გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით 1976 წელს დიდმა ქართველმა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ ლეგენდარული ფილმი „ნატვრის ხე“ გადაიღო. სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე არიან. „ნატვრის ხე“, „ვედრებასა“ და „მონანიებასთან“ ერთად, აბულაძის მხატვრული ტრილოგიის ნაწილია.
გედიასა და მარიტას სიყვარულის ტრაგიკული ამბავი ერთხელ მაინც ალბათ ყველა ქართველს უნახავს, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მარიტას როლზე რეჟისორი თავდაპირველად ლიკა ქავჟარაძის ნაცვლად ია ნინიძეს განიხილავდა. ამ ისტორიის შესახებ საკუთარ რუბრიკაში კინომცოდნე ზაკ მირიანაშვილმა ისაუბრა.
თურმე მაშინ, როცა ია ნინიძე 14 წლის იყო, მას თენგიზ აბულაძე კინოსტუდიის კიბეზე შეხვედრია და უთქვამს, ფილმის გადაღებას უკვე ვიწყებ, მთავარი როლი კი შენ მინდა ითამაშოო. მაშინ ია ნინიძეს უკვე ჰქონდა როლები შესრულებული გიორგი დანელიას „არ იდარდოსა“ და გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიებში“. როცა შეთავაზება მიიღო, სხვა ფილმში, „ციურ მერცხლებში“ უკვე დამტკიცებული იყო როლზე. ია ნინიძე იხსენებდა: „მე არ მქონდა ეშმაკობა, მეთქვა, ორივე ფილმში ვითამაშებ-მეთქი, ამიტომ უარი ვუთხარი. გაბრუნდა და ძალიან ეწყინა, ისე, რომ მთელი ათი წლის განმავლობაში, რომ ვესალმებოდი, პასუხს არ მცემდა“. ია ნინიძე გადაწყვეტილებას არ ნანობდა, ამბობდა, რომ „ციურმა მერცხლებმა“ მას დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა საბჭოთა კავშირში. ამ ფილმის შემდეგ მას ოდრი ჰეპბერნსაც ადარებდნენ. თვლიდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს - მას „ციურ მერცხლებში“ უნდა ეთამაშა, ლიკა ქავჟარაძეს კი - „ნატვრის ხეში“.