ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. ნანუკა სოციალური ქსელების თურქულ, ასევე, ქართულ სივრცეში ახალი ვარსკვლავია, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობენ.
სერიალი უკვე რამდენიმე წელია, რაც ერთ-ერთ ქართულ არხზე გადის. მას უამრავი ადამიანი უყურებს და სეჰერისა და იამანის სიყვარულს გულშემატკივრობენ. მთავარ როლებს სერიალში ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ ასრულებდნენ, თუმცა სილას მოულოდნელად წასვლის შემდეგ მისი როლი ნანამ დაიკავა.
ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი 1986 წელს სტამბოლში დაიბადა. მისი პოპულარობა 2009 წლიდან იწყება, როდესაც YouTube-არხზე თავისი სიმღერების გამოქვეყნება დაიწყო, თუმცა ცნობადობა ქვეყნის საზღვრებს არ გასცდენია. სერიალმა კი ის თურქული კინოინდუსტრიის ახალბედა ვარსკვლავად აქცია.
ამჯერად ნანა და ჰალილი გადაცემა „პრაიმშოუს” სტუმრები არიან. ჰალილი გადაცემაში საქართველოს შესახებ საუბრობს:
„ნანუკას გამოჩენამდე, საქართველოს შესახებ რაც მსმენია – იყო ალი და ნინოს ქანდაკება. ახლა კი, სიტყვებიც მასწავლა და გასტრონომიიდან გამორჩეულად შემიყვარდა აჩმა”, – აღნიშნავს ჰალილი.
ნანუკამ მისი და ჰალილი მეგობრობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება:
„ძალიან არასწორი ინფორმაცია და ჭორები ვრცელდება ჩემი და ჰალილის მეგობრობაზე… თავად ჰალილმა იცის, რომ დაოჯახებული ვარ და ძალიან დიდი სიფრთხილით უდგება ამ საკითხს. ჩვენ ვართ ძალიან კარგი მეგობრები”, – თქვა ნანუკამ.