ორი ქორწინება, ლეგენდარული მამა და ცნობილი კინოროლები - ვინ იყო ჩარლი ჩაპლინის შვილი, ჟოზეფინ ჩაპლინი, რომელიც 74 წლის ასაკში გარდაიცვალა - Marao

ორი ქორწინება, ლეგენდარული მამა და ცნობილი კინოროლები - ვინ იყო ჩარლი ჩაპლინის შვილი, ჟოზეფინ ჩაპლინი, რომელიც 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

2023-07-24 13:55:40+04:00

ჟოზეფინ ჩაპლინი, რომელიც ჩარლი ჩაპლინისა და მისი მეოთხე ცოლის, ოონა ო’ნილის ქალიშვილი იყო, 13 ივლისს74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ოჯახმა დაადასტურა.

ჟოზეფინ ჩაპლინი ლეგენდარული კომიკოსის 11 შვილიდან მეექვსე იყო. ჩარლი ჩაპლინს მეოთხე მეუღლესთან სულ 8 შვილი ჰყავდა. ჩაპლინი 1942 წელს შეხვდა ო’ნილს და მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. ეს ქორწინება ჩარლისთვის ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა და, როგორც მაშინდელი ჟურნალ-გაზეთები წერდნენ, მუნჯი კინოს ვარსკვლავმა იპოვა ნამდვილი სიყვარული, სულიერი თანამოაზრე, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მსახიობი 53 წლის იყო, მისი მეუღლე კი მხოლოდ 18-ის.

ჟოზეფინ ჩაპლინი დაიბადა სანტა მონიკაში, კალიფორნიაში, 1949 წლის მარტში. ჟოზეფინმა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ითანამშრომლა ისეთ დიდ ვარსკვლავებთან, როგორებიც იყვნენ: ვიტორიო დე სიკა, მორის რონე, ლივ ულმანი და სხვ. მოგვიანებით, ჟოზეფინი მართავდა ჩაპლინების ოჯახის ბიზნესს.

ჟოზეფინ ჩაპლინი ორჯერ დაქორწინდა, ჯერ ბერძენ ბიზნესმენ ნიკი სისტოვარზე და შემდეგ - არქეოლოგ ჟან-კლოდ გარდენზე.

Hollywood Reporter-ის ცნობით, ჟოზეფინ ჩაპლინს დარჩა ვაჟები ჩარლი, ჟულიენი და არტური. მისი დაკრძალვა კი პარიზში ოჯახის წევრების გარემოცვაში გაიმართა.