რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.
რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.
რუსკა მაყაშვილი დაქორწინებულია სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე. წყვილმა ოფიციალურად 8 წლის წინ იქორწინა და მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ. როგორც რუსკა ამბობს, მის მეუღლეს კამერებთან გამოჩენა არ უყვარს, თუმცა შვილების ფოტოებსა თუ ვიდეოებს ის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს. რუსკა მაყაშვილი ყოველთვის აღნიშნავს, რომ ორივე ბავშვს ძიძის გარეშე, ოჯახის წევრების დახმარებით ზრდის და მათ აღზრდაში აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად მან "სფერო ჰოლდინგის" ინტერვიუში საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა და უპასუხა კითხვას, როდის გრძნობს თავს ბედნიერად:
„იცით, როდის ვარ ბედნიერი? ყველაფერს რომ მოვრჩები, მთელი დღე რომ ჩაივლის, ბავშვებს რომ დავაძინებ, მათ შორის დავწვები და ტკბილად დავიძინებ“ - ამბობს რუსკა მაყაშვილი.