"სცენისთვის დაბადებული" - ასე უწოდებენ საქართველოში განსაკუთრებული ნიჭის მქონე მსახიობს, რომელიც თავის როლებს უნაკლოდ ასრულებს. ვისაც თეატრის სცენაზე ნანა შონია უნახავს, ამას აუცილებლად დაადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს შესრულებული ქართულ თეატრსა და კინოში, მთელმა საქართველომ ის სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებით" გაიცნო.
ამჯერად მსახიობი ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში, გაზრდილი ფასების ფონზე, ცხოვრება სულ უფრო რთულია:
"ფასები ისე იმატებს, შენი ხელფასი აღარაფერს სწვდება. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობ. უბრალოდ, საქართველოში კიდევ გვაქვს ის ინსტიტუტი, რასაც ახლობელი ადამიანების დახმარება ჰქვია და ამით გაგვაქვს თავი. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ უკვე ისიც დიდი ბედნიერებაა, რომ თავზე ჭერი გაქვს, არ გცივა და არ გშია. ალბათ, ამითაც უნდა დაკმაყოფილდე…“ - აღნიშნავს ნანა შონია.