ქართული ბრენდი IERI ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის ფოტოებს აქვეყნებს. სამი განსხვავებული თაობის წარმომადგენლებმა ასევე განსხვავებული სამოსი და აქსესუარები მოირგეს და ოჯახური პორტრეტიც შექმნეს. IERI-მ ეკა მამალაძესთან ინტერვიუც გამოაქვეყნა, სადაც მომღერალმა ოჯახსა და ოჯახურ ტრადიციებზე ისაუბრა:
„ბავშვობიდან ვხედავდი და ვაფასებდი მარტივ ესთეტიკას და სილამაზეს. ბებიაჩემი, ნანის დედა, მოხდენილი ქალი იყო, ყოველთვის ქუსლებით დადიოდა, ბაზარშიც კი. მახსოვს მისი ტუჩსაცხი, მძივები. ასევე მახსოვს დედაჩემის ლამაზი და ელეგანტური მეგობრები, რომელთა ჩაცმულობის სტილიც მაოცებდა. როდესაც, დაახლოებით, ექვსი წლის ვიყავი, მძიმე დრო იყო, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ულამაზესი ხავერდის კაბა მიყიდეს. ახლაც მახსოვს, როგორ გამიხარდა, როცა ეს საჩუქარი მივიღე. დეიდაჩემი პარიზში ცხოვრობდა და მოდურ ტანსაცმელს გვიგზავნიდა, სხვათა შორის, იმ რთულ დროს ამანათები მაინც მოდიოდა საფრანგეთიდან. და ყოველწლიურად, სექტემბერში, როდესაც სკოლაში მივდიოდი, ახალ ტყავის ფეხსაცმელსა და გამაშებს მიგზავნიდა. ერთხელ კი მან გამომიგზავნა ელეგანტური ფუმფულა კრემისფერი ქურთუკი. ის ისეთი ლამაზი იყო, რომ ვგიჟდებოდი. მიყვარდა თმის სამაგრები, მაგრამ სამკაულები და აქსესუარები არ მომწონდა. სამკაულების სიყვარული მოგვიანებით, ზრდასრულ ასაკში გამიჩნდა.
იმან, რომ ასეთ ოჯახში დავიბადე, გავლენა ჩემს გემოვნებაზე, სტილსა და სილამაზის აღქმაზეც იქონია. როცა ასეთ ოჯახში ცხოვრობ, ბუნებრივად იძენ მის გამოცდილებასა და ცოდნას, ეს ყველაფერი კი ჰარმონიულად ხდება.
არ მოვიტყუები, ხანდახან საქმეს დამოუკიდებლად, სულ მარტო ვაკეთებ, ხან კი რჩევებს დედას ვეკითხები. ხანდახან შეიძლება თავქარიანიც კი ვიყო და არ მივიღო მისი რჩევა, მაგრამ შემდეგ დრო გადის და ვხვდები, რომ დედაჩემი მართალი იყო. ეს ეხება მოდას, სამუშაოს, სცენას და ცხოვრებას. ამავდროულად, ნანი ძალიან დელიკატურია და არა კრიტიკული.
ზოგადად, სილამაზე მოდის შიგნიდან. ქალმა სილამაზე შიგნიდან უნდა ასხივოსნოს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა სახის ნაკვთები მშვენიერია, მაგრამ შინაგანი სილამაზე ამაზე ბევრად მეტია“ - ამბობს ეკა მამალაძე ინტერვიუში.