„დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული სამუდამოა“ - გიორგი ფერაძე დას, მარიკუნა მიქატაძეს ემშვიდობება - Marao

„დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული სამუდამოა“ - გიორგი ფერაძე დას, მარიკუნა მიქატაძეს ემშვიდობება

2023-07-24 11:24:30+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე საბერძნეთში მოულოდნელად გარდაიცვალა. მარიკუნა ადრეულ ასაკში დაქორწინდა და ერთი ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ტრაგიკულად დაღუპული დედის, ირინას სახელი დაარქვა. 1985 წლის 19 მარტს გია ფერაძის მიერ გასროლილმა ტყვიამ რომ ირინა მიქატაძე იმსხვერპლა, ეს ამბავი თბილისსა და, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანას მალევე მოედო. შეყვარებული წყვილი ბედნიერ ცხოვრებას სწორედ მაშინ იწყებდა, როცა ეს ტრაგედია დატრიალდა. მაშინ გიასა და ირინას ქალიშვილი მარიკუნა სულ რამდენიმე თვის იყო.

„ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედაჩემი, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი. ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა. თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს. ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას და ესროლა; ზოგი ამბობს, იმ კალამს ყველას გვიშვერდა, გვაშინებდაო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედას გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა… იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა. მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა… დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა. თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას ჩაბარდა. კი თქვეს ექიმებმა, რომ დედაჩემს მაინც არაფერი ეშველებოდა, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა. ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველია. მან მოინანია”, - ამბობდა წლების შემდეგ მარიკუნა მიქატაძე.

გია ფერაძე ჩადენილი დანაშაულის შემდეგ მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან წასულა. როცა გათენდა, პოლიციაში თავისით ფეხით მისულა. 37 წლის მსახიობი დააპატიმრეს. მან პატიმრობის პირველი წლები საქართველოში, ბოლო 5 წელი კი ციმბირში გაატარა. ციმბირიდან მან პატარა მარიკუნას ლექსი მიუძღვნა:

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.

სად იჩქარის მარიკა, ჩემგან ობლად შთენილი.

უკან მისდევს ცუგრია, არ წყინდება ხტუნება.

შვილო როგორ მწყურია შენი ჩახუტუნება.

 

მართლა საით მიდიხარ, მაგ ფერადი ბუშტებით.

ოი, როგორ მინდიხარ, მკერდს ვილეწავ მუშტებით.

ბავშვმა დედა არ იცის, რომ სითბოდ მოჰფენოდა,

ვეღარ ისმენს მის სიცილს, მერე რარიგ შვენოდა.

 

მამა ჯერ ცოცხალია, მარიკასთვის-ლეშია,

ვა რა დიდი ბრალია, რომ ცივ სიბნელეშია.

რომ გაგიცნობ ცხადია, ჩემო თეთრო თოლია,

ვინც კი დანაბადია, ყველას მამა ჰყოლია.

 

გაცნობა კი მოხდება, როს მიხილავ ცხედარად.

მაშინ ალბათ არ იტყვი: რად, მომიკალ დედა, რად!

მაშინ შეგებრალები, დაბრუნდება ღირსებაც.

ეს ლამაზი თვალები ცრემლით ამოივსება.

 

ციმბირიდან გიყურებ, მარი, ჩემო ყველაო.

აბარტყუნებს დიდ ყურებს, შენი ცუგრიკელაო

ქუჩა ნაწვიმარია, ფოთლებია ფენილი.

ჰა, ეს ლექსიც მარიკა, შენსკენ გამოფენილი.

ციხეში გია ფერაძე ტუბერკულოზით დაავადდა, ციხიდან გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ კი გარდაიცვალა. მარიკუნას მამა მანამდე მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი, როცა გია ფერაძე ძაძებში გადაცმული მის სახლთან მისულა, ფანჯრის რაფაზე მჯდომი მარიკუნასთვის სახელი უკითხავს, რა დროსაც ფანჯარასთან მარიკუნას ბებია მისულა და ბავშვი სასწრაფოდ გაუყვანია ოთახიდან.

მარიკუნა მიქატაძემ მამა კიდევ ერთხელ პანაშვიდზე ნახა. ეს მათი ბოლო შეხვედრა იყო.

მარიკუნა მიქატაძეს მამის მხრიდან და-ძმები - სოფიკო, ბიძინა და გიორგი ჰყავს. უმცროსი გიორგი ფერაძე საზოგადოებამ წლების წინ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გაიცნო. გიორგიმ მამის გზა გააგრძელა და რუსეთში წარმატებული მსახიობია. მას დასთან, მარიკუნასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მასთან დასამშვიდობებლად საქართველოში ჩამოვიდა: „დაიკო, მიყვარხარ და ეს სიყვარული სამუდამოა“ - დაწერა გიორგი ფერაძემ სოციალურ ქსელში.