მაყურებელთა არაერთი თაობისთვის ჩარლი ჩაპლინი უდავოდ აღიარებული მსახიობია. საკულტო „მაწანწალა“ ათობით მუნჯ ფილმში გამოჩნდა და კინოს ისტორიაში საკუთარი სახელი სამუდამოდ დატოვა - შეუდარებელი გავლენა მოახდინა კომედიის სამყაროზე, გასართობ ინდუსტრიასა და ჰოლივუდის ბიზნესზე.
ჩარლი ჩაპლინი 1889 წლის 16 აპრილს, სამხრეთ ლონდონში, ჰანა და ჩარლზ ჩაპლინ უფროსის ოჯახში დაიბადა. მშობლები მომღერლები იყვნენ. ისინი მალე გაშორდნენ და ჩარლიმ თავის ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბავშვობა სხვადასხვა თავშესაფარში გაატარა.
10 წლის ასაკში ჩაპლინი მოცეკვავეთა ჯგუფს შეუერთდა და მათთან ერთად მთელი ინგლისი მოიარა. პარალელურად, თეატრში უმნიშვნელო როლებს ასრულებდა. მოგვიანებით კი თავის უფროს ძმასთან, სიდნეისთან ერთად, The Karno Co.-ს ცნობილ კომედიურ თეატრს შეუერთდა.
სწორედ ამ თეატრალური ჯგუფთან ერთად წავიდა ამერიკაში გასტროლებზე. აქ იგი New York Motion Picture Co. - ის ყურადღების ცენტრში მოექცა და 1913 წელს კონტრაქტი გააფორმა.
პირველი ფილმი ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით "Making a Living" იყო. "მაწანწალას" პერსონაჟი კი პირველად 1914 წელს გამოჩნდა, ფილმში "ბავშვთა ავტორბოლა ვენეციაში".
Keystone Film Co.-ში ყოფნისას ჩაპლინმა განავითარა თავისი "პატარა მაწანწალას" პერსონაჟი და 35 კომედიური მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. მოგვიანებით აღწერა, თუ როგორ აირჩია თავისი საფირმო კოსტიუმი, - "მინდოდა, რომ ყველაფერი წინააღმდეგობრივი ყოფილიყო: შარვალი დიდი, პალტო მოჭიმული, ქუდი პატარა და ფეხსაცმელი დიდი."
1918 წლის ოქტომბერში, 29 წლის ასაკში, ჩაპლინი დაქორწინდა 16 წლის მილდრედ ჰარისზე. 1919 წელს მათ შეეძინათ ვაჟი, რომელმაც მხოლოდ სამი დღე იცოცხლა. იმავე წელს ჩარლი მეუღლეს გაშორდა.
1924 წელს ჩაპლინი მსახიობ ლიტა გრეისზე დაქორწინდა. ის 35 წლის იყო, გოგონა კი 16-ის. წყვილს ორი ვაჟი შეეძინა - ჩარლზ ჩაპლინი უმცროსი და სიდნეი ერლ ჩაპლინი, ორივე მსახიობები გახდნენ.
1936 წელს ჩაპლინი დაქორწინდა მსახიობ პაულეტ გოდარდზე, ქორწინებას ძირითადად ფარულად ინახავდნენ. წყვილი 1942 წელს დაშორდა.
ჩაპლინის "დიდი დიქტატორი", რომელიც 1940 წელს გამოვიდა, მისი პირველი ხმოვანი ფილმი იყო. ადოლფ ჰიტლერისა და ნაციზმის პაროდიაში ჩაპლინი ორ როლს ასრულებს - ებრაელი დალაქი და ფაშისტური ლიდერი ადენოიდ ჰინკელი.
1952 წელს აშშ-ის მთავრობამ იგი კომუნისტურ სიმპათიებში დაადანაშაულა და ქვეყანაში დაბრუნების უფლება აღარ მისცა. შეერთებულ შტატებში ის მხოლოდ 1972 წელს დაბრუნდა, როცა საპატიო ოსკარის ჯილდო გადასცეს.
სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში სკანდალები ძალიან ხშირად ჩრდილავდა ჩაპლინის ეკრანულ ტრიუმფებს.
ჩაპლინი მეოთხე მეუღლეს უნა ო'ნილს 1942 წელს შეხვდა. ხოლო, მომდევნო წელს დაქორწინდნენ. უნა ამ დროს 18 წლის იყო, ჩარლი კი 53 წლის. გოგონას მამა ქალიშვილის არჩევანს ეწინააღმდეგებოდა. წყვილს რვა შვილი შეეძინა.
მათი ღრმა სიყვარული ერთმანეთის მიმართ უტყუარი იყო. „როცა უნასთან ერთად ვარ, მისი პერსონაჟის სიღრმე და სილამაზე ჩემთვის მუდმივი აღმოჩენაა. სიყვარულის და აღტაცების უეცარი ტალღა მეუფლება ამ ყველაფრის გამო “, - წერდა ჩაპლინი თავის ავტობიოგრაფიაში.
ჩარლი ჩაპლინი 1977 წელს, 1977 წელს შვეიცარიაში, შობის დღეს გარდაიცვალა.