"ჩემ შიგნით არსებული ქალი გასაოცრად მამაცია და წინ მიიწევს, რათა მოჰყვეს ისტორიას თავისუფლებაზე, პოპულარობაზე, დედაშვილობაზე, გადარჩენასა და იმედზე. ის მზად არის პირადი ისტორიის მოსაყოლად და საკუთარ თავში დატყვევებული ქალის გასათავისუფლებლად".
პოპ-ლეგენდის, ბრიტნი სპირსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. ერთი შეხედვით, სკანდალური, ექსტრავაგანტური მომღერლის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალი, პირადსა თუ კარიერაზე, მუდამ სააშკარაოზეა გამოტანილი, მაგრამ წიგნი, რომელიც 2023 წლის 24 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს, პოპ-ვარსკვლავის სულ სხვა სახით გაცნობას გვპირდება. ჯენიფერ ბერგსტორმი - Gallery book-ის ვიცე-პრეზიდენტი და პუბლიცისტი, ამბობს, რომ ბრიტნის ჩახლართული ცხოვრების საინტერესო დეტალები მალე თაროებზე იქნება და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, წაიკითხოს და ინსპირაცია მიიღოს მისი გამბედაობითა და შეუპოვრობით.
მომღერალი ახლა უფრო ძლიერია და მზადაა ისაუბროს ოჯახზე, მამაზე, მასთან კანონის მიერ ურთიერთობასა და მეურვეობაზე. მასზე მეურვეობა მამამისმა, სასამართლოს გზით, 2008 წელს მოიპოვა. მიზეზი სპირსის არასტაბილური მენტალური ჯანმრთელობა გახდა. მეურვე არჩევდა შვილის რეპერტუარს, განაგებდა მის კარიერას, საჯარო იმიჯს და მის ჩაცმულობასაც კი. მამისგან თავის დახსნა პირველად პოპ-შემსრულებელმა 2014, ხოლო მეორედ 2020 წელს სცადა. არც ერთი საჩივარი, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, მომღერალს არ დაუკმაყოფილეს, რასაც საზოგადოებისა და გულშემატკივრების მხრიდან ნეგატიური შეფასება მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტნი მუსიკალურ ინდუსტრიაში 100 მილიონი გაყიდული ალბომით ყველაზე წარმატებულ ვარსკვლავთა შორისაა, ასაკის მიუხედავად, მას არ ჰქონდა სრული წვდომა საკუთარ საბანკო ანგარიშებსა და ცხოვრებაზე, ასევე - შვილებზე. 2021 წლის 8 სექტემბერს მეურვეობის დასრულების მოთხოვნით სასამართლოში საბუთები თავად ჯეიმი სპირსმა შეიტანა.
ჯერჯერობით საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ წიგნის გამოშვების თარიღი და მისი ყდის ფოტოა - შავ ფონზე ვერცხლისფერ მეტალის შარვალში გამოწყობილ, წელზევით შიშველ პოპ-ვარსკვლავს ვხედავთ. ყდას წარწერად ,,ქალი ჩემში“ ამშვენებს. ეს ერთგვარი გზამკვლევიცაა წიგნის შინაარსთან დაკავშირები, რომელიც, რა თქმა უნდა, ავტობიოგრაფიულია.
2021 წლის ივნისში, სასამართლოზე მისი გამოსვლის შემდგომ, საზოგადოება ერთხმად ალაპარაკდა მომღერალზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე, მის მენტალურ ჯანმრთელობასა და მდგომარეობაზე. ამის შემდგომ ვარსკვლავმა გულშემატკივრებს თავისი გეგმები გაუზიარა და უამბო, რომ მზადაა ახლა ისეთი ადამიანების გვერდით იდგეს და მათი უფლებები დაიცვას, ვისაც ეს მასსავით სჭირდება. წიგნი კი ყოველივე ამის ილუსტრაცია იქნება. წიგნი შეფასებულია, როგორც იუმორითა და გულწრფელობით მოყოლილი ლიტერატურული ნაწარმოები მუსიკისა და საკუთარი თავის რწმენის ძალის შესახებ.
"ჩემი წიგნი ძალიან მალე გამოვა, — ამბობს პოპ-ვარსკვლავი გავრცელებულ ვიდეოში, — ამ წიგნზე ბევრი ვიმუშავე, მის დასასრულებლად კი ფსიქოლოგთან არაერთი სეანსიც დამჭირდა. ასე რომ, იმედია, მოგეწონებათ. თუმცა, თუ არ მოგეწონებათ, არც ეგაა პრობლემა".
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ