ჯეინ ბირკინი ლონდონში 1946 წელს დაიბადა. 1965 წელს ლეგენდარულ ბრიტანელ კომპოზიტორ ჯონ ბარის გაჰყვა ცოლად, თუმცა კავშირი დიდხანს არ გაგრძელებულა.
სამი წლის შემდეგ ბირკინი პარიზში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ფილმზე მუშაობისას სერჟ გეინსბურგი გაიცნო. გეინსბურგმა ჯეინისთვის სიმღერა "Je t'aime… moi non plus" დაწერა, რომელიც იმავე წელს საერთაშორისო ჰიტად იქცა. ისინი სწრაფად გახდნენ საზოგადოების ფართო გატაცების საგანი. გეინსბურგი ბირკინზე თითქმის 20 წლით უფროსი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ გეინსბურგთან ურთიერთობამ ცნობილი გახადა, ბირკინი სწრაფად გახდა ვარსკვლავი გამორჩეული სტილის გამო. მისი შთაგონებით შექმნა Hermes-ის სახლმა ცნობილი ბირკინის ჩანთა.
მალე ბირკინი ფრანგული კინოს გამორჩეული ვარსკვლავი გახდა. მონაწილეობდა 70-ზე მეტ ფილმში და მუშაობდა საფრანგეთის გამოჩენილ რეჟისორებთან, მათ შორის: ჟან-ლუკ გოდართან, აგნეს ვარდასთან და ბერტრან ტავერნიესთან. მის შემოქმედებას არაერთი ცნობილი ფილმი განეკუთვნება: Blow Up (1966), La Piscine (საცურაო აუზი) 1969 წელს და "სიკვდილი ნილოსზე" (1978).
გეინსბურგისა და ბირკინის ურთიერთობა 1981 წელს დასრულდა, მაგრამ ისინი სიცოცხლის ბოლომდე კარგ მეგობრებად დარჩნენ.
1985 წელს მან პირველი „ცეზარის“ ნომინაცია მოიპოვა ფილმისთვის "La Pirate". ფილმის რეჟისორი ჟაკ დოიონი იყო, რომელთანაც ბირკინს ქალიშვილი შეეძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ბირკინი აგრძელებდა სიმღერას, სარგებლობდა წარმატებით, როგორც მსახიობი და მრავალი წლის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად წარმატებულ მოდელად, მისი სახელი კიდევ უფრო ცნობილი Hermes-ის ჩანთამ გახადა.
2020 წლის თებერვალში CNN-ის მთავარ საერთაშორისო წამყვანთან, კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში, ბირკინმა თქვა, რომ ერთხელ, სრულიად შემთხვევით, Air France-ის რეისზე, ჟან-ლუი დიუმას, Hermes-ის მაშინდელი თავმჯდომარის გვერდით მოხვდა, რომელმაც მოგვიანებით, მისი შთაგონებით ცნობილი „ბირკინის ჩანთა“ შექმნა.
ჯეინ ბირკინი, ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი, 16 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბირკინმა თითქმის ექვსი ათწლეული გაატარა ყურადღების ცენტრში. საფრანგეთმა, ქვეყანამ, რომელიც 20 წლის ასაკიდან მის მეორე სახლად იქცა, ინგლისელი გოგონა მთელი გულით შეიყვარა.
„რადგან ის განასახიერებდა თავისუფლებას, რადგან ყველაზე ლამაზი სიტყვებით მღეროდა, ჯეინ ბირკინი ფრანგული ხატი იყო“, - დაწერა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა "ტვიტერზე".