სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა ორი ძმა - ოთარი და რამაზი.
სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, რომ მას სახელი დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ დაარქვეს:
"ჩემი დაბადების დღე, 21 მაისი წმინდა ელენეს ხსენების დღეა. დედას უნდოდა, ჩემთვის ელენა დაერქმია, მამას კი სოფიას დარქმევა სურდა.
საბოლოოდ, როდესაც ერთი თვე შემისრულდა, მამამ ორი ფურცლის ნაგლეჯზე დაწერა ეს სახელები და ჩაყარა ქუდში. ქუდი მომიტანა და ხელი ჩამაყოფინა. მე ქუდიდან ამომიღია ფურცელი წარწერით - სოფია. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სახელი ამოვიღე, რადგან სოფია - ეს სიბრძნეა” - ამბობდა მსახიობი.
