ზღაპრული სამყარო, განუმეორებელი სიუჟეტები, ისტორიები თუ ლუქები, რომლებსაც ჩვენთვის საკულტო ფილმები გვთავაზობენ, დროთა მიმოსვლას წლობით უძლებენ და ილექებიან ჩვენს ცნობიერში; ქმნიან სწორედ ისეთი ლუქების ინსპირაციას, რომლებიც დროს უძლებენ უნიკალურობითა და ორიგინალურობით. დღეისათვის გთავაზობთ საზაფხულო ლუქებს ცნობილი ფილმებიდან.
მაშინ, როდესაც საზაფხულოდ ფილმებს, საინტერესო სიუჟეტის პარალელურად, განსაკუთრებული ლუქებით ვიხსენებთ, შეუძლებელია, ჰიჩკოკის "To Catch a Thief" არ გაგვახსენდეს, სადაც დაუვიწყარ Greace Kelly-ს პერსონაჟს Frances stevens პირველად ვხედავთ. ეს იდუმალი ქალბატონი თავიდანვე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ყვითელი მთლიანი საცურაო კოსტიუმით, Horn Rimmed-ის დიდ თეთრ სათვალესა და ყვითელ თავსაფარში. ეს 1950-იანი წლების სტილი დღევანდელი მოდის ტენდენციებსაც იდეალურად ეხმიანება. აქვე შეუძლებელია, ჩვენი ყურადღება მისმა კიდევ ერთმა ლუქმა არ მიიქციოს. თეთრი ტილოს გრძელ კაბასა და შავ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი Greace Kelly მოხდენილად ირგებს თეთრ ჩალის შლიაპასა და ამავე ფერის ჩანთას.


მათთვის, ვისაც პარიზული საზაფხულო სტილი იზიდავს, Jane Birkin-ისა და Romy Schneider-ის პერსონაჟები 1969 წლის "La Piscine"-იდან შესანიშნავი ინსპირაცია იქნება საზაფხულოდ. სიმარტივე და ელეგანტურობა, ღია, ნათელი ფერები იდეალურადაა ერთმანეთთან შერწყმული. დახვეწილ კაბებთან და საცურაო კოსტიუმებთან ერთად, ყოველდღიურ, მინიმალისტურ ლუქებსაც ვიხილავთ, რომლებიც ინარჩუნებენ ელეგანტურობას და ხაზს უსვამენ სიმარტივეში ჩამალულ გრაციოზულობას.



მაშინ, როდესაც ჯერი მარტივ, მაგრამ ელეგანტურ საზაფხულო კაბებს ეხება, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს "Atonement"-დან კირა ნაითლის დაუვიწყარი მწვანე აბრეშუმის კაბა, რომელმაც ერთხმად დაიმსახურა მაყურებელთა და მოდის კრიტიკოსთა აღფრთოვანება და მოწონება. კაბას ასევე ერგო ჯილდო საუკეთესო სასცენო კოსტიუმისთვის და სიმბოლოსთვის, როგორც ემოციებისა და ინტელექტის იდეალური შერწყმა. ყოველივე ამ მესიჯს კი ეს კაბა თავისი მწვანე ხასხასა ფერით ატარებს. როგორც კაბის დიზაინი, ასევე ფერიც განსაკუთრებით უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ დღემდე საკმაოდ პოპულარული საღამოს კაბა ფილმ "How to lose a guy in 10 day”-დან, სადაც kate Hudson ელეგანტურად ირგებს ყვითელ ატლასის კაბას,რომლის ზურგიც განსაკუთრებით მომხიბვლელია. ფილმის სავიზიტო ბარათიც ხომ სწორედ ეს კაბაა, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს და დღემდე ბევრისთვის ინსპირაციის წყაროა.




და თუ საკულტო, მომხიბვლელ კაბებსა თუ საზაფხულო ლუქებს ვიხსენებთ, ფილმების მიხედვით, შეუძლებელია, "Scarface’"-დან მიშელ პფაიფერი, იგივე ელვირა ჰენკონი ლურჯ აბრეშუმის კაბაში არ გაგვახსენდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული და ლეგენდარული კაბა, რომელიც ბევრისთვის ინსპირაციის წყაროა დღემდე. პატრიცია ნორისმა უდავოდ შექმნა საკულტო სამოსი, რომელიც როგორც მანამდე და ახლაც, მომავალშიც, არაერთ სეზონზე, იქნება კვლავ მოდაში. ღრმა დეკოლტე, სპაგეტის თასმები და ღია ზურგი - ეს სწორედ ის კომბინაციაა, რომლითაც ეს ლურჯი კაბა მოდის ისტორიაში შევიდა.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ