მსახიობი ლეანდრო დე ნირო-როდრიგესი, რობერტ დე ნიროს შვილიშვილი, 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა.
დე ნირო-როდრიგესის დედამ, დრენა დე ნირომ, ორშაბათს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის ფოტო გამოაქვეყნა:
„ჩემი მშვენიერი, ტკბილი ანგელოზი... შენ იყავი ჩემი სიხარული, ჩემი გული და ყველაფერი, რაც ყველაზე სუფთა და რეალური იყო ჩემს ცხოვრებაში… ნეტავ, ახლა შენთან ვიყო. მინდა, შენთან ერთად ვიყო. არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენ გარეშე, მაგრამ ვეცდები, გავავრცელო ის სიყვარული და სინათლე, რაც შენ მაგრძნობინე” - წერს ის.
დე ნირო-როდრიგესის მამამ, მხატვარმა კარლოს მარემ, განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
”სიტყვები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გამოვხატო ის სიხარული, რომელიც მან მოგვანიჭა თავისი დაბადებით და დანაკარგი, რომელიც მისი გარდაცვალებით განვიცადეთ”, - თქვა მარემ.
„ღრმად დამწუხრებული ვარ ჩემი საყვარელი შვილიშვილის, ლეოს გარდაცვალების გამო“ - თქვა რობერტ დე ნირომ CBS News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
19 წლის დე-ნირო როდრიგესის გარდაცვალების მიზეზი დადასტურებული არ არის, თუმცა ის მეგობარმა უგონო მდგომარეობაში იპოვა და მის გვერდით პოლიციამ თეთრი ფერის გაურკვეველი წარმომავლობის ფხვნილი აღმოაჩინა. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა. ახალგაზრდა მსახიობი 2018 წლის ფილმებში "ვარსკვლავი იბადება" და "კაბარე მაქსიმე" გამოჩნდა. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.