"45 წლის წინ ჩემი ცხოვრება ფსკერისკენ მიექანებოდა; იმ დროს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა - "სიცოცხლე გსურს თუ სიკვდილი"? ალბათ, მიხვდით, რომ სიცოცხლე ავირჩიე, მოგვიანებით შვება ვიგრძენი და ცხოვრება მშვენიერი გახდა” - მსოფლიო ვარსკვლავის, ენტონი ჰოპკინსის ცხოვრების უცნობი დეტალები - Marao

"45 წლის წინ ჩემი ცხოვრება ფსკერისკენ მიექანებოდა; იმ დროს საკუთარ თავს დავუსვი კითხვა - "სიცოცხლე გსურს თუ სიკვდილი"? ალბათ, მიხვდით, რომ სიცოცხლე ავირჩიე, მოგვიანებით შვება ვიგრძენი და ცხოვრება მშვენიერი გახდა” - მსოფლიო ვარსკვლავის, ენტონი ჰოპკინსის ცხოვრების უცნობი დეტალები

2023-06-09 12:43:34+04:00

ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არცთუ ბევრია ისეთი ლეგენდარული მსახიობი, როგორიც ენტონი ჰოპკინსია. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და რეჟისორი ლეგენდად სიცოცხლეში იქცა. მსახიობმა საკმაოდ რთული გზა გაიარა იქამდე, ვიდრე პოპულარული გახდებოდა.

ბავშვობა

მომავალი ვარსკვლავი უელსში 1937 წლის 31 დეკემბერს დაიბადა. მშობლები - რიჩარდ არტური და მიურიელ ენი, საცხობს ფლობდნენ. თავდაპირველად ენტონი სახლში იღებდა განათლებას, ბოლოს კი, 12 წლის ასაკში, მშობლების მოთხოვნას დაემორჩილა და სკოლაში წავიდა. თუმცა, უელსის Jones' West Monmouth-ის ვაჟთა სკოლაში ახალგაზრდა ჰოპკინსი მხოლოდ 2,5 წელი სწავლობდა, დისლექსიის გამო მას პრობლემები ჰქონდა.

დისლექსიის გამო ჰოპკინსმა გადაწყვიტა, რომ ხელოვნების სფერო აერჩია, კარგად ხატავდა და ფორტეპიანოზეც უკრავდა, თუმცა მოგვიანებით, 1952 წელს, მან ცნობილი მსახიობი რიჩარდ ბერტონი გაიცნო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მსახიობობა.

 ბერტონმა ბიჭი დაარწმუნა, რომ შეძლებდა მსახიობობას და ენტონიმ 1957 წელს უელსის მუსიკისა და დრამის კოლეჯში ჩააბარა, რომელიც წარმატებით დაასრულა. კოლეჯის შემდეგ ის დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებშიც მსახურობდა. ამის მერე ის საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და დრამატურგიული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა.

მსახიობის დიპლომი რომ მიიღო, ის ჯერ ლონდონში, პატარა თეატრში, შემდეგ კი - ეროვნული სამეფო თეატრის სცენაზე თამაშობდა. ამ პერიოდში ჰოპკინსი კინოში ეპიზოდურ როლებსაც ასრულებდა, პირველი წარმატებული ფილმი კი არის „ლომი ზამთარში“, რომელიც 1969 წელს იხილა მაყურებელმა. მასთან ერთად ფილმში თამაშობდნენ პიტერ ო'ტული, კატრინ ჰეპბერნი და ტიმოთი დალტონი. ფილმმა 3 "ოსკარი", 2 „ოქროს გლობუსი“ და ბრიტანული კინოაკადემიის 2 პრემია მიიღო.

1970-იან წლებში მსახიობმა კარგი შემოთავაზება მიიღო, მან ფილმში When Eight Bells Toll მთავარი როლი შეასრულა, შემდეგ კი პიერ ბეზუხოვის როლი შეასრულა სერიალში „ომი და მშვიდობა“. ამ როლისთვის ჰოპკინსმა BAFTA-ს პრემია მიიღო. პროექტს ლევ ტოლსტოის ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაციად მიიჩნევდნენ.

მსახიობმა უდიდეს წარმატებას 1990-იან წლებში ჰანიბალ ლექტერის პერსონაჟის განსახიერებით მიაღწია ფილმში - „კრავთა დუმილი“. ფილმმა მსახიობს პირველი "ოსკარიც" მოუტანა, ჰოპკინსმა მიიღო კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მამაკაცის საუკეთესო როლისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე ხანმოკლე შესრულება, რომელმაც "ოსკარი" მიიღო. ჰოპკინსი ეკრანზე მხოლოდ 16 წუთის განმავლობაში გამოჩნდა. მოგვიანებით მან ხელახლა განასახიერა ლექტერი ფილმებში „ჰანიბალი” და „წითელი დრაკონი“.

წაიკითხეთ სრულად