"ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველი სეზონის გამარჯვებულ სამორი ბალდეს, თუ გახსოვთ, ერთ-ერთ ჯილდოდ ალბომის დაფინანსება გადაეცა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მიგვიწვიეს ჟურნალისტები პრესკონფერენციაზე.
- მინდა მოვასწრო. საწყენი იქნებოდა, ამდენწლიანი მუშაობის შემდეგ ეს ალბომი არ გამოცემულიყო. ასე რომ, სანამ ორბიტიდან გადავცვივდებით, ჩვენი ალბომის ჰანგებსაც ეზიარეთ, - ღიმილით დასძინა სამორიმ პრესკონფერენციის ბოლოს.
გოჩა ხუხუნი, მეტსახელად გროტასკი, სამორის ბავშვობის მეგობარი ყოფილა. მეგობრები ადრეული ასაკიდან ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ეს მუსიკა მათი ცხოვრების სტილია. დუეტის სახელია "ძველი რესურსი". ასეთივე სახელწოდება აქვს ალბომსაც. მუსიკალური განათლება ჯგუფის არც ერთ წევრს არ აქვს.
სამორი ბალდე:
- კომერციულად არ გაგვითვლია, როცა ამ ალბომზე ვმუშაობდით. ეს არის ის, რაც ჩვენ მოგვწონს და იმედი გვაქვს, ჩვენი გემოვნება მსმენელის გემოვნებას დაემთხვევა. მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიყენებთ არანორმატიულ ლექსიკას. დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ლექსიკა არ უხდება ქართულს, ისე, როგორც რუსულს ან ინგლისურს. ეს ჩვენი სუბიექტური აზრია.
არც აგრესიაა ჩვენს მუსიკაში. ტექსტებში ჭარბობს მეტაფორები, გადატანითი მნიშვნელობები. ჩვენ არ ვწერთ ტექსტებს ზედმეტად გასაგებად. მსმენელს ვუტოვებთ ფიქრის საშუალებას. ასე რომ, ჩვენს ტექსტებს უფრო მხატვრული მხარე აქვს. შეგიძლიათ მოასმენინოთ ბავშვებს. ჩვენ არ ვქმნით რეპალბომს, რომლის მოსმენა არ შეგეძლებათ სახლში.
გოჩა ხუხუნი:
- იმდენი წელი გვინდოდა ამ ალბომის გამოშვება, ბოლოს იმასაც კი ვამბობდით, ოღონდ ჩავწეროთ და სადმე "ფოლდერში" მაინც ჩავაგდოთო. ჩვენ, ძირითადად, სახლში მუშაობას ვართ მიჩვეული, სახლში გვაქვს სტუდია. ამჯერად პროფესიონალების გარემოცვაში ვიმუშავეთ, რაც საინტერესო და ორმაგად სასიამოვნო იყო ჩვენთვის.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)