"მე რამდენად შემიძლია სიყვარული? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ მიყვარს, მართლა მიყვარს და ვცდილობ, ეს სიყვარული ყოველდღე ვასაზრდოო" - კახა კინწურაშვილი მეუღლეზე, ოჯახზე, პროფესიასა და ახალ გატაცებაზე - Marao

"მე რამდენად შემიძლია სიყვარული? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ მიყვარს, მართლა მიყვარს და ვცდილობ, ეს სიყვარული ყოველდღე ვასაზრდოო" - კახა კინწურაშვილი მეუღლეზე, ოჯახზე, პროფესიასა და ახალ გატაცებაზე

2023-07-06 14:02:20+04:00

„5 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა დრამწრეზე შემიყვანეს. სცენაზე რომ დავდექი და ეს ჯადოსნური სამყარო შევიგრძენი, მას შემდეგ სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. აქტიური ბავშვი ვიყავი და ბევრ წრეზე დავდიოდი, მაგრამ ყველაზე დიდი ხალისით სცენაზე გავდიოდი. უბრალოდ, მაშინ ეს საქმე გაცილებით მარტივი მეგონა, ვიდრე არის... კარგ რეჟისორთან ერთად და კარგი სცენარის მიხედვით ფილმზე ვიმუშავებდი. როგორ პერსონაჟს განვასახიერებდი? რომელიც იბრძვის, რომელსაც სტკივა, რომელსაც უყვარს...“ - ასე ფიქრობს მსახიობი კახა კინწურაშვილი, რომლის მიერ თეატრსა თუ კინოში შექმნილი როლების ერთხელ ნახვაც საკმარისია, რომ გონებაში სამუდამო, წარუშლელი კვალი დატოვოს.

ბავშვობაში სპორტსმენობა სურდა, თუმცა 6 წლის იყო, როცა მსახიობობა გადაწყვიტა და მას შემდეგ არჩეული გზისთვის არასდროს გადაუხვევია:

"ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა და, მგონია, რომ ეს ის მოედანია, სადაც შემიძლია, რაღაც შევქმნა" - ამბობდა ის. 2005 წლიდან დაიწყო აქტიური სამსახიობო კარიერა და მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, რუსთაველის, მუსიკისა და დრამის თუ ახალი თეატრის სცენაზე დღემდე თამაშობს. ვრცელია მისი კინოროლების სიაც: „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „თბილისური Love Story“, „ყაზბეგელი მფრინავი“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „სიყვარულის ბალადა“ , „ანოს და ვანოს თავგადასავალი“... მონაწილეობას იღებდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუში "შუა ქალაქში". განსაკუთრებული პოპულარობა კი კახა კინწურაშვილს სერიალმა "ტიფლისი" და ლუკა მაისურაძის როლმა მოუტანა.

კახას პერსონა ეკრანისა და სცენის მიღმაც ყოველთვის მომხიბვლელი და საინტერესო იყო, თუმცა თავად პირადი ცხოვრებისა და ოჯახის შესახებ არასდროს საუბრობს. კახამ 2013 წლის 13 აგვისტოს ჯვარი პროფესიით იურისტ მზიკა ყანჩელზე დაიწერა:

"როცა გიყვარს და მასთან ურთიერთობას გადაწყვეტ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. მზრუნველობაც ამ პასუხისმგებლობის თანმდევია. მზრუნველობისა და ინტერესის გარეშე ურთიერთობა არ გამოდის. ძირითადი, რაზეც ურთიერთობა დგას, სიყვარულია, რა თქმა უნდა, მაგრამ სიყვარული არ არსებობს ასე, განყენებულად, მრგვალი წრესავით, ბევრი კომპონენტის ერთობლიობას გულისხმობს. შეიძლება უამრავი ძალიან კარგი ადამიანი გვეხვიოს გარს, მაგრამ ჩვენ კონკრეტული ადამიანები გვიყვარდება ‒ ისინი, რომლებსაც ჩვენ მიმართ საპასუხო ინტერესი აქვთ. სწორედ ამ ურთიერთინტერესს ვარქმევ სიყვარულს. მე რამდენად შემიძლია სიყვარული? დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ის, რომ თუ მიყვარს, მართლა მიყვარს და ვცდილობ, ეს სიყვარული ყოველდღე ვასაზრდოო. მიყვარს და მორჩა ‒ ასე არ ხდება. როგორც ბევრ რამეს ჩვენს ცხოვრებაში ‒ რწმენას, საქმეს, ამ გრძნობასაც ბრძოლა უნდა" - ამბობდა კახა.

2014 წლის 13 ივლისს წყვილს ბიჭი შეეძინა, რომელსაც სახელად იოანე დაარქვეს:

"იოანეს დაბადებას დავესწარი. ეს იმდენად დიდი მოვლენაა, რომ ყველა კაცმა უნდა ნახოს. ესეც რომ არ იყოს, არ შეიძლება საყვარელი ადამიანი მიატოვო და ცალკე ინერვიულო. ქალი ამ დროს უდიდეს პროცესებს გადის. არ მეგონა, ასეთი შთამბეჭდავი პროცესი თუ იქნებოდა. იმის გამო არ დავსწრებივარ, მეფიქრა, ბავშვი რომ დაიბადება, პირველმა ვნახო-მეთქი. მინდოდა, მზიკას გვერდით ვყოფილიყავი და მარტო არ დამეტოვებინა. ჩემი იქ ყოფნა ძალიან დაეხმარა" - იხსენებდა მსახიობი.

კახა კინწურაშვილი ოჯახთან - მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობს. ბოლო რამდენიმე წელია გატაცებულია მეღვინეობით და საკუთარი პატარა მარანიც აქვს. უნდა, რომ სიმღერა შეეძლოს. სხვები ეუბნებიან, რომ გამოსდის, თუმცა თავად ასე არ ფიქრობს. სიმშვიდით პასუხობს მის მიმართ გამოთქმულ ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო კრიტიკას და ამავე სიმშვიდით აგრძელებს იმ როლების შექმნას, რომლებზეც კიდევ დიდხანს ისაუბრებენ:

"არავინ იცის, რომ მე სინამდვილეში ძალიან სევდიანი ვარ... სულ მინდა, წარმოვიდგინო ხოლმე ჩემი თავი 80 წლის ასაკში და მიჭირს, დავინახო... ალბათ, ძალიან მშვიდი და სევდიანი ვიქნები."