მომღერალ მარიკა თხელიძისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწინების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში. მარიკას პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, ხოლო მას და გიორგი მანველიძეს ქალიშვილი სულ ცოტა ხნის წინ შეეძინათ.
ამჯერად მარიკამ საკუთარი ოჯახის შესახებ ფორტუნასთან ისაუბრა:
"როდესაც მეუღლე გავიცანი, მაშინვე ძალიან დიდი პატივისცემა გამოხატა, ჩემი, როგორც მომღერლის მიმართ. ძალიან მოსწონდა ჩემი სიმღერები. სადმე როცა ვართ, საზოგადოებაც მთხოვს, რომ ვიმღერო, მაგრამ გიორგის თავადაც სულ უნდა, რომ სცენაზე ავიდე. ამ ბოლო პერიოდში რადგან ცოტა გამოვეთიშე სიმღერას, ძალიან უნდა, სცენას ისევ დავუბრუნდე. ძალიან მიწყობს ხელს. როცა, ვთქვათ, გადაღებაა თბილისში, არ დაიზარებს, რომ წამომიყვანოს. იცის, რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ თავად აქტიურობს. ყელის ექიმთან ვიყავი მისასვლელი, რადგან გადაღლილი ვარ, ვათენებ ბავშვის მოვლაში, ბევრჯერ გადავდე, ბოლოს გიორგიმ თავად წამიყვანა. თურმე სერიოზული პრობლემები მქონია, გადავრჩი ოპერაციას, მივუსწარი და ვიმკურნალე, ხორხის თერაპია ჩავიტარე. ძალიან შემეშინდა, რადგან მითხრეს, რომ კეთილთვისებიანი წანაზარდები მქონდა. ფონიატრმა ირინა ქაცარავამ და ეკა ფეიქრიშვილმა ძალიან დიდი დახმარება გამიწიეს და მიმკურნალეს იოგებზე. მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი ხმა. ვხვდებოდი, რომ მეტ-ნაკლებად პრობლემები მქონდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რამდენად დიდი პრობლემები მქონია. გვინდა დასასვენებლად წასვლა. რა თქმა უნდა, ცალკე კარგია, მაგრამ ოჯახის ერთიანობა მნიშვნელოვანია და მინდა, რომ შვილები ხშირად იყვნენ ჩვენთან. თავად რომ ერთობიან და ბავშვებს სხვა ადამიანები ზრდიან, ასე არ მინდა. მე და გიორგიმ შვილებთან ერთად ბევრი დრო უნდა გავატაროთ. ახლა ჩვენთან ერთად არის ბარბარე, გიორგის ქალიშვილი, სამ ბავშვთან ერთად ვართ. დღე იწყება ზღვით ან აუზზე გასვლით, შემდეგ პარკში გავდივართ. თბილისში გადაღებაზეც კი წამოვიყვანე ბარბარე, ძალიან აინტერესებდა. დედას მეძახის, მე კი – შვილობილს. ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს და ვივიენის მოვლაშიც მეხმარება…" - ამბობს მარიკა თხელიძე ფორტუნასთან ინტერვიუში.