,,ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ, ვინ უნდა შეგვიყვარდეს, ეს ბუნებრივად ხდება. ეს ვერ იქნება ყველასთვის მისაღები, მაგრამ მე ძალიან შეყვარებული ვარ...“
56 წლის ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი გამოჩენის პირველივე დღიდან არ კარგავს აქტუალურობას. სამსახიობო კარიერისა თუ შესრულებული როლების პარალელურად, მისი პირადი ცხოვრებაც მუდამ ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. როგორც სხვა ბევრი ვარსკვლავი, ვენსანსაც პირადი ურთიერთობების მედიისა და ფართო აუდიტორიისგან დამალვა ურჩევნია. ამიტომ რთულია, მუდმივად ინფორმირებული ვიყოთ.
ის დაქორწინებული იყო მსახიობ მონიკა ბელუჩისა და მოდელ ტინა ტუნაკიზე. თავის დროზე, ბელუჩისა და კასელის წყვილმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მათ ერთმანეთთან 14 წელი და ორი საერთო შვილი აკავშირებთ. მონიკა მისი პირველი სიყვარული იყო, დაშორების მიზეზი კი დღემდე უცნობია: „ახალგაზრდობაში ბევრი შეყვარებული მყავდა. აქტიური ახალგაზრდა ვიყავი, ერთი გოგოდან მეორეზე ვხტებოდი, მაგრამ სამ-ოთხ თვეზე მეტი არავისთან ვჩერდებოდი. მონიკა ჩემი პირველი ნამდვილი სიყვარული იყო. ჩვენ L'Appartement-ის გადასაღებ მოედანზე შევხვდით. ჩვენი მიზიდულობა არ იყო მყისიერი - წარმოუდგენელია, ვიცი. მას შემდეგ ჩვენ ერთად კიდევ ცხრა ფილმზე ვიმუშავეთ. ბევრი დაქორწინებული მსახიობი ამბობს, რომ ერთად მუშაობა მათთვის არ გამოდგა. ჩვენთვის ასე არ იყო. სახალისოა მთელი დღის გატარება ვინმესთან, ვინც მოგწონს, მაგრამ ჩვენ კარიერა და პირადი ცხოვრება განცალკევებულია” - ამბობდა ვენსან კასელი. ერთ-ერთ ინტერვიუში, დაშორებამდე ცოტა ხნით ადრე, მონიკა ამბობს - „ჩვენი სიყვარული არასდროს გაქრება. რომც დავშორდეთ, მე და ვენსანი მაინც ერთმანეთის გვერდით ვიქნებით, ამ სიახლოვეს ვერაფერი წაგვართმევს“.
,,ტინასთან შეხვედრამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი იყო“ - სწორედ ამ ფრაზით ახსნა ვენსან კასელმა მისი და ტინა ტუნაკის ურთიერთობა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი განსხვავებისა, ჰარმონია და სიყვარული მათ ურთიერთობაში მუდამ იგრძნობოდა. ტინა 26 წლის ფრანგი მოდელია. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს იბიცაზე გაიცნო. მოდელის თქმით, წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყო ვენსანი. „მე სოფელში გავიზარდე. ჩვენ არ გვქონდა ტელევიზორი და არც კინოში დავდიოდით. ბავშვობაში ჩემი ინტერესები შემოიფარგლებოდა მხოლოდ სკოლით და ფეხბურთის თამაშით. ვენსან კასელის შესახებ არაფერი ვიცოდი მანამ, სანამ მას პაპარაცები არ დაეხვივნენ თავს” - ამბობს ტინა.
ჰყავთ საერთო შვილი, გოგონა - ამაზონი. სულ ცოტა ხნის წინ, ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდგომ, ტინამ და ვენსანმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს და ეს რამდენიმე ინტერვიუშიც დაადასტურეს, თუმცა მიზეზებზე საუბარს თავს არიდებენ.
ასევე, ბოლო დროს, ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ვენსანის ახალ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ტაბლოიდების ცნობით, მისი ამჟმინდელი რჩეული მოდელი Malika Louback-ია. უცხოური მედია ხშირად აღნიშნავს ტინასა და მალიკას მსგავსებას ერთმანეთთან. მიუხედავად ერთად გავრცელებული პაპარაცული ფოტოებისა, ოფიციალური სახის დადასტურებული ინფორმაცია მსახიობის ახალი ურთიერთობის სტატუსის შესახებ არ არსებობს.
მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ