შტეფან ცვაიგის და მისი ორი ცოლის, ფრედერიკას და შარლოტას ტრაგიკული სასიყვარულო სამკუთხედი - Marao

შტეფან ცვაიგის და მისი ორი ცოლის, ფრედერიკას და შარლოტას ტრაგიკული სასიყვარულო სამკუთხედი

2023-06-16 20:49:49+04:00

შტეფან ცვაიგმა კარიერა ჯერ კიდევ ვენის უნივერსიტეტის სტუდენტობისას დაიწყო. შესანიშნავმა განათლებამ, საუკეთესო მასწავლებლებმა და ინტელექტუალური ევროპული ოჯახის თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობებმა ახალგაზრდა შტეფანს თითქმის ყველა გზა გაუხსნა. 

ცვაიგი თავის პირველ მეუღლეს, ფრედერიკას, 1910-იანი წლების ბოლოს, ერთ-ერთ  კონცერტზე შეხვდა. იმ დროს, სადაზღვევო კომპანიის მფლობელის ქალიშვილი, 26 წლის ფრედერიკა, ავსტრიელ ჩინოვნიკზე იყო დაქორწინებული და ორი შვილი ჰყავდა. პირველი შეხვედრის შემდეგ, მან ცვაიგს წერილი მისწერა და მისი ნიჭი შეაქო. პასუხიც მალე მიიღო და მიმოწერაც დაიწყო. საბოლოოდ, ახალგაზრდებმა შეხვედრა გადაწყვიტეს. „საინტერესო საუბარი დელიკატური გემოვნების ჭკვიან ქალთან. ალბათ, ეს არის ყველაზე სათუთი არსება, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ“ - წერდა მაშინ ცვაიგი თავის დღიურში. მაგრამ აშკარა ორმხრივი სიმპათიის მიუხედავად, ფრედერიკასა და შტეფანს სასიყვარულო ურთიერთობა არ დაუწყიათ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ფრედერიკა ჯერ კიდევ გათხოვილი იყო. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ისინი ყოველდღიურად აგრძელებდნენ ერთმანეთისთვის წერილების გაგზავნას და რაც ყველაზე საინტერესოა ცვაიგი მას თავისი რომანტიკული თავგადასავლებს შესახებ უყვებოდა. ეს ყველაფერი ფრედერიკას ქმრის ღალატსაც დაემთხვა, რამაც განქორწინება გამოიწვია. ამ გარემოებამ შესაძლებელი გახადა ცვაიგთან ქორწინება. 1920 წელს შეყვარებულები დაინიშნნენ.

შტეფანმა გადაწყვიტა ოჯახი ზალცბურგში დასახლებულიყო, სადაც ცოლისთვის დიდი ვილა იყიდა. მეორე მსოფლიო ომამდე ისინი ხშირად მასპინძლობდნენ თავიანთი დროის ყველაზე ცნობილ ადამიანებს. ცვაიგები მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი წყვილი იყო. 

რაღაც მომენტში სტეფანი დეპრესიული გახდა. საომარმა განწყობილებამ, რომელმაც  ევროპა მოიცვა, აიძულა ცვაიგი ლონდონში გადასულიყო. ფრედერიკა, რა თქმა უნდა, ქმარს გაჰყვა. მაგრამ ყოველთვის სტეფანთან ყოფნა არ შეეძლო - მისი შვილები ავსტრიაში ცხოვრობდნენ. 

იმისათვის, რომ ქმარი მარტო არ დაეტოვებინა, მან ახალგაზრდა დამხმარე შარლოტა დაიქირავა. შტეფანი გოგონას მაშინვე დაუმეგობრდა. მალე კი მათ შორის რომანი დაიწყო. ერთ დღეს ფრედერიკამ ქმარი შარლოტას მკლავებში იპოვა. 20 წლიანი ბედნიერი ქორწინება დასრულდა.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში მწერალი ორ ქალს შორის არჩევანის გაკეთებას ცდილობდა: ფრედერიკა მისი ცხოვრების სიყვარული, პარტნიორი და, გარკვეული გაგებით, ოჯახის ძალა იყო. 26 წლის შარლოტა ყველა სურვილს უსრულებდა, მორჩილად უსმენდა როცა ლაპარაკობდა და დუმდა, როცა ცვაიგს მარტო ყოფნა სურდა. საბოლოოდ, ფრედერიკას დაშორდა და ერთი წლის შემდეგ შარლოტაზე დაქორწინება გადაწყვიტა. 

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ საბოლოოდ გააუარესა ცვაიგის ფსიქიკური მდგომარეობა. ყველაფერმა, რისიც სჯეროდა, აზრი დაკარგა. 

არ სურდა ომის ეპიცენტრში დარჩენა და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში გაემგზავრა, მაგრამ იქაც უჭირდა ხმაურიანი ქალაქის რიტმში ცხოვრება. სიმშვიდისთვის მწერალი ბრაზილიის პატარა ქალაქ პეტროპოლისში დასახლდა, იქ ბუნებით და ხალხის არყოფნით ტკბებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თაყვანისმცემლები რეგულარულად უტოვებდნენ თაიგულებს სახლის ჭიშკართან. ზოგიერთი მეგობარი სამხრეთ ამერიკაშიც კი გაფრინდა მის სანახავად. შარლოტა ხვდებოდა, რომ მისი ქმარი ევროპაში მიმდინარე ომს ძალიან განიცდიდა...

1942 წლის 22 თებერვალს ცვაიგმა ფრედერიკას გამოსამშვიდობებელი წერილი მისწერა. იმავე დღეს, საღამოს, შარლოტასთან ერთად საძილე აბების ლეტალური დოზა მიიღო. 

რეჟიმი, რომელსაც მწერალი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ბრაზილიაში გაექცა, მისი გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდა.