3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მომხდარმა სტიქიამ, ამ დროის მონაცემებით, 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკარგულთა ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი მანუჩარ ახალაია ტრაგედიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
„სამი დღეა ამ ჯოჯოხეთის შემყურე ხმას ვერ ვიღებ. ნებისმიერი ოჯახი შეიძლება იქ ვყოფილიყავით, ნებისმიერის შვილი შეიძლება მოხვედრილიყო ამ ჯოჯოხეთში.
დიახ, არავის უნდოდა ეს სტიქიური უბედურება;
დიახ, ბუნების ძალის წინაშე ყველანი უძლურები ვართ, მაგრამ არა გვაქვს უფლება, დავსვათ მინიმუმ ეს კითხვები?
– რატომ არ ჰყავს ქვეყანას სამაშველო ვერტმფრენები?
– რატომ არ გვაქვს თანამედროვე თერმული და ღამის ხედვის დრონები?
– რატომ არა აქვთ გმირ, ვაჟკაც მაშველებს თანამედროვე აუცილებელი ტექნიკა და აღჭურვილობა?
– რატომ იკაფება უკანონოდ ასეულობით ჰექტარი ტყე?
– რატომ არ ყენდება მონიტორინგისთვის აუცილებელი აპარატურა?
– რატომ არ კეთდება სწორი დასკვნები წინა ტრაგედიებიდან?
– რატომ გაიცემა სამშენებლო ნებართვები საშიშ ადგილებში?
– რატომ არ სრულდება გარემოს დაცვის კუთხით გაცემული რეკომენდაციები?
რას ნიშნავს დუმილი, რას ნიშნავს გაჩუმება? გავჩუმდე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სამი შვილი ახლა სახლშია უსაფრთხოდ და სხვისი ანგელოზი შვილები რამდენიმე მეტრის სიღრმის ტალახში არიან ჩაფლულები? გავჩუმდე მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს უშუალოდ ჩემს სახლში არ არის გლოვის ზარი? არავინ არ იცის, ვის რა გველოდება ხვალ, ზეგ, სად, რა ვითარებაში აღმოვჩნდებით ჩვენ ან ჩვენი ოჯახის წევრები.
თანასწორნი ვართ ყველა ბუნებისა და უფლის წინაშე, ამიტომ დუმილი კი არა, განგაშის ზარები უნდა შემოვკრათ ყველამ იმისათვის, რათა მომავალში მაინც გადავარჩინოთ ადამიანები“, – წერს მანუჩარ ახალაია.