- მოკლედ, სიმსივნე მაქვს, თემო… ფილტვის… მეოთხე სტადია. განგებამ იმდენი ქნა, რომ პირდაპირ შენთან გადმომაგდო. ერთ დროს შენი შეყვარებული ვიყავი, ახლა კი შენ პაციენტი გავხდები, - და ზედმეტად გულისამაჩუყებლად რომ არ გამოსვლოდა, პატარა ბავშვივით დაიჯღანა, მერე კი დაამატა, - ხომ ხედავ, მაინც გეპრანჭები.
თემოს სახე გაუქვავდა. რამდენიმე წამის განმავლობაში თვალმოუშორებლად შესცქეროდა ერთ დროს სათაყვანებელ არსებას და არ იცოდა, რა ეთქვა.
- ჰა, თქვი ახლა რამე, თორემ დაიძაბა სიტუაცია, - გაიხუმრა ქალმა.
- იცი რა? - ამოიხვნეშა თემურმა და სავარძელში შეირხა, - ცხოვრებაში ყველაფერს მოევლება, შეუძლებელი არაფერია. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, გასაგებია? იქნებ ისე სულაც არ არის საქმე, როგორც შენ გგონია.
- მოიცა, მოიცა… არ გვინდა ეს სენტიმენტალური შეგონებები. მე ძლიერი პიროვნება ვარ, უკვე გავიაზრე, რაც მჭირს და საერთოდ არ მეშინია. რაც არის, არის. მარადიული არავინაა ამქვეყნად. უბრალოდ, ჯერ არ მცალია იმისთვის, რომ მოვკვდე, რაღაც-რაღაცები დამრჩა გასაკეთებელი, დასამთავრებელი. ამაში უნდა დამეხმარო. ოღონდ ერთი პირობით - ქიმითერაპიას არ ჩავიტარებ.
ექიმმა ჩაახველა და იმწამს დახურული ჩაჩი კვლავ მოიძრო. იქვე, მაგიდის კიდეში მიაგდო და სავარძელში ერთი ბრუნი გააკეთა.
- მაჩვენე შენი გამოკვლევები, - დახშული ხმით მიმართა მაიკოს და ხელი გაიწოდა.
მაიამ ჩანთიდან კარგა მოზრდილი საქაღალდე ამოიღო და მეგობარს გაუწოდა.
- ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე. აი, აქაა ჩემი ავადობების მთელი ნუსხა, - ისევ გახუმრება სცადა.
თემომ საქაღალდე გახსნა და სათითაოდ შეუდგა საბუთების კითხვა-შესწავლას.
- სენტიმენტალური გამოთქმები სენტიმენტალურმა ასაკმა იცის, - თქვა ექიმმა, როცა გამოკვლევების დათვალიერებას მორჩა და საქაღალდე დახურა, - მაგრამ ქიმიოთერაპია სენტიმენტების გარეშე უნდა ჩავიტაროთ. გესმის?
- მესმის, მაგრამ არა. ამას არ ვიზამ.
- იზამ. თუ ჩემთან მოხვედი, ისე უნდა მოიქცე, როგორც მე ვიტყვი. სხვანაირად არ გამოვა. დღეიდან მე ვარ შენი მიმთითებელი და არანაირ პროტესტს არ მივიღებ. ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. სიტუაცია რთულია, მაგრამ არა უიმედო. ვიცი, რაც უნდა გავაკეთო და მომეცი საშუალება, დაგეხმარო. ახლა მაინც მომეცი ამის უფლება.
- თემო…
- თემო არ ვიცი მე! ძლივს გიპოვე. ამდენი წელი გეძებდი, სად არ გავიკითხე, ვის არ ვთხოვე, შენი ასავალ-დასავალი გაეგო და ვერაფერს გავხდი. ახლა შენი ფეხით მოხვედი, თანაც დახმარება გჭირდება, რაც მე მართლა შემიძლია და არ გინდა ეს გამაკეთებინო? დაივიწყე! დღეიდან სულ შენ გვერდით ვიქნები. ერთად ვიმუშაოთ და ერთად გამოვძვრეთ ამ ორომტრიალიდან. გთხოვ!
მაიკომ გულის მომკვლელად ამოიოხრა და მამაკაცს აწყლიანებული მზერა მიაპყრო.
- რატომ არ მოხვედი მაშინ, რომ შემპირდი? რატომ მომატყუე? - ამ ორი შეკითხვით წარსულს გადასწვდა.
- არ მომიტყუებიხარ. გიგა გახსოვს? ქუთაისელი. ის შემპირდა, გამოგყვებიო და ჯერ მასთან ჩავედი ქუთაისში, მაგრამ იქ ისე გამომათვრეს, რომ არაფრის თავი არ მქონდა. მერე ვეღარ მოვახერხეთ შენთან წამოსვლა, შაბათ-კვირა თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა. სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი, ჩემები დარდით დაიხოცებოდნენ. მეათე კლასში ვიყავი და ხომ გესმის… ჯერაც ვერ ვგრძნობდი თავს დამოუკიდებლად.
- რამაც ჩვენი სიყვარული შეიწირა.
- ჰო. მერე გწერდი, შენ კიდევ პასუხს არ მიბრუნებდი. მივხვდი, რომ გამიბრაზდი, მაგრამ ვერაფერს გავაწყობდი…
- ასე რომ, საკურორტო რომანი გამოგვივიდა და ეგ იყო.
- ჰო, ეგ იყო, მაგრამ არ დამვიწყებიხარ. არასდროს. დღემდე. სულ ვფიქრობდი შენზე. არ იცი, როგორ გამახარე.
- გაგახარე რო? ასეთი ავადმყოფი გამოგეცხადე და…
- მთავარია, გამომეცხადე. შენი შეხედვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს, შენი ხმის გაგონება სიხარულს მიბევრებს, შენი სიცილი კი ბედნიერებით მავსებს. მეტი არც არაფერი მინდა.
- მეტს ვერც მე შეგპირდები, ესაა, რისი გაცემაც შემიძლია, - გაიღიმა მაიკომ.
თემურმა თვალები დახუჭა და თავი სინანულით გადააქნია.
- მწეველი ხარ?
- არა, ცხოვრებაში არასდროს მომიწევია. ასე რომ, ჩემს სენს სიგარეტს ვერ დავაბრალებ.
- გასაგებია. მაშინ მკურნალობას შევუდგეთ.
- მომისმინე, თემო. ქიმიოთერაპია მართლა არ მინდა. გთხოვ. ამ ეტაპზე რამე წამლები გამომიწერე. თუ უარესობა იქნება, მერე ვნახოთ.
- თუ მხოლოდ წამლებზე ვიქნებით დამოკიდებული, უარესობა იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევ. ამიტომ…
- არა, ამ ეტაპზე არა-მეთქი, უკვე გითხარი. - ხელები გაასავსავა მაიამ.
- ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, როგორიც მახსოვხარ. სიცოცხლე არ გინდა?
- მინდა, მაგრამ გარკვეული დროით. დარჩენილი დრო კი მეყოფა იმისთვის, რისთვისაც სიცოცხლე მინდა, - ნიშნის მოგებით უპასუხა და კვლავ პატარა ბავშვივით დაიჯღანა.
- მაინც მეპრანჭება, - გაიხუმრა თემურმა, - როგორი თავნებაა ეს გოგო! - ამ სიტყვებით სავარძელში წამოიწია, მაიკოსკენ გადმოიხარა და შუბლზე აკოცა, - შენ ყოველთვის ჩემი პატარა ბედნიერება იყავი, ლამაზი და ნათელი ბედნიერება.
- ვიცი, - ჩამწყდარი ხმით მიუგო ქალმა და თვალები დახარა.
- კარგი, მაშინ ახლა მე შენ წამლებს გამოგიწერ, ფასდაკლებასაც გაგიკეთებ, რომ არ გაიწეწო და აი, ამ ერთ კოლოფს გაჩუქებ ჩვენი ძველი მეგობრობის ნიშნად. - და უჯრიდან მოზრდილი ყუთით პრეპარატი ამოიღო.
- არ გინდა. იმდენს ნუ იზამ, რომ დაზარალდე. უფულობას არ ვუჩივი, საშუალება მაქვს.
- არ დავზარალდები, შენ მაგის დარდი ნუ გაქვს. აქ 50 აბია, ყოველ დილით უზმოზე ორ-ორი უნდა დალიო. 25 დღე გეყოფა. კიდევ ორ თავ პრეპარატს გამოგიწერ, ადვილი საშოვნელია. დაგიწერ, რა დოზით და როგორ უნდა მიიღო. ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს დამირეკავ და მეტყვი, როგორ იქნები. ეს ერთი… მეორე… გადასხმები აუცილებლად უნდა გავიკეთოთ.
- რამდენიმე დღის წინ გავიკეთე.
- რამდენი, ერთი?
- ჰო, ერთი.
- დამცინი? ერთი კი არა, კურსი უნდა ჩაიტარო. ათი მაინც.
- ცხრა.
- ხო, კარგი, იყოს ცხრა, მაგრამ ხვალვე უნდა დაიწყო. სახლში გყავს ვინმე?
- არა, მარტო ვარ. ჩემი გოგო ჰოლანდიაშია, იქ მუშაობს.
- აბა, რა ვქნათ? ყოველდღე აქ სიარული დამღლელია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ჩემზე კარგად ეს არავინ იცის.
- მეგობარს ვთხოვ, ის გამიკეთებს.
- ექიმია?
- არა, მაგრამ ეხერხება ეგეთები. ჩემს ქმარს ის უკეთებდა, როცა ლოგინად იყო ჩავარდნილი.
- რა სჭირდა?
- გრძელი ამბავია, არ მომაყოლო, - ჯავშანჟილეტი შემოვაკარი უცებ ჩემი ქმრის ბიოგრაფიას. არ მინდოდა სცოდნოდა, ნიკაც სიმსივნით რომ გარდაიცვალა.
- კარგი, ჩვენ ახლა შენს ჯანმრთელობას მივხედოთ. ჯერ ახალგაზრდა ხარ, მაკო, მენდე, გთხოვ. ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, ხომ იცი?
მაიკოს გაეცინა.
- ძალიან ბებერი ვარ იმისთვის, რომ ახალგაზრდა მერქვას, - დანანებით წარმოთქვა.
- მაგრამ ძალიან ახალგაზრდა ხარ იმისთვის, რომ ბებერი გერქვას, - შეუტრიალა თემომ და წამოდგა.
მაიაც წამოდგა. ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ორჯერ შეხედა თემომ და ერთხელ გაუღიმა.
- გინდა, კინოში წავიდეთ? - მოულოდნელად შესთავაზა მამაკაცმა.
- შენი ცოლი არ იეჭვიანებს?
- კი, მაგრამ ვერ გაიგებს, - ეშმაკურად გაიცინა, - «შავი გედი» ვნახოთ, ძალიან აქებენ.
- ეს ჩემთვის კრიტერიუმს სულაც არ წარმოადგენს. ფანტასტიკურ ფილმებსაც აქებენ, მაგრამ მე ვერ ვიტან.
- მაშინ შენ თქვი, რა ვნახოთ და…
- ჩემთვი სულერთია. მთავარია, შენთან ერთად ვიყო, ცოტა ხნით მაინც. ტკბილ ბავშვობასთან დამაახლოებს.
- მაშინ დაგირეკავ, კარგი?
- კარგი. წავედი ახლა.
- მოიცა ცოტა ხანს. იყავი, სად გეჩქარება?
- არა, წავალ. შენც საქმე გექნება. წამლებსაც დროზე ვიყიდი, რომ არ გავაჯანჯლო.
- ჰო, - დახშული ხმით დაეთანხმა, სახეზე ხელისგულები რკალივით შემოსდო და თვალებში ჩააცქერდა.
მაიკომ გაუღიმა. თემომაც ღიმილით უპასუხა, მერე შუბლზე ეამბორა, როგორც პატარა ბავშვს, რომელიც ძალიან მოენატრათ…
თითქოს ფრთები შეესხაო, ისე მიქროდა ქუჩაში. რამდენი ხანია, ასე არაფერი გახარებია. თან გული უკვდებოდა, რომ მისი სიკვდილის მოწმე მაინცდამაინც ბავშვობის სიყვარული უნდა გამხდარიყო. «საიმედო ადამიანის ხელში მაინც დავლევ სულს», - სიმწრით გაიფიქრა და ქუჩაზე გადაირბინა, რომ აფთიაქში შესულიყო.
წამლები შეიძინა თუ არა, გეზი ეკლესიისკენ აიღო. იშვიათად დადიოდა იქ. ბოლო დროს იმიტომ მოუხშირა, რომ ნიკას სახელზე პარაკლისებს იხდიდა. ერთი ლოცვაც არ იცოდა ზეპირად, «მამაო ჩვენოს» მხოლოდ დასაწყისი და ზოგიერთი ფრაზა ახსოვდა… «რომელი ხარ ცათა შინა»… «მოგვეც პური არსობისა»… სამაგიეროდ, ათი მცნება იცოდა ზეპირად და ცდილობდა, ყველა ერთნაირად დაეცვა. სანთელს სახლში ანთებდა, ისიც მხოლოდ აღდგომასა და შობის დღესასწაულზე. არა იმიტომ, რომ ღმერთის არ სწამდა, უბრალოდ, ეკლესიის მსახურებს არ ენდობოდა. მღვდლების მიმართ რწმენა ჰქონდა დაკარგული. მით უფრო, რომ რამდენიმე მათგანს ახლოს იცნობდა - ყოფილ ნარკომანებს და კაცის მკვლელებს, სასჯელის მოხდის შემდეგ ეკლესიას რომ მიაშურეს.
ქაშვეთში შევიდა. ყოველთვის მოსწონდა ეკლესიის სუნი, სანთლის ნამწვით გაჯერებული ჰაერი და მრუმე ნათელი, რომელიც იქ შესულს ხვდებოდა.
თავშალი დაიფარა, პირჯვარი გადაისახა და შევიდა. აქ დასადგურებული სიჩუმე საოცარ სიმშვიდეს ანიჭებდა. სანთლები იყიდა და ჯერ მიცვალებულების კუთხეში აანთო, მერე სხვა ხატებს დაუარა. თან ანთებდა, თან პირჯვარს იწერდა.
«მიშველე, ღმერთო, უმტკივნეულოდ დამატოვებინე ეს ქვეყანა», - ჩურჩულებდა თავისთვის და თვალზე მომდგარ ცრემლს გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდა.
ამ დროს მის წინ მდგარ სასულიერო პირს მოჰკრა თვალი. ჭაღარაწვერიანი, შავანაფორიანი მღვდელი თვალს არ აცილებდა. მაიკოს ეგონა, რაღაცას არასწორად აკეთებდა, ამიტომ მზერა აარიდა ღვთის მსახურს და სხვა კუთხეში გადაინაცვლა.
- შენ მაია არ ხარ? - მოულოდნელად მღვდელი წინ აესვეტა.
მაიკოს უცნობის თვალები მაშინვე ეცნო. ჰო, ეს თვალები ერთ დროს ძალიან ხიბლავდა.
- გოგა! - ჩუმი აღტაცებით წამოიძახა და პირზე ხელი მიიფარა, ზედმეტად ხმამაღლა ხომ არ ვიყვირეო.
- ჩემი გოგო! - მღვდელმა ხელები გაშალა და ქალი გულზე მიიკრა, - დაგლოცოს უფალმა, - მამაკაცმა ხელი უშვა მაიას და ჰაერში პირჯვარი გადასწერა.
- აქ რას აკეთებ? - ჩურჩულით ჰკითხა.
- ვმსახურობ. მამა გიორგი ვარ. შენ? როგორ ხარ? რამდენი წელია, არ მინახავხარ.
- მე ვიფიქრე, სანთელს დავანთებ-მეთქი…
- წამო, გარეთ გავიდეთ, - მამაკაცი იდაყვში ჩააფრინდა და კარისკენ გაიტაცა.
ეზოში გავიდნენ.
- დღეს სიურპრიზების დღე მაქვს, - გაიცინა მაიამ, - დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები. აქ ნაღდად არ გელოდი. შენ და ეკლესია? არ მჯერა.
გოგა მისი წარსულის კიდევ ერთი ფურცელი იყო. არა, მაიკოს არ უყვარდა, მაგრამ გოგა თავს არ ანებებდა. სულ კუდში დასდევდა, მოსვენებას უკარგავდა. მაიას კი არ სჯეროდა მისი, რადგან მისნაირი მეორე მექალთანე არ ეგულებოდა. ყოველდღე სხვადასხვა გოგოსთან ხედავდა, ხან ქუჩაში მოსეირნეთ, ხან გოგას სადარბაზოდან ერთად გამოსულთ ან შესულთ… ხარბი, ვნებიანი მზერა ჰქონდა გოგას, ქალს შეხედავდა და თვალებით აშიშვლებდა. სწორედ ეს არ მოსწონდა მაიკოს მასში, სწორედ ამის ეშინოდა და გაურბოდა. ამიტომ ახლოს არ გაიკარა. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის ისეთი დაძაბული იყო ამ შეხვედრებზე, ბოლომდე გახსნა უჭირდა, თავისუფლად ერთხელაც არ უგრძნია თავი.
უყურებდა მაია მამა გიორგად გადაქცეულ გოგას და თვალებს არ უჯერებდა. თმა და წვერი გაჭაღარავებოდა, ასაკი მისი თმის ყოველ ღერში იგრძნობოდა. უხდებოდა წვერი, უფრო სექსუალურს აჩენდა, ვიდრე ახალგაზრდობაში იყო და მის სულწასულობამდე ვნებიან თვალებს უფრო დიდრონს აჩენდა.
- დედაშენი როგორაა? - მზია დეიდა მოიკითხა მაიკომ.
- რა ქნას, დაბერდა, სიარული უჭირს უკვე, მაგრამ ძველებურად ქაქანის ხასიათზეა, თუ ჩაირთო, ვეღარ გამორთავ, - გაიღიმა გოგამ.
- ცოლ-შვილი?
- სამი ბიჭი მყავს, დიდები არიან უკვე, უფროსი დაოჯახებულია, ბაბუაც გავხდი შარშან. ცოლიც მყავს, რა ვიცი, არის რა.
მაიას ყურში უსიამოვნოდ მოხვდა მისი «არის რა». ჩანდა, ცოლით დიდად კმაყოფილი არ უნდა ყოფილიყო.
- ასე რატომ? - დაინტერესდა და თანაგრძნობით სავსე მზერა შეავლო ყოფილ თაყვანისმცემელს.
- ზედმეტად ანჩხლია. შენთან რა მაქვს დასამალი და, ისეთი არ გამოდგა, როგორსაც ველოდი. ჯერ ხომ ეჭვიანობით დამტანჯა, ახლა კიდევ… ეჰ, რა ვიცი, ჩხუბის მიზეზი არ ელევა. ხანდახან სახლში მისვლა მეზარება. ვნანობ, რომ შენთან უფრო არ ვიაქტიურე.
- გგონია, აქტიურობა საქმეს უშველიდა? - მაიკოს ხმამაღლა გაეცინა.
- უშველიდა, კი. უშველიდა და არ მოვინდომე. დღემდე ვნანობ, ხელიდან რომ გაგიშვი. შენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი იყავი, სინათლე გვირაბის ბოლოს. ერთადერთი ვარსკვლავივით ანათებდი ჩემს მრუმე ცაზე.
- ცისკრის ვარსკვლავივით უნდა გეთქვა, - კვლავ გაეცინა ქალს.
- არა, მართლა, რატომ ვერ შემიყვარე მაშინ, ა? - ღიმილით გამოხედა მოძღვარმა და მარცხენა ხელი ანაფორის კალთაზე დაიდო.
- იმიტომ, რომ ყველა კაბიანს დასდევდი. შემეშინდა, ცხოვრებას გამიმწარებს-მეთქი.
- სულ ეგ იყო მიზეზი? სხვა არაფერი?
- ამაზე მეტი მიზეზი რა უნდა ყოფილიყო? ცოტაა? - წარბები აზიდა, - ვიფიქრე, მეც ისე მიყურებს, როგორც სხვა გოგოებს-მეთქი.
- ეგ რამ გაფიქრებინა? იცი, როგორ მიყვარდი? სულ სიზმარში გნახულობდი. გეუბნებოდი, გიმტკიცებდი, მაგრამ ვერ დაგაჯერე. ალბათ არ გიყვარდი, თორემ ჩემი მექალთანეობა ვერ შეგაჩერებდა.
- ალბათ, არა. შენთან ურთიერთობის სურვილი მქონდა, მაგრამ სიყვარულით მართლა არ მყვარებიხარ, თუმცა მომწონდი და ველოდებოდი, ეს სურვილი სიყვარულად როდის გარდაიქმნებოდა. სამწუხაროდ, არ გარდაიქმნა და ხელიც ჩავიქნიე. ვიფიქრე, ალბათ ღმერთის ნება ასეთია-მეთქი. მაგრამ შენს თვალებს რომ ვუყურებდი, ელეთმელეთი მემართებოდა.
- მოიცა, რა თვალები, რის თვალები. - დაირცხვინა გოგამ.
- და თითები კიდევ. ახლაც ისეთივე ლამაზი თითები გაქვს, როგორიც მაშინ. გახსოვს, პიანინოზე რომ დაუკრავდი, რა დღეში ვვარდებოდი? ერთიანად მბურძგლავდა. შენი თითები თითქოს კლავიშებისთვის იყო გაჩენილი.
გოგამ სიცილი ვერ შეიკავა.
- მორჩა, ჩემო მაია, მორჩა. ახლა აღარც პიანინოს ვეკარები და აღარც ქალებს. ჩემი ადგილი ვიპოვე, როგორც იქნა და მშვიდად ვარ.
- რამ გადაგაწყვეტინა სასულიერო სამსახურში შესვლა? რამე მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი, რაც მე არ ვიცი?
- მოხდა ალბათ… რა ვიცი, ერთ მშვენიერ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი… მოვსულიყავი და დავრჩენილიყავი. აი, ასე. - გოგამ ხელები მოიფშვნიტა და ღრმად ამოიხვნეშა.
- სხვას რომ ეთქვა, არაფრით არ დავიჯერებდი.
- ახლა ხომ დაიჯერე? - ხელზე ხელი დაადო მღვდელმა და სიყვარულით მოუთათუნა, - ძალიან ხშირად მახსენდები, არ გამომივიდა შენი დავიწყება. არ იცი, როგორ გამახარე, ისევ ისეთი ლამაზი ხარ… დედაჩემიც გიხსენებს ხოლმე, იცი? ნეტავ სად არის, რას შვრებაო.
- ერთხელ უნდა ვინახულო, დავალებული ვარ მისგან.
- გაუხარდება.
- შენი ცოლი ხომ არ იეჭვიანებს?
- კარგი რა… - ხელი აიქნია მამა გიორგიმ და სივრცეს უაზროდ გახედა. - შენი ამბები მომიყევი, გათხოვილი ხარ?
- უკვე ქვრივი ვარ, ერთი ქალიშვილი მყავს, ჰოლანდიაშია, იქ მუშაობს.
- ჰო… გადაიხვეწნენ ყველანი, აღარავინ დარჩა ქვეყანაში.
- მართალი ხარ, აღარ დარჩა.
- აბა, ახლა მარტო ხარ?
- მარტო ვარ, კი.
- ეკლესიაში დადიხარ? ვისი მრევლი ხარ?
- არც არავისი, მოძღვარი არ მყავს. ეკლესიაშიც იშვიათად დავდივარ, მხოლოდ სანთელს თუ ავანთებ.
- რატომ მერე, რატომ? ასე არ შეიძლება. მოძღვარი უნდა გყავდეს, წირვებზე უნდა იარო, აღსარება ჩააბარო, მარხვა დაიცვა, რწმენა უნდა გაიძლიერო…
- რაღა დროსია, გოგა, ცალი ფეხი სამარეში მაქვს, - თვალები აუწყლიანდა მაიკოს და ძველ მეგობარს სევდიანი მზერა შეანათა.
- რა ცალი ფეხი, რას ამბობ? - შეშფოთდა მღვდელი.
მაიკომ უამბო თავისი გასაჭირი. რატომღაც, აღარ უცდია ავადმყოფობის დამალვა.
გოგა შეძრა ქალის ნამბობმა. უფრო და უფრო ეჭმუხნებოდა შუბლი, სახე ექუფრებოდა.
როცა მაიკომ მოყოლა დაამთავრა, მამაკაცმა ხელი მხარზე გადახვია, გამხნევების ნიშნად მოუთათუნა და თავზე აკოცა. მამა გიორგის ანაფორას საკმევლის მძაფრი სუნი ასდიოდა. მაიამ თვალები დახუჭა.
- მე ვილოცებ შენთვის. ნუ გეშინია, ჩემო გოგო, ყველაფერი კარგად იქნება, - ხმადაბლა უთხრა, მაგრამ ისეთი მოგუდული ხმით წარმოთქვა, თითქოს რაღაც უშლის ხელს სიტყვების წარმოთქმაშიო, თითქოს სხვისი ხმით ლაპარაკობდა.
- ილოცე, მამაო, ეგ თუ მიშველის, - უიმედო ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე მაიას.
კარგა ხანს ისაუბრეს. ბოლოს მღვდელმა თავისი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა, ნებისმიერ დროს დამირეკე, არა აქვს მნიშვნელობა, დღე იქნება თუ ღამე, თუ წირვაზე არ ვიქენი, მაშინვე გიპასუხებ, თუ არადა, მერე მე თვითონ დაგირეკავო.
- წავედი ახლა, - მაიამ თავშალი ჩანთაში ჩაჩურთა.
- ღმერთი იყოს შენი მფარველი, - კვლავ გადასახა მამა გიორგიმ პირჯვარი, - მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები, ეს იცოდე.
ემოციებით სავსე გამოვიდა ეკლესიიდან. თითქოს ფრთები შეესხა.
უცნაური დღე გაუთენდა. დილიდან ორჯერ შეხვდა თავის წარსულს… თავისი წარსულის ყველაზე სასიამოვნო წუთებს. განა რა, დღეს არც ერთი უყვარდა და არც მეორე, მაგრამ მაინც ეტკბილა, რომ ორივე მამაკაცი დღემდე მას მისტიროდა. რა კარგი შეგრძნება ყოფილა, როცა ვიღაც გეუბნება, მიყვარდი, შენზე ვფიქრობდი, ახლაც მიყვარხარ და სულ მეყვარებიო. თითქოს სულის სიცარიელე მთლიანად შეევსო.
ალბათ, ესეც განგების ნებაა. ალბათ, ორივეს უნდა შეხვედროდა სიკვდილის წინ, ასე ინება უფალმა. ერთი მისი მკურნალი ექიმია, მეორე - მოძღვარი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე მეტად დასჭირდება სიკვდილის ბოლო წუთებში.
სიმწრისგან ცრემლები მოაწვა. ისევ ისეთი ლამაზი ხარო… არის კი? რაღა დროს სილამაზეა, დღითი დღე ილევა. არადა, რა ლამაზი გოგო იყო ერთ დროს. წელწვრილი, ტანკენარი… სიარულის გამორჩეული მანერა ახასიათებდა, კი არ დადიოდა, დანარნარებდა, თითქოს ცეკვავსო. მხრებში გამართული, ამაყად ყელმოღერებული მსუბუქი ნაბიჯებით დასრიალებდა. ახლა? ახლა დააბოტებს, კი არ დასრიალებს. იქნებ იმიტომ, რომ არავის ეპანჭება? აი, დღეს ორ ყველაზე ახლობელ ადამიანს შეხვდა და გაკეკლუცება არც უცდია. კი უთხრა თემოს, გეპრანჭებიო, მაგრამ მხოლოდ გაიხუმრა. მე შენ ახლა ორმაგად გიფრთხილდები, როგორც მეგობარს და როგორც პაციენტსო, წამოსვლის წინ თემომ უთხრა, - მეგობრებს ისე უნდა გაუფრთხილდე, როგორც ავადმყოფებსო. ამის მოგონებამ ღიმილი მოჰგვარა.
- და თუ მეგობარი ამავდროულად, ავადმყოფიცაა, მაშინ როგორ უნდა გაუფრთხილდე? ოთხმაგად? - ფიქრი ხმამაღლა გაახმოვანა.
შინ მისულმა ხათუნას დაურეკა, რომელიც მისთვის ბავშვობის მეგობარიც იყო, დაქალიც და თანამშრომელიც. სკოლის მერხიდან ერთად მოდიოდნენ და დღემდე აგრძელებდნენ ერთად ყოფნას. როცა ნიკა ლოგინად ჩავარდა, სწორედ ხათუნა უკეთებდა გადასხმებს. არც ექთანი იყო, მით უფრო, არც ექიმი, მაგრამ ასეთი რაღაცები იმდენად კარგად ჰქონდა ათვისებული, დიპლომიანი მედიცინის მუშაკიც ვერ შეედრებოდა. ახლა სწორედ მისი დახმარება სჭირდებოდა, ნიკას შემდეგ მაიკოს ჯერიც დამდგარიყო.
ხათუნა შეღამებულზე მოვიდა. ისე ქოშინებდა, სულს ძლივს ითქვამდა. გაჭირვებით დაათრევდა მსუქან სხეულს და რუმბივით გასიებულ ფეხებს.
- რა ჯანდაბა მემართება ამ ბოლო დროს, ორი ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, რა, - წაიწუწუნა და სკამზე დაეხეთქა.
- უნდა გახდე, ხათო, უნდა გახდეეე! - დამოძღვრა მაიამ და მსუქან ლოყებზე ერთდროულად უჩქმიტა.
- რომ ვერ ვახერხებ? სულ მშია და რა გავაკეთო? - სატირლად შემზადებული სახე მიიღო ხათუნამ და შუბლზე რამდენჯერმე მსუბუქად შემოირტყა ხელი.
- საღამოს არ უნდა ჭამო, ექვსის მერე და გახდები.
- იფ, კი აბა! სწორედ ექვსის მერე მინდება ჭამა, რომ იცოდე! აი, რა ჯობია, შუაღამეს რომ გამოაღებ მაცივარს და კაი ჩათქვირებულ შემწვარ დედალს რომ დაიდებ წინ, - ხელები ისე გაშალა დაქალმა და ისეთი თვალებით გამოხედა მაიას, თითქოს მართლა შემწვარი დედალი ედო წინ.
- ჰოდა, გაჭმევ ახლა შემწვარ ბარკლებს და დღეს ეგ იქნება შენი ბოლო ჭამა, - მაიკო მაშინვე დაფაცურდა.
- არა, არა, შენი ჭირიმე, ახლახან ვჭამე და ისე წამოვედი. დედას გეფიცები, არაფერი არ მინდა. ცოტა გვიან ყავა დავლიოთ და ეგ იქნება, ახლა არაფერი არ მინდა, ოღონდ მართლა! - ხელები გაასავსავა ხათუნამ, - დაჯექი აგერ და მითხარი, რა საქმე გქონდა, რომ დამაფეთე.
მეგრელი ხათუნა სიტყვებს გაპრანჭულად წარმოთქვამდა, რათა თავისი მეგრული კილო როგორმე დაემალა. განსაკუთრებით, რბილი ლ-ს «გამაგრებაზე» მუშაობდა, მთელი ძალით აჭერდა ენის წვერს ზედა ნუნებს, რომ ეს «ლ» არ დარბილებოდა. მიუხედავად ძალისხმევისა, დასავლური აქცენტი მაინც ეტყობოდა. ხანდახან ისე მოუქცევდა, თანამშრომლები სიცილს ვერ იკავებდნენ.
ხათუნა პარალელურად ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ეს სამუშაო ყველაზე დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. უყვარდა წიგნები და იმდენი ჰქონდა წაკითხული, დილით რომ დაეწყო სათაურების ჩამოთვლა, საღამომდე არ გამოელეოდა.
მაიკომ ეგრევე არ უპასუხა. ჩანთიდან წამლები ამოალაგა და მაგიდაზე დაახვავა.
- რაა, გოგო, ეს? - მეგრულად მოუქცია ხათუნამ და თვალები ლამის დაუელამდა.
- წამლებია, ჩემო ხათო, წამლებიი, - მაიკომ დოინჯი შემოიყარა და სინანულის გამომხატველი ღიმილი გამოისახა, - მივდივარ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, თანაც ძალიან მალე.
- ახლა ნუ დაიწყე შენებურად. რაც ნიკა მოკვდა, სულ შეიცვალე. რა მიდიხარ, სად მიდიხარ, ამიხსენი ერთი წესიერად, რას ბოდიალობ, - გააპროტესტა მეგობარმა.
მაკო წინ დაუჯდა დაქალს და ყველაფერს მოუყვა. ხათუნას თვალები ნელ-ნელა ცრემლით ევსებოდა, ცოტაც და, ასლუკუნდა.
- რას მეუბნები, მაკო, რა კიბო, რომელი კიბო, ნუთუ ეს მართალია?
მაიამ ტუჩები მოპრუწა და თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.
- ადე ახლა, დრო არ ითმენს, დაღამდა უკვე, დამიდგი ეს სისტემაა თუ რა ჯანდაბაცაა, იქნებ მომამაგროს ცოტა.
ხათუნამ ხელის ზურგი ცხვირზე აისვა, სრუტუნით შეისუნთქვა ჰაერი და საქმეს შეუდგა…
- დღეს ორ ისეთ ადამიანს შევხვდი, ყველაზე მეტად რომ გამიხარდა, - დაიწყო მოყოლა მაიკომ, როცა ხათუნა მის ვენაში შევიდა და სისხლი გამოუშვა. ტორშერზე დაკიდებული სილიკონის გამჭვირვალე თოფრაკიდან წამალი წვეთ-წვეთობით გადავიდა ვიწრო მილში.
- ვის? - უხალისოდ ჰკითხა ხათუნამ, ჯერაც ვერ გადაეხარშა საუკეთესო მეგობრის მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურება.
- ჩემს ყოფილებს.
- ყოფილებს?
- ღრმა ახალგაზრდობაში ორივეს ვუყვარდი.
- უი, მერე? - ხათუნას ცნობისმოყვარეობით აენთო თვალები და საწოლზე ჩამოჯდა.
- რა მერე… გამიხარდა. იმათაც გაუხარდათ. დღემდე ვერ დაგივიწყეთო. ერთი ექიმია, მეორე - მღვდელი. ორივემ ერთი და იგივე მითხრა - უფალი ირწმუნე და მოძღვართან იარე, ცოდვები მოინანიეო.
- პირდაპირ ასე გითხრა ორივემ?
- ნუ, დაახლოებით… მომეჩვენა, თითქოს ეს ყველაფერი იქიდან გამოგზავნილი ნიშანი იყო, - მაიკომ საჩვენებელი თითი ზევით აიშვირა, - რა ვიცი, იქნებ მაფრთხილებს ღმერთი, რომ ასე უღმერთოდ ცხოვრება ცუდია, ჰა?
- მე რამდენჯერ მითქვამს შენთვის მაგი, რამდენჯერ, გაიხსენე აბა? - კვლავ მეგრულად მოუქცია ხათუნამ.
მაიას სიცილი წასკდა და ვენაში მწვავე ჩხვლეტა იგრძნო, - ვაიმე, დედა, მგონი, ნემსი შემერჭო, - თან სიცილის შეკავება უჭირდა, - ხომ იცი, რომ ამისთვის მზად უნდა იყო ადამიანი. მე კი ჯერ მზად არ ვარ და რა ვქნა?
- ჯერ… ჰმ, - ჩაიდუდღუნა მეგობარმა.
მაიკო გაჩუმდა და ღრმად ამოიოხრა.
- მართალი ხარ, «ჯერ» აღარ უნდა მეთქვა. დრო აღარ რჩება ამის სათქმელად. მაგრამ არა მაქვს სურვილი, ეკლესიას მივაშურო მხოლოდ იმიტომ, რომ უფალს გადარჩენა შევთხოვო. თავის დროზე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ამ ეკლესიის მსახურების რომ არ მწამს?
- ეკლესიის მსახურებს რას უყურებ შენ, გოგო! თუ ისინი სცოდავენ, თავის დროზე განიკითხებიან. შენ შენი უნდა გააკეთო. გინდა-არ გინდა, უნდა იარო და ირწმუნო.
- მწამს, ხათო, განა არ მწამს, მაგრამ ეკლესიის გვერდის ავლით. რა აზრი აქვს ტაძარში სიარულს, თუ არ ენდობი ადამიანს, ვისაც შენი სული უნდა ანდო? ცირასნაირი მორწმუნე გავხდე?
ცირა მათი თანამშრომელი იყო, რომელიც თავისი ეკლესიურობით თავს იწონებდა, მარხვას იცავდა და წირვას არ გამოტოვებდა, მაგრამ მაიკოს მისი ეკლესიურობა არ სწამდა. ერთხელ, გაგანია მარხვის დროს შეუსწრო გამომცემლობის სამზარეულოში, ცუცას დაბადების დღის მონარჩენ ტორტის ნაჭერს პირში რომ იტენიდა. როგორ გაუკვირდა მაშინ, ამ ყოფაში რომ შეუსწრო ქალს. იმან კიდევ, ხომ არის ეს ტორტი სამარხვოო, ვითომ თავი იმართლა.
- ცირას რას უყურებ შენ, ყველა მაგნაირი კი არაა, ენატანია და ჭორიკანა.
- ჰოდა, მაგაშია საქმე. ჯერ ერთს რომ გაჭორავს, მერე მეორეს, მერე ამის ნათქვამს იმასთან მიიტანს, იმის ნათქვამს - ამასთან… ცუდი ადამიანი არაა და ბოროტებით არ მოსდის ეს, მაგრამ რისთვის დადის მაშინ ეკლესიაში? ამას ასწავლიან?
- გადამრევს ეს გოგო! რაღა ცირას მიახტი, მე აგერ არ ვარ ცოცხალი მაგალითი? მე მომბაძე, შე ქალო!
მაიკომ თავი გაიქნია. ახლა ისეთ ხასიათზე იყო, საერთოდ სიცოცხლეც აღარ უნდოდა, არათუ ღრმადმორწმუნეობა.
ცოტა ხნის შემდეგ ლოყები შეუღაჟღაღდა.
- წავიდა ვიტამინები ჯანში, - სუსტად გაიღიმა, - შემახურა, - თქვა და მარჯვენა ხელისგული სახეზე მიიდო, თითქოს ტემპერატურას იზომავსო.
- კარგია, ცოტას მოგაძლიერებს. სამსახურში როდის გადიხარ?
- არ ვიცი. შეიძლება აღარც გავიდე. რა აზრი აქვს? ცოტა ხანში საერთოდ ვეღარ შევძლებ სიარულს და… რაც დანაზოგი მაქვს, სიკვდილამდე კი მეყოფა. დავჯდები სახლში და წიგნს მაინც დავამთავრებ. ამას მაინც დაგიტოვებთ სამახსოვროდ.
- კარგი რა, მაო, ნუ მეუბნები მაგას, გულს ნუ მიხეთქავ, ისედაც დაწყვეტაზე მაქვს ნერვები. ქიმიოთერაპია უნდა ჩაიტარო, სხვა გზა არ არის. ხომ გესმის? ვისთან დადიხარ, რომელ ექიმთან?
- წეღან რომ მოგიყევი, შემხვდა-მეთქი, იმასთან.
- იმ შენზე შეყვარებულ კაცთან?
- ჰო, - ისევ გაეცინა, - «ბედის ირონია, ანუ გაამოთ»! აი, ასეა ჩემი საქმე.
- გიყვარდა?
- ისე რა, ბავშვურად. საკურორტო რომანი უფრო იყო, ვიდრე ნამდვილი სიყვარული.
- შენ რა სულ საკურორტო რომანებში ყოფილხარ გახვეული, ვააა.
- საიდან მოიტანე ახლა ეგ! - გააპროტესტა მაიკომ.
- რაღა საიდან? ნიკაც კურორტზე არ გაიცანი?
- ჰო, ეგ ხო.
- ის ვიღაც, გოჩა რომ ერქვა? სიგიჟემდე მიყვარდაო, რომ ამბობ?
- უი, მართლა, შენ რა მაგარი ხარ, ხათო, ა? ამდენი წელია, ამ კაცებს ვახსენებ და მაგას კი არ დავკვირვებივარ, ყველა კურორტზე რომ გავიცანი. თუმცა, გოჩას შემთხვევა სხვა იყო. ის ახალგაზრდული ბანაკი იყო და არა კურორტი. იქ პრაქტიკას გავდიოდი.
- მერე რა? ზღვაზე ხომ იყავი? ხომ ისვენებდი მთელი თვე? რა მნიშვნელობა აქვს, პრაქტიკას გადიოდი თუ ისე ისვენებდი?
- ეგეც მართალია, - დაეთანხმა მაიკო და მოიღრუბლა.
გოჩას გახსენებაზე ყოველთვის ასე ემართებოდა, სევდა ატყვევებდა მის სახეს. დღემდე ვერ მოენელებინა, რომ ერთადერთ სიყვარულს თავის დროზე თავისი ნებით ჰკრა ხელი. თუმცა, ნიკას რომ მისთხოვდა, არასდროს უნანია. ცუდი ცოლქმრობა არ ჰქონიათ, არც ხელმოკლეობას შეუწუხებია მაინცდამაინც. მართალია, თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მერე და მერე ორივემ აიწყო თავისი საქმე და ეკონომიურადაც მომძლავრდნენ. რომ არა თაია, ნიკასთან საჩხუბარიც არაფერი ექნებოდა.
როცა ხათუნამ სისტემა მოხსნა, აჩქარდა, ავტობუსზე არ დამაგვიანდესო და წავიდა. შეჰპირდა, ხვალ დილით გამოვივლი და საერთოდ, აჯობებს, დილაობით გაიკეთო გადასხმები, რომ წამლებმა დღის განმავლობაში იმოქმედოს და ჯანზე იყოო. ხათუნა ამაში მართალი იყო.
მეგობრის წასვლის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ იწვა თვალებდახუჭული და განვლილ ცხოვრებაზე ფიქრობდა. რა შექმნა თავისი არსებობის განმავლობაში და რას ტოვებს ამქვეყნად? არაფერს, ერთადერთი შვილისა და რამდენიმე რომანის გარდა. და მერე რა? ეს საკმარისია? თვითონ რა უნახავს? იცის კი, რა არის ბედნიერება? რამდენჯერ გამოსცადა იგი ცხოვრებაში? რა თქმა უნდა, აღარ ახსოვს და არც არასდროს დაუთვლია, რამდენი ბედნიერი წუთი ჰქონია.
სახელო აიწია და ხელზე დაიხედა. ნანემსარი ჩალურჯებოდა. როგორი სუსტი ვენები აქვს, ესაა საქმე? კიდევ კარგი, ხათუნამ ნემსი შიგნით დაუტოვა, არ მინდა ყოველ ჯერზე გაწვალო, ბარემ ასე დავტოვებ და თუ აგეწვა, იოდი წაისვიო. არა, ჯერ არ ეწვოდა, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნება მაინც დარჩა.
გაგრძელება იქნება