განა ტკივილის გაძლება არ შეეძლო… რა თქმა უნდა, შეეძლო. საოცარი მოთმინების უნარი ჰქონდა. როცა რამე ასტკივდებოდა, წამოწვებოდა, ოთხად მოიკუნტებოდა და ყურს უგდებდა თავის ტკივილს, როგორ იშლებოდა და იკუმშებოდა ორგანიზმში. თითქოს თვითონაც შედიოდა მასში, თითქოს ეწინააღმდეგებოდა, ტკივილის შემოტევას სხვა, რაღაც უჩინარ ძალას უპირისპირებდა… და ასე, მოთმინებით ელოდებოდა, როდის დაუამდებოდა. წამალს იშვიათად იღებდა, არ უყვარდა წამლები, მაგრამ თუ შეტევა გაუსაძლისი ხდებოდა, იძულებული იყო, დაელია. ფილტვებს საერთოდ არასდროს უჩიოდა, ბავშვობის შემდეგ. საშიშროებას უფრო მეტად კუჭიდან ელოდა, რადგან თორმეტგოჯაზე წყლული ჰქონდა და როგორც კი დიეტას დაარღვევდა, ეგრევე ძლიერი ტკივილები ეწყებოდა.
ახლაც გულძმარვამ შეაწუხა. ადგა, წყალი შეათბო, ჭიქაში სოდა ჩაყარა, თბილი წყალი დაასხა, კოვზით მოურია და სვენებ-სვენებით დალია. შვება წამში იგრძნო. მალე გულძმარვამაც გაუარა. «მომკლავს ეს სოდა», - გაიფიქრა სახედაჭყანულმა და კომპიუტერს მიუჯდა. უკვე გვიან იყო, უნდა დაწოლილიყო. ბოლო დროს ადრე წვებოდა და ადრე დგებოდა. სამუშაოს ვეღარ უდებდა გულს, რამდენი დღეა, ერთი სტრიქონიც არ დაუწერია. არა, მოუწევს ექიმთან მისვლა. ცოტა უკეთ თუ არ გახდა და თვალებში არ გამოიხედა, წიგნის დამთავრებას ვერ ეღირსება.
ფეისბუქი გახსნა. უცნაური ის იყო, რომ მოულოდნელად პაროლი დაავიწყდა. იმდენჯერ შეცვალა, რომ აღარ ახსოვდა, ბოლოს რა დააყენა. კარგა ხანს იფიქრა. ეს გულმავიწყობა რაღაზე დასჩემდა? იქნებ სტრესის ბრალია? მაგრამ რომ არ ნერვიულობს? სტრესი რატომ უნდა ჰქონდეს? ალბათ ჰგონია, რომ არ ნერვიულობს, შინაგანად კი, როგორც ჩანს, დაძაბულია. ხუმრობა ხომ არ არის, კიბო ნელ-ნელა ედება მის ორგანიზმს. ჰო, ალბათ. ალბათ ფარული სტრესი აქვს.
აჰა, გაახსენდა! პაროლად ამას წინათ «პაროლი 13» დააყენა… აი, შევიდა…
მხოლოდ ერთი წერილი დახვდა, თათიას მოეწერა, თავის კლასელს, რომელთანაც ურთიერთობა დღემდე შეინარჩუნა. ამ დღეებში გამოგივლიო, მეგობარი სწერდა. თვითონაც მისწერა, გელოდები, სულ სახლში ვარო და კოცნა გაუგზავნა.
საძიებელში შევიდა და ლეონის მოძებნას შეუდგა. არ ეგონა, ამდენი ლეონი თუ იქნებოდა. უმრავლესობას ჟან რენოს სურათი ეყენა მთავარ ფოტოდ ან ნატალი პორტმანის. სათითაოდ ყველასთან შევიდა. იცოდა, რომელი ლეონიც სჭირდებოდა - ის, ვისაც არც ერთი მეგობარი არ ეყოლებოდა.
როგორც იქნა, მიაგნო. მას მხოლოდ ლეონი არ ერქვა, სახელის გვერდით ფრჩხილებში «პრინცი კედებში» მიეწერა. გაუხმეს თავი! პრინცი არა, ტოროლა! გაეღიმა. სურათიც შესაბამისი დაეყენებინა «ლეონს». ფოტოზე წითელკედებიანი ფეხები მოჩანდა მხოლოდ, იქვე თეთრი ბურთი იდო, ბურთზე კიდევ სნაიპერის შაშხანა იყო მიყუდებული.
ეს სწორედ ისაა, ვისაც ეძებს. კარგია, რომ იპოვა. მის კედელზე გადავიდა. ლეონს მხოლოდ ფოტოები ედო - ყვავილების, გზების, ტბების, ჩანჩქერების… ჰმ.. რომანტიკოსი ყოფილა, - დაასკვნა მაიკომ.
ახლა მთავარია, ახალი პროფილი შექმნას, აქედან ხომ არ მისწერს? მან არ უნდა გაიგოს, ვინაა, თორემ ალბათ გადაირევა - სულელია ვიღაც, საკუთარ თვითმკვლელობას მიკვეთსო.
სასწრაფოდ შეუდგა ახალი გვერდის გაკეთებას. საფოსტო მისამართიც სხვა მიუთითა, სათადარიგო რომელიც ჰქონდა, ტელეფონის ნომრად კი ნიკას ნომერი მოიშველია, რომელიც არ გაუუქმებია, ქმრის ტელეფონით დღესაც სარგებლობდა.
რამდენიმე წუთში პროფილი მზად იყო. «პიმპუ» დაირქვა, რომ უცხო ადამიანების ყურადღება არ მოეზიდა. მამა ეძახდა ასე ბავშვობაში.
ინტერნეტიდან ზოგადი ფოტოები ამოიღო და ორიგინალური სურათებით გვერდი გაალამაზა. ესეც ასე. ახლა მთავარია, დაეკონტაქტოს. უფრო სწორად, მაიკომ მისწეროს და ლეონი კონტაქტზე გამოვიდეს. დაიწყო ფიქრი, რა მიეწერა. სანდოობის მომენტიც უნდა გაეთვალისწინებინა. ვიღაც უცხოს კაცის მკვლელი ალბათ ასე ადვილად არ ენდობოდა. რამდენჯერმე დაალაგა წინადადებები გონებაში, მერე კლავიატურაზე აკრიფა, მაგრამ სანამ გაგზავნიდა, გადაიკითხა. სიტყვები გადაალაგ-გადმოალაგა, წაშალა, ხელახლა დაწერა და ბოლოს, როცა ყველაფერი გაასწორა, «ენტერს» დაუწკაპუნა და წერილი გაგზავნა.
«გამარჯობა, ლეონ! თქვენთან დაკავშირება ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა მირჩია, ვასილ ბაღდავაძემ, პოლკოვნიკმა. თქვენი დახმარება მჭირდება. არ ვიცი, როდის ნახავთ ჩემს წერილს, მაგრამ საჩქარო არ არის. როცა მოგიხერხდებათ, მომწერეთ, რომ დაგელაპარაკოთ».
ის იყო, ფეისბუქიდან გამოსვლას აპირებდა, რომ პასუხი მოუვიდა:
- ვინ ხართ?
გული ლამის გაუჩერდა. ჯერ ერთი, ასე უცებ საპასუხო წერილს არ ელოდა. რას იფიქრებდა, ამ დროს ეს კაცი თუ აქ იქნებოდა. თითქოს ჩასაფრებული იყოო. ხელები აუკანკალდა. თითები სასწრაფოდ მოისრისა და გამალებით შეუდგა წერას.
- რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ არ გეკითხებით, თქვენ ვინ ხართ? - და «გაუღიმა».
პასუხმა ერთხანს დააყოვნა. მერე ლეონმა კვლავ მოიწერა:
- რა საქმე გაქვთ?
- რა საქმესაც თქვენ ასრულებთ, - ახლა უკვე თამამად მისწერა.
- ვასოს საიდან იცნობთ?
- ახლობელია ჩემი.
- ახლობელი?
- ჰო. ჩემი მეუღლის ძმაკაცია, თავდაცვის სამინისტროში.
- ქალი ხართ?
მაიკოს გამეღიმა. ამას ალბათ არ ელოდა. რა სულელია, რას ახსენა მეუღლე და ძმაკაცი? ეთქვა, ჩემი მეგობარიაო. ახლა უკან დახევას აზრი არ ჰქონდა.
- კი, ქალი ვარ, - და კვლავ «გაუღიმა». სხვა სმაილების დასმა არც იცოდა. ერთადერთი ღიმილი იყო ხოლმე, რასაც იყენებდა.
- აჰა… ეგღა მაკლდა, - ახლა მან «გაუღიმა».
- რატომ, რა არის ამაში ცუდი?
- არ ვიცი… იქნებ არც არაფერი. უბრალოდ, ქალებთან საქმიანი ურთიერთობა ჯერ არ მქონია.
- ესე იგი, გაგიმართლათ.
- მე თუ თქვენ?
მაიას გაეცინა. მართლაც, მას უფრო გაუმართლა, ვიდრე ლეონს.
- ორივეს, - მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და ახლა ორი ღიმილი გაუგზავნა.
- რა შინაარსისაა თქვენი შეკვეთა? ქალს ეხება თუ კაცს? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა. როგორც ჩანს, ვასიკოს ხსენებამ გაჭრა.
- ქალს.
- ქალს? რა დააშავა? ქმარი წაგართვათ თუ თანამდებობა? - და შეკითხვას თვითონაც ორი ღიმილი მოაყოლა.
- არც ერთი და არც მეორე.
- ვა! ეგ როგორ?
- ჩვეულებრივად. მიზეზის დასახელება არ მსურს. ვფიქრობ, ამას საქმესთან კავშირი არა აქვს. ხომ მეთანხმებით?
- გასაგებია. თანამდებობა? სოციალური ფენა? ცნობილი პიროვნებაა? ასეთებზე არ ვმუშაობ.
- არა, ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც თქვენ და მე.
- თქვენ რა იცით, მე როგორი ვარ? იქნებ არაჩვეულებრივი ვარ?
- თქვენზე ბევრი რამ ვიცი.
- მაგალითად?
- მაგალითად, ის, რომ ცნობილებს არ «ერჩით», საქართველოში იშვიათად მუშაობთ და ასე შემდეგ.
- ჰოდა, რატომ გგონიათ, რომ თქვენს საქმეს მივხედავ?
- არ ვიცი, მე უბრალოდ, ვცადე.
- უარი რომ ვთქვა?
- მაშინ სხვას მოვძებნი.
- ასე ადვილად? გგონიათ, ასე ადვილია?
- ადვილი არაფერია, ფაფის ჭამაც კი, - და ისევ «გაუღიმა».
- კარგი. მომიყევით, აბა, რა ხდება და პასუხს ბოლოს გეტყვით.
- ისეთი არაფერი. ერთი ჩვეულებრივი ქალია. მარტო ცხოვრობს. არავინ არ ჰყავს. ადვილად მოსაგვარებელი საქმეა. მისი სახლის წინ კორპუსია, ბოლო სართულზე სარდაფი და ლიფტის ოთახია. მოკლედ, ადვილი და უსაფრთხო საქმეა.
- ისე ლაპარაკობთ, თითქოს დიდი გამოცდილება გქონდეთ. თან სიტყვებს ფრთხილად არჩევთ. თამამად დაწერეთ, აქ ამას ვერავინ წაიკითხავს.
- იმიტომ ვფრთხილობ, რომ… რა ვიცი, ვინმეს გაშიფვრა რომ მოუნდეს… ხომ იცით, ძალიან მარტივია სხვისი წერილების ამოღება.
- ამაზე ნუ დარდობთ. უსაფრთხოების ყველა წესი დაცული მაქვს.
- თქვენ შეიძლება დაცული გაქვთ, მაგრამ ჩემი ხომ არ იქნება დაცული?
- იქნება. როგორც კი საუბარს დავასრულებთ, თქვენთანაც ყველაფერი ავტომატურად წაიშლება.
დაუჯერებელ რაღაცას ეუბნებოდა. ასეთი რამ პირველად გაიგო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვნახოთ, რამდენად მართალია ბატონი ლეონი.
- სურათი და მისამართი დამჭირდება. - მოიწერა ლეონმა ცოტა ხანში.
- მე კიდევ ჰონორარი რამდენი მექნება გადასახდელი, იმის გაგება მჭირდება.
- თქვენ რამდენს გადამიხდით? - სიცილი გამოგზავნა.
- რა ტაქსის მძღოლივით მევაჭრებით? - გაბრაზდა მაიკო.
- თუ ჩემზე ბევრი რამ იცით, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რამდენს ვიღებ საქმეში.
- ყველა საქმეში ხომ ერთნაირად არ გიხდიან? თქვენ თქვენი მითხარით, მე ჩემსას გეტყვით.
- ჰოდა, თქვენ თქვით ჯერ, ქალი ხართ და უნდა დაგითმოთ.
- ეგრე არ გამოვა. მე რომ ასი დოლარი გითხრათ, დამთანხმებით?
- სცადეთ… იქნებ ვთანხმდები, - და ღიმილი დახატა.
- ეგ არასერიოზული დამოკიდებულებაა, ლეონ. მეგონა, სერიოზულ ადამიანთან მქონდა საქმე, თან პროფესიონალთან.
- სერიოზულთან არა, პროფესიონალთან - კი.
- მაშინ დაასახელეთ არასერიოზული პროფესიონალის სამუშაოს გასამრჯელო!!! - გაბრაზება ძახილის ნიშნებით გამოხატა.
- კარგი. რახან ქალისგან პირველად ვიღებ საქმეს… 9.
ეს 9 ვერ გაიგო მაიკომ, რას ნიშნავდა.
- 9 რა?
- და სამი ნული.
- დოლარებში?
- თქვენ ევროში გირჩევნიათ?
- არა, მე ლარებში მირჩევნია.
ლეონმა სიცილით «აიკლო». კარგა ხანს მხოლოდ მოცინარ სმაილებს გზავნიდა.
- რატომ იცინით?
- იმიტომ, რომ ახლა თქვენ მევაჭრებით ტაქსის მძღოლივით.
მოკლედ, საქმე ისე წავიდა, რომ ლამის იჩხუბეს. დაქირავებული მკვლელი ბევრს ითხოვდა, ამდენის გადახდას ნამდვილად არ აპირებდა. თან მწარედ ეცინებოდა, რომ საკუთარი თავი ცხრა ათასი დოლარიც არ უღირდა.
უხსნიდა, რომ მისი სამიზნე არც პოლიტიკოსი იყო და არც ცნობილი პიროვნება, ამიტომ თანხისთვის უნდა დაეკლო. ამ საქმეს არავითარი გართულება არ მოჰყვებოდა, ყველაფერი წამში დამთავრდებოდა და სანამ ვინმე გონს მოეგებოდა, თვითონ უკვე შორს იქნებოდა წასული.
როგორც იქნა, ექვსი ათას ლარზე შეთანხმდნენ. ნახევარი წინასწარ უნდა ჩაერიცხა მისთვის მაიას, ნახევარი - საქმის დამთავრების შემდეგ.
ისევ გაეცინა. საქმე რომ მომთავრდებოდა, ფულს ვინღა გადაურიცხავდა? ამიტომ შესთავაზა, მეორე ნახევარს ერთი დღით ადრე ჩაგირიცხავო. სამაგიეროდ, უნდა დალოდებოდა.
- მე თქვენ ფოტოს გამოგიგზავნით და მისამართსაც. დააკვირდით, შეისწავლეთ კარგად ობიექტის გარეგნობაც და მარშრუტიც. ხოლო როცა საჭირო იქნება, მოგწერთ და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ.
- ანუ არ გეჩქარებათ?
- არა, არ მეჩქარება.
- მაშინ წინასწარ რატომ დამიკავშირდით?
- იმიტომ, რომ არ ვიცოდი, მოვახერხებდი თუ არა თქვენთან დაკავშირებას.
ერთი სიტყვით, საერთო შეთანხმებას მიაღწიეს. მაიკოს ორ დღეში 3 ათასი უნდა გადაერიცხა ლეონისთვის, ოღონდ არა მის პირად ანგარიშზე, არამედ სულ სხვა, რაღაც ორგანიზაციის ანგარიშზე. არც გაჰკვირვებია, მკვლელი სიფრთხილეს იჩენდა.
- მეც სხვისი სახელით ჩაგირიცხავთ, ასე რომ… ერთმანეთის მოძებნას ნუ შევეცდებით… - ქალმა თავი დაიზღვია.
- თქვენ აპარატიდან ჩარიცხეთ და საერთოდ არ დაგჭირდებათ არავის ვინაობის დაფიქსირება, - ლეონმა რჩევა მისცა.
ეს არ უფიქრია. გონივრული წინადადება იყო, რაც ძალიან მოეწონა, მაგრამ აპარატიდან სამი ათასის ჩარიცხვა ასე ადვილი იყო? მთელი საათი უნდა დაეკარგა ამისთვის. რა მოხდა მერე, დღეს ყველას ასე შეაქვს ფული ბანკში.
როგორც იქნა, საუბარს მორჩნენ და მაია უცნობს დაემშვიდობა. სასაუბრო ფანჯარა ჩახურა, მაგრამ გაახსენდა, ლეონმა რომ უთხრა, ყველაფერი წაიშლებაო და შემოწმება სცადა. ჯერ არაფერი წაშლილიყო. ცოტა ხანს დაელოდა, თავის გვერდზე გადავიდა, გარეშე თვალით შეხედა, როგორი პროფილი ჰქონდა და როცა კვლავ გადაამოწმა ლეონთან მიწერ-მოწერა, მართლაც ყველაფერი წაშლილი დახვდა. ვააა! ნუთუ ასეთებიც ხდება? უნდოდა, მიეწერა, შეექო ოპერატიულობისთვის, მაგრამ მის გვერდს ვეღარ მიაგნო… ნუთუ ისიც წაშალა? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, წერილებიც წაიშლებოდა. მაგრამ როგორ უნდა მიაწვდინოს ხმა, თუკი პროფილი აღარ ექნება? იქნებ მაიკოსავით ორი გვერდი აქვს მასაც ან მეტი? ალბათ ამიტომ უთხრა, მე თვითონ შეგეხმიანები ამ დღეებშიო… ჰო, ალბათ ამიტომ უთხრა…
თუმცა, ლეონი არც ორი და არც სამ დღის შემდეგ არ შეხმიანებია. მაიას ჩვევად ექცა დაძინების წინ და გაღვიძების შემდეგ ფეისბუქში შევარდნა. ციებიანიავით ელოდებოდა მის წერილს. ის კი არ ჩანდა. როგორც ჩანს, მოატყუა. ალაპარაკა, ალაპარაკა და გაქრა. მკვლელი ალბათ დასცინის ახლა, როგორ დაიჯერა ამ ქალმა ჩემი დანაპირებიო. «მეც არ გამიკვირდა, ასე უცებ როგორ დამთანხმდა-მეთქი? როგორი სულელი ვარ»… - საკუთარი მიამიტობით გაწბილებულმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
ხასიათი გაუფუჭდა. იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი მოაგვარა. მოტყუვდა. ახლა რა უნდა ექნა? ვერაფერსაც ვერ იზამდა, უნდა დალოდებოდა. იქნებ საქმე ჰქონდა და სხვების შეკვეთებზე მუშაობდა? იქნებ სულაც მოულოდნელად მოუწია ქალაქიდან გასვლა? მაიკომ ეს არ იცოდა. არა უშავს, თუ არაფერი გამოუვა, თვითონ მიხედავს ამ საქმეს. წამლების გადაჭარბებული დოზა და მისი ჯანი! ყველაფერზე წავა, ოღონდ ამ საშინელ სენს თავი არ გააწამებინოს!
ოთხშაბათს ნუცას მოცემული მისამართი ჯიბეში ჩაიდო და კლინიკისკენ გასწია. გარეთი ცრიდა. არა და არ გამოვიდა ამინდი. მოენატრა სითბო, მზე… მხრებაწურული მიუყვებოდა სველ ასფალტს, ქოლგა წინ გადაეწია, რომ თავი ქარისგან დაეცვა. ქარი თითქოს ლამობდა, მისთვის ქოლგა წაერთმია.
თბილ შენობაში რომ შევიდა, მოეშვა. ქოლგა დაკეცა და ცელოფანში ჩადო, რომ ჩანთა არ დაესველებინა. სვენებ-სვენებით ავიდა მეექვსე სართულზე და განყოფილების გამგის კაბინეტს მიადგა. ირგვლივ მიმოიხედა. სიგრძეზე დალაგებულ სკამებზე პაციენტები ისხდნენ და თავიანთ რიგს ელოდებოდნენ.
- ბატონ თემურს ვინმე ელოდება? - იკითხა.
უარის ნიშნად ზოგმა თავი გააქნია, ზოგმა არაო, უპასუხა.
წარწერას კიდევ ერთხელ ახედა. «თემურ სახვაძე, მედიცინის დოქტორი», - იუწყებოდა წარწერა. კარზე დაკაკუნა. პასუხი არავინ გასცა.
ამ სახელისა და გვარის ბიჭი მეცხრე კლასში უყვარდა. ბორჯომში გაიცნო, დასასვენებლად რომ წაიყვანა ბებიამ. რას იცინებს, ის რომ აღმოჩნდეს…
მოპირდაპირე კაბინეტში შეიხედა.
- ბატონი თემური აქ არის, თუ იცით? - მორიდებით ჰკითხა თეთრხალათიან ქალებს.
- მაღლაა, რეანიმაციაში. დაელოდეთ, მალე ჩამოვა.
კარი მოიხურა და ფანჯარასთან დადგა… უნდა დალოდებოდა…
უიმედო ადამიანის რამდენიმე ტიპი არსებობს - უიმედოდ გულჩათხრობილნი, უიმედოდ გულუბრყვილონი და უიმედოდ იმედიანები. მაიკო ამ უკანასკნელს მიეკუთვნებოდა. რაღაცის იმედს დაკარგავდა და მაინც იმედი ჰქონდა, რომ ის რაღაც გამოუვიდოდა. ახლაც იდგა ფანჯარასთან თავისი რიგის მოლოდინში და იმედოვნებდა, რომ ლეონი აუცილებლად გამოეხმაურებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელი ჩაქნეული ჰქონდა.
ამ დროს განყოფილების გამგის გვერდითა კაბინეტიდან წელში ოთხად მოხრილი პაციენტი გამოვიდა. მამაკაცი იყო, საშუალო ასაკის. სახე ისე გაყვითლებოდა, აშკარად ჩანდა, დიდი დღე არ ეწერა. გვერდით ახალგაზრდა ქალი მოჰყვებოდა - ალბათ ცოლი. გული მოეწურა. მასაც ეს დღე ელის, თანაც ძალიან მალე.
გააჟრჟოლა. უეცრად ზურგს უკან სასიამოვნო ხმა მოესმა:
- მე მელოდებით?
იმდენად მოულოდნელი იყო უცხო ხმის გაგონება, რომ შეკრთა და სწრაფად შემობრუნდა.
მის წინ ათლეტური აღნაგობის ერთობ სიმპათიური მამაკაცი იდგა, დაახლოებით მისი ასაკის. თეთრი ხალათი, შაბიამნისფერი შარვალი და ამავე ფერის ჩაჩი ეხურა. მოსწონდა მაიკოს თანამედროვე ექიმების ფორმა. მით უფრო, თუ ექიმი სიმპათიური იყო. ასეთებს ფორმა განსაკუთრებულად უხდებოდათ.
- ბატონი თემური ბრძანდებით?
- დ… დიახ, - ექიმს, რატომღაც, ენა დაება.
- დიახ, თქვენ გელოდებოდით.
- მობრძანდით, - მამაკაცმა გასაღები საკლიტულში შეარჭო და გადასწია, მაგრამ კარის გაღება ვერ შეძლო. კარგა ხანს ეჯაჯგურა, სახელურს ხან აქეთ გადმოატრიალებდა, ხან იქით და ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა.
- ვერა და ვერ შევაკეთებინე ეს საკეტი. უკაცრავად, ბოდიშს გიხდით, - ექიმი თავის მართლებას მოჰყვა.
- არა უშავს, ხდება ხოლმე, - გაიღიმა მაიამ და ექიმს კაბინეტში ფეხდაფეხ შეჰყვა.
- დაბრძანდით, - შავტყავგადაკრულ სკამზე მიუთითა თემურმა, თვითონ სამუშაო მაგიდას მიუჯდა და მბრუნავ სავარძელში ჩაეშვა.
მაიამ ირგვლივ მიმოიხედა. თვალში მოხვდა კარადაზე შემოდებული ხელოვნური ყვავილები და სანთლისგან ჩამოსხმული ხილი, რომელიც ვაზაში ეყარა. სხვა ყველაფერი ჩვეულებრივად ექიმის კაბინეტს მოგაგონებდათ, თავისი ორგანოებდახატული პლაკატებითა და ჰიპოკრატეს ჩარჩოში ჩასმული ფიცით, საქაღალდეებითა და სამედიცინო ხასიათის წიგნებით.
ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. მაიკო ექიმის შეკითხვას ელოდებოდა, ექიმი - მის ახსნა-განმარტებას.
ბოლოს თემურმა ჩაახველა.
- გისმენთ, რა გვაწუხებს? - და ლამაზი, გრძელი თლილი თითები ერთმანეთში ჩახლართა, თან თვალს არ აშორებდა მაიას, თითქოს რაღაცის გახსენებას ცდილობსო.
- ჩემი სახელია მაია…
- ვეკუა… - დაასრულა ექიმმა და ქალის გაოცებულ სახეს რომ შეხედა, ღიმილით გააგრძელა, - მაკო, მაიკო, მაკუნა… ეგრევე მივხვდი, როგორც კი შემოგხედე. შენი არაბუნებრივად ბუნებრივი ფერის თვალები ძნელია, დაივიწყო. ნუთუ ვერ მიცანი? - განყოფილების გამგე სახეზე ოდნავ წამოწითლდა და მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაჩი მოიხადა.
მომენტალურად შეეცვალა გარეგნობა, ჩაჩით უფრო სიმპათიურად გამოიყურებოდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თავზე, წრიულად, ღერი თმა არ შერჩენოდა, ნახევრად გამელოტებულიყო.
- თემო, შენ ხარ? - მაიკოსაც მოერია ღიმილი და თვალები აუციმციმდა, - ღმერთო, წარმოუდგენელია! - მსწრაფლ წამოხტა, მაგიდას შემოუარა და ფეხზე წამომდგარ ბავშვობის მეგობარს გადაეხვია.
- მე ვარ, მე… ასე ძალიან შევიცვალე? - თემური ზურგზე ხელს უსვამდა და სიამოვნებაჩაღვრილი ქალის თმის სურნელს ნეტარებით ისრუტავდა.
- იცი, როგორ ვიფიქრე, სანამ მოვიდოდი, ეს კაცი ის სახვაძე რომ აღმოჩნდეს, რამდენს ვიცინებ-მეთქი, - მაიკო მამაკაცს მოშორდა და ახლა შორიდან შეათვალიერა.
- მერე? რატომ არ იცინი? - უხერხულად მოისვა ექიმმა თავზე ხელი, - გამელოტებულია შენი თემური.
- ეგ არაფერი, უნაკლო არავინ არ ვართ, - ხელი ჩაიქნია მაიკომ და თავის ადგილს დაუბრუნდა, - ესე იგი, მაინც აიხდინე ოცნება და ექიმი გახდი, არა? ყოველთვის მიზანმიმართული იყავი, რაც ყველაზე მეტად მომწონდა შენში.
- ჰო, მაგრამ ჩემი მიზანმიმართულობა ყველაზე მთავარ რამეში ვერ გამოვიყენე.
- რაში? კიდევ დაგრჩა რამე აუხდენელი? - მაიკომ ხელზე ხელი დაადო და ოდნავ მოუჭირა.
- ჰო, შენ დამრჩი განზე, - კვლავ წამოწითლდა თემური და დაბნეულობის დასაფარავად ჩაჩს წაეტანა, რომ თავზე დაეხურა.
- ისე, ქუდი უფრო გიხდება, ვიდრე უქუდობა, - სიცილი წასკდა მაიას.
- ჰო, ამიტომაც სულ მახურავს… მომიყევი ახლა, როგორ ხარ, რას საქმიანობ, საით ხარ… ჩემთან რა ქარმა გადმოგაგდო?
- როგორ ვარ და… ცუდად. რას ვსაქმიანობ? ნუ, ვწერ… მწერალი მქვია. თბილისში ვცხოვრობ, მეუღლე გარდამეცვალა, ქვრივი ვარ, მყავს ერთი ქალიშვილი და ასე. შენ?
- მე? მე რა, მეც მყავს ცოლ-შვილი. მეუღლე ექიმია, აქ მუშაობს, ჩვენთან. ორი ბიჭი მყავს, დიდები არიან უკვე. სხვა რა ვიცი, - მამაკაცმა ხელები გაშალა.
- ეს დასავლური სენი შენც შეგეყარა, არა?
- რა დასავლური სენი?
- ექიმ კაცს აუცილებლად ექიმი ცოლი უნდა ჰყავდეს. დასავლეთ საქართველოში ასე იციან. დედების გულის გასახარად ექიმ კაცებს ექიმი ქალები მოჰყავთ ცოლად.
- შენ ხომ იცი, რომ მე ასეთი არასდროს ვყოფილვარ.
- აბა, რა ვიცი? წესიერად ვერც მოვასწარი შენი გაცნობა.
- მაკუნა, ნუ მაბრაზებ! - ხუმრობანარევი ტონით დატუქსა ექიმმა.
- ხო, კარგი, გეხუმრე. მიხარია შენი წარმატება. ნუცა ექიმმა მომცა შენი კოორდინატები, ძალიან გაქო.
- ოოო, ნუცა საუკეთესო ექიმია… და… ისა… - მოულოდნელად დაიბნა, - იმასთან რა საქმე გქონდა?
მაიკოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, მოიქუფრა. გაღიმება სცადა, მაგრამ იმდენი სევდა გაერია ამ ღიმილში, მამაკაცი მიხვდა, არც ისე კარგად იყო საქმე.
გაგრძელება იქნება