ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სულ ცოტა ხნის წინ ამერიკა აალაპარაკა, როცა გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც პროექტ „ამერიკის ვარსკვლავში“ დიდ წარმატებას მიაღწია. ნუცა ჟიურის წევრების ფავორიტიც გახდა, ბოლო ეტაპზე Top-12 მონაწილეს შორის ქართველი შემსრულებელი სწორედ მათ გადაიყვანეს, თუმცა ათეულში მოსახვედრად მას ხმები არ ეყო და პროექტს გამოეთიშა.
ამჯერად ნუცა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ლაიონელ რიჩისთან ურთიერთობაზე საუბრობს:
„საქართველო მას ძალიან უყვარს, ნუცამ შეაყვარა. მსგავსი იდეა მაქვს, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ და კონცერტი გავმართოთ ერთად. ეს იდეა ჯერ თავში მაქვს და არავისთვის მითქვამს. ძალიან კეთილშობილი და საყვარელი ადამიანია. სულ მეუბნებოდა და ბოლოსაც მითხრა, რომ ყველაფერში დამეხმარება, რაც უნდა დამჭირდეს…“ - ამბობს ნუცა.