ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პირველი სამედიცინო ცენტრი/First Medical Center -ის სამეანო განყოფილების ხელმძღვანელმა დიანა ხონელიძემ ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის დედამ მიატოვა:
"პოსტი მათთვის, ვისაც ჰგონია, ასეთი რამ აღარ ხდება; ვისაც სჯერა "საცოდავი" ადამიანების უბოროტობის, ვისაც ეიმედება საზოგადოება...
ამ ცეროდენა 3 დღის გოგოს მარიამი დაარქვა მისმა "დედამ". ოღონდ ღვთისმშობელი და უფალი არაფერ შუაშია. ალბათ, იმიტომ დაარქვა, რომ ეს სახელი მოაგონდა პირველი... მარიამი დღეს სამშობიაროში დატოვეს... საწოლში ჩააწვინეს და უკან არ მოიხედეს. მან მხოლოდ ის დააშავა, რომ მის გამჩენს "პატიოსანი ქალის" სახელს შეულახავდა. მეზობელი და ნათესავი გაიგებდა მის არსებობას...
ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადაიფიქრებდა. არ იმოქმედა არც მუდარამ, არც თხოვნამ, არც სოციალური მუშაკის დახმარების დაპირებამ. ხვალ სოციალური წაიყვანს. შეიძლება საუკეთესო დედ-მამა შეხვდეს, მაგრამ გამჩენი დედის პირველი წუთების სიყვარულს ის ვეღარასდროს გამოცდის...
წევს მარტო და ექთნები უვლიან, სხვა დედები ეფერებიან... დასჯადი გახადეთ შვილის მიტოვება! არ არსებობს ამაზე დიდი ღალატი!" - წერდა ის.
სოციალურ ქსელში პოსტი აღარ იძებნება, რადგან ავტორმა ის წაშალა. საზოგადოების მხრიდან მის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას კი არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა - ზოგი ამტყუნებდა დედას, რომელმაც ახალშობილი სამშობიაროში დატოვა, ზოგი კი ამ ამბავს კომპლექსურად აფასებდა და ბავშვის მამის ბრალეულობასა და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს უსვამდა ხაზს.
აღნიშნულ ამბავს გამოეხმაურა ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძეც:
"სამშობიაროში მიტოვებულ ბავშვზე გუშინ ბევრს ვფიქრობდი და, მგონი, იმ დედაზე ხმა არ ამოგვეღება არც ერთ ქალს, ვისაც აბორტი გვაქვს გაკეთებული. მან სიცოცხლის უფლება მაინც არ წაართვა და ვიღაცა უშვილო ოჯახი გააბედნიერა, რომელიც პატარას მზრუნველობას და სიყვარულს არ მოაკლებს. არა აბორტებს! მეტი და მეტი პროპაგანდა და განათლება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ.
და კიდევ ერთს დავწერ ამ თემაზე და მოვრჩები - კანონით კაცებს იმდენ პასუხისმგებლობას ავკიდებდი "შემთხვევით" ქალის დაორსულებაზე, 6 პრეზერვატივს წამოაცმევდნენ, სანამ "სიყვარულით" გაბრუებულ ქალთან წამოწვებოდნენ" - წერს ნინო ნადირაძე საკუთარ გვერდზე.