"ლიკა სიგარეტით" - ფოტო ქვეყნდება პირველად და პატარა ამბავი, თუ როგორ გადავუღე ეს ფოტო", - რეჟისორი შოთა კალანდაძე სოციალურ ქსელში ლიკა ქავჟარაძის აქამდე უცნობ ფოტოს და ფოტოს გადაღების ისტორიას აქვეყნებს:
"როგორც მახსოვს, 1998 წლის, თუ არ ვცდები, სექტემბრის დასაწყისი იყო. ლიკასთან სტუმრად მივედი. ის დედამთილის, ნანა დიმიტრიადის ბინაში ცხოვრობდა იმ პერიოდში, რადგან მას ბინა გაქირავებული ჰქონდა, რომელიც რამდენიმე სართულით ქვევით იყო იმავე სახლში. ლიკა გამიმასპინძლდა თავისი გაკეთებული "კრაბის სალათით", რომელიც მერე არაერთხელ გამისინჯავს მასთან. ეს კერძი ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. მე ვკითხე, რას უშვრები ისეთს, რომ ასეთი განსხვავებული გემო აქვს, ვიდრე სხვებისას-მეთქი. მახსოვს, დაუფიქრებლად მიპასუხა - იმიტომ, რომ ორი მაიონეზის დამატება უნდა, სხვები კი ერთს უმატებენო. სამზარეულოდან დიდ ოთახისკენ და ლოჯისკენ წავედით, სადაც ის მეგობრებს იღებდა ხოლმე. როიალზე დავინახე, იდო უჩვეულო ფორმის ფოტოაპარატი და ვკითხე, ეს რა სხვა ფორმა აქვს-მეთქი. ლიკამ მითხრა, ეს ერთჯერადი ფოტო აპარატია - პრიმაკოვი იყო საქართველოში, ჩვენც გვესტუმრა (პრიმაკოვი მაშინდელი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო, რომელიც ლიკას დედამთილის, ნანა დიმიტრიადის ნათესავი იყო) და მან გვაჩუქა ეს აპარატიო. სამი ცალია, ამას კი შენ გაჩუქებო და... ეს ფოტოც მაშინ გადავიღე” - წერს შოთა კალანდაძე.
