მსახიობი ია სუხიტაშვილი გერმანიაში იმყოფება და იქაურ ცხოვრებაზე, წეს-ჩვეულებებსა და ცხოვრების სტილზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
“გერმანიაში ვარ, კერძოდ, ჰანოვერში. ყველაფერს ვაკვირდები (პროფესიული ჩვევაცაა, არ გაგიკვირდეთ) და ყველაფერს ვეკითხები ჩემს ნათესავს, რაც მაინტერესებს, რადგან ბეეეეევრი წელია აქ ცხოვრობს. განსაკუთრებით ჩავეძიე ბავშვების აღმზრდელობით "შინაგანაწესს"...
მოკლედ, ძალიან ხომ გვინდა ეს ევროპელობა, ევროკავშირი? ხომ ბევრს ვმოგზაურობთ ევროპებში.... ევროპა გავიცანი და მისი კულტურა არაა სურათების გადაღება ლამაზ-ლამაზ შენობებთან, მაღაზიებში "ზმანების " ყიდვა და საჭმელების დაგემოვნება, ყველაზე დიდი კულტურა მათი არის, თუ როგორ ზრდიან შვილებს! რადგან ეს მომავალია ქვეყნის და კიდევ უფრო მძაფრად მივხვდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენ ჩვენს შვილებს... როგორ დიდ დანაშაულს ჩავდივართ მათ აღზრდაში. არ მინდა დემაგოგია, მაგრამ ავიღოთ თუნდაც "კერძო სკოლის "ცნება ჩვენში. მაგალითად, მყისიერი პასუხი -კარგი წრე ხომ მაინც ეყოლება, რადგან კერძო სკოლაში დამყავს ბავშვი. კარგ წრეს რას ეძახით? რით იზომება? მართლა ოღონდ? ფულიანი დედ-მამის შვილებით თუ თვითონ მოწაფეები რამდენად ძლიერი არიან სწავლაში? მე საჯარო სკოლა დავამთავრე, სკოლას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვაცდენდი, როცა გაკვეთილი მზად არ მქონდა, მრცხვენოდა წასვლა, რადგან კლასში ძალიან ძლიერი ბავშვები გვყავდა. სასწაული იყო ეს, მოტივაციაც მეტი გვქონდა. დამატებით ვთხოვდი ალგებრის მასწავლებელს, რამე აეხსნა, რომ არ ჩამოვრჩენილიყავი (შეიძლება მათემატიკა არაფერში დამჭირდა, მაგრამ ეს არაა მთავარი). ესაა გამართლება და ესაა წრე, როგორი კლასიც მყავდა მე.
ბავშვები აქ, ჰანოვერში, გადასარევად ერთობიან, გადასარევი პარკები აქვთ, ვერც ერთი ბავშვი ვერ ვნახე პლანშეტით ხელში, ან მობილურით ხელში. ამ თემას აღარ გავაგრძელებ, შემრცხვა და იმიტომ, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე რამდენიმე წლის წინ ჩემს უფროს შვილს, როცა 8 წლის იყო, ჩემივე ხელით მივართვი საჩუქრად პლანშეტი. აქ მსგავსს ვერაფერს ნახავთ. ეს ის ქვეყანაა, სადაც ეკოლოგია და ჯანსაღი ცხოვრება, მორალური თუ ჰიგიენური, პირველ ადგილზეა. აქ საავადმყოფოს მფლობელს, ან ვინმე წარმოსადეგს, ველოსიპედით ან ფეხით მეტროსკენ მიმავალს ნახავთ. აქ არ სხედან დიდ ჯიპებზე 19 წლის გოგო-ბიჭები (ველოსიპედებზე კი). აქ კრედიტით არ გამოაქვთ მშობლებს 25 წლის შვილებისთვის მანქანა, აქ ყველას თავის თავი აბარია 18 წლის მერე. მე ძალიან დავფიქრდი, რა ცუდად ვექცევით ჩვენს შვილებს, მათ მომავალს, როგორ ვუკარგავთ იმუნიტეტს, რომ თვითონ შექმნან რამე, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები, რა უნდათ და როგორ უნდათ. რატომ ვუგეგმავთ ყველაფერს, რატომ? ბავშვი დაბადებული არაა, რომ პროფესიას ვურჩევთ, მაგრამ რატომ მიკვირს, 42 წლის კაცს ქართველი დედა და მამა ბავშვად მოიხსენიებს...
მაპატიეთ, ყველა ნუ მიიღებთ საკუთარ თავზე, ეს ისე, უბრალოდ მომინდა და ვიწუწუნე. არც ის დამიწყოთ, გერმანელები ცივი ხალხია და რამე... ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთ ყველას, მშვენივრად იციან მეგობრობა გზად და ხიდად და დიდი პასუხისმგებლობაა მათთვის ოჯახის შექმნა, და ასე შემდეგ... კანონს აქ ყველა იცავს, დიდიც და პატარაც!“ - წერს ია სუხიტაშვილი.