მასში არაფერი იყო ხელოვნური, არც ზედმეტი და ვულგარული. შეეძლო, რომ სულ უბრალო მაისურითა და ჯინსით ყველას ყურადღება მიექცია, იმიტომ, რომ ის ჯეინ ბირკინი იყო.
"ნათლად მახსოვს კასტინგის დღე. არც კი ვიცოდი, ანტონიონი ვინ იყო. მითხრეს, კედელზე საკუთარი სახელი დაწერეო... პროფილში ვიდექი, რომ გაერკვიათ, რამდენად ფოტოგენური ვიყავი. იტალიელი ასისტენტი მაწამებდა, ტირილი დავიწყე.
ანტონიონი დეკორიდან გამოჩნდა და დაიყვირა: "გეყოფა, საკმარისია. ვნახე, რისი ნახვაც მინდოდა". მას უნდოდა ემოციები ენახა და ნახა.
ჯონ ბარიმ, რომელიც იმ დროს ჩემი ქმარი იყო, მითხრა, რომ გადასაღებ მოედანზე გაშიშვლებას ვერასდროს გავბედავდი, რადგან სახლშიც კი სინათლეს აქრობ, როცა შიშვლდებიო. მაშინ 16 წლის ვიყავი. ყველაფერი მხოლოდ მისმა ნათქვამმა გამაბედინა".
ასეთი გაბედული და პრინციპული ჯეინ ბირკინი მხოლოდ კამერის უკან არ ყოფილა. მისთვის ადამიანური გრძნობები, ემპათია და თანადგომა რომ ცხოვრების მთავარი კრედო იყო, 2010 წელს ჩვენთვის განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა - დამოუკიდებლობის დღეს ის საქართველოში ჩამოვიდა, ზუგდიდში MC Solaar, Youssou N’Dour და სხვებთან ერთად კონცერტიც გამართა და ქართველებს ქართულად მიმართა: "მიყვარხარ".
„აქ ვარ იმიტომ, რომ გავაგონო ჩვენი სიტყვები მათ - ჩემს მთავრობას ვგულისხმობ, - ვისაც საქართველოს პრობლემის გადაჭრა შეუძლია. მე არ ვიცოდი, თუ საქართველოში 350 000-ზე მეტი დევნილი იყო. როცა ეს გავიგე, საშინლად აღვშფოთდი და მინდა ეს ფაქტი გავაპროტესტო! მჯერა, რომ ერთად ყველაფერს შევცვლით, თქვენ მე არასოდეს დამავიწყდებით!” - თქვა ჯეინ ბირკინმა.
ჯეინ ბირკინი ფრანგული კინოსა და მოდის გამორჩეული ვარსკვლავი იყო. მონაწილეობდა 70-ზე მეტ ფილმში და მუშაობდა საფრანგეთის გამოჩენილ რეჟისორებთან, მათ შორის: ჟან-ლუკ გოდართან, აგნეს ვარდასთან და ბერტრან ტავერნიესთან. მის შემოქმედებას არაერთი ცნობილი ფილმი განეკუთვნება: Blow Up (1966), La Piscine (საცურაო აუზი) 1969 წელს და "სიკვდილი ნილოსზე" (1978).
ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი 16 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.