მდიდარი, მაგრამ უბედური ბავშვობა
გრეის კელი 1929 წლის 12 ნოემბერს, ფილადელფიაში დაიბადა. მისი მამა, ჯონ ბრენდან კელი, ნიჩბოსნობის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო.
ჯონი უპირატესობას ყოველთვის უფროს ქალიშვილს, პეგის ანიჭებდა: „ყოველთვის ერთმანეთს ვეჯიბრებოდით მისი სიყვარულისთვის”, - იხსენებდა გრეისი. დედა ფიზიკური დასჯის მომხრე იყო. შემდგომში ნათესავებმა შენიშნეს, რომ თავად მსახიობი ბავშვებს ურტყამდა.
გრეის კელიმ სცენაზე გამოსვლა სკოლის წლებში დაიწყო. გარდა ამისა, ბალეტს სწავლობდა, მაგრამ ამისთვის ზედმეტად მაღალი იყო.
მოდელობა და ბროდვეი
ფასდაუდებელი დახმარება გაუწიეს მამის ძმებმა: მსახიობმა უოლტერმა და სცენარისტმა ჯორჯმა. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ. მიუხედავად ამისა, გრეისი ოჯახის წინააღმდეგ წავიდა და დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხა.
ამის შემდეგ მშობლებმა მას ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტეს, გრეისმა კი თანხის გამომუშავებისთვის მოდელობა დაიწყო. ოჯახთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა, მას შემდეგ, რაც რომანი ებრაელ მსახიობთან გააბა.
კელის ფილმებში თამაში სურდა, მაგრამ კარიერა ბროდვეიზე დაიწყო. მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სპექტაკლში. ბოლოს მიხვდა, რომ მისი მაღალი ხმა სცენიდან არცთუ ისე კარგად ჟღერდა.
ალფრედ ჰიჩკოკის მუზა
გრეისმა ალფრედ ჰიჩკოკის სამ ფილმში მიიღო მონაწილეობა. ჰიჩკოკი მისი მენტორი გახდა. კინომსახიობის კარიერა მხოლოდ შვიდი წელი გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში გრეის კელიმ ორი "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის" ჯილდოს მოპოვება მოახერხა.
პრინცესა
1956 წელს გრეისი მონაკოს პრინც რენიე III-ზე დაქორწინდა. გაზეთებმა ცერემონიას საუკუნის ქორწილი უწოდეს. ქორწილი მონაკოში გაიმართა, რომელსაც 600 სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის, კერი გრანტი და არისტოტელე ონასისი, ტორტი კი 90 კილოგრამს იწონიდა.
გრეისი არ აპირებდა კარიერის დათმობას ქორწილის შემდეგ: ”მე წავიკითხე რამდენიმე ახალი სცენარი, ავირჩიე საუკეთესოები, არ ვაპირებ წასვლას”, - თქვა მან ცერემონიამდე რამდენიმე თვით ადრე.
მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა, ქორწილის შემდეგ გრეის კელის მონაწილეობით ფილმების მონაკოში ჩვენება აიკრძალა.
ტრაგედია
1982 წლის 13 სექტემბერს გრეისი ქალიშვილ სტეფანისთან ერთად პარიზში მიდიოდა. მკვეთრი შემობრუნებისას მანქანა გზიდან გადავიდა და მთიდან გადავარდა. სტეფანიმ მცირე დაზიანებები მიიღო, გრეისი კი მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მონაკოს პრინცესა 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.