„22 წლის ვიყავი... ძალიან მომეწონა, რომი შნაიდერს მივამსგავსე“ - მერაბ სეფაშვილისა და ნინო ჯურხაძის სიყვარულის ისტორია - Marao

„22 წლის ვიყავი... ძალიან მომეწონა, რომი შნაიდერს მივამსგავსე“ - მერაბ სეფაშვილისა და ნინო ჯურხაძის სიყვარულის ისტორია

2023-07-25 10:57:42+04:00

მერაბ სეფაშვილს საზოგადოება უკვე წლებია იცნობს. ის ცნობილი მუსიკოსების, ედუარდ სეფაშვილისა და ჯულიეტა მურადელის შვილია და თავადაც წარმატებული მუსიკოსია. მერაბი უკვე ბაბუაა, მისი დიდი ოჯახი კი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მერაბ სეფაშვილი დაქორწინებულია ნინო ჯურხაძეზე:

"მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. არც ქალებში დადის. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან – ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია", – უყვებოდა ,,სარკეს” რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.

ამჯერად მეუღლის შესახებ თავად მერაბ სეფაშვილმა ისაუბრა:

„ნინო 1983 წელს შემთხვევით გავიცანი, ჩემმა მეგობარმა გამაცნო, მისი კლასელი იყო. 22 წლის ვიყავი, დავინახე და ძალიან მომეწონა. რომი შნაიდერს მივამსგავსე. 7 აპრილს აქვს დაბადების დღე. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც უკვე პოპულარული ვიყავი და გოგოებმა უთხრეს, მოიყვანეო. მარტო მივედი. შემდეგ დავმეგობრდით და დაახლოებით წელიწადი ასე ვიყავით.

ყოველთვის გრძნობ, როგორ არის ადამიანი შენ მიმართ განწყობილი და ნინოს მხრიდან მე ეს მოწონება მალევე ვიგრძენი” - ამბობს მომღერალი.