"გლოვას ვერავის დააძალებ, მაგრამ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, მყვირალა ქეიფების გასაჯაროება არ მგონია საუკეთესო მაგალითი" - გიორგი კეკელიძე - Marao

"გლოვას ვერავის დააძალებ, მაგრამ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, მყვირალა ქეიფების გასაჯაროება არ მგონია საუკეთესო მაგალითი" - გიორგი კეკელიძე

2023-08-07 10:37:30+04:00

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. 

შოვის ტრაგედიის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მწერალმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემაც და აღნიშნა, რომ ასეთ დროს ადამიანებს მეტი თავშეკავება მართებთ: 

"გლოვას ვერავის დააძალებ, ჭარბი მორალიზმი ხომ მძაგს და მძაგს - ადამიანი უცნაური არსებაა - მეც და შენც, შესაძლოა, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი სხვაგან გაგვექცეს და გაგვაქციოს ფიქრმა - ამიტომაც მძულს ბრძნული მიმთითებლობა, მაგრამ მაშინ, როცა შენს ქვეყანაში ტალახიდან გარდაცვლილი ბავშვები ამოჰყავთ, ისტერიული კურორტული პოზირება და მყვირალა ქეიფების გასაჯაროება არ მგონია საუკეთესო მაგალითი. შეიძლება ძველმოდურია ჩემი ეს შენიშვნა, მაგრამ მე მაინც ამ მოდის კაცად დარჩენა მირჩევნია. 

ვერავის განვსჯი - ზოგი შეიძლება ასეც გაურბის ამ ნაჯახივით საზარელ სიახლეებს, მაგრამ კონტრასტი არანაკლებ საშინელი სანახავია მუდამ ორი საქართველოსი" - წერს გიორგი კეკელიძე.