მარინა კახიანის ,,უცნობი მხარეების" შესახებ ინტერვიუ ჟურნალ "თბილისელებში"' დაიბეჭდა. გთავაზობთ ფრაგმენტებს:
– ვინ არის მარინა კახიანი?
მარინა კახიანი: მარინა ბევრნაირია და ეს მიხარია. სხვანაირად მსახიობიც ვერ ვიქნებოდი. უფრო მეტად მარინა არის პატარა გოგონა. დრო რომ გადის, ისეთი განცდა გაქვს, თითქოს სარკეში სხვა ადამიანს უყურებ, შენ კი თავი ისევ პატარა გოგო გგონია. ეს ცოტა რთულია, მაგრამ მე ჯერჯერობით ამ ბარიერს კარგად ვლახავ და მაინც მგონია, რომ მარინა არის პატარა გოგონა საოცრებათა ქვეყანაში, რომელიც სულ ელოდება რაღაც ჯადოსნურს და ჰგონია, რომ ყველაფერი წინ არის. ვაღიარებ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება მქონდა. ბევრი იყო სასიამოვნო, ტკივილიც ბევრი იყო. საერთოდ, ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, თუ ცხოვრებას ცოტა ზღაპრულად, ვარდისფერი სათვალით უყურებენ. რა საჭიროა მიწაზე დანარცხება? თუმცა, რეალობასაც არ უნდა მოსწყდე.
– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– იყო დრო, როცა საერთოდ არ ვტიროდი. საკუთარ თავს ავუკრძალე. უცნაური ხასიათი მქონდა. ალბათ, ეს ჩემი გენეტიკის ბრალიცაა. სვანური ფესვები, ცოტა თურქულიც, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ კარგია, რომ ყველაზე მეტად მეგრული მაქვს, კოლხური – მოქნილი, ლავირების უნარის მქონე და ეს ბევრ რამეში მშველის... ცხოვრების პირველი ნაწილი უფრო სვანი ვიყავი, მეორე ნაწილში მეგრული შემომეპარა და ძალიან მსიამოვნებს. ეს უფრო ადრე რომ მომხდარიყო, შეიძლება, უფრო მეტისთვისაც მიმეღწია. სვანებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, ძალიან ვამაყობ ჩემი ფესვებით. ცრემლებს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ძალიან ბევრჯერ მქონდა ტირილის მიზეზი. დიდმა ფრანგმა დრამატურგმა მოლიერმა თქვა, რომ ადამიანები ერთხელ ვკვდებით, მაგრამ დიდი ხნით. არ შევეკამათები, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ადამიანები ბევრჯერ ვკვდებით. ვკვდებით, როდესაც ჩვენი ახლობლები მიდიან და გვგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ. ჩემს თაობას სულ გვეუბნებოდნენ, თქვენ ომი არ გინახავთ, თქვენ გადასარევად ცხოვრობთ, რა გიჭირთო, მაგრამ იმდენი ომი გამოვიარეთ და იმდენი ტკივილი ვნახეთ, თან მოყოლით არა, საკუთარი თვალით, რომ ძალიან მძიმეა. მე რუსთაველის პირველში ვცხოვრობ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. ბევრჯერ მეტკინა. ხანდახან შეიძლება, ძალიან მტკივნეულზე არ ვიტირო, მაგრამ ცრემლები ვერ შევიკავო წიგნის კითხვის ან არც ისე შედევრი ფილმის ყურებისას. საერთოდ, ბოლო დროს ყველაზე მეტად გულს სიკეთის დანახვა მიჩუყებს. სიკეთის, რომელიც საპასუხოდ არაფერს მოელის.
– თქვენი ყველაზე ცუდი საქციელი, რასაც ნანობთ?
– ადამიანები ვართ და ამის გარეშე გამორიცხულია. თუმცა რამე განსაკუთრებულს ვერ ვიხსენებ. ხანდახან ადამიანები ცუდს არაფერს ჩავდივართ, მაგრამ ჩვენი არსებობით უკვე ვიღაცას ვაზიანებთ. შესაძლოა, ვერც ვხვდებოდეთ ამას, თუმცა შეიძლება ვხვდებოდეთ კიდეც პოსტ ფაქტუმ. იმდენად რელიგიური არ ვარ, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დავთმო, მაგრამ ადამიანი ხანდახან თმობ კიდეც, როდესაც ხვდები, რომ შენი არსებობით უკვე ვიღაცისთვის ცუდს სჩადიხარ.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– ბევრჯერ მომხდარა ასეთი რამ. ადამიანები ბევრჯერ კვდებიან, ეს უკვე ვთქვი. თუმცა ყველაზე მეტად შეუცნობლის გვეშინია ადამიანებს. ფიზიკურადაც რამდენჯერმე გადავრჩი. ერთხელ მამამ გადამარჩინა, მეორედ მაჩუქა სიცოცხლე. 15 წლის ვიყავი, ზღვაში შევედით და ძალიან დიდმა ტალღამ ჩამითრია. ბევრი ვიბრძოლე, რომ ამოვსულიყავი და მერე ფარ-ხმალი დავყარე. ვიფიქრე, ეტყობა დღეს მთავრდება-მეთქი და გავჩერდი. გავჩერდი იმიტომ, რომ ძალა აღარ მქონდა. უკვე ფსკერისკენ მივდიოდი, როცა მამამ თმაში ხელი ჩამავლო და ამომიყვანა. ძალიან კარგად მახსოვს იმდროინდელი განცდები, თუმცა ეს არ იყო შიში. შიში უფრო საყვარელი ადამიანების სიცოცხლის მიმართ გაქვს.