მარიკუნა მიქატაძის რთული ბედი და მოგონებები მშობლებზე - გია ფერაძის შვილი გარდაიცვალა: რას იხსენებენ მასზე მეგობრები - Marao

მარიკუნა მიქატაძის რთული ბედი და მოგონებები მშობლებზე - გია ფერაძის შვილი გარდაიცვალა: რას იხსენებენ მასზე მეგობრები

2023-07-15 09:52:35+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.მარიკუნას ჰყავს ერთი ქალიშვილი, ირინა.

მარიკუნა მიქატაძეს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან: 

„არც კი ვიცი, სიცოცხლეში ვინ გაიარა ამხელა ჯოჯოხეთი და ვინ დარჩა ისეთ ადამიანად, როგორიც მარიკუნა იყო“. – წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

„ჩემი ბავშვობა…

მეგობრობის უამრავი წელი.. მოგონებები.. დიდი სიყვარული.. ჩემი მარიკუნა…“ – წერს სოფო ნიჟარაძე.

„ჩემი ბავშვობა, ჩემი ყველაზე მკაფიო მოგონებები,რომელიც დაკავშირებულია ყველაფერთან რაც მაშინ ჩემთვის აკრძალული იყო ან დაუშვებელი ან უბრალოდ ასაკთან შეუფერებელი, დილამდე გაუჩერებელი სიცილი, საფრთხის შეგრძნება, თან ამ დროს ინტერესი, რისკიანობა, წვერში გატარებული ზაფხულები.

ამავე დროს მარიკა და ჯუნა, სიყვარულის მორევი, ზრუნვა, მოფერება, სიმღერა, ჯუნას ჯუჯღუნი,ღამე დარჩენის გამო გაცდენილი სკოლა,მერე უცებ ჩვენი დასჯა, მარიკას ულამაზესი ხელები, ცისიას წვალება,გაუთავებელი ცეკვა, მუსიკა აღრიალებული ყველგან, მუდმივად შეყვარებული ბიჭები, მერე ჩხუბი, ყვირილი, მერე ისევ სიცილი, სიგიჟე, ბრაზი, მერე ისევ სიცილი, ჩახუტება … აი ეს ყველა სიტყვა და ემოცია უკავშირდება ჩემს მოგონებებს მარიკუნასთან.

დიდხანს მეგონა ალბათ იგონებს რაღაცას და გვაგიჟებსთქო.

თან გიბრაზდები და თან გული მისკდება!!!

ერთი კი დანამდვილებით ვიცი, იქით ის ადამიანები გელოდებიან ვისაც შენ ყველაზე მეტად უყვარხარ!“- წერს ნატალია ქუთათელაძე.

გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ დღემდე ბევრს საუბრობენ. 26 წლის ირინა მიქატაძის გარდაცვალებამ შეძრა მთელი ქალაქი და ქვეყანა. ინტერესს კი ამწვავებდა ის, ბრალდებული ყველასთვის ცნობილი მსახიობი, გია ფერაძე იყო.

ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს თბილისში დატრიალდა. ერთ-ერთი ვერსიით, ირინა მიქატაძის ქმარმა, მსახიობმა გია ფერაძემ ცოლი შემთხვევით, კალმის ფორმის ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გია ფერაძემ სასჯელი ჯერ საქართველოს რამდენიმე ქალაქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხადა, ბოლოს – ციმბირში. ციხიდან გამოსვლიდან ორიოდე წელში კი გარდაიცვალა.

ირინა მიქატაძე 26 წლის იყო. მას და გია ფერაძეს დარჩათ ქალიშვილი მარიკუნა, რომელიც ტრაგედიის დროს 11 თვის იყო. მარიკუნა ირინას მშობლებმა, მოქანდაკე ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.

 - ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა. ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია, – მოუყვა წლების წინ მარიკუნა მიქატაძემ გაზეთ ,,პრაიმტაიმს”.