ადრიანა მანუელა ელინეკი 1889 წელს დაიბადა ავსტრიელი ებრაელის ოჯახში. დედა მას მოფერებით მერსედესს ეძახდა, რაც ლათინურად გულმოწყალეს, კეთილშობილს ნიშნავს.
ადრიანას დედა რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა მაროკოში, ებრაულ დიასპორაში და დაახლოებული იყო ესპანურ საზოგადოებასთან, შესაბამისად, მან საკმაოდ კარგად იცოდა ესპანური ენა და ძალიან მოსწონდა სახელი მერსედესი. ამიტომ მეორე სახელად თავის პირმშოს მან მერსედესი დაარქვა. გოგონა პატარაობიდანვე გატაცებული იყო სიმღერით და ცეკვით და მას, მამისაგან განსხვავებით, ავტომობილების მიმართ დიდი ინტერესი არასოდეს გამოუვლენია.
მერსედესის მამა, ემილ ელინეკი, ავსტრიაში ცნობილი მეწარმე და დიპლომატი იყო. ბედის განგებით, 1890-იან წლებში მან გაიცნო ინჟინერი, კონსტრუქტორი და მანქანათმშენებელი გოტლიბ დაიმლერი და ავტოკონსტრუქტორი ვილჰელმ მაიბახი. ემილი გამჭრიახი ადამიანი იყო.
მაიბახის და დაიმლერის მიერ კონსტრუირებულ ''თვითმოძრავ ეტლში'' მან კარგი ბიზნესის საფუძველი დაინახა და მოახერხა ისე, რომ ეს პირველი ავტომობილები სარფიანად გაყიდულიყო ნიცაში.
აი ასე გახდა ემილ ელინეკი კომპანია "დაიმლერის" ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში. მას თავადაც ძალიან მოსწონდა ეს ავტომობილი, ამიტომ ერთ-ერთ პირველ საავტომობილო რბოლაშიც კი მიიღო მონაწილეობა "დაიმლერის" ავტომანქანით, მაგრამ რადგან ელინეკი ამ დროს ავსტრია-უნგრეთის ელჩი გახლდათ საფრანგეთში, აღნიშნული თანამდებობა მას არ აძლევდა უფლებას, ზემოთ ხსენებულ შეჯიბრებებში მიეღო მონაწილეობა, ამიტომ რბოლაში ის გამოდიოდა ფსევდონიმით "მუსიე მერსედესი". ეს იყო არა მარტო მანქანის გამოცდა, არამედ ეშმაკური მარკეტინგული სვლა: ფრანგები ძალიან დაინტერედნენ დაიმლერის მანქანებით.
გაგრძელება იქნება