"ხან ყველაფერი კარგად იყო, ხან - ბევრი კამათი მოგვდიოდა... თითქმის ერთი წელია, მარტო ვარ და დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია" - ნატალია ყიფშიძე ოჯახზე, პირად ცხოვრებასა და კარიერაზე - Marao

"ხან ყველაფერი კარგად იყო, ხან - ბევრი კამათი მოგვდიოდა... თითქმის ერთი წელია, მარტო ვარ და დიდი ხანია, თავი ასე კარგად არ მიგრძნია" - ნატალია ყიფშიძე ოჯახზე, პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

2023-07-20 11:40:56+04:00

ახლახან ინტერნეტსივრცეში ახალი ქართული სერიალი - "ცვალებადი ნიშნები" გამოჩნდა, რომელიც სტუდენტების ცხოვრების, მათი თავგადასავლების შესახებ გვიყვება. გამოცდილ და ახალბედა მსახიობებთან ერთად, სერიალში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შვილებიც მონაწილეობენ, მათ შორის - ნატალია ყიფშიძეც... "ცვალებადი ნიშნების" პირველივე ეპიზოდი საზოგადოების განხილვის საგანი გახდა, რის შესახებაც ნატალიამ ჟურნალთან "გზა" გულახდილად ისაუბრა...

 

- სერიალის - "ცვალებადი ნიშნები" - წარმომადგენლები დამიკავშირდნენ და კასტინგზე მისვლა მთხოვეს. რეჟისორს - სოსო ბლიაძეს და კასტინგის დირექტორს - გიორგი წერეთელს შევხვდი და სერიალის შესახებ ვისაუბრეთ... ძალიან დავინტერესდი. შემდეგ კასტინგებზე სხვადასხვა მსახიობთან ერთად დავდიოდი - სინჯებს ვიღებდით, ერთმანეთს როგორ "მოვერგებოდით". საბოლოოდ გავიგე, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან - ლიტუკა თავაძესთან ერთად უნდა მეთამაშა. გამიხარდა. იმ დროს გავიცანი მარიამ იაკობაშვილი და მასაც იმ დღესვე დავუმეგობრდით... ჩვენ სამნი სერიალში ერთად ვთამაშობთ. მგონი, პროდუქტს ეტყობა, რომ მთელი შემოქმედებითი გუნდი ერთ ოჯახად შეიკრა, ერთმანეთის მიმართ ყველას მეგობრული დამოკიდებულება აქვს.

- ვინ არის თქვენი პერსონაჟი? ერთმანეთთან რა საერთო გაქვთ?

 - ჩემს პერსონაჟს ნათია ჰქვია. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ის ხალხს აბულინგებს, რაღაცებზე ეღადავება, სხვების პირად სივრცეებში შედის... ალბათ, ჩვენი საერთო თვისება მხოლოდ გამბედაობაა. ის ფაქტი მახარებს, რომ ჩემი თავისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის როლს ვთამაშობ, რაც მგონი, გამოცდილების მისაღებად საინტერესოა.

- როგორ ფიქრობთ, სერიალში აღწერილი სიტუაციები სტუდენტების დღევანდელ ცხოვრებას ჰგავს?

- საქართველოში დღემდე ვუყურებთ სერიალებს - ამერიკულს, ევროპულს... ყველა მათგანში არის პერსონაჟი, რომლის შესახებაც ვამბობთ, რომ მას ძალიან ვგავართ. ერთი პრობლემა ის გახლდათ, რომ ამ სერიალებში ქართული იდეოლოგიები არაა და პერსონაჟებთან ბოლომდე "ახლოს" ვერ ვგრძნობდით თავს. ქართულ რეალობაში რაც კი გადაღებულა, მგონია, "ცვალებადი ნიშნები" ყველაზე ახლოს არის ნამდვილ პრობლემებთან თუ საკითხებთან - რეალობას კარგად ასახავს. ჩვენი სცენარისტების - ბექა ადამაშვილის და მარიამ გურგენიშვილის მუშაობა მომწონს - ნიჭიერები არიან. პროექტს ეტყობა, რომ 2 სცენარისტი მუშაობს: ხვდები, რომ მაგალითად, ქალი პერსონაჟის ტექსტი კაცს არ დაუწერია ან პირიქით... ყველა სცენა ბუნებრივი, პერსონაჟებისთვის შესაბამისია. სერიალის გამოხმაურებასაც ეტყობა, რომ ახალგაზრდები პერსონაჟებში საკუთარ თავს ხედავენ. შესაძლოა, "ცვალებად ნიშნებში" უფროსი თაობის წარმომადგენლებმა ის შეცდომები დაინახონ, რასაც საკუთარ შვილებთან ურთიერთობისას უშვებენ, მაგალითად - ნენეს პერსონაჟს დედასთან კამათი მოსდის. მშობელი ამას სერიალის მაყურებლის ამპლუაში რომ დაინახავს, გაიაზრებს - ის მეთოდი, რომელსაც შვილის აღზრდისას იყენებს, დიდად არ ჭრის, პირიქით - შვილთან ურთიერთობას უფრო აფუჭებს. ჩემი აზრით, "ცვალებად ნიშნებში" ყველა თაობას ბევრი რამის სწავლა შეუძლია.

- სერიალის პირველივე ეპიზოდში გოგონები "ღიად" საუბრობენ სექსზე, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. რეალურად, თქვენი თაობის წარმომადგენლები ასეთი გულახდილები ხართ?

- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ არ არსებობს თემები, რომლებზეც მე და ჩემი მეგობრები არ ვსაუბრობთ, ოჯახური პრობლემების გარდა, რომლებიც ალბათ, არც მეგობრებთან და არც სხვა ადამიანებთან განსახილველი არ არის. მიმაჩნია, რომ საუკეთესო მეგობრისთვის სექსუალური გამოცდილების გაზიარება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ეს ის ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია "გახსნილი" იყო, რჩევა ჰკითხო ან პირიქით - თავად ურჩიო... სერიალის იმ კონკრეტულ სცენაში ნენეს პერსონაჟზე ცუდად ვმოქმედებთ - ვაჩვენებთ, რომ სექსუალური ცხოვრების დაწყების პროცესი უნდა დააჩქაროს, რაც რეალურად, მხოლოდ მისი გადასაწყვეტია. ნენეს პირად სივრცეში ძალიან ვერევით, რაც არასწორია. ამ სცენიდან მაყურებელმა ეს უნდა გაიაზროს...

- სამეგობროში, სანაცნობოში გქონიათ შემთხვევა, როცა გოგონას აბულინგებენ იმის გამო, რომ ჯერ არ დაუწყია სექსუალური ცხოვრება?

- ყველანაირი ბულინგის შემთხვევა ყოფილა, რაც პირადად მინახავს: რატომ არ აქვს სექსუალური ცხოვრება ან პირიქით - რატომ აქვსო?! ეს საკითხი თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს. საერთოდ, ამ თემაზე თუ ისაუბრებს, ესეც მისი გადასაწყვეტია... არ მოგატყუებთ: საქართველოში აქცენტები იმაზე უფროა, თუ რატომ აქვს ადამიანს სექსუალური ცხოვრება და არა - რატომ არ აქვს, მაგრამ მომწონს, რომ სერიალის მაყურებელმა საკითხის ეს მხარეც დაინახა. სერიალში სექსზე "ღიად" კი ვსაუბრობთ, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდობას დაუსმელი შეკითხვები არ ჰქონდეს, რაც მათზე ცუდად მოქმედებს. ყველაზე მკაფიოდ რა პრობლემასაც ვხედავდი, ის იყო, რომ 90-იან წლებში, საქართველოში სექსუალური გამოცდილების მიღების მიზნით, ადამიანები ნაადრევად ქორწინდებოდნენ. ქალებს შესაძლებლობა აღარ ჰქონდათ, სწავლა დაესრულებინათ, კარიერა აეწყოთ... სექსზე ტაბუდადებული თემები ბევრ საკითხს ეხება. მგონია, რომ ასეთი "ღია" საუბარი ახალგაზრდებს გარკვეულ მარტივ პრობლემებს თავიდან აარიდებს. უბრალოდ, ქართველებისთვის ეს თემები აზრობრივად ცოტათი რთულია. ბევრს მოუწერია, რომ ეს სერიალი ახარებს, მაგრამ ბევრი ისეთი კომენტარიც მივიღე, რომ საშინელებაა, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ვიყავი, მსგავსი აზრებიც გაჩნდებოდა - ეს გარდაუვალი იყო.

- თქვენი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდები ნახეთ? საკუთარ თავს როგორ აფასებთ?

- ვნახე და ბევრი შეცდომა დავინახე. პროფესიონალი მსახიობი არ ვარ და ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი, როცა სერიალში მონაწილეობა შემომთავაზეს. იმ მიზეზით დავთანხმდი, რომ მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდი - რატომ. ალბათ იმიტომ, რომ გადასაღებ მოედანზე გავიზარდე. ჩემთვის ეს სფერო ძალიან სახალისო იყო, მაგრამ ამასთანავე, სულ ვიწერდი... ციფრული მედიის და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ახლა სადიპლომოზე ვმუშაობ, უნივერსიტეტში სწავლას ვასრულებ...გაგრძელება