შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, რომელმაც, ამ დროის მონაცემებით, 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები სტიქიის ადგილას კვლავ გრძელდება.
შოვში მომხდარ ტრაგედიას მთარგმნელი თეა გვასალია გამოეხმაურა:
"ჩინეთს რომ ტიფონმა გადაუარა, 300 ხიდი წაიღო და მილიონ-ნახევარი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო. ვნახე და სინანულით გადავაქნიე თავი. სლოვენია რომ წყალმა დაფარა, დამენანა ძალიან, მაგრამ ის უბედურება, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს, იმ დედებზე ფიქრით მიწვავს გულ-ღვიძლს, საღსალამათი შვილები რომ გაუშვეს ჰაერზე, დასასვენებლად და ახლა ისიც არ იციან, ცოცხლები არიან თუ იმ გაუბედურებულ გვამებში ეყოლებათ ამოსაცნობი.
ღმერთო, ჩემს ყველაზე დაუძინებელ მტერს (თუკი მყავს ასეთი) არ გამოაცდევინო ის სიმწარე, დარჩენილი ცხოვრება, ყოველ ღამე რომ მოელანდება, როგორ უხმობდა სტიქიისგან განწირული შვილი საშველად, ის კი ვერაფრით დაეხმარა.
ხოლო იმ ღვარძლმა, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ფბ-ზე იღვრება (ტელევიზორს დიდი ხანია არ ვუყურებ, ალბათ იქ უარესი ხდება), იმ ღვარცოფზე არანაკლებად წაგვლეკა ერი, იმ ლაფზე უარესში ამოგვსვარა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა დაუნდობლები შეიძლება ვიყოთ, როცა საქმე პოლიტიკას ეხება. არადა, რა სასაცილოდ ცოტანი ვართ (ოთხი მილიონი კაცი ბევრი დიდი ქალაქის ერთი უბნის მოსახლეობაა) და რა ხელაღებით ვიმეტებთ ერთმანეთს. და რომ არც დამთავრების პირი უჩანს?!
ბოლო 30 წელია ერთ წრეზე ვტრიალებთ, ორად ვართ გახლეჩილი და ერთმანეთს თავ-პირს ვალეწავთ. ერთადერთი, რაც იცვლება, ბელადთა სახელებია: ზვიადი-შევარდნაძე, შევარდნაძე-მიშა, მიშა-ბიძინა და "ჰეი, ვინ მოდის, მანდ, მომავლიდან?“ ესაა ჩვენი კარმა და ასე უნდა გაგრძელდეს უკუნითი უკუნისამდე?", - წერს თეა გვასალია.