ბოშა - თავი 17 - მეორე ნაწილი - Marao

ბოშა - თავი 17 - მეორე ნაწილი

2023-06-09 09:41:26+04:00

წინა თავი

როცა ქალებთან ჩემს სათქმელს მოვრჩი, ცოტათ შევმსუბუქდი, თუმცა ყველაზე მთავარი წინ მელოდა _ გოგასთან დალაპარაკება. ეს იყო ჩემი უპირველესი პრობლემა. გარდა ამისა, ერთი სატკივარი მიღრღნიდა გულს _ მერის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. მინდოდა გამეგო, ვინ იყო სინამდვილეში, რა წარსული ჰქონდა, რა გამოიარა ჩემამდე და ჩემს შემდეგ. ამის გაგება კი ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. თუ თავად არ გამოთქვამდა ჩემთან «გასაუბრების» სურვილს, ალბათ ვერასდროს ვერაფერს გავიგებდი. ეს აზრი არ მასვენებდა. ღამეები არ მეძინა ამაზე ფიქრით. დინაც გადამავიწყდა, მისი ბოშა ბარონიც, შვილებიც და დედაჩემიც.

ერთ დღესაც, ვერ მოვითმინე, დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. უარი არ უთქვამს, მეტიც _ ყოყმანიც კი არ დაუწყია. უკეთეს ადგილას სად წავიყვანდი, თუ არა ჩემს რესტორანში? მიმტან ხათუნას ლამაზი სუფრა წინასწარ გავაშლევინე და «იდუმალი» სტუმარი ციმციმ მივიყვანე ჩემს «საბრძანებელში». ნიკუშამ ჯენტლმენობა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა და რესტორნიდან გაუჩინარდა. კუპეში დავსხედით. ნელა შევყევით საუბარს, რამდენიმე ჭიქა კონიაკიც მივირთვით. როცა ვიგრძენი, რომ სასმელმა საჭირო კონდიციას მიაღწია და გულახდილობის თუ გულის გადაშლის დრო დადგა, ვთხოვე სახეშეფაკლულ მერის, მოეყოლა თავისი ცხოვრების შესახებ.

_ ყველაფერი? _ ეშმაკურად გამომხედა, თვალები უჟუჟუნებდა, ვერაგი სასმელია კონიაკი.

_ მხოლოდ ის, რაც შენ მიგაჩნია საჭიროდ, _ ამ «დათმობაზე» წავედი.

_ კარგი, დაწვრილებით მოგიყვები, რაც გადამხდა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდე, ვინ არის შენი შვილის დედა? _ სიმწრით ჩაიცინა.

რამდენიმეწუთიანი სიჩუმე ჩამოვარდა. მე ხმას არ ვიღებდი, ველოდი, როდის ალაპარაკდებოდა მერი. იგი მოხერხებულად მოკალათდა სკამზე, ფეხი ფეხზე გადაიდო და სიგარეტს დასწვდა. რა თქმა უნდა, არ დავახანე და სანთებელას დავწვდი, მოვუკიდე. მერიმ ღრმა, არაქალური ნაფაზი დაარტყა და დაიწყო.

7 7 7

ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ახალი დამთავრებული მქონდა სკოლა. ვინმე ქალბატონ ეთერთან ვემზადებოდი ისტორიაში. უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, ეკონომიურზე. რატომ არ მომტყდა ფეხი, პირველად მათ ოჯახში რომ მივედი. დეიდაჩემმა აიჩემა, გავლენიანი ქალია, კომისიაში იქნება და მიხედავსო, არაფრით გარეთ არ დატოვებს თავის მოსწავლესო. თურმე სადა ხარ! ბოლოს სწორედ მე დამტოვა გარეთ, თუმცა მიზეზიც ჰქონდა.

არასდროს დამავიწყდება ის დღე, პირველად რომ მივედი მათთან, კარი ჭაღარა, სიმპათიურმა მამაკაცმა გამიღო. ზრდილობიანად შემიპატიჟა ოთახში. ვუთხარი, ვისგანაც ვიყავი.

_ ეთერ! გამოდი გეთაყვა, შენთან არიან! _ გასძახა ბატონმა გურამმა (იგი პროფესორი იყო) ცოლს.

ისიც გამობრძანდა. თავზე პირსახოცი ჰქონდა წაკრული. აბაზანიდან ახალი გამოსული ჩანდა. მედიდურად შემომხედა. ამათვალიერ-ჩამათვალიერა. ურიგოდ ნამდვილად არ გამოვიყურებოდი, ტანი არ მაკლდა და ფეხი. წვრილი წელი და სავსე მკერდი შეუმჩნეველი არც კაცს რჩებოდა და არც ქალს, ჩემს დანახვაზე… მერე, ცოტა ხანს დამელოდეო, მითხრა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. ნახევარი საათი მაინც ველოდე. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა. მკვებავი კრემი სქლად დაედო სახეზე, თვალები შეეღება, პომადა წაესვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, კაბაც კი ჰქონდა გამოცვლილი…

დავიწყეთ მეცადინეობა. თან გაკვეთილს მიხსნიდა, თან ფრჩხილებს იქლიბავდა. საიდანღაც მუსიკის ხმა გამოდიოდა. კრის ნორმანი ვიცანი. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ვიღა უსმენდა «სმოკს» და კრის ნორმანს ამ დროში!

ისე, მე ძალიან მომწონდა «სმოკიც» და მისი სოლისტიც.

ის იყო, პირველი გაკვეთილი ჩავამთავრეთ, რომ გვერდითა ოთახის კარი გაიღო და… გამოჩნდა _ წელზევით შიშველი, ნაცრისფერ შორტში გამოწყობილი მაღალი, შავთმიანი, ლურჯთვალება მამაკაცი. ასე, ოცდახუთიოდე წლის იქნებოდა. გამოვიდა და სიმღერის ჰანგებიც თან გამოიყოლა. აი, თურმე ვინ უსმენდა კრის ნორმანს! ყველაფერი გასაგებია. ეს, ალბათ ამათი ვაჟია. როგორ ჰგავს მამამისს, დედამისსაც, სხვათა შორის, გავიფიქრე ჩემთვის.

_ დედი, მშია. გვაქვს რამე? _ მუცელზე დაიტყაპუნა ხელი და ცალი თვალით მე გადმომხედა.

მისასალმებლად მოვემზადე. არც უცდია. «რა უზრდელია», _ გავიფიქრე გაწბილებულმა და გავწითლდი.

_ მიბრძანდი სამზარეულოში და ნახე, _ მკაცრად თქვა ქალბატონმა ეთერმა.

_ სოფო წავიდა? _ იკითხა.

_ ჰო, წავიდა და მაცალე ახლა, ხომ ხედავ, არ მცალია. შენ თვითონ მოემსახურე საკუთარ თავს, _ მკვახედ უპასუხა ქალმა.

სოფო ალბათ მოსამსახურეა. მე ასე დავასკვენი.

_ თქვენი ვაჟია? _ ხმადაბლა ვკითხე, როცა «ის» სამზარეულოში გავიდა.

_ ბრძანდება, _ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა შვილზე რატომღაც განაწყენებულმა პატივცემულმა დედამ.

ასე დამთავრდა ჩვენი პირველი შეხვედრა. შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ვნახე, ისიც თვალის შევლებით. გამარჯობასაც კი არ იმეტებდა ჩემთვის. ერთს გადმომხედავდა და ჩაივლიდა, თითქოს რაღაც უსულო საგანი ვყოფილიყავი ან უსარგებლო ნივთი, რომელიც უადგილო ადგილას დადეს და შენიშვნის ღირსიც არ არის. გული მწყდებოდა, მაგრამ რას ვიზამდი.

მთელი თვე ისე ვიარე, სახელიც არ ვიცოდი მისი. ოჯახის წევრები თითქოს არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ყველანი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. სადილადაც კი არ სხდებოდნენ ერთად. ერთადერთი «თბილი წერტილი» ამხელა სახლში სოფო იყო _ გამხდარი, კაფანდარა შუახნის ქალი, რომელიც სწორედ მაშინ გადიოდა სახლიდან, მე რომ შემოვიდოდი. სათნო ღიმილით მომესამებოდა, ქეჩის ფაჩუჩებს გაიხდიდა და ისე ჩუმად გაიხურავდა კარს, ჩქამსაც ვერ გაიგებდა ადამიანი. მერე მე მიწევდა მისი ფაჩუჩების ჩაცმა. «ის» კვლავ ძველებურად იქცეოდა. ერთს გადმომხედავდა, რა თქმა უნდა, არ მომესალმებოდა და გვერდით ჩამივლიდა. მე მაინც სულ მზად ვიყავი რაღაცის მოლოდინში. ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი, შინაგანად ვეპრანჭებოდი კიდეც. იმედი მქონდა…. რისი? თავადაც არ ვიცოდი…

იმ დღესაც ფრთხილად მივაჭირე თითი ზარის ღილაკს. არავინ გამიღო. ხელმეორედ დავრეკე. ოთახიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. წასვლა დავაპირე. ამ დროს გასაღების ჩხაკუნის ხმა გაისმა. კარი გაიღო. ზღურბლზე «ის» იდგა _ პირსახოცის ზოლიანი ხალათით, მკერდგაღეღილი. შევკრთი. მას კარი არასდროს გაუღია.

_ გამარჯობა, _ მორიდებით მივესალმე.

_ მობრძანდი, _ გვერდზე გაიწია და გზა დამითმო.

შევედი. თვალებით ფაჩუჩებს დავუწყე ძებნა. მიმიხვდა.

_ არ გინდა, _ ხელი ჩაიქნია, კარი დახურა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და სასტუმრო ოთახისკენ გამიძღვა.

_ დაჯექი, _ მიმითითა სავარძელზე.

_ გმადლობთ, _ კვლავ მორიდებით ვთქვი და გვერდულად ჩამოვჯექი, თითქოს ეკლებზე დამსვეს.

_ დედა შინ არ არის. ნათესავი გარდაგვეცვალა და იქ წავიდნენ, _ თქვა და მეორე სავარძელში ჩაეშვა.

რა ლამაზი თვალები აქვს! გულმა ხმაური დაიწყო.

_ ხომ არ გეჩქარება? _ მკითხა.

_ არა, არ მეჩქარება, მაგრამ… _ უხერხულობისაგან ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. ხელჩანთას დავეჯაჯგურე რატომღაც.

_ ყავა დავლიოთ, კარგი? იცი მოდუღება? _ გამიღიმა.

_ დიახ, როგორ არა! _ შვებით ამოვისუნთქე, საქმე რომ გამომიჩნდა და დეგენერატივით არ მომიწევდა ჯდომა.

_ წამო, სამზარეულოში გავიდეთ, _ თქვა და წამოდგა.

კრავივით უკან მივყევი. კარადა გამოაღო და ყავისთვის საჭირო ატრიბუტების გამოლაგებას შეუდგა.

_ შენ რა გქვია? დამავიწყდა შენი სახელი, _ ისე თქვა, თითქოს მართლა იცოდა, რა მერქვა.

_ მერი, _ ვთქვი და გავწითლდი.

ვერ ვიტან ჩემს სახელს. როცა ვინმეს ვეუბნები, მერი მქვია-მეთქი, ეცინება, გალაკტიონმა ლექსი შენზე ხომ არ დაწერაო. ვერ ვხვდები, რა შუაშია. ლიზა რომ მერქვას, «მონა ლიზასთან» რამე საერთო მექნებოდა? უცნაურები არიან ადამიანები.

_ მერი, მერიკო, _ თქვა უცებ, _ ბაღში ერთი გოგონა მიყვარდა, იმასაც მერი ერქვა, _ გაიცინა.

კიდევ კარგი, არ ვუთხარი, სასიამოვნოა-მეთქი, არადა, ენის წვერზე მადგა. სასაცილო სიტუაციაში ჩავიგდებდი თავს. გავიღიმე.

_ ერთხელ რაღაცაზე გამაბრაზა და ლოყაზე ისე ვუკბინე, მთელი კვირა ეტყობოდა, _ კვლავ გაიცინა და მადუღარაში ყავის ჩაყრა დაიწყო.

_ მე ვიზამ, _ ვთქვი. როგორც იქნა, მოვიფიქრე ხელჩანთის სკამზე დადება და ახლოს მივედი.

_ მკითხაობა იცი? _ განზე გადგა და წელზე დოინჯი შემოიყარა.

_ არა, _ დავიმორცხვე.

_ თბილისელი ხარ?

_ არა.

_ რამდენი წლის ხარ?

_ ჩვიდმეტის.

_ ჰო-ო, კარგი ასაკია. დამავიწყდა, როდის ვიყავი მაგხელა.

_ თქვენ რა გქვიათ? _ შესაფერისი მომენტი შევარჩიე სახელის გასაგებად.

_ მიშა. ჩემი სახელი არ იცოდი? _ გაიოცა.

_ არა, _ კვლავ გავწითლდი.

_ როგორ, ამდენი ხანია, ჩვენთან დადიხარ და არ იცოდი?

თავი გადავაქნიე. რატომ გაუკვირდა, ვითომ? თვითონაც ხომ არ იცოდა, მე რა მერქვა?

ყავა ჩამოვასხი. ერთი ფინჯანი მიშას დავუდგი, მეორე ჩემკენ მივწიე და მეც ჩამოვჯექი.

_ თბილისში გინდა გათხოვება, მერი, არა? _ მოულოდნელად მკითხა.

ენა დამება. ასეთ შეკითხვას ნამდვილად არ ველოდი.

_ არა, რატომ, _ მხრები ავიჩეჩე.

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ვერ მოვითმინე.

_ საიდან დაასკვენით? _ თამამად შევხედე.

_ რა ვიცი, სოფლიდან ჩამოსულებს ყველას თბილისში უნდა გათხოვება, _ ახლა მან აიჩეჩა მხრები.

_ ტყუილია, _ «დავიცავი» სოფლელი გოგონები.

ხმამაღლა გაიცინა.

_ არა უშავს, ჯერ თუ არ გინდა, მერე მოგინდება. შეყვარებული გყავს?

_ არა, _ ვთქვი და კვლავ გავხურდი სახეზე.

_ აი, ხომ ხედავ!.. მე არ შემიყვარებ, რამე რომ იყოს? _ ეშმაკურად შემომხედა და ყავა მოწრუპა.

მთლად გავოგნდი. რა შეკითხვებს მაძლევს, რას გადამეკიდა! როგორც ჩანს, დამცინის.

_ ჰა, მერიკო, არ შემიყვარებ? _ არ მომეშვა მიშა.

_ არა, _ «სასტიკი უარი» განვუცხადე.

_ ძალიან რომ გთხოვო? _ ხელის გულზე ჩამოდო ნიკაპი და ღიმილით შემომაცქერდა.

როგორ მაშაყირებს! ამას მე ვინ ვგონივარ? გული ყელში მომებჯინა.

_ ჩემი წასვლის დროა, _ დავფაცურდი, ბოლო ყლუპი მოვსვი და წამოვდექი.

_ გაგაცილებ, _ ისიც წამოდგა.

_ არა, ნუ შეწუხდებით, არ არის საჭირო.

_ რა იყო, გეწყინა რამე?

_ რას ამბობთ, რა იყო საწყენი! _ შორს დავიჭირე.

_ სიმართლე თქვი.

_ მართლა გეუბნებით, _ გულწრფელად ვთქვი.

_ არ მატყუებ?

_ არ გატყუებთ.

_ მაშინ მაკოცე და დავიჯერებ, რომ არ გეწყინა. სხვანაირად ჩავთვლი, რომ მაგარი გაბრაზებული ხარ.

_ რა საჭიროა ასეთი რამ, _ საწყლად შევხედე, _ ნუ დამცინით.

_ დაგცინი? რა სისულელეა? დედას გეფიცები, არც მიფიქრია. ახლა ვხვდები, რომ ნაღდად ნაწყენი ხარ.

_ არა ვარ ნაწყენი.

_ როგორ? წეღან მითხარი, დამცინიო და ნაწყენი არა ხარ? მაშინ დამიმიტკიცე, რომ არა ხარ! _ წინ გადამიდგა და მაჯაში ჩამავლო ხელი.

მივხვდი, ვერ მოვიცილებდი. სხვა რა გზა მქონდა, ერთი ღრმად ამოვიოხრე და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. ერთი სული მქონდა, ოღონდ აქედან გამეღწია. ახლა მეორე მაჯაზე ჩამავლო ხელი და ახლოს მოიწია.

_ კიდევ მაკოცე, _ ჩურჩულით თქვა.

მუხლები მომეკვეთა. რაღაც ძალა მისკენაც მეწეოდა და კარისკენაც. არ ვიცოდი, რა მექნა. კარგა ხანს ვიდექი ალეწილი და ვყოყმანობდი.

_ გთხოვ, _ კვლავ ჩურჩულით მითხრა და მსუბუქად თავისკენ დამქაჩა.

ისევ ისე ვაკოცე.

_ არა, ასე არა. ჩვეულებრივად მაკოცე, ნუ გეშინია, არ ვიკბინები, _ ღიმილით დააყოლა.

ის იყო, მის ლოყას უნდა შევხებოდი, რომ მოულოდნელად სახე მოატრიალა და ჩემს ტუჩებს თავისი დაახვედრა. დაყვირებაც ვერ მოვასწარი, ისე მომხვია მკლავები წელზე, თვალები დახუჭა და ტუჩებზე დამაცხრა. ჯერ გავუძალიანდი, მერე ნელ-ნელა მოვეშვი. შეიძლება შენთვის ძნელი მოსასმენი იყოს, მაგრამ რადგან მთხოვე, სიმართლეს გეტყვი _ სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. მამაკაცი პირველად მეფერებოდა. ჩემთვის ეს უცხო რამ იყო, სასიამოვნოდ უცხო. მთელი სხეული ვნებიანად მითრთოდა.

_ წამო, ჩემს ოთახში გავიდეთ, _ «საქმიანობა» არ შეუწყვეტია, ისე მიჩურჩულა ყურთან.

_ არა, არა, არ გინდა, გთხოვ, _ მეც ჩურჩულსა და «შენობითზე» გადავედი ძალაუნებურად.

_ ცოტა ხნით, სულ ცოტა ხნით, _ თან ყელზე მკოცნიდა, თან დაჟინებით იმეორებდა თავისას.

_ არ მინდა, მიშა, გამიშვი, გემუდარები, _ სასოწარკვეთილი ხვეწნაზე გადავედი.

_ ნუ გეშინია, არაფერს გიზამ, სულ ორი წუთით, _ უკუსვლით საძინებლისკენ მეწეოდა… უმწეოდ ვეწინააღმდეგებოდი.

მერე ყველაფერი უცებ მოხდა…

მამაკაცის შიშველი სხეულის შეხებაზე სიამოვნება და შიში ერთდროულად დამეუფლა. უკვე ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მერე იყო ტკივილი, შეკივლება, ვიგრძენი, როგორ ამეწვა მუცელი და… როგორ დამთავრდა ყველაფერი… სხეული დამიმძიმდა თითქოს. თუკი რამდენიმე წუთის წინ შეუცნობლად დავყევი მამაკაცის ნებას, ახლა ვნანობდი. ვნანობდი, რომ ქალად დავიბადე ამქვეყნად, ეკონომიურზე რომ დავაპირე ჩაბარება, ამ ოჯახში რომ მოვხვდი და ასე ადვილად ხელმისაწვდომი რომ გავხდი სრულიად უცხო მამაკაცისთვის. თუმცა მომხდარს უკვე აღარაფერი შეცვლიდა.

_ რა მეშველება, _ ჩემდა უნებურად აღმომხდა.

_ რა თქვი? რა გეშველება? რა გჭირს საშველი? _ გულაღმა გაშოტილი მიშა ჩემკენ მოტრიალდა, იდაყვით საწოლს დაეყრდნო და მეორე ხელი მკერდზე ჩამომისვა.

_ რა უნდა ვქნა? _ თვალები ცრემლით ამევსო.

_ აბა, აბა, ტირილი არ გამაგონო! არ მიყვარს «ისტერიჩკა» ქალები. შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ. დღეიდან ჩვენ ერთად ვიქნებით, სულ ერთად.

_ ერთად? _ (სადღაც იმედის ნაპერწკალი აკიფდა).

_ ჰო, ერთად მანამ, სანამ მოგვბეზრდება ერთმანეთი.

(და კვლავ ჩაქრა). თუმცა, ისედაც ვიცოდი _ ამ ოჯახში ცოლად და, მით უმეტეს, რძლად მე არავინ მიმიღებდა. ამაზე, კარგა ხანია, ნაფიქრი მქონდა. მე ხომ დანახვის დღიდანვე ვფიქრობდი მიშაზე. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ვერ მამჩნევდა… ქალი ხომ იცი, მისი უდიდებულესობა ქალი, ზოგადად რა «ბატისტვინაა». არც მე ვიყავი გამონაკლისი.

მერე?… მერე მოხდა, თუ მოხდა…

ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ჩუმად. ზოგჯერ იქ, მასთან სახლში, როცა მარტო იყო, ზოგჯერ მეგობრის დაკეტილ ბინაში. ნელ-ნელა შევეჩვიეთ ერთმანეთს. არ ვიცი, შეიძლება მეჩვენებოდა, მაგრამ ისე იქცეოდა, როგორც შეყვარებული მამაკაცი, თუმცა ცოლობაზე სიტყვა ერთხელაც არ დაცდენია. მე პრეტენზია არ მქონდა. ოღონდ მის გვერდით ვყოფილიყავი და რა ფორმით იქნებოდა ეს, არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა. შედეგზე არ მიფიქრია. მიხაროდა, ერთად რომ ვიყავით, მაგრამ ქვეშეცნეულად სადღაც შიშნარევი იყო ეს სიხარული. თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა. სინანული ჩემი საქციელის გამო არ მშორდებოდა. ცუდმაც არ დააყოვნა…

ერთ მშვენიერ დღესაც უგუნებოდ შევიქენი. რაღაც მაწუხებდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, რა. მიშასთვისაც არ მითქვამს. ვიფიქრე, გადამივლის-მეთქი. არ გადამიარა. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. მერე გული ამერია, მერე სუნზე დამეწყო გართულება.

_ ორსულად ხომ არ ხარ? _ ხმაშეცვლილმა მკითხა ერთხელ.

პირკატა მეცა. წარმოგიდგენია? ამაზე საერთოდ არ მიფიქრია. აზრადაც არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა დავორსულებულიყავი. აი, ქალის მოკლე ჭკუა! აი, სად შევცდი. ახლა კი უარესად ვინანე, მაგრამ რაღას გავხდებოდი.

მიშამ გინეკოლოგთან მიმიყვანა… ექვსი კვირის ორსულობა დამიდგინეს… ჩემი ღრიალის ხმა გრძელი დერეფნის ბოლოში ისმოდა, მიშა მამშვიდებდა, მაგრამ ასე ადვილი იყო ჩემი დამშვიდება?

ქუჩაში რომ გამოვედით, მითხრა, ჯერჯერობით ნურავის ნურაფერს ეტყვი, მე მოვაგვარებ ყველაფერსო. მუცელი ცოტა რომ წამოგეზრდება, ავუხსნი ჩემებს სიტუაციას. არც ისე შეუგნებლები არიან, რომ ვერ გამიგონ და ცოლად შეგირთავო. ცოტა გულზე მომეშვა. დავშოშმინდი. მისი იმედი მქონდა, მეგონა, არ გამწირავდა, დამიცავდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი. აბა, სხვა შემთხვევაში რატომ დამაიმედებდა? ხომ შეეძლო მაშინვე ეთქვა, მოიშორე ეგ ბავშვი, მე შენ ცოლად ვერ შეგირთავო? შეეძლო, მაგრამ ასე არ მითხრა. მეც იმედი მომეცა…

გავიდა ხანი… ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში ჩადგა. ბავშვი იძრა. უგუნებობამ და გულისრევებმა გადამიარა. გავსუქდი. მუცელიც საგრძნობლად დამეტყო. გადამწყვეტი მომენტიც დადგა…

ეს იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი დღე ჩემს ცხოვრებაში. დიდად პატივცემული ქალბატონი ეთერი მთელი ხმით გაჰკიოდა.

_ ვიღაც ტეტია სოფლელს შინ შემოვუშვებ? ბალახის სუნით რომ ყარს?! არ დამენახვო, შე გათახსირებულო!!! თბილისში მოგინდა გათხოვება, არა? ჩემი შვილის მოტყუება გადაწყვიტე, ხომ? გაეთრიე ჩემი სახლიდან და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს, შე კახპა, შენა!..

მისი დაწყნარება ვერც მიშამ შეძლო, ვერც ბატონმა გურამმა. რაღა უნდა მექნა. გაწბილებული და დამცირებული გარეთ გამოვედი. ვიცოდი, რომ სამუდამოდ ვტოვებდი იქაურობას. ეკონომური ფაკულტეტის ხსენებაც კი ზედმეტი იყო…

აღარ დავიწყებ იმის მოყოლას, რა დღე დამაწიეს შინ, როცა დედაჩემს ყველაფერი მოვუყევი. ერთი ამბავი შეიქნა…

უკვე ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ბავშვის გაჩენა გადავწყვიტე, დედაჩემმა არაფრით არ ქნა, ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და… ნაყოფი მოვიცილე… თითქოს ყველაფერი დაცარიელდა ჩემ ირგვლივ, საშინელ მარტოობას ვგრძნობდი. რა ჩაბარება, რის უნივერსიტეტი, არაფრის გაგონება არ მსურდა. საკუთარ თავში ჩავიკეტე, ისეთი დეპრესია დამემართა, ლოგინად ჩავვარდი…

ვერაფრით ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. ცხოვრებამ ხალისი დაკარგა, მამაკაცების მიმართ ნდობა სრულიად დავკარგე, ყველა კაცი მეზიზღებოდა, ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი. გული ავიცრუე მომავალზე. სიგარეტის მოწევა დავიწყე, სმაც, სხვათა შორის… სულ მარტო მინდოდა ყოფნა, ყველასგან განმარტოებით. მეხვეწებოდნენ დაქალები, ვინ იცის, სად არ მეპატიჟებოდნენ, არაფერი მახარებდა. საბოლოოდ ჩავიქნიე ყველაფერზე ხელი. შემდეგ… შემდეგ ის იყო, რომ შენ შეგხვდი. გინდა სიმართლე გითხრა? შენმა გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, თითქოს თვალები ამიხილე. მივხვდი, რომ არ იყავი ცუდი ადამიანი, მეტიც, რაღაც საერთოს ვპოულობდი შენში. გული დამწყდა, ჩუმად რომ წახვედი ჩემგან, არც კი დამემშვიდობე. ვინ იცის, იქნებ მისამართები გაგვეცვალა, იქნებ სხვანაირად შეტრიალებულიყო ჩემი და თუნდაც შენი ყოველდღიური ყოფა… აქაც იმედგაცრუება განვიცადე და როცა მეგონა, რომ შენი სახელიც ისევე მიეცა დავიწყებას, როგორც მიშასი… მივხვდი, რომ კვლავ ფეხმძიმედ ვიყავი. სწორედ ამან შემმატა ძალა. ახლა კი მომეცა შანსი, შური მეძია ჩემს მშობლებზე. ავდექი და მტკიცედ გამოვუცხადე ორივეს, შვილს ვაჩენ-მეთქი. უნდა გენახა, რა წიოკი ატყდა, მამაჩემი მოსაკლავად მიმეტებდა.

სახლიდან წამოვედი, დაქალთან დავსახლდი. კერვა მეხერხებოდა, ქსოვაც. ერთიც დავიწყე და მეორეც, ვსაქმიანობდი, თან ვყიდდი ჩემს «ნაწარმს», რომ მშობიარობის ფული მომეგროვებინა, პარალელურად მეცადინეობა დავიწყე, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად. დღე და ღამეს ვათენებდი, ოღონდ რამისთვის მიმეღწია…

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საკმაო თანხა მოვაგროვე, მშვიდობიანად ვიმშობიარე, გავაგრძელე ჩემი საქმიანობა და საღამოს დასწრებულზეც მოვახერხე ჩაბარება. ნინიკო თავგამოდებით მეხმარებოდა, დასავით გვერდით მედგა ის წლები. მერე ჩემებიც შემირიგდნენ. მათ ამასობაში სახლი იყიდეს, სწორედ ის სახლი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ. ბავშვის გაზრდაშიც მეხმარებოდნენ.

მალე მამა ინფარქტით გარდაიცვალა. დედამ აიჩემა, აქ ვერ გავძლებ, სოფელში უნდა დავბრუნდე, იქიდან უფრო დაგეხმარებიო. ბავშვიც თან წაიყვანა, სანამ სკოლის პერიოდი მოუწევს, არაფერს გაგიჭირვებ, შენ სწავლას მიხედეო. დავთანხმდი.

გავიდა დრო, უნივერსიტეტი არა, მაგრამ ინსტიტუტი წარმატებით დავამთავრე, თავი არ ამიღია წიგნებიდან. დიპლომი ავიღე თუ არა, სამსახურშიც მოვეწყვე.

_ არ გათხოვილხარ? _ ვერ მოვითმინე, არ მეკითხა.

_ არა, მერაბ, არ გავთხოვილვარ, _ ამოიოხრა მერიმ, _ ნამდვილად არ მქონდა იმის დრო, კაცზე მეფიქრა. ჩემი ერთადერთი მიზანი სწავლა და მერე კარგი სამსახურის შოვნა იყო. თუმცა თაყვანისმცემლები არ მაკლდა. კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, ყველანი პატივს მცემდნენ. ნელ-ნელა მოვიკიდე ფეხი საზოგადოებაში. უკვე ყველასთვის სასურველი ქალი გავხდი. ერთი სურვილი მკლავდა მხოლოდ _ მაინტერესებდა, მიშა სად იყო, რას აკეთებდა, დაოჯახდა თუ ისევ ისე დარჩა. როგორ მინდოდა, ოღონდ სადმე შემთხვევით შემხვედროდა, ოღონდ შემეხსენებინა თავი, ოღონდ დაენახა, როგორი ქალი დადგა ჩემგან.

ამასობაში პირველი სერიოზული თაყვანისმცემელიც გამომიჩნდა.

_ სერიოზული რას ნიშნავს?

_ იმას, რომ ცოლობა მთხოვა, მართლა შევუყვარდი. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, ბიჭი მეზრდება, არ გავთხოვდები-მეთქი და… კვლავ შეცდომა დავუშვი. მასთან დავიწყე ურთიერთობა ისე, რომ ცოლად არ გავყევი. არ ვიცი, რატომ მოვიქეცი ასე. მეშინოდა ოჯახური ცხოვრების. ასე მეგონა, ცუდი მეუღლე ვიქნებოდი, ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა სხვაზე დამოკიდებულად, როგორ უნდა შემესრულებინა ვიღაც კაცის ბრძანებები თუ მოთხოვნები. შედეგი? სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ…

ერთხელაც მისმა მეგობარმა დაგვპატიჟა. ვეწვიეთ. საგანგებოდ გამომპრანჭა, მინდა ყველას მოეწონო, შენს გაცნობას მთხოვენო. ყველანი თბილად შეგვხვდნენ, მაგრამ… ბედისწერა იყო ალბათ… იქ მიშა დამხვდა… მის დანახვაზე თვალთ დამიბნელდა, გული თუ არ წამივიდოდა, არ მეგონა. თვითონაც დაიბნა, არ ელოდა ჩემს ნახვას. ამ ყველაფერში კი ყველაზე საინტერესო იცი რა იყო? მიშა და ის ისე გადაეხვივნენ ერთმანეთს, თითქოს გულითადი მეგობრები ყოფილიყვნენ. ჩემდა საუბედუროდ, ასეც აღმოჩნდა _ კლასელები ყოფილან. მიშა გამომელაპარაკა. მითხრა, ცოლი არ მომიყვანია, მამა პენსიაში გავიდა, დედა ავადმყოფობს, მე არ ვმუშაობ და არც არანაირი პერსპექტივა ჩანსო. ბინა გავყიდეთ და ნაგირავებში ვცხოვრობთო. ერთი სიტყვით, ფუფუნებიდან გაჭირვებაში ამოყვეს თავი. მერე მე გამომკითხა, როგორ ხარ, რას აკეთებ, ხომ არ გათხოვილხარო. არაფერი დამიმალავს. როცა ჩემი ამბავი მოვუყევი, როგორც ჩანს დაიბოღმა. ეს არ გამომპარვია, თითქოს შურით აენთო თვალები. შემეშინდა, ცხოვრება არ დამინგრიოს-მეთქი. ჩემი დებილი კი ისეთი მიამიტი აღმოჩნდა, არაფერი შეუმჩნევია.

_ რა ერქვა შენს… _ დამაინტერესა.

_ რა მნიშვნელობა აქვს, მე ის სამუდამოდ ამოვშალე ჩემი ცხოვრებიდან.

_ მაპატიე, მერე? რა მოხდა მერე?

_ ის, რაც გარდაუვალი იყო… მთელი საღამო ეკლებზე ვიჯექი, ერთი წუთითაც არ ვტოვებდი მიშასთან ჩემს, ასე ვთქვათ, საქმროს, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არ ვიცი, იმ საღამოს უთხრა ყველაფერი, თუ შემდეგ დაურეკა და ჩაუკაკლა ჩვენი ამბავი, ფაქტია, რომ მეორე დღიდანვე დაიწყო ჩვენი უთანხმოება. მიზეზს, რა თქმა უნდა, არ ასახელებდა, მაგრამ სულ აღრენილი იყო, ახლოს არ მეკარებოდა, გამუდმებით ჩხუბის მიზეზს ეძებდა. პირდაპირ ვერ მეუბნებოდა, თუმცა ერთი სული ჰქონდა, გაეწყვიტა ჩემთან ურთიერთობა. თანდათან შეხვედრებს უკლო, იშვიათად თუ დამირეკავდა მხოლოდ, მერე ტელეფონის ზარებიც შეწყდა. იცი? არც მიცდია ჩვენი ურთიერთობის გადარჩენა, ალბათ იმიტომ, რომ ისე არ მიყვარდა, როგორც უნდა უყვარდეს ქალს მამაკაცი. ასე მეგონა, თუ მიმატოვებდა, ჩემთვის დიდი დანაკარგი არ იქნებოდა, მაგრამ შევცდი.

ცოტა ხნის შემდეგ გავიგე, რომ სხვა შეირთო ცოლად. კინაღამ გავაფრინე. რას ვიფიქრებდი, ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე მისი საქციელი? შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. კვლავ დეპრესია დამეწყო. ბავშვსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას. ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა. ერთი ისღა მრჩებოდა სანუგეშოდ, რომ მისგან შვილი არ გავაჩინე.

_ მერე არ გიცდია გათხოვება?

_ მიცდია კი არა, გაგონებაც არ მინდოდა. ერთი წუთითაც არ მინატრია, გვერდით ქმარი მყოლოდა. არ ვიცი, რაღაც სხვანაირი ქალი ვარ. მამაკაცებს რომ ვაკვირდებოდი, ვხედავდი, რატომ ცდილობდნენ ჩემთან დაახლოებას. ცოლობაზე არც ფიქრობდნენ _ ზოგი იმის გამო მიწუნებდა, რომ ვაჟი მყავდა, ზოგი ამაზე თანახმაც იყო, მაგრამ რომ გაიგებდნენ, უკანონო შვილის დედა ვიყავი, მაშინვე დამდუღრულივით გამშორდებოდნენ. ჩემი წარსული აშინებდათ. მეც არ მიდარდია დიდად მარტოხელა დედობა. მშვენივრად ვართმევდი თავს უკაცო ოჯახს. ჩემს შვილს არასდროს არაფერი გაჭირვებია, არაფერი მოკლებია.

_ კი მაგრამ, საიდან გქონდა ამდენი საშუალება?

მერის სიწითლემ გადაუარა სახეზე. პასუხი დააყოვნა.

_ ვმუშაობდი, ვწვალობდი, _ თითქოს ხმაც ჩაუწყდა, თვალები სივრცეს მიაპყრო და წამიერად გაირინდა.

რაღაც არ მომეწონა…

_ შენ მე რაღაცას მიმალავ, მერი, არა? _ ოდნავ უხეშად გამომივიდა.

_ აი ასე მოვედი დღემდე, მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, _ ღრმად ამოიოხრა და ჩამქრალი თვალებით შემომაჩერდა.

_ არის კიდეც რაღაც, რასაც არ ამბობ. მითხარი, მინდა ყველაფერი ვიცოდე. ჩვენს ურთიერთობაში ეს არაფერს შეცვლის, _ ვცადე, ტონი შემერბილებინა.

_ სულ ეგ იყო. ახლა მეჩქარება, წავედით, _ თქვა და წამოდგა.

თითქოს უბრად დავშორდით ერთმანეთს. უცნაური გრძნობა დამეუფლა. არ მესიამოვნა, ბოლომდე გულახდილი რომ არ იყო ჩემთან. არც იყო გასაკვირი, ან კი რატომ უნდა გადაეშალა გული, მისი სასიყვარულო თავგადასავლები ხომ მისი საიდუმლო იყო, რა უფლება მქონდა, ყველაფერი მცოდნოდა, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ ვიგრძენი, რომ მასთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში… რატომღაც განვიხიბლე. არ მიყვარს საიდუმლოებით მოცული ადამიანი, მით უმეტეს _ ახლობელი.

7 7 7

მერის წარსული სულს მიფორიაქებდა. სიგიჟემდე მინდოდა გამეგო, რას მიმალავდა, მაგრამ ვიცოდი, ამის მიღწევა ადვილი არ იყო. არადა, გული მიგრძნობდა, რაღაც ძალზე სერიოზული და ძალზე უსიამოვნო ამბები იმალებოდა მისი წარსულის ფურცლებში. როგორ მაინტერესებდა… ამაზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა, თითქოს მძიმე ლოდი დამაწვა გულზე. არა უშავს, ოდესმე სადმე რამე ამოტივტივდება. თბილისი პატარაა, არაფერი დაიმალება. ვნახოთ, დავაიმედე საკუთარი თავი და გადავწყვიტე, დროებით დამევიწყებინა მერი და მასზე აკვიატებული აზრები, რადგან ამასობაში დინა დამრჩა განზე, მოაკლდა ჩემი ყურადღება, სითბოც და მზრუნველობაც.

დიდი ძალისხმევა დამჭირდა დინას შემოსარიგებლად. ნელ-ნელა «შევაპარე». ბავშვთან ერთად ხან ზოოპარკში წავიყვანე, ხან ქალაქგარეთ გავასეირნე, მერე რაღაც-რაღაცები ვუყიდე და, ბოლოს, როგორ იქნა, «მოიხედა» ჩემკენ. წყენამ ძნელად, მაგრამ მაინც გადაუარა. მეც არ დავაყოვნე და როცა ძველებურად გამხიარულდა, მაშინვე სამსახურზე ჩამოვუგდე ლაპარაკი, ძალიან მინდოდა მასაჟისტად დაეწყო მუშაობა. ამ ამბავს დიდი ოვაციებით არ შეხვედრია, მაგრამ უარიც ვერ გამიბედა. ვხვდებოდი, გაფრენილ ტყვიასავით ეშინოდა ჩემი დაკარგვის. გადავწყვიტე, დედაჩემი და გიორგი კიკეთში ამეყვანა ერთი თვით დასასვენებლად, სანამ ზაფხული ჩამთავრდებოდა და სკოლის პერიოდი მოვიდოდა. იქამდე დინა ბედს ცდიდა, ერთ თვეში გამოჩნდებოდა, გამოვიდოდა ამ საქმიდან რამე თუ არა.

_ ონ სასკუჩიტსია ბეზ მენია, _ სევდიანად მითხრა.

_ არა უშავს, ორივენი ავალთ და მოვინახულებთ, _ დავამშვიდე.

_ კაკ სკაზეშ, _ მხრები აიჩეჩა.

ასეც მოვიქეცი, მაგრამ გიორგის დაყოლიება გამიჭირდა. დინასთან მინდაო, ჭირვეულობდა ბავშვი. ტყუილების თქმამ მომიწია. დინა დეიდა ავად არის, უნდა იმკურნალოს, ექიმთან უნდა იაროს, ამიტომ ცოტა ხნით ბებოსთან ერთად მოგიწევს დასვენება-მეთქი. შევპირდი, ხშირა-ხშირად ვივლით და გნახავთ-მეთქი. ძლივს დავითანხმე.

კიკეთში ყველა ერთად წავედით. იქ ბევრი ნაცნობი მყავდა, ლიზიკოც, ჩემი დაც და დედაჩემიც ხშირად ისვენებდნენ, ამიტომ კარგი ბინის მოძებნა არ გამჭირვებია. ერთადერთი, რამაც დამამძიმა, ჩემი და დინას უკან დაბრუნება იყო. უნდა გენახათ დედა-შვილის დამშვიდობების სცენა. გიორგი ისე შემოეხვია დინას, ისე ჩაეხუტა, გული დამეთუთქა… ბავშვი ატირებული დავტოვეთ… თბილისამდე ისე ჩამოვედით, ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია. დინაც ტიროდა… რა უნდა მეღონა? სახლში შევედით თუ არა, მხოლოდ მაშინ მივიღე ზომები. რამდენი ხანია, ამ ქალს წესიერად არ მოვფერებივარ. არც თვითონ მიკარებდა და მეც სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული. თითქოს გავუცხოვდით ბოლო ხანებში. ახლა კი შანსი მომეცა, ამენაზღაურებინა დანაკლისი. ტანსაცმლის გამოცვლაც არ ვაცალე, მაჯაში ჩავავლე ხელი, ჩემკენ მოვიზიდე და… მის სხეულზე «დავიდე ბინა», სხეულზე, რომელმაც ჩემი შეხებისთანავე თრთოლა დაიწყო…

7 7 7

ორშაბათ დილით ლელას სალონს მივადექით. ქალმა თავაზიანად მიგვიღო.

_ აი ეს ქალბატონი გახლავთ ის მასაჟისტი, მე რომ გიყვებოდით, დინა ჰქვია, _ ქალები ერთმანეთს გავაცანი.

_ სასიამოვნოა. კარგა ხანია გელოდებით, რატომ დაგაგვიანდათ? _ ღიმილით გადმოგვხედა.

_ გადაუდებელი საქმეები მქონდა და აქამდე ვერ მოვიცალე, იმედია, მაპატიებთ, _ მოვუბოდიშე ლელას.

დავსხედით და მოვილაპარაკეთ. მე რეკლამა უნდა გამეკეთებინა პრესასა და ტელევიზიაში კლიენტების მოსაზიდად და როგორც კი მსურველი გამოჩნდებოდა, ლელა მაშინვე დამირეკავდა. შევთანხმდით. კარგ ხასიათზე დავდექი. იქიდან პირდაპირ «სიტყვა და საქმის» რედაქციას მივადექი განცხადების მისაცემად. ისეთი ტექსტი «გავაშანშალე», რეკლამის ნებისმიერ შემკვეთს შეშურდებოდა. დინა მანქანაში გახევებული იჯდა. აშკარად არ სიამოვნებდა ახალი სამსახური.

_ დინა, რატომ ხარ უხასიათოდ, ხომ არ გეშინია? _ მხარზე გადავდე ხელი.

_ ნეტ, _ ცივად მომიჭრა.

_ აბა რა გჭირს?

_ ნიჩევო.

_ ვნახოთ, რა გამოვა, თუ არადა, შენი ნება არ არის? მიატოვებ და ეგ იქნება, _ გავამხნევე.

პასუხი არ გამცა.

_ მე შენთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს, გესმის?

_ მესმის, _ გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა.

_ აბა რატომ ბრაზობ?

_ და ტაკ.

_ გსიამოვნებს, როცა მებუტები?

_ ტი კაკ დუმაეშ?

_ მგონი გსიამოვნებს.

_ დუმაი, კაკ ხოჩეშ.

_ დინა, იქნებ გამაგებინო, რატომ არ გინდა ამის გაკეთება? _ მანქანა გავაჩერე და შევხედე.

_ ზაბილა ია ვსიო. ი პატომ, ია ნე ლუბლუ ეტა დელა. ბაიუს, გაიგე? _ ისეთი ტონით მითხრა, გავოცდი. ხმააწეული და პრეტენზიული დინა პირველად ვნახე.

თან მეცინებოდა, თან გაკვირვებას ვერ ვმალავდი.

_ არ გინდა სარკეში ჩაიხედო? ახლა სულ სხვა ქალი ხარ, განრისხებული და გააფთრებული.

_ ეს არ ვიცი რა არის.

_ ჩაიხედე სარკეში და მიხვდები, _ სიცილი ვეღარ შევიკავე.

_ არ მინდა.

_ სულელი გოგო ხარ, პატარა ველური, რომელიც ვერა და ვერ მოვარჯულე, _ მისკენ გადავიხარე და ლოყაზე ვნებიანად ვაკოცე.

სიამოვნების ტალღამ გადაუარა სახეზე. თვალები წამით მილულა და გაყუჩდა. ძალიან ლამაზი იყო, მსიამოვნებდა მისი ყურება.

_ დინა, _ ჩუმად დავუძახე.

_ ჩტო? _ შემომხედა.

_ მინდა მოგეფერო, _ ჩურჩულზე გადავედი.

_ სეიჩას?

_ ახლავე, ამწუთას. შენ არ გინდა?

_ ტი ჩტო, ს უმა საშიოლ?

_ შენც გინდა. იცი, როგორ აგემღვრა თვალები?

_ გლუპა ვსიო ეტა. მი ჟე ნა ულიცე.

_ მერე რა? ვისი რა საქმეა, მე ჩემს კალდუნიას როდის და სად მოვეფერები? _ ყელზე მოვხვიე ხელი და მკერდისკენ ჩავუცურე.

_ მერაბ, ნე ნადა! _ შეშფოთდა დინა.

_ მოდი ჩემთან, ერთხელ გაკოცებ, მხოლოდ ერთხელ, _ ვნებამორეულმა მკლავზე გადმოვიწვინე და მკერდზე დავეკონე.

რამდენიმე წამის განმავლობაში თითქოს მიძალიანდებოდა, მაგრამ მერე მოეშვა, მოდუნდა და ტუჩებით ჩემს ტუჩებს დაუწყო ძებნა. კარგა ხანს ვერ მოვწყდით ერთმანეთს. მაგიჟებდა მისი ბაგეების მხურვალება, მისი სავსე მკერდი… დროზე შევიკავე თავი, ქუჩაში სისულელე არ ჩამედინა.

_ წავედით სახლში, მეტის მოთმენა არ შემიძლია, _ დამნაშავესავთი გავუღიმე და სავარძელში გავსწორდი.

_ ნასტაიაშჩი გიჟი ხარ, _ დინაც გასწორდა და თმაზე გადაისვა ხელი.

მანქანა დავძარი. მთელი სხეული მიხურდა. ისე მინდოდა ახლა დინასთან ინტიმური სიახლოვე, როგორც არასდროს, თითქოს პირველად ვეხებოდი მის სხეულს. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება ჩქარა მივსულიყავით შინ, რათა კიდევ ერთხელ განმეცადა მასთან სექსის სიამოვნება…

7 7 7

რეკლამები გასულიც არ მეგონა, ლელამ რომ დამირეკა, დინა ხვალვე გამოვიდეს სამსახურშიო. ეს კარგად მენიშნა. როგორც ჩანს, დაინტერესდა ხალხი. მეორე დილით, თერთმეტზე უკვე სალონში ვიყავით. სამმა კაცმა დარეკა, ორი საათის მონაცვლეობით დავიბარეო, მახარა ლელამ. დინა მხრებაწურული საწყალობლად გამოიყურებოდა.

_ გინდა მეც დავრჩე? _ ვკითხე.

_ ნე ნადა, იდი. სპრავლიუს ია, _ თავდაჯერებულად მითხრა.

_ კარგი. რომელზე მოვიდე?

_ ხუთისთვის მოაკითხეთ, იქამდე ალბათ ვერ გათავისუფლდება, _ დინას მაგივრად ლელამ მიპასუხა.

უსიტყვოდ გამოვტრიალდი. თან გული მეთანაღრებოდა, მარტო რომ ვტოვებდი, მაგრამ დინას ისე ეჭირა თავი, მივხვდი, არ გაუძნელდებოდა. როგორც ჩანს, ბევრი იფიქრა წინა დღეებში და ფსიქოლოგიურად მოემზადა ამისთვის, გაიხსენა «ძველი ხელობა» და შიშიც დაძლია.

საღამომდე ნიკუშასთან გადავწყვიტე შევლა, ცარიელ სახლში რა გამაჩერებდა. ის იყო, რესტორანს მივუახლოვდი, რომ მობილურმა დარეკა. ნომერს დავხედე და… მერი იყო. დავიძაბე. ზარი გავთიშე და თავად დავურეკე.

_ გისმენ, მერი.

_ სადა ხარ? _ ნაზად გაისმა მისი ხმა.

_ გზაში. რა იყო?

_ ნახვა მინდა შენი, გცალია?

_ მცალია. სახლში ხარ?

_ ჰო.

_ ახლავე გამოგივლი, _ ტელეფონი გავთიშე და სიჩქარეს მოვუმატე. რაღაც ძალა ანდამატივით მიზიდავდა მისკენ. რა უნდა, რისთვის მიხმობს?

პატარა ბიჭივით ავირბინე საფეხურები. კარი შეღებული დამხვდა.

_ ჩაკეტე, რა, _ ოთახის სიღრმიდან გაისმა ქალის ხმა. კიდევ უფრო დავიძაბე. ვიცოდი, რაღაც აუცილებლად მოხდებოდა.

გასაღები გადავატრიალე და მერის ხმას მივყევი. საძინებლის ზღურბლზე შევდექი და ოთახში შევიხედე… იგი საწოლზე პერანგისამარა იჯდა, თითქოს დენმა დამიარა სხეულში.

_ მოდი, _ ჩურჩულით თქვა და მარცხენა ხელი წრიულად აამოძრავა მოშიშვლებულ ქათქათა მკერდზე.

მუხლები მომეკვეთა. ცივმა ოფლმა დამასხა მოულოდნელობისგან. გონება უკან მეწეოდა, სხეული _ წინ. ბოლოს მეორემ აჯობა… სხეული აღარ მემორჩილებოდა. ალბათ ნახტომი თუ გავაკეთე, ისე უცებ აღმოვჩნდი საწოლთან, ყველა და ყველაფერი დამავიწყდა. დახარბებულივით დავეძგერე ქალს და ლოგინზე მივაწვინე. მისი ხმამაღალი სუნთქვა და კვნესა გონებას მირევდა. ერთი წამიც და მერის შიშველი სხეული ჩემს კლავებში დაიკლაკნა…

…როცა ვნება დაცხრა, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, ვიჩქარე. ქალის უნახავივით მოვიქეცი. რა მემართება? ქალთან ვისიყვარულე და… სიამოვნება ვერ განვიცადე, ვნებისგან დავიცალე მხოლოდ. სიცარიელე დამრჩა. ეს მხოლოდ ხორციელი ლტოლვა იყო და მეტი არაფერი… ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა ქალთან სექსის მერე სინანული ვიგრძენი, მწარე სინანული. რატომ? ძნელი სათქმელი იყო, პასუხს ვერ ვპოულობდი. ამის ახსნა არ შემეძლო. იქნებ სხვა რამეს ველოდი? არ ვიცი. არადა… საოცარი იყო ლოგინში _ ვნებიანი, გამოცდილი, თამამი, სრულიად უკომპლექსო, მე ვიტყოდი _ უსირცხვილოც კი, თუ შეიძლება ამისთანა რამე ითქვას. საიდან ამხელა სექსუალური გამოცდილება? უცხო ქალი რომ ყოფილიყო, შეიძლება უდიდესი ნეტარებაც მეგრძნო, მაგრამ ეს მერი იყო, მერი, რომლისგანაც ამას არ ველოდი. იგი კიდევ უფრო იდუმალი გახდა ჩემს თვალში.

გაგრძელება იქნება