავი? - სეტყვასავით დამაყარა კითხვები.
- აბა, მე რა ვიცი შენი ნათესავების ამბავი. მამაშენის ბიძა ყოფილა. არ იცნობ ასეთს?
- პერვი რაზ სლიშუ. პანიატი ნე იმეიუ, - მხრები აიჩეჩა დინამ.
- მე მით უმეტეს, ნე იმეიუ პანიატი, - გამეცინა, - მემკვიდრეობას გიტოვებს ალბათ. აუჰ, რას გამდიდრდები! მერაბი აღარც გაგახსენდება მერე, - გავეხუმრე და კალთაში ჩავისვი.
- აქ მოვა? - ქართულად მკითხა.
- ჯერ არ ვიცი, დარეკავს და დაველაპარაკები ერთი, რა უნდა. შენი თავის წართმევა თუ აქვს განზრახული, არ გამოუვა. მე შენ არსად გაგიშვებ.
- გაუშვებ, - თავი ორაზროვნად დააქნია.
- რა თქვი? გავუშვებ? ვის გავუშვებ?
- დინას.
- ვითომ რათაო?
- ანა სკორა პაიავიტსია, - თქვა და ისევ სატირლად გაემზადა.
- ვისზე ლაპარაკობ, თუ იცი? - ვითომ ვერ მივხვდი, არადა, ტყუილში გამოჭერილი ბავშვივით გავწითლდი.
- დრუგაია ჟენშჩინა, - თავის კანტურით მითხრა და თვალი ამარიდა.
- ჩემი გაგიჟება გინდა, არა? რამდენჯერ უნდა გაიმეორო ერთი და იგივე? საიდან მოგაქვს ეს აბდაუბდა?
- დინა არ იცის, ჩტო ტაკოე «აბდაუბდა», ნო…
- რა ნო?
- ის ჟენშჩინა რომ არის, ეტა იცის, - დაასკვნა.
- კარტი ჩვენი მეგობარია, მან ყველაფერი იცის, - პათოსით წარმოვთქვი, რომ სიტუაცია განმემუხტა და ჩემს კალთაში მოკალათებულს წელზე მძლავრად შემოვხვიე მკლავები, - მაგრამ ახლა მოგეფერები და ყველა სხვა ქალი დაგავიწყდება, «დრუგაიაც» და «არადრუგაიაც», - ჩემკენ მოვიზიდე და ყელზე დავეკონე.
მერისთან შეხვედრის შემდეგ ისე ვიყავი აღგზნებული, ნამდვილად მჭირდებოდა ქალის მოფერება და ალერსი. დინაზე უკეთეს კანდიდატურას კი სად ვიშოვიდი? რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ ვაცალე, ხელში ავიტატე და საძინებლისკენ გავაქანე. წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ვნებამორეულს მისი გაბრაზებული ტონისთვის არ მიმიქცევია ყურადღება, საწოლზე გადავაწვინე და კოცნით დავუხშე «საინფორმაციო ღრუ».
7 7 7
მართალია, ძალზე სასიამოვნო საღამო გამოვიდა, მაგრამ ბოლო «აკორდი» საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა ჩემთვის. ეს დედაჩემი ხომ გამომეჩხირა თავისი ეჭვებით. არა, ალბათ მომიწევს ყველაფრის ახსნა. მიძნელდება, რომ იცოდეთ, მისთვის იმის თქმა, რომ დინა გიორგის დედაა. არ ვიცი, ამ ხნის ქალი როგორ შეხვდება ამ ამბავს. ყველა სიკეთესთან ერთად, გონებიდან არ მშორდებოდა ვინმე ბარონის არსებობა. ვინ იყო, რა უნდოდა, საიდან ამოტივტივდა მისი პიროვნება, ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი იყო. თუ ნათესავად ერგებოდა, რატომ დინამ არ იცოდა მისი არსებობის შესახებ? თუ არადა, რა იმალებოდა ამ სატელეფონო ზარის უკან? მთელი ღამე ვერ დავიძინე. ადრე ბევრი რამ გამიგია ბოშათა ბარონებზე, მაგრამ ახლა, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა, ვერაფრით ვხვდებოდი. ვგრძნობდი, არც დინას ეძინა, მაგრამ მასთან დალაპარაკება არ მინდოდა. რა უნდა მეთქვა? ის ხომ ჩემზე უარეს დღეში იქნებოდა? თავი მოვიმძინარე, რომ დინასთვის მაინც მიმეცა მშვიდად ჩაძინების საშუალება. როდის-როდის, სუნთქვა თანაბარი გაუხდა. გაუნძრევლად ვიწექი, მეშინოდა, არ გაღვიძებოდა. მის თავქვეშ ამოდებული ხელი დამიბუჟდა. ფრთხილად გამოვაცალე, თან თვალს არ ვაცილებდი, ძილი რომ არ დამეფრთხო… გადავრჩი, მაგრამ აქ ხომ ვერ დავტოვებ? გიორგიმ რომ გაიღვიძოს და დინა მოისაკლისოს, მერე? არ მინდა ერთად გვნახოს ლოგინში. დიდხანს არ მიფიქრია, ავდექი, ბავშვთან გავედი ოთახში და გვერდით მივუწექი. ახლა მეც მშვიდად შევძლებდი დაძინებას. დილაუთენია კი ადვილად გავცვლით მე და დინა ადგილებს…
შენც არ მომიკვდე… ისე მკვდარივით ჩამძინებია, გათენება ვერ ვიგრძენი. გიორგის ხმამ გამომაღვიძა.
- მა, შენ რატომ წევხარ ჩემთან? - მანჯღრევდა პატარა.
ძლივს მოვეგე გონს, ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი. გაოცებულმა მივიხედ-მოვიხედე.
- რა ხდება? - წამოვიწიე ლოგინში.
- აქ რატომ წევხარ? - გამიმეორა ბავშვმა.
- მომენატრა შენთან ყოფნა და იმიტომ. შენ არა? - მკერდზე გადმოვიწვინე.
- დინა სად არის? - მკლავები მომხვია და ლოყა ლოყაზე მომადო.
- ალბათ, სამზარეულოში, - არ დავიბენი, - გინდა დავუძახოთ?
- ჰო.
- დი-ნა! დი-ნა-ჩკა! - რაც შეიძლება, ხმამაღლა ვიყვირე, ვაითუ ისიც ლოგინში წევს და სძინავს-მეთქი.
ერთი წუთიც არ გასულა, რომ თავი შემოყო ოთახში.
- ზაჩემ შუმიტე, მალჩიკი? - ღიმილით კი გვკითხა, მაგრამ თვალებში საოცარი სევდა ჩასდგომოდა.
- მშია, მშია, - ახლა გიორგიმ იყვირა.
- გშია და ჩამე. ვსტავაი და დაიბანე. ბისტრა, - სიყვარულით მიაჩერდა ქალი თავის პირმშოს, მერე კი მე შემომხედა დარცხვენილი მზერით, აქაოდა, წუხელ როგორ ჩამძინებიაო.
- ბივაეტ, დარაგაია, ბივაეტ, - მივუხვდი და გავუცინე.
- რა უნდა ვჭამოთ? - გიორგი წამოხტა და დინას ჩამოეკიდა კისერზე.
- ალადიკი არის, კისელი არის ი კიკლიკო, - ჩამოთვალა «ძიძამ».
- იეს! მე რომ მიყვარს ისინია, - წამოიძახა ბავშვმა, ქალს მორცხვად აკოცა და ოთახიდან გავარდა.
- გიჟი ბავშვი, - თქვა დინამ, - ი ია ტოჟე გიჟი.
- ი ია, - საკუთარი თავიც მივამატე მის სათვალავს და ავდექი.
- იზვინი, რა, - მომიბოდიშა დინამ.
- ნუ ახურებ, საბოდიშო არაფერი გაქვს. მერე რა მოხდა? შენ კი არა, მე ისე დამძინებია, ამ დილით თავი ვერ ავწიე. გიომ გამაღვიძა.
- ზნაიუ.
- შენ ბევრი ინერვიულე გუშინ და იმიტომაც მოხდა ასე. სიმართლე გითხრა, მეც გავნერვიულდი, რაღაც არ მომწონს იმ ბარონის «პონტები».
- კაკ დუმაეშ, ჩტო ვსიო ეტა ზნაჩიტ?
- აზრზე არა ვარ, აი, დარეკავს და გავიგებთ, სად წაგვივა, - ჩემს ოთახში გავედი და ჩავიცვი.
- რა კარგი სუნია, მართლა «ყიყლიყოები» და «ალადიკები» გააკეთე?
- აჰა, - თავი დამიქნია კმაყოფილების ნიშნად.
- ყოჩაღი ქალი ხარ, მე ვამაყობ შენით, - თმა ავუჩეჩე.
- მერაბ, - ჩუმი ხმით თქვა უცებ დინამ.
- რა იყო? - მივხვდი, რაღაც ისეთის თქმა უნდოდა და სმენად ვიქეცი.
- ტი სკაჟეშ ემუ, ჩტო…
- რა ჩტო?
- ჩტო ია ევო მატ? - იმდენად მოულოდნელი იყო მისი შეკითხვა, ადგილზე გავშეშდი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
- ნი ტო სკაზალა, და? - გაწითლდა დინა.
- არა, არა, არაფერი ისეთი არ გითქვამს, უბრალოდ…
- ნე აჟიდალ, და?
- რა გითხრა, ჯერ არ ვარ ამისთვის მზად.
- კაგდა ბუდეშ?
- მოვიფიქრებ, დინა, ნუ დამაჩქარებ, ძალიან გთხოვ. ალბათ აჯობებს, ცოტა დავიცადოთ. კარგი?
- კარგი, - მორჩილად დამთანხმდა და უხერხული ნაბიჯებით დაიძრა კარისკენ.
- ხომ არ გეწყინა? - მივაძახე.
- ნეტ, ტი ჩტო, ვსიო ხარაშო, - ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა.
საწოლზე ჩამოვჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ჩავფიქრდი. რას ვაკეთებ? რას ვაპირებ? რა მელის წინ? მერი აშკარად არ არის გულგრილი ჩემ მიმართ, დინა კი სულ უფრო და უფრო მოიწევს ჩემკენ, მოიწევს კი არა, მოჯაჭვულია უკვე. რა გადაწყვეტილება მივიღო? ორივეს ხომ არ დავიტოვებ? მინდა კი საერთოდ ცოლი? არადა, ბავშვებს რა ვუყო? - ფიქრები ერთმანეთს ცვლიდა, პასუხი კი არსაიდან ჩანდა. ასეთი გაორებული არასდროს ვყოფილვარ.
7 7 7
ის იყო, სახლიდან გასვლას ვაპირებდი, რომ ნიკამ დარეკა.
- მერაბ, რას აპირებ, არ გამოხვალ?
- ახლა შენთან მოვდიოდი, ნიკუშ.
- ყველაფერი მზადაა, საღამოს შვიდისთვის დავნიშნე პრეზენტაცია.
- რა პრეზენტაცია? - სულ არ მახსოვდა, დღეს რესტორნის გახსნა რომ გვქონდა დაგეგმილი და თავზარი დამეცა.
- რა გჭირს, ბიჭო, დაგავიწყდა, დღეს რა დღეა? - გაეცინა ნიკას.
- კვირაა, როგორ არ მახსოვს, მაგრამ…
- ჰოდა, გამოდი, მჭირდები, ადამიანო. მოსაწვევები უკვე დარიგებულია, ხალხს ველოდები. ნუ გეშინია, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, შენც აქ უნდა იყო, მარტო ხომ არ დავხვდები, გაიგე? - მიხსნიდა ნიკუშა.
- გავიგე, გავიგე, ცოტას მოვწესრიგდები და გამოვალ. არ იცი, რა დღეში ვარ, მაპატიე, - მოვუბოდიშე.
- არა უშავს, პრობლემას ვერ ვხედავ. გამოდი და დაგვხედე, სხვა არაფერი მინდა.
- ერთ საათში მანდა ვარ, - შევპირდი მეგობარს და ყურმილი დავკიდე.
საგონებელში ჩავვარდი. როგორ მინდოდა, პრეზენტაციაზე დედაჩემიც ყოფილიყო, მერიც და დინაც. როგორ დამავიწყდა? ამ ქალებმა სულ გამომაშტერეს. ქალები დამღუპავენ მე, ქალები… ახლა მოვასწრებ კი ყველას გაფრთხილებას? ან კიდევ… ეს სამივე ქალი ერთად… რა მოხდება? როგორ შეხვდებიან ერთმანეთს? თავში ყველაფერი ამერია. კვლავ ტელეფონს ვეცი, ჯერ ნუნუკასთან დავრეკე, მერე მერისთან. ორივე გავაფრთხილე, საღამოს გამოგივლით აუცილებლად და მზად დამხვდით-მეთქი. მერის ვთხოვე, გოგაც წამოეყვანა. მისი დაყოლიება არ გამჭირვებია, მაგრამ დედა ვერ დავითანხმე.
- მე იქ რა მესაქმება, უჩემოდაც იოლად გახვალთ, - ცივად მითხრა.
- შენ დედა ხარ ჩემი, ამიტომ უნდა მოხვიდე, არ მაწყენინო, იცოდე. უხერხულ სიტუაციაში ნუ ჩამაგდებ, გთხოვ, - ვეხვეწე ნუნუკას.
- არა, მერაბ, ქეიფის და ლხინის თავი არა მაქვს. ისედაც გულზე ვარ გამსკდარი. ნუთუ ვერ ხვდები, შვილო, ცხოვრება რომ არეული გაქვს?
- არ დაიწყო ახლა შენებურად, არაფერი არეული არ მაქვს, ყველაფერი თავის ადგილზეა. მერე რაღაც სერიოზული უნდა გითხრა, ამიტომ უნდა წამოხვიდე.
- სერიოზული? რამის თქმას თუ აპირებდი, გუშინ იქ არ ვიყავი? ასე უცებ რა სალაპარაკო გამოგიჩნდა? იმ ქალის ცოლად შერთვას ხომ არ აპირებ შემთხვევით? თავს მოვიკლავ, იცოდე! - ლამის იკივლა ნუნუკამ.
- ნიკალაევნა, არავის შერთვას არ ვაპირებ, ნუ ნერვიულობ. სხვა რამე მაქვს სათქმელი. დღევანდელ დღეს ნუ ჩამამწარებ და მერე დავსხდეთ მე და შენ და ვილაპარაკოთ.
- არა, დედიკო, მე ვერ წამოვალ, შვილო, წნევა მაქვს მაღალი, დღეს სახლიდან ვერ გავალ, მირჩევნია, ვიწვე, ტონა წამალი მაქვს დალეული. თქვენ წადით, იმხიარულეთ და თუ ჩემი ნახვა გჭირდება, მერე გამოდი და მითხარი, რაც გაქვს სათქმელი, - ტონი შეარბილა დედამ.
ვერ დავიყოლიე. ჯიუტი ქალია. რას ვიზამ, ვერ დავაძალებ. არადა, მინდოდა წამოსულიყო, მაინტერესებდა, მერის რომ გაიცნობდა, რა წარმოდგენა დარჩებოდა მასზე. აი, ხომ ხედავთ, მერიზე უკვე როგორ ვფიქრობ. სად «დამერხა?!» ჩიხში ვარ მოქცეული. დინაც ხომ უნდა წამოვიდეს? მერის რომ დაინახავს, აუცილებლად მიხვდება, რომ სწორედ ის არის «დრუგაია ჟენშჩინა». მერე? ფრთხილად უნდა ვიყო, ზედმეტი ყურადღება არ უნდა გამოვიჩინო მის მიმართ. იქნებ დინამაც უარი თქვას წამოსვლაზე? მაგრამ ბავშვი? გიორგის ვინ წამოიყვანს? მე სად მეცლება ბავშვის მისახედად? რაც იქნება, იქნება, სადაც წვრილია, იქ გაწყდეს. დღევანდელი საღამო საბოლოოდ გადაწყვეტს ყველაფერს. მოსახდენი უნდა მოხდეს.
დინას დავუძახე, გვერდით მოვისვი და ავუხსენი საქმის სიტუაცია. ბავშვი დაბანე, ლამაზად ჩააცვი, შენც მოწესრიგდი და საღამოს მანქანას გამოგიგზავნით-მეთქი, ვუთხარი. შორს დაიჭირა, რესტორანში არ წამოვალო. ახლა ამის გაჯიუტებაღა მაკლდა. ისე, გულის სიღრმეში, გამიხარდებოდა კიდეც, არ წამოსულიყო, დინას გარეშე უფრო თამამად ვიქნებოდი, არ შემბოჭავდა მერისთან სიახლოვე, მაგრამ გიორგისთვის რა მომეხერხებინა? გოგა და გიორგი მინდა ერთმანეთს გავაცნო, ეს გახლდათ ჩემი მთავარი მიზანი. არა, ბავშვის გარეშე არაფრად მიღირდა არც პრეზენტაცია და არც გართობა-მხიარულება. წამოვიდეს, რაც იქნება, იქნება.
- უნდა წამოხვიდე, შენ ბავშვის გამზრდელი ხარ, ამიტომ მის გვერდით უნდა იყო. იქ ვინ იცის, შენ ვინა ხარ? რატომ იკომპლექსებ თავს? გაერთობი, მუსიკას მოუსმენ, იმღერებენ, საჭმელ-სასმელი თავზე საყრელად იქნება, ბავშვიც გაერთობა და შენც. მეც თქვენ გვერდით ვიქნები, ნუ ჯიუტობ, რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ. შევთანხმდით?
- კაკ სკაჟეშ, - კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება.
- აი, ასე, კარგი გოგო ხარ. ახლა ის მითხარი, რა უნდა ჩაიცვა?
- ნე ზნაიუ, - მხრები აიჩეჩა.
- შინდისფერი კაბა რომ გიყიდე, გახსოვს?
- და, კანეშნა.
- ის არსად არ გცმია, თან მაგრად გიხდება. მოდი, იმით წამოდი.
ისევ აიჩეჩა მხრები.
- მიდი, აბა, ჩაიცვი და დამენახვე, კიდევ ერთხელ შეგხედავ. მგონი, არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი.
ზანტად წამოდგა და ფეხათრევით მივიდა გარდერობთან.
- მე ცოტა ხნით გავალ, ბავშვი არ შემოვიდეს, შენ კი იქამდე გამოიცვალე და მერე შემოვალ, - ვუთხარი და კარი გავიხურე.
გიორგი მულტფილმებს უყურებდა, ისე იყო გართული, არც კი შეუმჩნევია, როგორ დავადექი თავზე. ამ დროს დინამ დამიძახა. ისევ მივბრუნდი. დინას კაბა ჩაეცვა და უმწეოდ იყურებოდა სარკეში.
- აბა, მოტრიალდი!
შემობრუნდა. ფერიც და სამოსის მოყვანილობაც აკვდებოდა სხეულზე. საოცრად უხდებოდა.
- მშვენიერი სანახავი ხარ, ყველა ქალს თვალს დაუყენებ, იქ ვინც იქნება, - შევაქე და გავუღიმე.
- კი, როგორ არა, - «აისხლიტა» ჩემი ქათინაური.
- ასეა, ასე. წადით ახლა, ორივე მოწესრიგდით, მეც გამოვიცვლი და გავიქცევი. თქვენ კი ექვსზე მანქანას დაელოდეთ, ვინმეს გამოვაგზავნი და წამოჰყევით. იცოდე, არ გადაიფიქრო და არ გამაბრაზო, - ხუმრობით თითი დავუქნიე.
დინამ ამოიოხრა და კაბის გახდას შეუდგა. მე ჩემს ოთახში გავედი და ჩაცმას შევუდექი. დინას ისე პეწიანად ჰქონდა ჩემი ტანსაცმელი დალაგებულ-დაკეცილი, ნებისმიერ ქალს შეშურდებოდა. არაფრის ძებნა არასდროს დამჭირვებია, ყოველთვის ყველაფერი თავის ადგილზე მხვდებოდა. ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ჰალსტუხი. პიჯაკი, პერანგი და ჰალსტუხი შევუხამე ერთმანეთს, «საკუბოვედ» გამოვეწყვე, დინა კიდევ ერთხელ დავმოძღვრე და რესტორნისკენ გავწიე.
გაგრძელება იქნება