სიმარტივეში ჩაქსოვილი მაღალფარდოვნება, უნიკალური თხრობის სტილი, ემოცია, რომელიც მუდამ მიგაჯაჭვებს ნაწარმოებს და აქამდე შენთვის უცნობ სამყაროში გამოგზაურებს. დღის სინათლეზე გამოტანილი ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა სიყვარული, მარტოობა, მეგობრობა, ღალატი, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ყველა ის მძიმე სოციალური საკითხი, რომლებმაც ქვეყანა აქამდე მოიყვანა; მუდმივი ბრძოლა ბედისწერასთან და ბნელ ძალებთან, თავისუფლების დაუოკებელი სურვილი.
მდიდარი, ემოციური ენით მოთხრობილი ამბები ძველ თბილისზე, მეგობრობაზე, თავისუფლებასა და ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმმა ჩაყლაპა; ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლი სულები - სწორედ ამ თემების გარშემო ერთიანდება გენიალური, გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, რეჟისორისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის ნაწარმოებები. მწერლის ბიოგრაფია 1983 წლის 8 ივნისიდან იწყება. პიესებს ბავშვობიდან წერდა, თუმცა მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს მისი მთავარი პროფესია გახდებოდა, კარიერული წინსვლა პატარა ასაკიდანვე დაიწყო, 23 წლის ასაკში პირველი სპექტაკლი დადგა ბერლინში, შემდეგ კი ჰამბურგში საკუთარი პიესა “Z”, რასაც თეატრალური საზოგადოების ინტერესი და არაერთ ფესტივალზე მიწვევა მოჰყვა. ასევე მოიპოვა ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი „ლივ შტაიანი“ ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა.
მსოფლიოს მასშტაბით, სალიტერატურო სამყაროში საქართველოს ელჩის სახელით იცნობენ. სწავლას საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინოდოკუმენტალისტიკის მიმართულებით იწყებს და შემდგომ ჰამბურგის აკადემიაში, დრამის ფაკულტეტზე აგრძელებს. 2005 წელს მოკლემეტრაჟიანი ფილმით – „მტრედები“ დაიცვა დიპლომი თბილისში, 2007 წელს კი „მედეას“ საკუთარი ვერსიით წარდგა ჰამბურგის თეატრის აკადემიის სცენაზე. პიესების წერაში განსაკუთრებული, უნიკალური ნიჭის წყალობით, მისი ნამუშევრები დიდი წარმატებით იდგმება გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის სხვადასხვა თეატრში.
დღეს მისი ერთ-ერთი ბესტსელერის, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ მიხედვით სერიალს გადაიღებენ. სატელევიზიო ვერსიაზე „ოსკარისა” და „ემის“ მფლობელი პროდიუსერები იმუშავებენ. ავტორის ყველა რომანი ინსპირირებულია ყოფითი რეალობით, სწორედ იმ რეალობით, რომელიც სუფევდა ძველ თბილისში. ქართული ოჯახების ისტორია, სამოქალაქო ომების პარალელურად, ქალთა დაუშრეტელი შეუპოვრობა, უპირობა სიყვარული და თანადგომა ერთმანეთის მიმართ, მარტოობა და სიკვდილთან ბრძოლის დაუოკებელი სურვილი - სწორედ ამ თემებს მოიცავს ნინო ხარატიშვილის ხუთი ბესტსელერი: „უკმარი სინათლე’’, „ჟუჟა“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)’’, „ჩემი საყვარელი ორეული“, „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“.
მათ, ვისაც მწერლის უნიკალური სტილის უკეთ გაცნობა სურს, აქვთ შანსი, თავდავიწყებით გადაეშვან მის მაგიურ სამყაროში. თხრობის უნიკალური მანერა და მძაფრი, რეალისტური ამბები მეტად დაგეხმარებათ მწერლის განსაკუთრებული სტილის შეცნობაში.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ