რა არ გადაიტანა მაიკომ ცხოვრებაში: ობლობა, ერთადერთი შვილისგან გულისტკენა, ღალატი, მეუღლის გარდაცვალება, სიღარიბე, იმედგაცრუება და ვინ მოთვლის. ახლა კი… ახლა ამ ყველაფერს საშინელი დიაგნოზიც დაემატა. როგორ ითრევდა ფეხს, სანამ ექიმთან ვიზიტს გადაწყვეტდა. თითქოს გული უგრძნობდა, რომ ყველაფერი ამ საშინელი ამბის გაგებით დამთავრდებოდა. სულ რაღაც ერთი წელიწადი! მხოლოდ ერთი წელიწადი დარჩა და მორჩა, სიცოცხლეს დაამთავრებს.
- მალე შემოგიერთდები, ნიკა… - თვალცრემლიანმა ჩურჩულით წარმოთქვა და ქმრის საფლავს ათრთოლებული ხელი გადაუსვა.
დღეს სამი წელი შესრულდა, რაც ნიკა აღარ ჰყავს. დილით ეკლესიაში მივიდა და პანაშვიდი გადაუხადა, მერე სასაფლაოსკენ გამოსწია. დღევანდელი დღის შესახებ არავისთვის უთქვამს, მეუღლის ნათესავებსაც კი არ შეხმიანებია. ვინ იცის, იქნებ იყვნენ კიდევაც ან ახლა, ამწუთას გამოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, მისთვის არავის დაურეკავს. არც თვითონ იკლავს თავს მათი მოკითხვით. ვერ ხვდება, რას ემართლებიან. იმის ნაცვლად, მადლობა გადაუხადონ, თითქოს არასდროს ყოფილა მათი რძალი, ისე ექცევიან. მაიკო ხომ მთელი ოთხი წელიწადი უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს. ერთი თეთრით არავინ დახმარებია, ნიკას მეგობრების გარდა, რომლებიც, ღვთის წყალობით, ბლომად ჰყავდა.
სანამ ავად გახდებოდა, ნიკა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი იყო. გამოცდილი ოფიცერი, რომელსაც მრავალ საბრძოლო ოპერაციაში მიუღია აქტიური მონაწილეობა. აგვისტოს ომმაც მის კისერზე გადაიარა. სწორედ იქ დაიჭრა ფეხში და სწორედ ამ ჭრილობამ მოუღო ბოლო წლების შემდეგ. ნაიარევი ძვლის სიმსივნედ გადაექცა და ლოგინად ჩავარდა. არც კვდებოდა, არც რჩებოდა. ოთხი წელიწადი სიკვდილს ებრძოდა. მართალია, ფეხი მუხლში მოჰკვეთეს, მაგრამ ამან პროცესი ვერ შეაჩერა. მუხლს ზემოთ გაჩენილი წყლულები უფრო და უფრო მრავლდებოდა. ორგანიზმმა ხრწნა დაიწყო. ბინაში ხანდახან ისეთი აუტანელი სუნი დგებოდა, ფანჯრების გაღებაც კი არ შველოდა. თაიამ, ერთადერთმა ქალიშვილმა, თავს გათხოვებით უშველა. იქვე, ორ ნაბიჯში ცხოვრობდა მეუღლის მშობლებთან ერთად და მამის სანახავად თვეში ერთხელ თუ შემოირბენდა. არასდროს იკითხავდა, დედა როგორ იყო, რამე ხომ არ სჭირდებოდა, მამის სამკურნალოდ ფული საიდან მოჰქონდა… სწვდებოდა თუ არა მაიკოს ხელფასი ასეთ გაჭირვებას…
ნიკა სამი წლის წინ გარდაიცვალა და მაიამ შვება იგრძნო, თითქოს რაღაც სიმძიმისგან გათავისუფლდა. ქმრისადმი თავგადაკლული სიყვარულით ვერც ვერასდროს დაიკვეხნიდა, მაგრამ ავად რომ გახდა, მერე უფრო დააფასა. ებრალებოდა ადამიანი, რომლის გვერდით 19 წელიწადი გაატარა. ნიკა კარგი ქმარი იყო და თვითონაც კარგ ცოლობას უწევდა. იშვიათად თუ იჩხუბებდნენ, ყოველთვის ყველაფერში ადვილად თანხმდებოდნენ. მათი ჩხუბის და კამათის საგანი მხოლოდ თაია იყო. მამას არ მოსწონდა ქალიშვილის ცხოვრების წესი, დედა კი ყოველთვის თავგამოდებით იცავდა. ესმოდა, რომ მისი ქალიშვილი სულ სხვა თაობის წარმომადგენელი იყო და მკაცრად ტრადიციული მამის მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდა. თანამედროვე ახალგაზრდები ბევრად დამოუკიდებელნი იყვნენ, ვიდრე მათი თაობისა. სხვანაირად აზროვნებდნენ და სხვანაირადაც მიჰყვებოდნენ ცხოვრების გზას.
თაიას მოკლე კაბა, დახატული თვალები, შეღებილი ტუჩები და ბიჭურად შეკრეჭილი თმა ნიკას თვალში არასდროს მოსდიოდა. მაიკო კი მეუღლის დაწყნარებას დაყვავებით ცდილობდა - რა უჭირს მერე, ახალგაზრდაა, მის თანატოლებს ყველას ასე აცვია. რაც მთავარია, ჭიპი არ უჩანს და ცხვირი არა აქვს გახვრეტილი. განა ეს ცოტაა? სამაგიეროდ, წესიერი გოგოა, კარგად სწავლობს და ა.შ. რაზეც ნიკა ცოფდებოდა.
სხვა მხრივ, საჩხუბარი და ერთმანეთში გასაყოფი ცოლ-ქმარს არაფერი ჰქონდა. ნიკა მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. მაიკოსაც ჰქონდა სამსახური და დანაზოგს ბანკში ინახავდა. იგი მწერალი იყო და გამომცემლობაში სტილისტად მუშაობდა. მას ყველა პატივს სცემდა.
სანამ მეუღლე ცოცხალი ჰყავდა, ავად იყო თუ კარგად, შედარებით მშვიდი ცხოვრება ჰქონდა. ქმრის გარდა საზრუნავი არ აწუხებდა, სულს მეტი არაფერი უფორიაქებდა, მაგრამ აი, ნიკა გარდაიცვალა და პრობლემებმაც ერთბაშად წამოყვეს თავი. ჯერ იყო და, ღვიძლი შვილი აუჯანყდა. აუჯანყდა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ძალიან მშვიდად და დამტკბარმა გააკეთა თავისი საქმე. თუ მანამდე დედას და მამას ახლოს არ ეკარებოდა, მამის გარდაცვალების შემდეგ მეუღლიანად მაიას შეეკედლა. დედამთილთან ცხოვრება არ შემიძლიაო, გამოაცხადა. ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს და ცოტნეს თანდასწრებით გამუდმებით შენიშვნებს მაძლევსო. ცოტნე კიდევ ძლივს დავითანხმე, შენთან გადმოვსულიყავით საცხოვრებლადო. რა თქმა უნდა, დროებით დავრჩებით, სანამ ბინას გაყიდი და ჩემს წილს მომცემო… ჩემს წილსო! მაიკოს კინაღამ გულზე შემოეყარა. შვილი მამის ქონების გაყოფას უტიფრად ითხოვდა. რაღას იზამდა. ერთადერთ შვილს ხომ ვერ აწყენინებდა. გარდა ამისა, აბა, რისთვის უნდოდა ან ბინა, ან ქონება, თუკი შვილს ქუჩაში დატოვებდა? მის გარდა ვინღა ჰყავდა? უბრალოდ, ბინას ვერ ელეოდა. რამდენი შრომა ჰქონდა ქმართან ერთად იმ ბინაში ჩადებული…
გაყიდა. სხვათა შორის, კარგ ფასად გაყიდა. აღებული თანხით თაიას საბურთალოზე ოროთახიანი ახალგარემონტებული, კეთილმოწყობილი ბინა უყიდა, სამოთახიანად გადაკეთებული, თვითონ კი ვარკეთილში ერთოთახიანი გაურემონტებელი ძლივს მოუვიდა, თანაც პირველ სართულზე, თანაც ზუსტად ბუნკერის გვერდით. ნაგვის სუნი ზაფხულში ძლიერ აწუხებდა, მით უფრო მაშინ, როცა იგი მენაგვეებს გაჰქონდათ. გარდა ამისა, ბუნკერის სიახლოვის გამო იქაურობა სულ ბუზებით იყო სავსე, ამიტომ ზაფხულობით ფანჯრებს მხოლოდ ღამით აღებდა.
თუმცა, გავიდა რამდენიმე თვე და ახალ გარემოს თანდათან შეეჩვია. დისკომფორტს მხოლოდ სამსახურის სიშორე უქმნიდა. სახლიდან გამომცემლობამდე გზას საათზე მეტხანს უნდებოდა. მეტროთი არასდროს სარგებლობდა, რადგან დახურული სივრცის შიში ჰქონდა. ძალიან უნდა გასჭირვებოდა, რომ მიწისქვეშეთში ჩასულიყო. ერთხელ, დაქალის დაბადების დღეზე წასულს შეაგვიანდა, ტაქსის ფულიც არ აღმოაჩნდა და იძულებული გახდა, შინ მეტროთი დაბრუნებულიყო. ერთი სიკვდილი გაათავა, სანამ გვირაბიდან ამოვიდოდა…
თაიას ბინა უყიდა თუ არა, კვლავ მარტო დარჩა, რადგან გოგონამ დედა ისევ დაივიწყა. თვითონ თუ არ შეეხმიანებოდა, ქალიშვილი ერთხელაც არ მოიკითხავდა. თავიდან კვირაში რამდენჯერმე ურეკავდა, მაგრამ როცა თაიამ უსაყვედურა, რა წარამარა მირეკავ და მაკონტროლებ, პატარა ბავშვი ხომ არ გგონივარო, შეეშვა. მიხვდა, რომ მისთვის ზედმეტი იყო და აღარაფერში სჭირდებოდა. ოღონდ კარგად ყოფილიყო და მაიკო არაფერს დაეძებდა. არასდროს საყვედური არ დასცდენია, შვილი ასე რომ ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ სიძე არ მოსწონდა, ხმას არ იღებდა, რადგან თაია ცოტნეზე გიჟდებოდა.
ცალკე რომ გაუშვა, ეგონა, შვილის პრობლემები საბოლოოდ მოაგვარა, მაგრამ შეცდა. ექვსი თვეც არ გასულა, რომ თაია დედას აღრიალებული მიადგა - ცოტნემ ბინა ბანკში ჩამადებინა, იპოთეკური სესხი ამაღებინა, ვალები გადაიხადა და დარჩენილი თანხით ჰოლანდიაში აპირებს გამგზავრებას სამუშაოდო.
მაიკოს ლამის გული გაუსკდა. სიძის მისამართით საყვედური რომ არ დასცდენოდა, შვილს დამშვიდება დაუწყო, კარგია, რომ მიდის, იმუშავებს, ფულს დააგროვებს და ბინასაც გამოისყიდისო. შესთავაზა, თვითონ მასთან გადმოსულიყო საცხოვრებლად. თაიამ სასტიკი უარი გამოუცხადა, მეც თან მინდა გავყვე, მაგრამ გზის ფული არ მყოფნისო. აი, მაშინ კი მიხვდა, რაც ხდებოდა. ქალიშვილი და სიძე შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ამჯერადაც დათმო. ბანკიდან დანაზოგის ნაწილი, ორი ათასი დოლარი გამოიტანა და მისცა. არც ამჯერად უსაყვედურია. მშვიდად შეხვდა ერთადერთი ქალიშვილის ვერაგულად დაგებულ მახეს.
თაია ისე გამეგზავრა, დედას არც დამშვიდობებია. ეწყინა, მაგრამ არ შეიმჩნია. თვეების განმავლობაში მისგან არაფერი ისმოდა. კარგად მოეწყო თუ ცუდად, არ იცოდა. ბოლოს ცოტნეს დედ-მამას შეეხმიანა და მათგან გაიგო, რომ სამუშაო ორივეს უშოვია, კმაყოფილები არიან და აქეთ წამოსვლას რამდენიმე წელი არ აპირებენო. გული დასწყდა, რომ შვილის ამბავს მძახლებისგან იგებდა. მთელი ღამე იტირა და თავი ასე დაიმშვიდა.
გავიდა წელიწადი და თაიამაც დარეკა. დარეკა არა იმიტომ, რომ დედა მოეკითხა და თავისი ამბავიც მოეყოლა, არამედ იმიტომ, რომ ფული სჭირდებოდა და დახმარებას ითხოვდა. თავის ტკივილები მაქვს, მაგრამ აქ ისეთი ძვირია ბინის ქირა და თავის გატანა, ჩვენი გამომუშავებული თანხა საჭმლისთვისაც არ გვყოფნისო. აი, მაშინ კი გაუწყდა მაიკოს სიმშვიდის ძაფი. უღირს შვილს «ტკბილ-ტკბილი» საყვედურები ავტომატის ჯერივით მიაყარა და ტელეფონი გაუთიშა. არც ფული გაუგზავნია და მას მერე არც მოუკითხავს…
წელიწადიც არ გასულა და ცოტნე თბილისში დაბრუნდა, თაია თან არ ჩამოჰყოლია. დაფეთდა მაიკო, ხომ არაფერი დაემართაო. ცოტნემ ირონიულად ჩაიცინა, რა უნდა დაემართოს, ვიღაც ქართველ გოგოებთან ერთად ყვავილების მაღაზია გახსნა და მშვენივრად აიწყო თავისი საქმე, მე კი გარეთ გამიძახაო.
აღმოჩნდა, რომ ცოტნეს ჰოლანდიაში ერთი დღეც არ უმუშავია, თვეების განმავლობაში თაია არჩენდა და როცა ნარკოტიკებსაც მიეძალა, გოგონამ მის გვერდით ცხოვრება აღარ ისურვა, ცალკე გავიდა და იქ მცხოვრებ ქართველ გოგონებს შეეკედლა თურმე.
ეს ამბავი მაიკოს დიდად არ სწყენია. იცოდა, ცოტნე რომ არაფრის მაქნისი იყო, მისი ნარკომანობის შესახებაც სმენია, მაგრამ ქალიშვილთან ამაზე არასდროს უსაუბრია. ცოტნე თაიას არჩევანი იყო და მას ჩარევის უფლება არ ჰქონდა, თუმცა ყოველთვის გრძნობდა, რომ სიძე მის ქალიშვილს ოჯახურ ბედნიერებას ვერ მოუტანდა.
ამ რამდენიმე თვის წინ თაიას დაქალი შეხვდა ქუჩაში, ნინო. შვილის ამბები დაწვრილებით მისგან გაიგო. თურმე თაია ნინოს ყოველთვიურად უგზავნიდა თანხას ბანკში ჩადებული ბინის გამოსასყიდად. როგორც კი საბოლოოდ დაიბრუნებს, უნდა გავაქირაო და ფული დავუგროვოო, ჟღურტულებდა ნინო. ისე კარგად მისდის საქმეები, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში ბინის იპოთეკიდან დახსნას შეძლებსო.
კიდევ ერთხელ ეტკინა გული, რომ საკუთარი ქალიშვილი მეგობარს უფრო ენდობოდა ასეთ საქმეში, ვიდრე დედას. როგორც ჩანს, ცუდი დედა გამოდგა, რადგან ერთადერთი შვილი სათანადოდ ვერ აღუზრდია.
მარტო დარჩენილმა განდეგილივით განაგრძო ცხოვრება. ქვეყანაზე აღარაფერი ახარებდა. ერთადერთი, რაც შვებას ჰგვრიდა, ბინის წინ მდებარე პატარა გაზონი იყო, რომელიც ყოფილ პატრონს თავის დროზე შემოეღობა. ამ პატარა «ეზოში» ყვავილები დარგო და იქაურობა ულამაზეს ბაღად აქცია. თავისი წილი პირველ სართულზე მცხოვრებ ყველა მეზობელს შემოღობილი ჰქონდა, ეზოდ ხმარობდნენ, მაგრამ მისნაირი ლამაზი ბაღით ვერც ერთი ვერ დაიკვეხნიდა. უკვირდა კიდევაც, რატომ ყვავილებს არ რგავენ ან ბოსტანი არ მოჰყავთ, ცარიელი მინდორი რაში სჭირდებათო. დიდი სიახლოვე არც ერთ მეზობელთან არ აკავშირებდა, არც ისინი იწუხებდნენ მასთან სტუმრობით თავს და არც თავად დაინტერესებულა მათი ახლოს გაცნობით. სიმარტოვე ყველაფერს ერჩივნა. უკვე 44 წლის იყო და ცხოვრებაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია. არც მეორედ გათხოვებას აპირებდა და არც საყვარლის გაჩენას. ნიკას მერე მამაკაცზე ფიქრი გულში აზრადაც არ გაუვლია. სკოლისა და სტუდენტობის წლებში კი იყო განებივრებული ბიჭების ყურადღებით, მაგრამ მისი გულის მოგება ადვილი არ გახლდათ. ნიკამდე მხოლოდ ერთი უყვარდა და მორჩა. ვერ იტყვის, რომ ნიკაზე მზე და მთვარე ამოსდიოდა და სიყვარულით მისთხოვდა, მაგრამ მთლად უამისობაც არ იყო. მართალია, პირველი სიყვარული ვერ დაივიწყა, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი არც იცოდა და არც არასდროს დაინტერესებულა. ჩუმად უყვარდა, თავისთვის. მხოლოდ ტკბილი მოგონებები დარჩა მისგან და ამ მოგონებებით ხშირად ინებივრებდა თავს, განსაკუთრებით ღამით, როცა დასაძინებლად წვებოდა. ეს იყო და ეს.
ნიკას გარდაცვალების შემდეგ, პირველ ხანებში, მისი ძმაკაცები აკითხავდნენ, ურეკავდნენ, რამდენჯერმე ფულითაც დაეხმარნენ და ხელი გაუმართეს, მერე და მერე კი მათაც მიივიწყეს. ყველას თავისი ოჯახი ჰყავდა, ქვრივი ქალისთვის ვიღას ეცალა. მაიკოს კი თაია დარჩა საზრუნავად და მთელი გულისყური მისკენ ჰქონდა მიპყრობილი, ქალიშვილის პრობლემები კი არ ილეოდა და ყელში მარწუხივით უჭერდა. განა შეეძლო, თავის თავზე ეფიქრა? არადა, თურმე უნდა ეფიქრა. ახლაღა დააფასა ქმარი, რომელიც, როგორც ჩანს, ქალიშვილს თავისუფლებას ტყუილად არ უზღუდავდა. ასე ყოფილა საჭირო და მაიკო ამას ძალიან გვიან მიხვდა.
ახლა თაია მასთან აღარ არის, მაგრამ პრობლემა მაინც გაჩნდა. პრობლემაცაა და პრობლემაც!.. ბოლო დროს უჰაერობამ შეაწუხა. ისე ხშირად მისდიოდა გული, თანამშრომლები შეშფოთდნენ. ურჩიეს, ექიმთან მისულიყო. ხელი ჩაიქნია, აღარ შეიწუხა თავი, ალბათ გადავიღალე ღამე მუშაობით და იმის ბრალიაო. შვებულება აიღო და დასვენება გადაწყვიტა. მართლაც, კარგა ხანს არ მიჰკარებია კომპიუტერს, კარგა ხნის დაწყებული რომანი ვეღარ დაამთავრა.
მაგრამ გონების დასვენებამ ვერ უშველა. თავის უფრო და უფრო ცუდად გრძნობდა. ბოლოს, როცა გულის წასვლები უსაშველოდ გაბევრდა, იკადრა და გამოკვლევების ჩატარება გადაწყვიტა.
ჩაიტარა… ჯერ ერთმა ექიმმა გადააქნია თავი, მერე მეორემ… ერთი კლინიკიდან მეორეში გაგზავნეს, ექოსკოპია გაიკეთეო. ფტიზიატრი ფტიზიატრს ცვლიდა. ექიმები ექოს პასუხმა რომ არ დააკმაყოფილა, კომპიუტერული ტომოგრაფია მოსთხოვეს. ბოლოს, როგორც იქნა, დაუსვეს დიაგნოზი - სიმსივნე ფილტვზე. ყველა ექიმი პირველ რიგში იმას ეკითხებოდა, მწეველი თუ იყო. არა, სიგარეტს არ ეწეოდა. არც არასდროს მოუწევია. სიმსივნის გაჩენას ამას ვერ დააბრალებდა. იქნებ ბავშვობაში რთულ ფორმაში გადატანილმა პლევრიტმა გამოიწვია? გამორიცხული არ იყო.
საოცრად უმწეოდ იგრძნო თავი. ისედაც სიცოცხლემობეზრებულს ახლა სიკვდილი განსაკუთრებულად ენატრებოდა - მშვიდი სიკვდილი, ტკივილისა და წამების გარეშე. არადა, იცოდა, რა ვერაგიც იყო სიმსივნის ეს ფორმა. უჰაერობით გუდავდა ორგანიზმს. ნიკას ბიძა გაახსენდა, რომელიც სწორედ ფილტვის კიბომ იმსხვერპლა. ახსოვს, როგორი ტანჯვით დაასრულა სიცოცხლე.
ერთხელ, როცა ძია ნოდარი ბოლო დღეებს ითვლიდა, მაიკო და ნიკა მის სანახავად წავიდნენ. არასდროს დააავიწყდება ის დღე - ოთახში შესულებს თვალწინ შემზარავი სურათი გადაეშალათ. ორმეტრიანი კაცი იატაკზე საცოდავად დაფორთხავდა და ჰაერს ითხოვდა. თვალცრემლიანი ცოლი და შვილები ძლივს აკავებდნენ…
ახლაც ყურში ჩაესმის მისი ხროტინისმაგვარი ხმა, პირგაღებული ჰაერის ჩასაყლაპავად ფილტვებიდან რომ უშვებდა.
რა საშინელებაა, როცა შველა გჭირდება და ვერავინ გშველის. არა, მაიკო ამას ვერ გადაიტანს. მისი ცხოვრების დასასრული მოულოდნელი უნდა იყოს, სიცოცხლე უცებ უნდა შეწყდეს და მორჩა. არანაირი ქიმიოთერაპია. რისთვის? რომ რამდენიმე კვირით არსებობა გაიხანგრძლივოს? სისულელეა. უკვე მოიფიქრა, რაც უნდა გააკეთოს. გამონახა გზა, რომელიც სიკვდილს გაუადვილებს.
მკვლელს დაიქირავებს, ფულს გადაუხდის და ბაც! წამში გააგორებენ. მე შენ გეტყვი და ქილერის მოძებნა გაუჭირდება! არა, არ გაუჭირდება. ახსოვს, რამდენს საუბრობდნენ ხოლმე ნიკა და მისი ძმაკაცები ვინმე «ლეონზე», რომელიც თბილისში ცხოვრობს და შეკვეთებს იღებს. იგი ყოფილი სამხედროა და თავს ამით ირჩენს. ისიც კი იცის მაიკომ, სად უნდა მოძებნოს. რა თქმა უნდა, ინტერნეტში, ფეისბუქზე. მერე რა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იცის. სამაგიეროდ, ასავალ-დასავალი იცის. ისიც იცის, როგორ უნდა დაელაპარაკოს. ზუსტად სამ წლის წინ, როცა გივი და მურთაზი მოვიდნენ ნიკას სანახავად, სწორედ «ლეონზე» ლაპარაკობდნენ. მას პირადად არც ერთი არ იცნობდა, მაგრამ მასზე ყველაფერი იცოდნენ. ავღანეთში ნაომარი ჯარისკაცი ტყვიას ტყვიაში სვამს, ისეთი მსროლელიაო. საქართველოში შეკვეთებზე ნაკლებად მუშაობს, რადგან პრობლემებს ერიდებაო. ცნობილი ადამიანების მოკვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ასეთ რამეს ხელს არ ჰკიდებსო.
ჰოდა, მოძებნის, გამოელაპარაკება, მისწერს, რაც უნდა და დაითანხმებს. მთავარია, ფასზე შეთანხმდნენ. წესით, ბევრი არც უნდა მოსთხოვოს, რომელი ოდიოზური ფიგურა მაიკოა!
სასაცილოა, არა? ვიღაც ქილერს საკუთარი სიკვდილი დაუკვეთო! ამას არავინ არ დაიჯერებს. მაიკოსაც ეს უნდა. ვერც ვერავინ გაიგებს, რადგან მის გარდა არავის ეცოდინება, თუ «ლეონს» არ ჩავთვლით.
მისი მისია დედამიწაზე კარგა ხანია, ისედაც ამოწურულია. მთავარია, რომანის დამთავრება მოასწროს. გამომცემლობას ვერ დააღალატებს, რადგან მოუთმენლად ელოდებიან, როდის მორჩება, რომ დაბეჭდონ და გაყიდონ. მის რომანზე დიდ იმედებს ამყარებენ, რადგან სწრაფად იყიდება და კარგი მოგება მოაქვს. ყოველ წიგნში მაიკოსაც სოლიდურ ჰონორარს უხდიან. ორ-სამ თვეში დაამთავრებს. ორ სამ-თვეში სენი ისე ძალიან არ შეაწუხებს, ჯერ ხომ მთელი წელი აქვს წინ, თან წამლებიც გამოუწერეს და ხვალიდან მის მიღებასაც დაიწყებს. ამასობაში ზაფხულიც მოვა და მზეც გაათბობს. როცა წიგნს მორჩება და სიკვდილისთვის მზად იქნება, თავის ცხოვრებას საბოლოოდ დაუსვამს წერტილს. და ამ ქვეყნიდან ზაფხულის დასაწყისში, მზით გამთბარი წავა.
ზამთარი არ უყვარს. არც თოვლი უყვარს და არც სიცივე. ყველაფერს სითბო ურჩევნია - როგორც გარეგანი, ისე შინაგანი. მთელი ცხოვრება ამ სითბოს ეძებდა, მისკენ მიილტვოდა. ნიკას მისთვის სითბო არ დაუკლია, მაგრამ რატომღაც, უფრო მეტი უნდოდა. შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ბევრად მეტს გასცემდა როგორც მეუღლის, ისე შვილის მიმართ. ახლობლების მიმართაც.
ქმრის გარდაცვალების შემდეგ აღარ გაუცია… შვილმა არ ისურვა, სხვები კი ან არ საჭიროებდნენ, ან არ ითხოვდნენ… ან კი სად ეცალა სითბოს გასაცემად! საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და განმარტოვდა. ისე შეუყვარდა მარტოობა, სამსახური რომ არა, ალბათ სახლიდან არც გავიდოდა. სამსახურიც ისეთი ჰქონდა, რომ ყოველდღე სიარული არ უწევდა. როცა დაურეკავდნენ, მაშინ მიდიოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა გამომცემლობა დასაბეჭდად ახალ წიგნს მოამზადებდა. უნდა წაეკითხა და შეცდომები გაესწორებინა. პარალელურად თვითონაც წერდა. მშვიდი სამუშაო ჰქონდა და ეს სიამოვნებდა.
მაიკომ ღრმად ამოიოხრა და გაშლილი ხელისგული საფლავზე კიდევ ერთხელ გადაატარა. აქ, ნიკას გვერდით მისი სამარე გაითხრება. მალე, ძალიან მალე. სიკვდილის უკვე აღარ ეშინია. ეცდება, დარჩენილი დღეები მშვიდად გალიოს, გული არაფერზე დასწყდეს, არ ინერვიულოს და ნერვები არ მოიშალოს. ნეტავ ჰქონდეს რაიმე ისეთი, განსაკუთრებული სურვილი, სიკვდილის წინ რომ აისრულოს. არა, არაფერიც არ სურს. უფრო სწორად, რაც სურს, იმას ვერ აისრულებს, რადგან უკვე წარსულს ჩაჰბარდა. უნდა, რომ ნიკა გვერდით ჰყავდეს, ჯანმრთელი და საღსალამათი და თაიაზე ერთად ზრუნავდნენ. ამის დაბრუნება შეუძლებელია. სხვა სურვილი კი არა აქვს.
შესცივდა. აპრილის დასაწყისი იყო, მზიანი ამინდებიც დაიჭირა, მაგრამ მაინც სუსხიანად გრილოდა. ცივი ქარი სახეში სცემდა. წამოდგა. ქურთუკი შეიკრა, საყელო აიწია და ნელი ნაბიჯით გაუყვა საფლავებს შორის ვიწრო ბილიკს.
სიმსუბუქეს გრძნობდა. სპონტანურად მიღებულმა გადაწყვეტილებამ გუნება გამოუკეთა. ჰო, მთავარია, ანდერძის შედგენა არ დაავიწყდეს. ცუდია თუ კარგი, თაია მისი შვილია და ბინაც მას უნდა დაუტოვოს. სხვა არც არაფერი გააჩნია.
ახლა კი წამლების საყიდლად გაეშურება. ჩანთა გახსნა, ექიმის დანიშნულება და რეცეპტი მოიძია, ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა…
მესამე დღეა, მაიკოს ცხვირი არ გამოუყვია გარეთ. წამლების ყიდვაც ვერ მოახერხა. იმ დღეს, სასაფლაოდან რომ ბრუნდებოდა, ზედ გაჩერებასთან, ცუდად გახდა. ცივმა ოფლმა დაასხა, თვალთ დაუბნელდა და მიხვდა, რომ გული მისდიოდა. კიდევ კარგი, გაჩერებაზე სხვებიც იდგნენ, მაშინვე მისცვივდნენ, გარს შემოეხვივნენ, სკამზე დასვეს. ვიღაცამ საკინძი გაუხსნა, ვიღაცამ წყალი გააჩინა, აპკურეს, სახეში ხელები ურტყეს, უყვირეს, უძახეს და თვალიც გაახილა. მალე სასწრაფო დახმარების მანქანაც გაჩნდა და მაიკო რამდენიმე წუთში საავადმყოფოში აღმოჩნდა.
შუადღე გადასული იყო, ამიტომ საავადმყოფოში მხოლოდ მორიგე ექიმი დახვდა. დააწვინეს, გადასხმა გაუკეთეს და ისტორიის შევსებას შეუდგნენ. როცა ექიმმა გაიგო მაიკოს გასაჭირი, შეცბა. სათნო ქალი იყო, ასაკოვანი, მაგრამ კარგად მოვლილი. ნუცა ექიმი - ასე გაეცნო მაიას. მისი მკურნალი ექიმის დანიშნულებასაც გაეცნო. კარგა ხანს დაჰყურებდა წამლების სიას, რომლის ყიდვაც მაიამ ვერ მოასწრო. მერე სათვალე მოიხსნა, შეფიქრიანებული თავი გვერდზე გადახარა, სათვალის ყური კბილთან მიიკაკუნა და თქვა:
- მე თქვენ ერთი ძალიან კარგი ექიმის კოორდინატებს მოგცემთ და აუცილებლად მიდით მასთან. ეს დანიშნულებაც მიუტანეთ. დღესვე მიდით, არ გადადოთ, მოცდის დრო არ არის, ხომ ხვდებით? აი, ამ კლინიკაში მიხვალთ და ბატონ თემურს იკითხავთ. განყოფილების გამგეა. ჩემი სახელით მიდით, მანამდე მე დავურეკავ. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გააკეთებს, ქიმიოთერაპიასაც, ამასაც, იმასაც…
- ქიმიოთერაპიას არ ვაპირებ, - კატეგორიული ტონით განაცხადა.
- რატომ, სიკვდილი გინდათ? - ხმა გაუცივდა ნუცას.
- არ ვიცი… უკვე აღარაფერი ვიცი.
- აი, ხომ ხედავთ, თქვენც კი გეცოდებათ თქვენი თავი. სიკვდილი არავის არ უნდა. ასე რომ, ნუ დააყოვნებთ, მიდით და თემო თვითონ მოგხედავთ. მან იცის თავისი საქმე და ისიც, როგორ მიუდგეს პაციენტს.
ნუცა ექიმმა ქაღალდზე ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ექიმის გვარ-სახელი გამამხნევებელი ღიმილით მიაწოდა.
- წამლების ყიდვას ნუ იჩქარებთ, სანამ მაგ დანიშნულებას თემოს არ აჩვენებთ! - მიაძახა, სანამ მაია კარს გაიხურავდა.
რა თქმა უნდა, მაშინვე არ გაქცეულა მითითებულ მისამართზე. სუსტად იყო, თავბრუ ესხმოდა. წამოწოლა და ძილი უნდოდა, სხვა არაფერი. ტაქსი გააჩერა, შინ დაბრუნდა და ეგრევე ლოგინში შეწვა.
და აი, სამი დღეა, გარეთ არ გასულა. არც დღეს აპირებდა გასვლას, რადგან კვირა იყო, არც ხვალ, რადგან ორშაბათს ექიმთან მისვლა არ უყვარდა. როგორმე სამშაბათს უნდა დალოდებოდა. თუმცა, რაც სახლშია, ცუდად არ გამხდარა, თითქოს გადასხმა მოუხდა. თითქოს კი არა, როგორც ჩანს, მართლა მოუხდა. სუნთქვაც გაუადვილდა.
ეს დღეები ძალიან ბევრს ფიქრობდა სიკვდილ-სიცოცხლეზე. ეშინოდა სიკვდილის? უფრო კი, ვიდრე არა. როცა ვინმეზე გაიგებდა, სიმსივნე აქვს და გადადებულიაო, ყოველთვის ძალიან განიცდიდა, თვეობით ფიქრობდა ხოლმე იმ ადამიანზე, იცოდებდა, თანაუგრძნობდა. ვიშვიშებდა, რა ეშველებაო. ახლა თვითონ იყო განწირული და ვერაფერს გრძნობდა. არც ტიროდა, არც განიცდიდა, თუმცა დღედაღამ თავის სენზე ფიქრობდა. რაღა მას შეეყარა? რატომ დაისაჯა ასე? ცუდი რა გაუკეთებია? ყველაზე მეტად ამის ეშინოდა - წამებით სიკვდილის. სულ იმას ნატრობდა, ოღონდ კიბომ არ მომკლას და რაც გინდა, დამემართოსო. შურდა იმ ადამიანების, ღამით რომ იძინებდნენ და დილით გარდაცვლილი რომ ხვდებოდათ ოჯახის წევრებს საწოლში. ასეთი ადამიანები ბედნიერად მიაჩნდა.
გაგრძელება იქნება