"ეს არის თაობა, რომელსაც ძალიან ბევრის მიღწევა შეუძლია და გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს ამ თაობის იმედი", - ამბობს ფეხბურთში 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე. ამ თაობაში კი უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია ზურიკო დავითაშვილს, რაც ნიდერლანდებთან მატჩის დროს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.
რა პიროვნული თვისებებით არის ის გამორჩეული, როგორი შვილი და შეყვარებულია, ვინ არის მისი რჩეული და რა განცდაა, როდესაც შენი შვილის სახელს სტადიონზე ათასობით ადამიანი სკანდირებს? ამ ყველაფერზე ექსკლუზივი მოვიპოვე, ჩემი რესპონდენტი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის დედა თამუნა წიწილაშვილი გახლავთ.
- ქალბატონო თამუნა, მადლობა ინტერვიუზე რომ დამთანხმდით. ვიცი, მედიასთან ურთიერთობა დიდად არ გხიბლავთ.
- რატომღაც არ მიყვარს თავის გამოჩენა, სულ ვერიდები. ზურიკოზე ლაპარაკი, შვილის ქება მეუხერხულება. ჩემი მეუღლე უფრო ჩანს, რადგან თავადაც ფეხბურთელი იყო. ეს მართლა პირველი ინტერვიუა და იმედია, კარგი რესპონდენტი ვიქნები.
- სპორტის ამ სახეობით მამის გავლენით ხომ არ დაინტერესდა?
- ვფიქრობ, გენეტიკის ბრალია. ვერ ვიტყვი, რომ 2 წლის ბავშვს მამის გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. მას შემდეგ, რაც ბურთი ხელში აიღო, მისთვის მთავარი ნივთი გახდა. რომ ამბობენ, ბურთით იძინებდაო, ზუკას შემთხვევაში მართლა ასე იყო. ბურთით ჩაეძინებოდა და საწოლიდან მერე ვიღებდი. რომ გაიღვიძებდა, მოიკითხავდა და მერე სულ ბურთით თამაშობდა, თავის დეიდაშვილებს არ ასვენებდა; სულ სთხოვდა, მისთვის ბურთი გაეგორებინათ. ბუნებრივია, მამამისს შვილის ასეთი დიდი ინტერესი არ გამოჰპარვია. სულოს (ზუკას მამა სულიკო დავითაშვილი) ყოველთვის ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ზუკა ფეხბურთელი გამოსულიყო, ამბობდა, რაც მე ვერ შევძელი, მან უნდა გააკეთოსო. ზუკას განვითარებაში მთელმა ოჯახმა შესაძლებლობების მაქსიმუმი ჩავდეთ. 6 წლის რომ გახდა, ფეხბურთზე მივიყვანეთ.
- წარმომიდგენია, ვარჯიშზე როგორი სიხარულით მიდიოდა.
- პირველივე ვარჯიშზე სასწაულები ჩაიდინა. მშობლები გვეკითხებოდნენ, აქამდე სად დაგყავდათ, ვინ ავარჯიშებდაო? მისმა მოძრაობებმა, ილეთებმა ყველა გააოცა. ზუკასთვის ფეხბურთი გახდა ცხოვრების პრიორიტეტი. ისე ძალიან, როგორც ფეხბურთი, არაფერი აინტერესებდა.
- პირველი წარმატება, ეს დღე როგორ გახსოვთ?
- 8 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთ ტურნირზე მისი გუნდი ფინალში გავიდა. მართალია, ზუკას გუნდმა ფინალში კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც წააგო. იმ დღეს ზუკა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. რადგან შინ პატარა ბავშვი მყავდა, მე ამ თამაშზე დასწრება ვერ მოვახერხე. მახსოვს, რომ დაბრუნდა, თან დაღონებული იყო, თან გახარებული, აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. დადარდიანებულმა მითხრა, დედა, ვერ მოვიგეთო. მერე თურქეთში იყო, ბავშვთა ჩემპიონთა ლიგა იმართებოდა. იქ ფინალშიც გაიმარჯვეს და ზუკა იმ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 11 წლის ასაკში, ეს დიდი აღიარება იყო, 12 ქვეყნის გუნდი გამოდიოდა, მათ შორის საუკეთესოდ დასახელება პატარა ამბავი არ გახლდათ.
- როგორი იყო მაშინ თავად ზუკას ემოცია? ყოველ წინ გადადგმულ ნაბიჯს როგორ ხვდება?
- მადლიერებით, წყნარად და მშვიდად. უხარია, რომ ჩვენ გვახარებს. მამამისის სიხარული მისთვის ბევრს ნიშნავს, იცის, მის თითოეულ თამაშს ჩვენ როგორ განვიცდით.
- ხიბლში არასდროს ჩავარდნილა?
- არა, ასეთი ადამიანი არ არის. მამამისი ბავშვობიდან არიგებდა, შენ მოიგე ერთი თამაში, ეს არაფერი არ არის, ახალი გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, თავში არ აგივარდეს, ეს აუცილებლად უკან დაგხევსო. ხიბლში ჩავარდნა ქრისტიანული საქციელიც არ არის. ცოტათი მეუხერხულება ჩემს შვილზე ამდენ კარგს რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ზუკას ვინც იცნობს, ყველა დამეთანხმება.
- ახლახან ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, კადრი პენალტების სერიიდან, როცა კარში პენალტს ზუკა ურტყამს, მამისთვის ეს როგორი ემოციურია.
- კი, ამ ვიდეოთი თავადაც ძალიან გაოცებული იყო. სახლში უფრო გამოხატავს ემოციას, იქ უფრო თავშეკავებულია. სულო ძალიან ნერვიულობს. ვერ გადმოვცემ სიტყვებით, რა ხდება მამამისის გულში, როცა ზუკა თამაშობს. ამბობს, ასე მგონია, მე ვთამაშობო. იმ პენალტს ძალიან განიცდიდა, მანამდე სხვა თამაშში 11-მეტრიანი ჰქონდა გაფუჭებული. ნიდერლანდებთან მატჩის დროს გოლი რომ გაიტანა, ვერ აღვწერ, რა ხდებოდა, - ვის ვეხუტებოდი, ვის ვკოცნიდი, არც ვიცოდიო.
- ზუკა მიზანდასახული რომ არის, ცხადია, კიდევ რა პიროვნული თვისებებით არის გამორჩეული?
- ძალიან არ უყვარს საყვედურის მოსმენა, მაგრამ ყოველთვის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საყვედური არ მიიღოს. საოცრად პუნქტუალური და მოწესრიგებული ადამიანია. ბავშვობიდან ჩვევად ჰქონდა, ვარჯიშზე რომ არ დაგვიანებოდა და მწვრთნელისგან საყვედური არ მიეღო, სახლიდან საჭიროზე ნახევარი საათით ადრე მაინც გადიოდა. ზუკა და მამამისი სულ ამის გამო კამათობდნენ. აეროპორტშიც ასე ადრე მიდის ხოლმე. ცოტა ხნის წინ მეუბნებოდა, დედა, ხომ იცი, ეს თვისება რომ მაქვს და ფრანგულ კლუბში რომ მივდიოდი, მაინცდამაინც იქ დავიგვიანეო. გამოძახებულმა ტაქსმა უმტყუნა, დროულად არ მივიდა. ძალიან მოწესრიგებული იყო ბავშვობიდან. 8 წლის გახლდათ, პირველად შეკრებაზე დამოუკიდებლად რომ წავიდა, საკუთარ თავს უვლიდა. სასტუმროს ოთახიდან ისე არ გამოვიდოდა, თუ არ მიალაგებდა. რამდენჯერ მაისურიც კი დაუტოვებია. რომ ვეკითხებოდი, დაკარგე-მეთქი? - არა, დედა, იატაკი მოვწმინდეო. ზუკას ჩვენ არც ერთ უცხოურ კლუბში არ გავყოლივართ, რუსეთში რომ იყო, იქ საერთოდ ვერც ჩავდიოდით. ზუკას იმედი ყოველთვის გვქონდა და გვაქვს.