ლილი-როუზ დეპი ორენოვან ოჯახში გაიზარდა
ჯონი დეპისა და ვანესა პარადის უფროსი შვილი და ერთადერთი ქალიშვილი პარიზში 1999 წელს დაიბადა. მას ასევე ჰყავს უმცროსი ძმა, ჯეკ ჯონ კრისტოფერ დეპ III - რომელიც საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.
„ფრანგულ და ამერიკულ ფესვებთან ძლიერ კავშირს ვგრძნობ. ორივე კულტურასთან ვარ დაკავშირებული. ძალიან გამიმართლა, რომ ორ ენაზე ვსაუბრობ“ - ამბობს ლილი-როუზი.

23 წლის გოგონა ხშირად აღნიშნავს, რომ წვეულებები და ხალხმრავლობა არ იზიდავს.
"კლუბის მოყვარული ნამდვილად არ ვარ. ჩაკეტილი ადამიანი ვარ. მომწონს სახლში ყოფნა და კულინარიული შოუების ყურება.”
ჯონი დეპის სასამართლო პროცესზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა
ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის სასამართლო პროცესს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს, მაგრამ ლილი-როუზმა ამის შესახებ კომენტარს გაკეთება არ ისურვა.
„ვთვლი, უფლება მაქვს, რომ ჩემი პირადი აზრი ჩემთვისვე შევინახო“ - აღნიშნა მან.
შვიდი წლის ასაკში კინაღამ კვებითი მოწამვლისგან გარდაიცვალა
სულ რაღაც შვიდი წლის ასაკში ლილი-როუზ დეპი კინაღამ თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც კვებითი მოწამვლა განიცადა.

2007 წელს ცხრა დღე გაატარა ლონდონის საავადმყოფოში. მოგვიანებით ჯონი დეპმა ამ ეპიზოდს „ცხოვრების ყველაზე ბნელი პერიოდი“ უწოდა.
„როცა ჩემი ქალიშვილი ავად იყო, თითქმის საავადმყოფოში ვცხოვრობდი. ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდი აქამდეც გამომივლია, მაგრამ ეს ყველაზე დიდი საშინელება იყო“ - იხსენებდა ჯონი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერლობაზე ოცნებობდა
დედის მსგავსად, ლილი-როუზ დეპსაც სურდა მომღერალი გამხდარიყო.
„როცა პატარა ვიყავი, მინდოდა მომღერალი ვყოფილიყავი, მხოლოდ იმიტომ, რომ დედას დავმსგავსებოდი. ყველა პატარა გოგონას სურს, რომ დედას ჰგავდეს.“
თუმცა, პირველი ფილმის გადაღების დროს მიხვდა, რომ კამერებთან მუშაობა უფრო "კომფორტული" იყო, ვიდრე ჩამწერ სტუდიაში.