მათ დღეს ხან "ჯინსების თაობად" მოიხსენიებენ, ხანაც "თვითმფრინავის ბიჭებად". 1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდამ: დავით მიქაბერიძემ, სოსო წერეთელმა, გია ტაბიძემ, გეგა კობახიძემ, თინა ფეტვიაშვილმა, კახა და პაატა ივერიელებმა - საბჭოთა სამგზავრო თვითმფრინავი"TY-134 გაიტაცა. მათ თურქეთში გადასვლა სურდათ და... ხანმოკლე ფრენის შემდეგ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა და სპეცრაზმმა შტურმით აიღო. დაიღუპა არაერთი უდანაშაულო ადამიანი. რაც შეეხებათ გამტაცებლებს, გია ტაბიძე თვითმფრინავის სალონშივე დაიღუპა, დაჭრილი სოსო წერეთელი სისხლისგან დაიცალა, დათო მიქაბერიძემ თვითმფრინავშივე მოიკლა თავი, დანარჩენები დააპატიმრეს. მოგვიანებით დაპატიმრებულთა რიცხვს შეემატა მღვდელი თევდორეც, ერისკაცობაში თეიმურაზ ჩიხლაძე. გეგა კობახიძე, ძმები ივერიელები და მღვდელი თევდორე სიკვდილით დასაჯეს. თინა ფეტვიაშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან საპყრობილე 5,5 წლის შემდეგ დატოვა.
გეგა კობახიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. დაიბადა ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ვერ მოეწყო და დედამ თავისთან, მოზარდ მაყურებელთა თეატრში სცენის მუშად წაიყვანა, სადაც ერთი წელი იმუშავა, მეორე წელს კი სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა.
მისი კინოდებიუტი შედგა 1967 წელს ნანა მჭედლიძის ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“. შემდეგ იყო ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც ობოლი ბიჭის, ლაზარეს როლი შეასრულა. 1973 წელს ფილმმა ტელეფილმების მე-5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო ქალაქ ტაშკენტში. 1975 წელს როლი მიიღო ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩიტის რძე“, სადაც თამაში მოუწია ცნობილ მსახიობებთან - სესილია თაყაიშვილთან და კონსტანტინე დაუშვილთან ერთად. იმავე წელს საშიკოს შვილის როლში გამოჩნდა ლანა ღოღობერიძის ფილმში „აურზაური სალხინეთში“.
გეგამ 1977 წელს მიიღო როლი ალეკო ნინუას ფილმში „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა“. 1981 წელს ითამაშა ბაადურ წულაძის ფილმში „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“, სადაც ნუკრის როლი შეასრულა.
გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და 1983 წელს თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. ამის შემდეგ „მონანიებაში“ გეგა კობახიძის როლი ამოჭრეს და თორნიკე არავიძე მის მაგივრად მერაბ ნინიძემ ითამაშა.
ამჯერად გეგა კობახიძის აქამდე უცნობ ფოტოს გვერდი Icons Of Georgia აქვეყნებს: "ბიჭვინთა და ჩაფიქრებული გეგა კობახიძე - ქვეყნდება პირველად".