"ცრემლი გამიშრა, ზოგჯერ მინდა, ვიტირო და ვეღარ ვტირი... დედა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა, ზოგჯერ თითქოს მისი ხმაც ჩამესმის..." - თიკა მახალდიანი - Marao

"ცრემლი გამიშრა, ზოგჯერ მინდა, ვიტირო და ვეღარ ვტირი... დედა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა, ზოგჯერ თითქოს მისი ხმაც ჩამესმის..." - თიკა მახალდიანი

2023-06-09 15:39:45+04:00

"მაკვირვებენ ადამიანები, რომლებიც ყველას ემტერებიან. ხასიათში სიცივე, ბოღმა და შური რომ აქვთ, ასეთებთან ვერაფრით ვიმეგობრებ", - ამბობს მომღერალი თიკა მახალდიანი. რას ამბობენ მასზე, რა ვერ ისწავლა დღემდე, რის გამო იღებს საყვედურს მეუღლისგან, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში, რა არის მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება და რა ფობია აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

 

- დაბადების თარიღი...

- ...1989 წლის 14 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი ან მომღერალი, საბოლოოდ კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. პროფესიით არასდროს მიმუშავია. ძალიან საინტერესო საქმეა, მაგრამ ამ სფეროში ჩემი თავი ვერ დავინახე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ მიმნდობი და ალალი ადამიანი.

- მართლა ასეა?

- ასეა და არ ვთვლი, რომ ეს კარგია. ხშირ შემთხვევაში, ჩემი ეს ხასიათი მაზარალებს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ალბათ მეტად გაბედული და მიმწოლი ვიქნებოდი.

- უფრო თამამი რომ ყოფილიყავი, დღეს შენი რეალობა ბევრად განსხვავებული იქნებოდა?

- რა თქმა უნდა, უფრო თამამი რომ ვყოფილიყავი, მეტად რეალიზებული ვიქნებოდი. საკუთარ თავში ამის პოტენციალს ნამდვილად ვხედავ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 12 წლის ასაკში, როდესაც ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე და გრან-პრი ავიღე. პატარა ვიყავი, მაგრამ ამ წარმატების გაცნობიერება არ გამჭირვებია. ძალიან, ძალიან დიდი სიხარულით და ბედნიერებით სავსე ვიყავი.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. დედა იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა. დღეს რომ ვმღერი, მისი დამსახურებაა. უნდოდა სცენაზე ვმდგარიყავი და სულ ცდილობდა, ჩემთვის მაქსიმუმი გაეკეთებინა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს კირა.

- გაგვაცანი, კირა როგორი გოგოა? ხასიათით გგავს?

- კირა უკვე 5 წლის არის, ჩემზე გაცილებით ძლიერია და ყოველთვის იმას აღწევს, რაც უნდა - მე ეს ძალიან მომწონს. მიხარია, ჩემს შვილს მებრძოლი ხასიათი რომ აქვს.

- მღერის?

- სმენა აქვს, მაგრამ ჯერ პატარაა და ვნახოთ, მომავალში რა და როგორ იქნება.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი ხმა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...დავეხმარო ადამიანებს.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მიმტევებელი ვარ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ მალე ვმშვიდდები.

- ეს "აფეთქება" ხანგრძლივი მოთმინების მერე ხდება თუ...

- ასეც ხდება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში - წამიერად.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ძალიან ბევრი რამ. საერთოდ მგონია, რომ იმისთვის ვართ დაბადებულები, შეცდომა დავუშვათ და გავიზარდოთ.

- პატიება შემიძლია, თუ...

- მარტივად შემიძლია. როცა რაღაც მწყინს, მირჩევნია, ის თემა იმ ადამიანთან განვიხილო. ვუთხრა, რომ მეწყინა და გულში არ ჩავიტოვო.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ოპტიმისტი ვარ. წარმომიდგენია, წლების შემდეგ (როგორც ახლა) ვიქნები ბედნიერი, მეტად წარმატებული; კირა დიდი გოგო იქნება და მინდა მისი ბედნიერებით, წარმატებითაც გავიხარო.

- ვიბნევი...

- ...და მერიდება, როცა კომპლიმენტს მეუბნებიან. პროფესიაში დაბნეულობა ნაკლებად მაქვს. რაც უნდა მოხდეს, სცენაზე არ ვიბნევი.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი (ეს ვის არ უნდა).

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას. ამ დროს მემართება ეს "აფეთქებები". საშინელებაა, როცა შენს სიმართლეს ვერ ამტკიცებ.

- როდესაც ქუჩაში ვინმეს ჩაგვრის, ბულინგის ან უსამართლობის სხვა ფაქტს შეესწრები, შეგიძლია მიხვიდე, ჩაერიო?

- რა თქმა უნდა, ამ დროს მოსალოდნელ უსიამოვნებაზე არ ვფიქრობ. მსგავს ფაქტებზე თვალს ვერაფრით დავხუჭავ. მერე რა, რომ იმ ადამიანს არ ვიცნობ.

- მეზარება...

- ...დიასახლისობა. დამხმარე მყავს, მაგრამ ყოველდღე - არა, ბევრი რამ მაინც ჩემი საკეთებელია.

- სიყვარული ეს...

- ...არის აღმაფრენა. რომ ამბობენ, მივეჩვიეო, ჩემი აზრით, ეს სიყვარული აღარ არის, სიყვარული მიჩვევაში არ უნდა გადავიდეს. სულ აღმაფრენა უნდა გქონდეს, სულ თვალები გიბრწყინავდეს, ბედნიერი იყო, ჟრუანტელი გივლიდეს, მუცელში პეპლები დაფრინავდნენ...გაგრძელება