"ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი... ვიცი, რომ ლაშასთვის ძალიან ძვირფასი ვარ" - ლაშა გურგენიძისა და თაკუნა მჭედლიშვილის ოჯახური იდილია - Marao

"ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი... ვიცი, რომ ლაშასთვის ძალიან ძვირფასი ვარ" - ლაშა გურგენიძისა და თაკუნა მჭედლიშვილის ოჯახური იდილია

2023-06-30 10:53:34+04:00

მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს.

ლაშა გურგენიძის მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილია. წყვილს ცოტა ხნის წინ ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, ფოტოებით კი უამრავი ადამიანი აღაფრთოვანეს. თაკუნა და ლაშა დადგმული სცენებით, სახალისო სიტუაციებით შექმნილ ვიდეოებს "ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აზიარებენ და ამით დიდ სიყვარულსაც იმსახურებენ.

ამჯერად თაკუნა მჭედლიშვილმა ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა იმის შესახებ, რეალურად რამდენად ჰგვანან მათ მიერ შექმნილ პერსონაჟებს:

„თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არა. ამ ბოლო პერიოდში, ძირითადად, ეჭვიანი ცოლის როლში ვარ ხოლმე. სინამდვილეში, ძალიან მშვიდი ვარ და ერთი შემთხვევაც კი არ მახსენდება, რომ ლაშაზე მეეჭვიანოს. ალბათ, ეს ლაშას დამსახურებაცაა, არ მაძლევს საბაბს. თუ ვინმე გამოიჩენს მის მიმართ ყურადღებას, კომპლიმენტს ეტყვის და ასე შემდეგ, არც ამის გამო ვეჭვიანობ. მე მგონია, რომ როცა ადამიანს ბოლომდე ენდობი, მისდამი სხვების მიერ გამოჩენილი ყურადღებაც არ გიქმნის პრობლემას. პირიქით, ეს ჩემთვისაც სასიამოვნოა. ესე იგი, ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი. ლაშას ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, ვიცი, რომ ძალიან ძვირფასი ვარ მისთვის, როგორც ისაა ჩემთვის და საერთოდ, ჩვენი სიყვარულია ორივესთვის ძალიან ძვირფასი. ამიტომ წამიერი გატაცებებით არ დავანგრევთ ამ გრძნობას. ლაშასგანაც არ მახსოვს, რამეზე ეეჭვიანა“ - განმარტავს ის.