ქეთი მელუა 1984 წლის 16 სექტემბერს საქართველოში, ქუთაისში დაიბადა. ცხოვრების პირველი წლები ბებიასა და ბაბუასთან თბილისში გაატარა, მოგვიანებით კი მშობლებთან და ძმასთან ერთად ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად. 1993 წელს, საქართველოს სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, ქეთის ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ბელფასტში წავიდა. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა.
1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში, ინგლისში გადასახლდა. "საქართველოდან ემიგრანტების ოჯახი ვიყავით და ვთვლიდით, რომ ბედნიერი ოჯახი ვიყავით, რადგან თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირის ჩრდილს და დასავლეთში წამოვედით" - ამბობდა ქეთი მელუა.
ქეთის მუსიკალური კარიერა სწორედ ინგლისში განვითარდა, თუმცა იყო პერიოდი, როცა მას ისტორიკოსობა და პოლიტიკოსობა სურდა. მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.
ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო და ამ პერიოდიდანვე დაიწყო სიმღერების წერა. სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ""ძალიან იღბლიანი ვარ, მაქვს საქმე და კარიერა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაინტერესებს, 19 წლიდან შემიყვარდა სიმღერების წერა და დიდ მუსიკოსებთან მუშაობა, ასევე, საქმიანი მხარე, პრომოცია და გაყიდვა. ძალიან ადრე გავხდი სცენაზე დამოკიდებული. გასაკვირი არ არის, რომ ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩემს საქმეს დავუთმე" - ამბობდა მუსიკოსი.
ქეთი მელუა დაქორწინებული იყო მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე, თუმცა მათი ოჯახი მალევე დაინგრა და წყვილის ერთმანეთს დაშორდა. "ვერ წარმოვიდგენდი, რომ 36 წლის ასაკში ახლად განქორწინებული ვიქნებოდი და ჯერ კიდევ არ მექნებოდა ის ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ორიოდე ზაფხულის წინ ერთი ადამიანი გავიცანი. პანდემიის დროს, ერთმანეთს, ძირითადად, ონლაინ ვეხმიანებოდით. უნაყოფობის შესახებ ფიქრები კვლავ ამეკივიატა, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები, როგორც ბევრი ქალი აკეთებს ამას. მალე პანდემია დასრულდა და ურთიერთობაც განვაახლეთ. ვიცოდი, რომ ახლა შემეძლო მისი გაცნობით სიამოვნება მიმეღო. ერთ დღესაც კი ჩემი აზრი გავუზიარე და ვკითხე, იყო თუ არა მზად მამობისთვის. ხშირად მეუბნებიან, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად 3 თვეა საჭირო, ზუსტად სამი თვის შემდეგ კი გამომიცხადა, რომ მზად იყო" - ამბობდა ქეთი პირად ცხოვრებაზე საუბრისას.
"ძალიან მიხარია, რომ დედაჩემს ვუსმენდი. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დედობა ყველაზე დიდ ბედნიერებაა, რაც შეიძლება ოდესმე შეგემთხვეს. მართალი იყო. დაღლილობის ნისლი უზარმაზარია, მაგრამ ეს არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რომელსაც ჩემი შვილის ხელში აყვანისას ვგრძნობ. ის ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ლირიკისა და მელოდიის მაგია" - აღნიშნავდა მუსიკოსი.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ქეთი მელუამ კადრები შვილის, ალექსანდრეს ნათლობიდან გამოაქვეყნა. ნათლობა სიონის ტაძარში შედგა, ნათლიებს შორის კი გორის ქალთა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ცირამუაც იყო. "ძალიან დიდი მადლობა, რომ შენი სანდროს ნათლიად ამირჩიე... ჩემთვის უდიდესი პატივი, სიხარული და პასუხისმგებლობაა ვიყო უკვე შენი ოჯახის წევრი და მქონდეს ნათლიის სტატუსი... ვეცდები სათანადო წვლილი შევიტანო უკვე ჩემი სანდროს კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში... მუდამ ერთად...“ - წერდა თეონა ცირამუა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი, აქ, თბილისში მოვნათლეთ. ჩემს შვილს ექნება ქართული ფესვები და ეცოდინება რომ არის ქრისტიანი" - ამბობდა ის საპატრიარქოს არხთან კომენტარში.